„ჩინეთში ექსპორტის ზრდის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გვაქვს. შარშან აღნიშნულმა მაჩვენებლმა 200 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10.7 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 13.8%-ით აღემატება. აქედან ექსპორტი 2.7 მლრდ დოლარი, ხოლო იმპორტი 8 მლრდ დოლარამდეა - გასული წლის მონაცემებთან შედარებით, შესაბამისად, 29.1%-ითა და 9.4%-ით მეტი. მნიშვნელოვანია, რომ 2013 წლის შემდეგ 2017 წელს ექსპორტის წილი სავაჭრო ბრუნვაში ყველაზე მაღალია და 25.5%-ს უტოლდება.
2017წელს საქართველოს სავაჭრო პარტნიორებში თურქეთისა და რუსეთის შემდეგ ჩინეთი მე-3 ადგილს იკავებს. ჩინეთთან ვაჭრობამ გასულ წელს 939 მლნ დოლარი შეადგინა, საიდანაც 207 მლნ დოლარი ექსპორტზე, ხოლო 732 მლნ დოლარი იმპორტზე მოდიოდა. 2016 წელთან მიმართებით ჩინეთთან ექსპორტი 23%-ით, იმპორტი 33%-ით, ხოლო ვაჭრობა 24%-ით გაიზარდა.
გრაფიკი 1:
საქართველოს სავაჭრო პარტნიორები 2017 წელს (მლნ დოლარი)
წყარო: საქსტატი2017
წელს ჩინეთში ექსპორტირებული პროდუქციიდან ყველაზე მეტი შემოსავალი საქართველომ სპილენძის მადნის ექსპორტით (169.6 მლნ დოლარი) მიიღო. ჩინეთში ტოპ ექსპორტირებულ პროდუქტებს შორისაა ღვინო, მსუბუქი ავტომობილები, სპილენძის ნარჩენები და სამედიცინო ან ვეტერინარიული ხელსაწყოები.
საქართველომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გასული წლის 13 მაისს გააფორმა. აღნიშნული შეთანხმება მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, შესაბამისად, შედეგების გაზომვა ამ ეტაპზე შესაძლებელი არ არის. ამ მდგომარეობით, ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება საქართველოს ჩინეთის გარდა ევროკავშირთან (DCFTA), თურქეთთან, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) აქვს გაფორმებული. ამჟამად, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ მოლაპარაკებები ინდოეთთან მიმდინარეობს.ჩინეთის ბაზარი 1.4 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს. 2017 წელს ჩინეთის ეკონომიკა დაახლოებით 11.5 ტრილიონი დოლარი იყო, ჩინეთის იმპორტი კი 1.5 ტრილიონი დოლარი. გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შეთანხმების ამოქმედებიდან მყისიერად ქართული საექსპორტო პროდუქციის 91% ჩინეთში გადასახადისგან გათავისუფლდება, პროდუქციის 3% კი ტრანზიტული პერიოდის ამოწურვის შემდეგ აღარ დაიბეგრება. ჩინეთის მხარის პირობების მიხედვით, ქართული საექსპორტო საქონლის 6% თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მიღმა რჩება. თავის მხრივ, საქართველომ ჩინური იმპორტული პროდუქტის 96.5% გადასახადისგან 2018 წლის 1 იანვრიდან გაათავისუფლა. ქართული მხარის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების მიღმა ჩინური საექსპორტო საქონლის 3.5% დარჩა. ქართულ მხარეს ტრანზიტული პერიოდი არ დაუწესებია.
2007-2016 წლებში საქართველოსა და ჩინეთს შორის ვაჭრობა 534%-ით გაიზარდა.მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთისთვის საქართველოსთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამ ტიპის ხელშეკრულებებს შორის მეთოთხმეტეა, პროდუქციის გადასახადისგან გათავისუფლების მასშტაბებითა და ტრანზიტული პერიოდის სიმცირით კი - უპრეცედენტო.
გრაფიკი 2:ქართული პროდუქციის ექსპორტი ჩინეთში (მლნ დოლარი)
წყარო: საქსტატიდასკვნა 2017
წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10.7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 13.8%-ით მეტია. საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის ჩინეთი თურქეთისა და რუსეთის შემდეგ მესამე ადგილს იკავებდა. ჩინეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობით მიღებული შემოსავალი 939 მლნ დოლარი იყო, 2016 წლის მონაცემზე 24%-ით მეტი. აქედან ექსპორტი 207 მლნ დოლარს (+23%), ხოლო იმპორტი 732 მლნ დოლარს (+33%) უტოლდებოდა.
საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2017 წლის 13 მაისს გაფორმდა და 2018 წლის 1 იანვარს ამოქმედდა. შეთანხმების თანახმად, ქართული საექსპორტო პროდუქციის 91% მყისიერად, ხოლო 3% ტრანზიტული პერიოდის გასვლის შემდეგ (4 წელში) ჩინურ ბაზარზე გადასახადისგან გათავისუფლდება. 1.4 მილიარდი მომხმარებლის მქონე ბაზარზე წვდომა საქართველოსთვის ახალ სავაჭრო შესაძლებლობებს აჩენს, რაც, ლოგიკურად, სამომავლოდ ჩინეთთან გაღრმავებულ ეკონომიკურ ურთიერთობებში უნდა გამოიხატოს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის სიმართლე.