წარმოგიდგენთ მარნეულის მერობის კანდიდატთა ინტერვიუებს. ესენი არიან: ლეილა მამედოვა („შენების მოძრაობა“), ლიანა მესტვირიშვილი-ბეჟანიშვილი („საქართველო“), თემურ აბაზოვი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) და ზვიად შუბითიძე (

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“).

ფაქტ-მეტრმა, ამავე ფორმატით, თანამშრომლობა “ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის მერობის კანდიდატს რაგიმ ასკეროვს, „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატს აკმამედ იმამკულიევს და „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს” კანდიდატს ვეფხია გურგენიშვილს შესთავაზა, თუმცა, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, თანამშრომლობა ვერ შედგა.

რატომ უნდა შეაჩეროს ამომრჩეველმა არჩევანი თქვენს კანდიდატურაზე?   ლეილა მამედოვა („შენების მოძრაობა“)

ამომრჩეველი არაა ვალდებული მე ამირჩიოს. უბრალოდ, მე ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც მე მიცნობენ და იციან სფერო, სადაც მე ვმუშაობდი, იციან რომ  მე უსაფუძვლო დაპირებებს არასდროს ვიძლევი. ახლაც ასეა, მე არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც ბევრ დაპირებას გასცემენ და შემდეგ მის ერთ მესამედსაც არ ასრულებენ. მე მინდა დავპირდე ამომრჩეველს მხოლოდ ის რაც რეალისტურია, რაც იქნება ჩემს ძალებში და კომპეტენციაში. მე კარგად ვიცნობ ჩვენ რაიონს, კარგად ვიცი აქ რა პრობლემებიცაა და როგორი მიდგომებია საჭირო მათ მოსაგვარებლად. ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც მე მიცნობენ, მცნობენ სწორედ ჩემი საქმიანობით, რომელსაც მე ბოლო 20 წელია ვეწევი რეგიონში და  რომელიც მიმართული იმისკენ, რომ დავეხმარო ადამიანებს.

ლიანა მესტვირიშვილი-ბეჟანიშვილი ( „საქართველო“)

ვფლობ დიდ გამოცდილებას ორგანიზაციის შექმნის და მართვის საქმეში, ჩემს მიერ გახსნილ ქართულ-ამერიკულ სკოლებს- “REBER SCHOOL” ვხელმძღვანელობდი 11 წლის მანძილზე თბილისში, 6 წელი მარნეულში; ვფლობ ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს; მქონდა არასამთავრობო ორგანიზაცია “მშობელთა და პედაგოგთა ასოციაცია” და მრავალ საქველმოქმედო საქმიანობას ვეწეოდი; მაქვს დიდი გამოცდილება უცხოელ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის; კარგად ვიცნობ მარნეულელი ხალხის მდგომარეობას. 6 წლის მანძილზე მიღებული გამოცდილებით; ამასთან, მარნეულში მაქვს 2 სართულიანი საკუთარი სახლი დიდი ეზოთი და ბაღით იუსტიციის სახლის წინ. სადაც, სარემონტო სამუშაოების შესრულების შემდეგ, საცხოვრებლად ვაპირებ გადასვლას; დიდი სურვილი მაქვს კვლავ გავხსნა სკოლა და დავეხმარო მარნეულელ ბავშვებს დიდი ცოდნის მიღებაში.

თემურ აბაზოვი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)

უპირველეს ყოვლისა, მოგახსენებთ, რომ სახელისუფლებო პარტიის მიერ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად ჩემი წარდგენა, უდიდესი პატივი და გამოწვევაა. აბსოლუტურად გააზრებული მაქვს პასუხისმგებლობა, რომელსაც ვიღებ როგორც ცენტრალური მთავრობის, ისე  მარნეულის ადგილობრივი  მოსახლეობის წინაშე.

შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ წარმოვადგენ იმ პოლიტიკურ ძალას, რომლისთვისაც  უმთავრესი საკითხი და ღირებულება ადამიანია. დღევანდელი ხელისუფლება დგას  ადამიანის უფლებათა დაცვის სადარაჯოზე, რაც დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის გზაზე, ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია. მარნეულის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს ჩემში. მარნეული არის ადგილი, საიდანაც იწყება მეგობრობა და ტოლერანტობა. მოგეხსენებათ, მარნეული მულტიეთნიკური მუნიციპალიტეტია, სადაც მშვიდობიანად, ურთიერთპატივისცემით ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური  თემის წარმომადგენლები - ქართველები,  აზერბაიჯანელები, სომხები, ბერძნები და სხვა. სწორედ ტოლერანტული თანაცხოვრების  კიდევ უფრო გაღრმავებისა და განმტკიცების გარანტი ვიქნები მარნეულის მუნიციპალიტეტში და მსურს, ჩემი შესაძლებლობები, გამოცდილება,  ენერგია და ენთუზიაზმი  მარნეულს  და ზოგადად, ქვეყნის განვითარებას მოვახმარო. მე ყოველთვის ვიქნები იქ, სადაც ჩემ ქვეყნას და ხალხს დავჭირდები.

სიღმისეულად ვეცნობი აქ განხორციელებულ პროექტებს, ეს ეხება სასმელი თუ სარწყავი წყლის სისტემების  მოწესრიგებას, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ბაღების მშენებლობას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რესოციალიზაციის  ხელშემწყობი პროგრამების ამუშავებასა, საგანმანათლებლო კერების შექმნასა და სხვა. ასევე, დეტალურად ვეცნობი მოსახლეობის პრობლემებს, აქტიურად ვხდები ამომრჩევლებს და მერად არჩევის შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებში მოგვარებას ვპირდები. ის საკითხები კი, რომელიც მუნიციპალიტეტის კომპეტენციას სცდება, მათზე შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობის გაწევით რეაგირება მექნება.

ვიღებ ვალდებულებას, თითოეულ მარნეულელს, განურჩველად რელიგიისა, სქესისა, ეროვნებისა და შესაძლებლობებისა, შევუქმნა ისეთი გარემო, რომელიც თავს მარნეულისა და სრულიად საქართველოს სრულფასოვან წევრად აგრძნობინებთ.

ზვიად შუბითიძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)

პირველ რიგში იმიტომ უნდა შეაჩერონ არჩევანი ჩემზე, რომ პატიოსნად განვლილი ცხოვრებით ვიმსახურებ ხალხის ნდობას, რაც მარნეულის მცხოვრებლებისთვის კარგად არის ცნობილი და რომ ჩემს მათდამი მიცემულ წინასაარჩევნო დაპირებებს შევასრულებ ყველაზე ეფექტურად და უმოკლეს ვადებში.

როგორ შეაფასებდით ყოფილი გამგებლის საქმიანობას? (დაგვიკონკრეტეთ მისი საქმიანობის პოზიტიური და ნეგატიური შედეგები)   ლეილა მამედოვა („შენების მოძრაობა“)

იმისთვის, რომ შეაფასო მისი მუშაობა აუცილებელია ბოლომდე შეისწავლო ის სფეროები, რომელშიც ის საქმიანობდა. ალბათ, ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სწორი ასე შეფასება, რადგან შეიძლება აღმოჩნდეს ზედაპირული. თუ გნებავთ იგი შევაფასო, როგორც პოლიტიკოსი ეს არ იქნება მთლად კორექტული. დიახ, პოლიტიკოსი ვახსენე, რადგან ჩვენთან პოლიტიკის გარეშე ხელისფლებაში არავინ მოდის. ის იყო ადამიანი, რომელიც წარმოადგენდა მმართველ პარტიას, შესაბამისად პოლიტიკოსიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ცხადია, ყველა არაა პოლიტიკოსი ვინც ხელისუფლებაშია.

იმ პოლიტიკაში, რომელსაც ის რაიონში ატარებდა, ზოგი რამ შემიძლია მოვიწონო, მაგალითად საერთაშორისო ფესტივალები, რომელსაც მხარს უჭერდა და ახორციელებდა  ადგილობრივი ხელისუფლება. თუმცა  ზოგიერთი მიმართულებები ჩემი აზრით, იყო სუსტი. მე ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ ჩვენ ქვეყანა არ უნდა აკეთებდეს ტურიზმის კუთხით აქცენტს მხოლოდ დასასვენებელ ტრადიციულ ადგილებზე, საჭიროა ეთნოტურიზმის განვითარება. მნიშვნელოვანი შემადგენელი ჩვენი პატარა ქვეყნის და მისი სიმდიდრე, არის ეთნიკური მრავალფეროვნება. ძალიან მნიშვნელოვანია ეთნოტურიზმის განვითარება. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, რომელიც ყველაზე ახლოსაა მეზობელ ქვეყნებთან აზერბაიჯანთან და სომხეთთან. ამ რეგიონს აქვს დიდი რესურსი, ადამიანისგან ხელუხლებელი ადგილების, ალპური მინდვრებისა და მთების სახით. ამ კუთხით იყო დაწყებული მუშაობა, მოგეხსენებათ მარნეულში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, სადაც ნახეს უძველესი ყურძნის წიპწები -

ამ ყველაფერში კი მეტი ძალისხმევა იყო ჩასადები.

ლიანა მესტვირიშვილი-ბეჟანიშვილი („საქართველო“)

სისტემატიურად ჩამოვდივარ მარნეულში და დიდ ცვლილებებს მე ვერ ვხედავ რაიონში. გარდა ავტობუსების დანიშვნისა. ხალხი ისევ უმუშევარია და უმძიმეს მდგომარეობაში. განათლება ისევ ჩამორჩენილია, სოციალურად დაუცველები ისევ უმძიმეს მდგომარეობაში არიან, რადგან ბევრს საერთოდ მოეხსნა ეს დახმარება, ისევ დგას სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა, კანალიზაციის პრობლემა, ბავშვებს არ აქვთ გასართობი ადგილები, სკვერები, პარკები სადაც განთავსდება კარუსელები, ტრენაჟორები, მოეწყობა ფეხბურთის სათამაშო მოედნები, საცურაო აუზები, სკოლის პედაგოგების კვალიფიკაციის ასამაღლებლად არ ტარდება საჭირო რაოდენობის ტრეინინგები. დგას გზების პრობლემა. განსაკუთრებით შიდა სასოფლო გზების. ირღვევა ქალთა და ბავშვთა უფლებები. დამნაშავეები დაუსჯელნი დადიან. ხშირია შემთხვევა ქალებზე და ბავშვებზე ფიზიკური ძალადობის. გოგონებს სკოლას არ ამთავრებინებენ, არასრულწლოვნებს ათხოვებენ მათი სურვილის გაუთვალისწინებლად. ამავდროულად, იყო ქალის ლინჩის წესით გასამართლების ფაქტი, ამას უყურებდა მთელი მოსახლეობა და არანაირი ზომები არ მიიღეს ამის აღსაკვეთად. ხშირია ქალების ცემის და მოკვლის ფაქტები. ამას ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ ბოლო უნდა მოეღოს. დამნაშავე მკაცრად უნდა დაისაჯოს, რომ სხვამ ვეღარ გაბედოს.

თემურ აბაზოვი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)

დადებითად. შეუძლებელია მის მიერ ჩატარებული სამუშაოები უარყოფითად შეაფასო, რადგან გავეცანი მუნიციპალიტეტში ბოლო წლებში განხორციელებულ სამუშაოებს, რაც ცხადყოფს,  რომ ეს ყველაფერი უდიდესი შრომისა და მონდომების შედეგია. ჩვენ ორივე ერთი პარტიის წარმომადგენლები ვართ და შესაბამისად, მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვაც საერთოა. მე, როგორც ახალგაზრდა კანდიდატი, შევეცდები, მთელი ჩემი ახალგაზრდული ხედვები, ენერგია, გამოცდილება და პროფესიონალიზმი მუნიციპალიტეტის სწრაფ  განვითარებას მოვახმარო და მეტი სიახლე შევმატო.

ზვიად შუბითიძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)

მოქმედი გამგებელი კარგა ხანია აღარ გვყავს რაიონში და ეს გამოწვეულია ყველა საკითხში მისი არაეფექტური მუშაობით და ამით ყველაფერი ნათქვამია.

