საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი გაჩეჩილაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის არეალში მოქცეულია ქვეყნის ტერიტორიის 70%, რაც დაახლოებით 3 ათასამდე დასახლებული პუნქტია, 400 ათასი ოჯახით დასახლებული“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
სტიქიური უბედურება არის საგანგებო ხასიათის ბუნებრივი მოვლენა. მას მოჰყვება მოსახლეობის ნორმალური ცხოვრების დარღვევა, ადამიანთა სიკვდილი, მატერიალურ ღირებულებათა დანგრევა და განადგურება. სტიქიური მოვლენა შეიძლება იყოს მიწისძვრა, ღვარცოფი, მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა, ხანძარი, გვალვა, ქარიშხალი და სხვა.
საქართველოში რთული ლანდშაფტურ-კლიმატური და სენსიტიური გეოლოგიურიგარემო პირობებიდან გამომდინარე, ბუნებრივი სტიქიური პროცესები მრავალმხრივია და ორი ერთმანეთისგან განსხვავებული მოვლენით წარმოგვიდგება - ატმოსფეროში ფორმირებული უარყოფითი მეტეოროლოგიური მოვლენები და დედამიწის ზედაპირზე და მის ქერქში წარმოქმნილი სტიქიური გეოლოგიური პროცესები. საქართველოს მოსახელობასა და მის ეკონომიკას მიწისზედა (ეგზოგენური) გეოლოგიური პროცესებიდან ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნიან მეწყერები, ღვარცოფები და ეროზიული პროცესები. ისინი განვითარების მასშტაბებით, განმეორების სიხშირითა და საშიშროების რისკით, მსოფლიოს მთიან ქვეყნებს შორის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებენ.
2010-2013 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენებისთანახმად, 2012-13 წლებში, 2011 წელთან შედარებით, საგრძნობლად მოიმატა მეწყერებისა და ღვარცოფების რაოდენობამ. თუ 2011 წელს საქართველოს მასშტაბით 94 მეწყერი დაფიქსირდა, 2012 წელს აღნიშნული რიცხვი 325-მდე, ხოლო 2013-ში 336-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ღვარცოფს, 2011 წელს დაფიქსირდა 37 შემთხვევა, 2012 წელს - 88, ხოლო 2013-ში - 93. შესაბამისად, 2011 წელს დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 652 ჰექტარი და 463 შენობა-ნაგებობა, 2012 წელს - 1 255 ჰა და 845 შენობა-ნაგებობა, ხოლო 2013 წელს - 1 413 ჰა და 1 269 შენობა-ნაგებობა.
2013წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში დაფიქსირებულია სხვადასხვა სახის მასშტაბის მეწყრულ-გრავიტაციული მოვლენებით დაზიანებული თუ მოსალოდნელი გააქტიურების 50 ათასზე მეტი უბანი, რომელთა რისკის არეალში მოქცეულია 2 ათასამდე დასახლებული პუნქტი და საავტომობილო გზებისა და მილსადენების 25-30%-მდე. საქართველოში მეწყრულ-გრავიტაციული მოვლენები განვითარებულია თითქმის ყველა ლანდშაფტურ-გეომორფოლოგიურ ზონაში.
რუკა 1:საქართველოს ტერიტორიის დარაიონება მეწყრულ-გრავიტაციული მოვლენებით დაზიანებისა და საშიშროების რისკის მიხედვით
წყარო: გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო
რაც შეეხება ღვარცოფულ მოვლენებს, საქართველოში დაფიქსირებულია 3 ათასამდე წყალსადინარი. ღვარცოფების რისკის არეალში მოქცეულია ქვეყნის ტერიტორიის 2 მლნ ჰა. ღვარცოფების ფონური განვითარების პირობებში ქვეყნებისადმი მიყენებული ეკონომიკური ზარალი წელიწადში 100 მლნ აშშ დოლარის ფარგლებშია, ხოლო ექსტრემალური გააქტიურებისას ასეული მილიონობით განისაზღვრება. მხოლოდ 1987 წლიდან დღემდე, საქართველოში სტიქიამ შეიწირა 600-ზე მეტი ადამიანი, გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან სტიქიით დაზიანებული ადგილებიდან ეკომიგრანტის სტატუსით გაყვანილ იქნა 60 ათასამდე ოჯახი.
რუკა 2:
საქართველოს ტერიტორიის დარაიონება ღვარცოფული მოვლენებით დაზიანების ხარისხისა და აქტიურობის რისკის მიხედვით
წყარო: გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოგარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის
თანახმად, დღეისათვის საქართველოს ტერიტორიის 70% გეოლოგიური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი, ეროზიული პროცესები) საფრთხის ქვეშ იმყოფება. ამათგან ეროზიული პროცესების 25%, ღვარცოფულის - 29% და მეწყრულ-გრავიტაციულის - 22%. სტიქიური გეოლოგიური პროცესების რისკის არეალში მოქცეულია 3 ათასამდე დასახლებული პუნქტი (ანუ 63%), 400 ათასამდე საცხოვრებელი სახლი და საინჟინრო ობიექტი, 550 კმ-ზე მეტი სიგრძის საავტომობილო გზა. მდინარეთა ნაპირების გარეცხვის საშიშროება ემუქრება 1 500 კმ-ზე, მეწყერებითა და ღვარცოფებით დაზიანებულია 1.7 მლნ ჰა ფართობი. 1967-2012 წლებში ქვეყნისათვის გეოლოგიური სტიქიით მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 14 მილიარდზე მეტი აშშ დოლარი, დაიღუპა 1 000-ზე მეტი ადამიანი.
დასკვნასაქართველოს მოსახლეობასა და მის ეკონომიკას მიწისზედა (ეგზოგენური) გეოლოგიური პროცესებიდან ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნიან მეწყერები, ღვარცოფები და ეროზიული პროცესები. 2012-13 წლებში, 2011 წელთან შედარებით, საგრძნობლად გაზრდილია მეწყერებისა და ღვარცოფების რაოდენობა, შესაბამისად, მათგან მოყენებული ზარალიც. დღეისათვის, საქართველოს ტერიტორიის 70% გეოლოგიური სტიქიების საფრთხის ქვეშ იმყოფება. სტიქიური გეოლოგიური პროცესების რისკის არეალში მოქცეულია 3 ათასამდე დასახლებული პუნქტი (ანუ 63%), 400 ათასამდე საცხოვრებელი სახლი და საინჟინრო ობიექტი, 550 კმ-ზე მეტი სიგრძის საავტომობილო გზა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გია გაჩეჩილაძის განცხადება არის სიმართლე.