დავით ნარმანიას წინასაარჩევნო პროგრამაში ქალაქის გამწვანება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იყო. „ჩვენ ვიზრუნებთ ქალაქის ეკოლოგიაზე, ტყის აღდგენასა და რეკრეაციული ზონების გაფართოებაზე. ჩვენ დედაქალაქში დავრგავთ და გავახარებთ მილიონამდე ხეს“, - აცხადებდა

დავით ნარმანია 2014 წელს, წინასაარჩევნო გამოსვლების დროს.

მართლაც, თბილისის მერიამ „მილიონი ხის“ პროექტის განხორციელება დავით ნარმანიას მერად არჩევისთანავე, 2014 წლის შემოდგომიდან დაიწყო.

დედაქალაქში პროექტის დაწყებიდან სულ 660 000 ძირი სხვადასხვა სახეობის მცენარეა დარგული. აქედან, მერიის მიერ შესყიდულია 617 245 ნერგი (42 755 ნერგი მერიას უსასყიდლოდ გადაეცა), რომელთა შესყიდვებზე სულ 4 584 634 ლარი დაიხარჯა. „მილიონი ხის“ პროექტმა საზოგადოების საყოველთაო ინტერესი თავიდანვე გამოიწვია. პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით მრავალი კითხვა გაჩნდა. განსაკუთრებით აქტუალური დარგული ნერგების რაოდენობა იყო. ფაქტ-მეტრმა ამ საკითხის კვლევა 2016 წლიდან დაიწყო და აღნიშნულ თემას რამდენიმე სტატია მიუძღვნა (იხ. სტატია1; სტატია 2; სტატია 3).

რადგან ხეების თითქმის ნახევარი (347 520 ნერგი) თბილისის დენდროლოგიურ პარკში იყო დარგული, ჩვენ აქცენტი სწორედ ამ ნერგებზე და მათ გახარებაზე გავაკეთეთ. თბილისის მერიასა და სსიპ „ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობას“ შორის ოთხი კონტრაქტი გაფორმდა, რომელიც დენდროლოგიურ პარკში დასარგავი ნერგების შესყიდვას ითვალისწინებდა. კონტრაქტების ჯამური ღირებულება 385 375 ლარი იყო. ხელშეკრულების მიხედვით, „სატყეო მეურნეობას“ მხოლოდ ნერგების ადგილზე (დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე) დაუზიანებლად მიტანა ევალებოდა. ისინი ნერგების დარგვაზე და მის შემდგომ გახარებაზე პასუხისმგებელნი არ იყვნენ. ამაზე მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურს უნდა ეზრუნა.

კონტრაქტების შესწავლისისას აღმოჩნდა, რომ დენდროლოგიურ პარკში დასარგავი ნერგების დიდი უმრავლესობის ზომა 0.20 სმ - 0.80 სმ-ს შორის მერყეობდა. „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ სპეციალისტების განმარტებით, აღნიშნული ზომის ნერგები შეიძლება ღია გრუნტში დაირგოს, მაგრამ დარგვის და მოვლის განსაკუთრებულ პირობებს საჭიროებენ. ზოგადად, როგორც მოვლის, ისე მორწყვის ინტენსივობა მაღალი უნდა იყოს ვეგეტაციის პირველ ნახევარში (გაზაფხული-ზაფხული).

ფაქტ-მეტრი 2016 წლის გაზაფხულზე დენდროლოგიურ პარკში იმყოფებოდა და სიტუაციას ადგილზე გაეცნო. იმ დროისთვის, დარგული ნერგების საკმაოდ დიდი ნაწილი უკვე გამხმარი იყო.