ჩამოთვალეთ 3-5 მთავარი პრობლემა, რომელიც უშუალოდ თქვენი ოლქის ამომრჩევლებს განსაკუთრებით აწუხებთთქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?   ლეილა მამედოვა („შენების მოძრაობა“)

მთავარი სამი პრობლემა, რაც მუნიციპალიტეტს აქვს ეს არის გზების, სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა.  ეს არის სამი ძირითადი პრობლემური მიმართულება, რომელიც უნდა გადაწყდეს. სამწუხაროდ, ბევრ სოფელში ხელისუფლების მიერ იქნა წყლის გაყვანილობები მოწყობილი, მაგრამ წყალი მაინც არ აქვთ. ამისი მიზეზი ისაა, რომ მათ ვერ გაითვალისიწნეს სოფლების გეოგრაფიული მდებარეობა, ის რომ ზოგი დასახლება მაღალზეა და წყალს შესაბამისი წნევა ჭირდება. ამისი მაგალითია სოფელი ალგეთი, ამ სოფლიდან მე ხშირად მომმართვადნენ, როგორც ომბუცმენის წარმომადგენელს - მიყვანილია წყლის მილები, მაგრამ საკმარისი წნევის არ არსებობის გამო, ონკანებში წყალი არაა. უკვე აღარაფერს ვამბობ წყლის ხაისხზე. ეს არის ის საკითხი რითაც წინა ხელისუფლება ამაყობდა თუმცა უსაფუძვლოდ.

რაც შეეხება სარწყავი წყლის საკითხს, თქვენ იცით რომ რაიონში არსებობს ჯერ კიდევ საბჭოთა დროს მოწყობილი არხები.  საკითხი დგას ასე, მოხდეს მათი რეაბილიტაცია თუ არა. რეალურად  ნაწილის რეაბილიტაცია ნამდვილად მოხდა, მაგრამ ეს არაა საკმარისი. ეს საკითხი ზოგადად სუსტად რეგულირდება.  ვიცი წინა მთავრობის დროს კეთდებოდა ჭაბურღილები, მაგრამ ეს ძალისხმევაც არ იყო საკმარისი. აღნიშნული პრობლემა თვითონ ქალაქ მარნეულშიც დგას. ადამიანებს აქაც აქვთ მიწები, რომელთაც ამუშავებენ და სჭირდებათ სარწყავი წყალი.

ლიანა მესტვირიშვილი-ბეჟანიშვილი („საქართველო“)
  • აზერბაიჯანული თემის უფროსი ასაკის ადამიანების დიდმა უმრავლესობამ ქართული ენა არ იცის. ამიტომ უნდა შევქმნათ სპეციალური სახელმძღვანელოები ქართული ენის სწრაფშემსწავლელი;
  • ასევე არასამთავრობოებთან ერთად დავაარსოთ “ოჯახის სკოლის” ინსტიტუტი. მომზადებული პედაგოგები ივლიან ოჯახებში კვირაში 1 ან 2 ჯერ და ადგილზე შეასწავლიან ქართულ ენას ოჯახის წევრებს.
  • სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად ვფიქრობ ჩამოვაყალიბოთ ფონდი, სადაც ყოველ თვეში ნებასურვილით ჩარიცხავენ ადამიანები შემოწირულობებს. განსაკუთრებით ისინი, ვისაც სამსახურები აქვთ და ხელფასს იღებენ. განსაკუთრებით ბიზნესმენების იმედი მაქვს. ყველა ეს ადამიანი ხდება ფონდის საქმიანობის თანამონაწილე. ასევე მოვიზიდავთ თანხებს სხვა უცხოური თუ ადგილობრივი ფონდებიდან და არასამთავრობოებიდან - მრავალშვილიანთა, მოხუცთა, საწოლს მიჯაჭვულ ინვალიდთა, მარტოხელა დედათა, უსახლკაროთა დასახმარებლად. ფონდთან ერთად ასევე შეიძლება შევარჩიოთ დიდი ფართი სადაც მოვათავსებთ სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის შემოწირულ საჭირო ნივთებს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, წიგნებს, სათამაშოებს და სხვა. იქ ნებისმიერ ადამიანს შეეძლება შეარჩიოს მისთვის საჭირო ნივთი, წაიღოს და მოიხმაროს;
  • სოფლებში შეიძლება ჭაბურღილების გაკეთება, წყლის პრობლემის მოსაგვარებლად. ამის გაკეთება შეიძლება ინვესტორების დახმარებით. მე ვიცნობ ასეთ ინვესტორებს, რომლებიც სიამოვნებით დაგვეხმარებიან;
  • უდიდეს ყურადღებას დავუთმობ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას რაიონში. ყველა ადამიანს ექნება საშუალება მიიღოს მერიისგან გრანტი მისთვის საჭირო ბიზნესის დასაწყებად. სადაც შეიქმნება სამუშაო ადგილები. გრანტებისთვის საკმაოდ დიდი თანხა გამოიყოფა ასევე “იდეების განვითარების ფონდის” მხრიდანაც.
თემურ აბაზოვი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)

