2017 წლის 14 ნოემბერს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა,
რომ არ შეიძლება გარემოს დაცვის სამინისტრო რომელიმე სხვა მიმართულებას ექვემდებარებოდეს - ის უნდა იდგეს ცალკე, ძლიერად, ჩვენ ამის ვალდებულება ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს აღებული.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება 2014 წლის ივნისში გაფორმდა და 2016 წლის პირველ ივლისს შევიდა ძალაში. ასოცირება მიზნად ისახავს მხარეებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთო ღირებულებებსა და მჭიდრო კავშირებზე, მათ შორის, ევროკავშირის პოლიტიკაში, პროგრამებსა და სააგენტოებში საქართველოს მონაწილეობის გაზრდის კუთხით. შეთანხმების დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ინსტიტუტების გაძლიერების, საგარეო და საშინაო უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარებისა და საბაზრო შესაძლებლობების, ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საკითხებზე. გარემოს დაცვის საკითხებს ეხმიანება ასოცირების შეთანხმების მე-3 თავი, რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: გარემოსდაცვითი მმართველობა და ჰორიზონტალური საკითხები, ჰაერის ხარისხი, წყლის ხარისხი და წყლის რესურსების მართვა, ნარჩენების მართვა, ბუნების დაცვა (სატყეო მეურნეობა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონსერვაცია), ინდუსტრიული დაბინძურება და საფრთხეები, ქიმიური ნივთიერებების მართვა. გარდა ამისა, ხაზგასმულია, რომ გარემოს დაცვის ინტეგრირება არა მხოლოდ გარემოსდაცვით პოლიტკაში, არამედ პოლიტიკის სხვა სფეროებშიც უნდა მოხდეს. ასევე, თანამშრომლობა მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების შერბილებას და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას (მათ შორის კლიმატთან დაკავშირებული საკითხების დარგობრივ პოლიტიკაში ინტეგრაცია) საერთაშორისო დონეზე ღონისძნიებების გატარების ხელშეწყობის გზით. 2017-2020 წლებისთვის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის დოკუმენტში მითითებულია, რომ აღნიშნული დროის მანძილზე საქართველომ უნდა შეიმუშაოს გარემოსდაცვითი მმართველობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან, სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებასთან და გარემოსდაცვის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ახალი კანონმდებლობის შექმნის გზით. ასევე, უნდა მიიღოს მე-3 ეროვნული გარემოსდაცვითი სამოქმედო პროგრამა (2017-2021) და დაიწყოს ეროვნული რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სტრატეგიის იმპლემენტაცია. გარდა ამისა, საქართველომ უნდა გააგრძელოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დებულებებისა და დირექტივების აღსრულების გზით. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით დამტკიცებულ და მიღებულ უნდა იქნას საქართველოს დაბალი ემისიის განვითარების სტრატეგია და დაიწყოს პარიზის კლიმატის შეთანხმების იმპლემენტაცია. მიუხედავად იმისა, რომ გარემოსდაცვითი საკითხები და მათთან დაკავშირებული დირექტივების შესრულება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ასოცირების შეთანხების აღსრულებასა და ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავებაში, დოკუმენტში არ არის პირდაპირი მითითება გარემოს დაცვის სამინისტროს ცალკე ინსტიტუტად არსებობის აუცილებლობის შესახებ. აღსანიშნავია ისიც, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 13 ნოემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, გარემოს დაცვის სამინისტრო არა რომელიმე სხვა უწყებას დაექვემდებარება, არამედ თავად გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მინისტრის პოსტს კი სოფლის მეურნეობის ამჟამინდელი მინისტრი ლევან დავითაშვილი დაიკავებს. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რა სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება გარემოს დაცვის სამინისტროსთან და მასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით.დასკვნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს გარემოს დაცვის საკითხებზე და იძლევა რიგ რეკომენდაციებსა და დირექტივებს პოლიტიკის სხვა სფეროებში გარემოს დაცვის პოლიტიკის ინტეგრირების, ეროვნული გარემოსდაცვითი სამოქმედო პროგრამის მიღების, ქართული გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების შესახებ და სხვა. თუმცა, შეთანხმების დოკუმენტში არ არის პირდაპირი მითითება გარემოს დაცვის სამინისტროს ცალკე ინსტიტუტად არსებობის უპირობო აუცილებლობის შესახებ. ფაქტ-მეტრის დასკვნით, კახა კუჭავას განცხადება არის მცდარი.
თეგები: