პარტია „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, სერგო რატიანმა, უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სხომაზე განათლების საკითხებზე ისაუბრა. „პროფესიული განათლების ბიუჯეტი, ვგულისხმობ ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილ თანხას, შესრულებულია მხოლოდ 34%-ით“, - განაცხადა რატიანმა.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2013-2017
წლებში პროფესიული განათლების დაფინანსება შემდეგნაირი იყო:
ცხრილი 1:
პროფესიული განათლების ბიუჯეტი 2013-2017 წლებში (მლნ ლარი)
წელი | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 (9 თვე) |
გეგმა | 9.5 | 15 | 22 | 26.5 | 21.8 |
ფაქტი | 9.3 | 14.8 | 21.7 | 26.6 | 19.5 |
შესრულება | 98% | 99% | 99% | 100.4% | 89.4% |
რაც შეეხება უშუალოდ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2013-2017 წლებში ერთი კოლეჯი აშენდა, რეაბილიტაცია კი 30 კოლეჯს ჩაუტარდა. მიმდინარე წელს 7 კოლეჯის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ცხრილი 2:
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი, 2013-2017 წლები (მლნ ლარი)
წელი | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 (9თვე) |
გეგმა | 3.7 | 8.4 | 12.9 | 10.0 | 6.0 |
ფაქტი | 2.9 | 6.6 | 12.3 | 9.8 | 2.4 |
შესრულება | 78.4% | 78.9% | 95.3% | 98% | 41% |
როგორც გაირკვა, მიმდინარე წლის ცხრა თვეში პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის ნახევარიც კი არ არის ათვისებული, მიუხედავად იმისა, რომ შვიდი კოლეჯის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ბოლო პერიოდში პროფესიული განათლების სფეროში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. თუმცა, ამის მიუხედავად, ახალგაზრდებში პროფესიული განათლება ნაკლები პოპულარობით სარგებლობს (უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა 75% სწავლობს, პროფესიულში - 25%). აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზად მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაც შეიძლება ჩაითვალოს. ამ ფონზე, პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხის აუთვისებლობა გაუგებარია.
დასკვნა
პროფესიული განათლების ბიუჯეტი ბოლო წლებში ზრდის ტენდენციით ხასიათდება. თუმცა, რაც შეეხება პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს, მიმდინარე წლის ცხრა თვეში აღნიშნული თანხის ნახევარიც კი არ არის ათვისებული (41%).
აქედან გამომდინარე, სერგო რატიანის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.