როგორც თქვენთვის ცნობილია, მერობის პოსტზე ჩემი კანდიდატურის წარდგენის შემდეგ, სისტემატურად ვხვდები თითოეული ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას და მათ საჭიროებებს ადგილზე ვეცნობი. როგორც მათთან შეხვედრისას გამოიკვეთა, კვლავ აქტუალურია სასმელი წყლის პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით უდიდესი სამუშაოებია გაწეული ბოლო წლების განმავლობაში და ამას მოწმობს სტატისტიკური მონაცემები,   მცირე პრობლემები კვლავ  რჩება  სხვადასხვა სოფელში, რომლის მოგვარებაც, უახლოეს მომავალში ეტაპობრივად მოხდება. მარნეულში აქტუალურია  საბავშვო ბაღების, სპორტული მოედნებისა და ახალგაზრდებისთვის საჭირო კულტურულ-საგანმანათლებლო კერების  საკითხიც. ასევე, მყარი ნარჩენების მართვის სერვისის დახვეწა და მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველყოფა. მიმაჩნია, რომ არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც არ შეიძლება. პრობლემის აღმოსაფხვრელად, ვფიქრობ, უპირველესად საჭიროა, მათი შესწავლა და ანალიზი, დაგეგმვა და შემდგომ მისი მოგვარების მიზნით კომპლექსური სამუშაოები. მზად ვარ ამისთვის. ხშირად შევხვდები მოსახლეობას და პირადად გავეცნობი მათ საჭიროებებს.

ზვიად შუბითიძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)

პირველი და უმთავრესი: საკადრო პოლიტიკა, რომელიც მხოლოდ პირად მეგობრობაზეა დამყარებული მარნეულის რაიონში და სადაც განათლებული და გამოცდილი ხალხი ხელისუფლებისგან სრულიად მიტოვებულია და არავის არაფერში სჭირდება. აქედან  გამომდინარეობს რაიონში დაგროვილი ყველა პრობლემა რომლის გადაჭრის არანაირი პერსპექტივაც კი არ გააჩნია მოქმედ თვითმმართველობას.

რა არის თქვენი მთავარი წინასაარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის (გაგვაცანით კონკრეტული გეგმა) როგორ და რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.   ლეილა მამედოვა („შენების მოძრაობა“)

ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში სასმელი და სარწყავი წლის საკითხი იქნება პრიორიტეტული. მე მესმის, რომ ამ მიმართულებით მხოლოდ ადგილობრივ ბიუჯეტს ვერ დავეყრდნობით, რადგან დიდი თანხებია საჭირო, ამიტომ ჩვენ ვითანამშრომლებთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მე როგორც სამოქალაქო სექტორში მუშაობის გამოცდილების მქონემ ვიცი, რომელი საერთაშორისო ორგანიზაციები მუშაობენ ამ მიმართულებით, როგორ დავაინტერესო ისინი და როგორ ჩავრთო მათი რესურსი ამ პრობლემების მოგვარებაში.

რაც შეეხება ტურიზმს. ვფიქრობ, საჭიროა რომ ამ მიმართულებით მუშაობა გაძლიერდეს სკოლიდანვე. ყველა ხომ ვერ ისწავლის უნივერსიტეტებში, საჭიროა რომ ადამიანებს ქონდეთ თავიანთი საქმე, რითაც მომავალში შეძლებენ დასაქმებას. მოდით ჩვენ კულტურის სახლში ახალგზარდებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, გავხსნათ ხელსაქმის შემსწავლელი კურსები. ვასწავლოთ კერვა, ქარგვა, ქსოვა და მსგავსი გამოყენებითი ხელოვნების სფეროები. საჭიროა კადრების მომზადება და ეს ბევრი მიმართულებითაა გასაკეთბელი. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ჩვენ მომზადებული კადრები საბავშვო ბაღებშიც კი ცოტა გვყავს. დიდი სამუშაო გვაქვს ამ მიმართულებით ჩასატარებელი.