აქვე აღსანიშნავია, რომ 2016-2017 წლებში მერიამ გამწვანების სტრატეგია შეცვალა, აქცენტი ნერგების რაოდენობაზე აღარ გააკეთა და მცირე ზომის ნერგების ნაცვლად მოზრდილი ნერგები დარგო. შესაბამისად, თუ პროექტის დასაწყისში შეძენილი ნერგების ფასი დაბალი იყო (2015 წელს 2.5 ლარი), შემდგომ წლებში მათი ფასი იზრდება (2016 წელს - 19.3 ლარი, მიმდინარე წელს კი საშუალოდ 25 ლარია). როგორც ვხედავთ, 2015 წელს, როდესაც „მილიონი ხის“ პროექტის ფარგლებში დარგული ნერგების 64% დაირგო, ერთი ნერგის საშუალო ფასი ყველაზე დაბალი იყო.

მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მერია ამ დრომდე არ ასაჯაროებს დარგული ხეების გახარების კოეფიციენტს, რაც გაწეული საქმიანობის ეფექტიანობის საზომად გამოდგებოდა.

ფაქტ-მეტრმა მერიისგან დარგული ნერგების გახარების კოეფიციენტი არაერთხელ გამოითხოვა. მიღებული პასუხების მიხედვით, „მილიონი ხის“ პროექტის ფარგლებში დარგული ნერგების მონიტორინგს მერიის გამწვანების და ეკოლოგიის სამსახური ნერგების სავეგეტაციო პერიოდის დასრულებისთანავე განახორციელებს და დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდის. საინტერესოა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მერიისგან 2016 წლის გაზაფხულზე, მიმდინარე წლის გაზაფხულზე და ოქტომბერშიც იდენტური პასუხები

მივიღეთ.

ცნობისთვის, მცენარის სავეგეტაციო პერიოდი

არის წელიწადის დრო, როდესაც მცენარე აქტიურად ავლენს თავის სასიცოცხლო ფუნქციებს - იზრდება და ვითარდება, რომლის შემდეგაც გადადის მოსვენებით მდგომარეობაში. ვეგეტაციის პერიოდი ზოგადად იწყება გაზაფხულზე (დაახლოებით 15 გრადუს ტემპერატურაზე) და მთავრდება შემოდგომაზე (ფოთოლცვენა).

„ეროვნული სატყეო სააგენტოს“ სპეციალისტების განმარტებით, მცენარის სრულ გახარებად შეიძლება მივიჩნიოთ კრიტიკული ტემპერატურის გადატანა, კერძოდ, შემოდგომაზე დარგული ნერგი თუ გადაიტანს ზამთრის სეზონს, ხოლო გაზაფხულზე დარგული - ზაფხულის ცხელ პერიოდს.

„მილიონი ხის“ პროექტის ფარგლებში ნერგების დარგვა 2014 წლის შემოდგომაზე დაიწყო. 2014 წლის შემოდგომიდან დღემდე სამი ზაფხული და ზამთარი გავიდა. მიუხედავად ამისა, მერიის პასუხების მიხედვით, მცენარეების სავეგეტაციო პერიოდი დასრულებული არ არის.

თუმცა, „სავეგეტაციო პერიოდის დაუსრულებლობას“ თბილისის მერის, დავით ნარმანიასთვის ხელი არ შეუშლია, რომ ჯერ კიდევ 2016 წლის აგვისტოში, საკრებულოში სტუმრობისას, განეცხადებინა,

რომ მერიის მიერ დარგული ნერგების 80%-ზე მეტმა გაიხარა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ დავით ნარმანიას დაპირება იყო მილიონამდე ხის დარგვა. 2017 წლის სექტემბრის ბოლოსთვის კი, თბილისში დარგულია 660 000 ნერგი.

ფაქტ-მეტრი არ გამორიცხავს, რომ „მილიონი ხის“ პროექტის ფარგლებში 660 000 ნერგი მართლაც დაირგო. მაგრამ მთავარი კითხვა - დარგული ნერგებიდან რამდენმა გაიხარა (ანუ რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა ბიუჯეტიდან 4 584 634 ლარი) - ოფიციალურად კვლავ პასუხგაუცემელია. მერია ამ დრომდე ვერ გვაწვდის დარგული ხეების გახარების კოეფიციენტს, რაც გაწეული საქმიანობის ეფექტიანობის საზომად გამოდგებოდა.