პარლამენტში სტუმრობისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროფესიულ განათლებაზე ისაუბრა და აღნიშნა: „ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა უმაღლეს და პროფესიულ განათლებას შორის არსებული არაჯანსაღი პროპორციის შემცირების მხრივ და 20%-ით გაიზარდა პროფესიულ განათლებაში ჩართული სტუდენტების რაოდენობა“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
პროფესიულ განათლებაში რეფორმის გატარება 2007 წლიდან დაიწყო. რეფორმის დასაწყისში, 2007 წლის მარტში, პარლამენტმა მიიღო კანონი„პროფესიული განათლების შესახებ“.
2013 წელს, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ფარგლებში, პროფესიული განათლების 2013-2010 წლების სტრატეგიაშემუშავდა. აღნიშნული სტრატეგიის კონკრეტული მიზანი შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი, მოქნილი პროფესიული საგანმანათლებლო ქსელის ჩამოყალიბებაა, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობისათვის მაღალი ხარისხის კომპეტენციების განვითარებას, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას ადგილობრივი და და საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის.
ამჟამად საქართველოში 68 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება არსებობს,მათ შორის: 17 ავტორიზებული სახელმწიფო საზოგადოებრივი/პროფეისული კოლეჯი, 6 სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კოლეჯი და 45 ავტორიზებული კერძო/საზოგადოებრივი კოლეჯი.
ბოლო წლების განმავლობაში პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა შემდეგნაირია:
ცხრილი 1:პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა 2013-2017 წლების მიხედვით
წელი | კერძო კოლეჯები | სახელმწიფო | სულ ჩარიცხული |
2013 | 8 263 | 11 586 | 19 849 |
2014 | 6 332 | 9 361 | 15 693 |
2015 | 5 271 | 10 276 | 15 547 |
2016 | 4 592 | 10 998 | 15 590 |
2017 | 4 090 | 10 736 | 14 826 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, პროფესიულ სასწავლებლებში ყველაზე მეტი სტუდენტი 2013 წელს ჩაირიცხა. მომდევნო წლებში სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში ახლადჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა თითქმის სტაბილურია, სამაგიეროდ კლების ტენდენციაა კერძო პროფესიულ სასწავლებლებში, რაც სავარაუდოდ, იმით არის განპირობებული, რომ კანონმდებლობის მიხედვით, ვაუჩერის გამოყენება სტუდენტს მხოლოდ სახელმწიფო პროფესიულ სასაწავლებელში შეუძლია.
რაც შეეხება ბოლო ორ წელს, 2016 წელს პროფესიულ სასწავლებელში ცარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით უმნიშვნელოდ - 43 სტუდენტით არის გაზრდილი, რაც დაახლოებით 0.3%-ს შეადგენს. 2017 წელს კი პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენთთა რაოდენობა 764 სტუდენტით არის შემცირებული, შესაბამისად, 4.9%-ით.
რადგან პრემიერი პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებს შორის დისბალანსზე საუბრობს, ფაქტ-მეტრი ბოლო წლებში უმაღლეს სასწავლებლებში წლების მიხედვით ჩარიცხულ სტუდენთთა რაოდენობითაც დაინტერესდა:
ცხრილი 2:უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა 2013-2017 წლების მიხედვით
წელი | კერძო | სახელმწიფო | სულ |
2013 | 8 699 | 20 169 | 28 868 |
2014 | 8 096 | 19 044 | 27 140 |
2015 | 9 798 | 18 649 | 28 447 |
2016 | 9 738 | 18 252 | 27 990 |
2017 | 9 786 | 18 420 | 28 206 |
რაც შეეხება დისბალანსს პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულ სტუდენტთა შორის, 2013 წელს ეს დისბალანსი 18 პროცენტული პუნქტი იყო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა სასარგებლოდ (59% - 41%), 2016 წელს - 28 პროცენტული პუნქტი (64% - 36%) და 2017 წელს კი - 32 პროცენტული პუნქტი (66% - 34%).
პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა არათანაბარი გადანაწილება ადასტურებს, რომ პროფეისული განათლებაში მიმდინარე რეფორმის მიუხედავად, აღნიშნული განათლება ახალგაზრდებისთვის ჯერ კიდევ ნაკლებად მიზიდველი და საინტერესოა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ პროფესიული განათლების დაფინანსება ბოლო წლებში მზარდი ტენდენციით ხასიათდება:
ცხრილი 3:პროფესიული განათლების დაფინანსება 2013-2018 წლებში (მილიონი ლარი)
წელი | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 | 2018 |
ბიუჯეტი | 9.5 | 15 | 22 | 26.5 | 29.6 | 40.8 |
როგორ ცხრილიდან ჩანს, მიმდინარე წელს პროფესიული განათლების ბიუჯეტი (გეგმა) წინა წელთან შედარებით 11.2 მილიონით არის გაზრდილი.
დასკვნა
ბოლო წლებში პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა ყველაზე მეტი 2013 წელს იყო - 19 849. ბოლო ორი წლის განმავლობაში, კერძოდ, 2016 წელს პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით უმნიშვნელოდ - 43 სტუდენტით გაიზრდა, რაც დაახლოებით 0.3%-ს შეადგენს. 2017 წელს კი პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა 764 სტუდენტით არის შემცირებული, შესაბამისად - 4.9%-ით.
რაც შეეხება დისბალანსს პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა რაოდენობას შორის, ბოლო წლებში ყველაზე ნაკლები სხვაობა 2013 წელს იყო 18 პროცენტული პუნქტი, ბოლო ორ წელიწადში დისბალანსი უმაღლეს და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტების რაოდენობას შორის 28-დან 32 პროცენტულ პუნქტამდე გაიზარდა.
მიუხედავად მიმდინარე რეფორმებისა და პროფესიული განათლების დაფინანსების მზარდი ტენდენციისა, აღნიშნული განათლება ახალგაზრდებისთვის ჯერ კიდევ ნაკლებად მიმზიდველია.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის ტყუილი.