ლიანა მესტვირიშვილი-ბეჟანიშვილი („საქართველო“)

ჩემი წინასაარჩევნო დაპირებაა, რომ მე არ მოვდივარ ჩემი პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად, არამედ იმისთვის, რომ ხალხს გემსახუროთ. მარნეული 3 წელში უნდა გახდეს ყველაზე განვითარებული რაიონი მთელს საქართველოში. მაქვს უამრავი პროექტი, რის განხორციელებასაც თქვენთან ერთად ვაპირებ.

თემურ აბაზოვი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)

უმთავრესი დაპირება ამომრჩევლების წინაშე მათთან უშუალო ურთიერთობების დამყარება და ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო  კონტაქტია. ვინაიდან,  ხელისუფლების   წარმატებული საქმიანობის გარანტი, მოქალაქეებთან დამყარებული მჭიდრო ურთიერთობებია. მით უფრო, როცა დემოკრატიული მმართველობა თავისთავად  გულისხმობს მოქალაქეთა აქტიურ მონაწილეობას მართვის პროცესში. ეს უნდა იყოს თანამდებობის პირი, რომელიც ყველაზე ახლოს უნდა იდგეს ხალხთან. ამიტომ, ჩვენ ხალხთან ერთად უნდა შევძლოთ მარნეულის სწორი განვითარება.

ჩემი საარჩევნო დაპირებები საარჩევნო პროგრამაში მაქვს გაწერილი. ზოგადად კი, მოგახსენებთ, რომ  უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ქალაქ მარნეულის განაშენიანების გეგმის შედგენასა და ურბანული საკითხის მოგვარებას. ასევე, დასასვენებელი პარკის გაშენებას, რომელიც ამ დრომდე არ აქვს ადგილობრივ მოსახლეობას. ხარისხზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურის განვითარებას. სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობას მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახისთვის; მუნიციპალური ტრანსპორტის სერვისის დახვეწასა და პარკირების მოწესრიგებას; ახალგაზრდული იდეების განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის დაარსებას, რომლის მიზანი ახალგაზრდა თაობის ინიციატივების ხელშეწყობა, ამ თაობაში  გამორჩეული ლიდერების იდეების განხორციელებაში თანადგომა და მათი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში ქმედითი ღონისძიებების გატარება იქნება;  მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიაზე ორიენტირებული სოციალური პროგრამების შედგენასა და ამ თემაზე მომუშავე სახელმწიფო პროგრამებისა და დონორი ორგანიზაციების მეტი ჩართულობა და გამოყენება; განსაკუთრებული საჭიროების  მქონე პირთა რესოციალიზაციის ხელშემწყობი პროგრამების დანერგვა და ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სოციალური ინტეგრაციის, მათი კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნების ხელშეწყობას; მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ორგანოების საქმიანობის გამჭირვალობასა და რაც ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ეფექტიანი მენეჯმენტის დანერგვას. ჩემთვის განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება სახელმწიფო ენის შესწავლა არაქართველი მოსახლეობისთვის, რათა მათ არ შეექმნათ წინაღობა  და სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ სახელმწიფოს ენობრივი ბარიერის დასაძლევად, უკვე გადადგმული აქვს რიგი ქმედითი ნაბიჯები. ხორციელდება რამდენიმე პროგრამა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების  ქართული ენის შესწავლას უწყობს ხელს. პირადად მე, ხელს შევუწყობ საჯარო სექტორში დასაქმებული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისათვის ქართული ენის შესწავლის საქმეს. კურსი, რომელიც მარნეულში მიმდინარეობდა,  უფრო აქტიური ტემპით გაგრძელდება. ჩემთვის, როგორც მარნეულის მერობის კანდიდატისთვის, მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტში აღორძინდეს კულტურული ცხოვრება, დაარსდეს თეატრი, ჩატარდეს ღონისძიებები, რომელიც  მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის  სოციალური ინტეგრაციის, მათი კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. მარნეულის კულტურული მემკვიდრეობა, მრავალფეროვანი გარემო და ტრადიციები იმსახურებს იმას, რომ მსოფლიოს ყურადღება მიიპყროს. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი დაპირება, რეალურად განსახორციელებელი პრიორიტეტებია, რომლისთვისაც საჭიროა, ჩვენი შესაძლებლობების რაციონალურად გამოყენება და შესაბამისად, ადგილობრივი ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა.

ზვიად შუბითიძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)

მთავარი დაპირება არის ის, რომ მოსახლეობას აქვს კონკრეტული პრობლემები და თვითონვე გააჩნიათ აღნიშნული პრობლემების გადაჭრის კონკრეტული გეგმები ყველა საკითხთან დაკავშირებით,  მათ სჭირდებათ მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან ელემენტარული ყურადღების მიქცევა და მათი პრობლემების გულთან მიტანა, რომლითაც დღემდე არავინ დაინტერესებულა და ზუსტად  ვიცი, რომ ჩემს გარდა არც არავინ დაინტერესდება მათი პრობლემების მოგვარებით.

არჩევის შემთხვევაში როგორ გეგმავთ მოქალაქეებთან ურთიერთობას, რამდენად გახსნილი და ხელმისაწვდომი იქნებით თქვენი ამომრჩევლებისთვის? (გაგვაცანით კონკრეტული აქტივობები ამ მიმართულებით)   ლეილა მამედოვა („შენების მოძრაობა“)

მე ვფიქრობ, რომ ის ოფიციალური დღე რაც არის ხოლმე თანამდებობის პირთან შესახვედრად არაა მოსახერხებელი და ჩვენ ვიცით, რომ ასეთ ოფიციალურ დღესაც რთულია მათთან მოხვედრა. მე ვფიქრობ, რომ მექნება მოქალაქეთა მიღება ხუთივე სამუშაო დღეს განსაზღვრულ საათებში, ისე რომ ამან მერიაში სამუშაო პროცესს ხელი არ შეუშალოს. ასევე ვგეგმავ ფრონტ ოფისის მოწყობას, რომელიც დაეხმარება ქართული ენის არმცოდნე ადამიანებს, გაუწევს მათ კონსულტაციას, დაეხმარება განცხადების მომზადებაში და დააკვალიანებს. ეს აუცილებელია, რადგან ჩვენ რეგიონში 35 წელს ზევით ადამიანებმა ცუდად იციან ქართული და ეს სერვისი გაამარტივებს მათ ურთიერთობას მერიასთან. მოგეხსებათ ჩვენ რეგიონში მოსახლეობის 85% აზერბაიჯანელია და იმის გამო, რომ ეს არის კომპაქტური დასახლება ენის ბარიერი აქ კვლავ პრობლემად რჩება.

ლიანა მესტვირიშვილი-ბეჟანიშვილი ( „საქართველო“)

მე ვარ ძალიან გახსნილი ადამიანი. ჩემთან ურთიერთობის ყველაზე მარტივი ხერხია სოციალური ქსელებით დაკავშირება.

თემურ აბაზოვი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)

ლოგიკურია, რომ ჩემ მიერ გაცემული დაპირებების შესრულება წარმოუდგენელია  მოქალაქეების თანამონაწილეობის, მჭიდრო კომუნიკაციისა და თანადგომის გარეშე.  ამომრჩეველს ვპირდები,  რომ ჩვენი საქმიანობა იქნება გამჭვირვალე და ხელს შევუწყობ თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობას, სხვადასხვა ახალი მექანიზმის დანერგვასა და არსებულის დახვეწას. ბუნებრივია, იქნება მერთან შეხვედრის დღეები, საჯარო გამოსვლები, მოსახლეობისთვის შესრულებული სამუშაოების ანგარიშის წარდგენა თუ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრისთვის საჯარო განხილვების მოწყობა.

ზვიად შუბითიძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“) არჩევის შემთხვევაში, ზუსტად ისევე ვგეგმავ მათთან ურთიერთობას, როგორი ურთიერთობაც მქონდა დღემდე. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ არჩევის შემდეგ მოვაგვარებ მათ წინაშე მდგომ პრობლემებს.