2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ჭიათურას ახალი მერი ეყოლება. მუნიციპალიტეტის მერობა ექვს კანდიდატს სურს, რომელთაგან „ახალი ქრისტიან-დემტკრატების“ წარმომადგენელთან, მალხაზ კაპანაძესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, ხოლო „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატმა, ამირან მაჩიტიძემ მოუცლელობის გამო ჩვენს კითხვებს არ უპასუხა. ფაქტ-მეტრმა ყველა დანარჩენ კადიდატთან ჩაწერა ინტერვიუ. ასე რომ, წარმოგიდგენთ თენგიზ სამხარაძის (საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე უგულავა – ევროპული საქართველო“), პროკოფ (გოგი) ჩიკვილაძის („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ნიკო ცუცქირიძის („გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“) და პაატა ნადირაძის (

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) შეფასებებს, მოსაზრებებს, დაპირებებსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის პრობლემების გადაჭრის მათეულ ხედვებს.

რატომ უნდა შეაჩეროს ამომრჩეველმა არჩევანი თქვენს კანდიდატურაზე?

თენგიზ სამხარაძე („ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“)

კარგად ვიცი ჭიათურის პრობლემები, რადგან აქ დავიბადე, გავიზარდე და აქ მაქვს გატარებული მთელი ჩემი ცხოვრება. რვა წელი ვმუშაობდი ნიგოზეთის თემის გამგებლის თანამდებობაზე და ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი რამ გავაკეთე ჩემი თემისთვის. პროფესიით ვარ სამთო ინჟინერი და დღეს ვმუშაობ ჩემი პროფესიით. ძალიან კარგად ვიცი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მთავარი პრობლემები, როგორც სოფლებში, ისე ქალაქში. ასევე მაქვს ქალაქის სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის კომისიის ხელმძღვანელობის და ჭიათურის საკრებულოს წევრობის გამოცდილება.

რაც მთავარია, არასოდეს ვეგუები უსამართლობას და ვაპირებ, ვიბრძოლო ჭიათურის პრობლემების მოსაგვარებლად მაშინაც კი, თუ ამას უმრავლესობა არ უჭერს მხარს. მიმაჩნია, რომ დღეს ჭიათურას ისეთი მასშტაბის გამოწვევები აქვს, რომელთაც ჩვეულებრივი ბიუროკრატი, რომელიც კაბინეტურ მუშაობას არის მიჩვეული, ვერ გადაჭრის. საჭიროა ისეთი ადამიანი, რომელიც მთელს თავის დროს და ენერგიას დაახარჯავს ქალაქს, რომელსაც ექნება ცოდნა და გამბედაობა, რომ ამ პრობლემებზე ხმამაღლა ისაუბროს.

პროკოფი ჩიკვილაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

პირადად მე მაქვს მოტივაცია და მიზანი, რომ ჭიათურა გახდეს დასაქმებული, სოციალურად დაცული, ბედნიერი ადამიანების ქალაქი. ამის თქმის უფლებას მაძლევს ჩემი განვლილი საქმიანი მოღვაწეობა ჩემს საყვარელ ქალაქში, რაც საქმით ბევრჯერ დამიმტკიცებია მისთვის.

ნიკო ცუცქირიძე („გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო”)

მე ჭიათურაში წარმოვადგენ „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველოს“ პროფესიონალების იმ გუნდს, რომელთა სახელს არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში გაკეთებული ბევრი ინოვაციური პროექტი უკავშირდება. კარგად ვიცნობთ ჭიათურის პრობლემატიკას და გვაქვს მისი გადაწყვეტის კონკრეტული გზები.

პაატა ნადირაძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)

მე ჭიათურის მუნიციპალიტეტს ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი, რა არის საჭირო ქალაქის განვითარებისთვის და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. ამომრჩეველი, რომელიც პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს დაუჭერს მხარს, ღიად ვამბობ, ის მხარს დაუჭერს ქალაქის კეთილდღეობას, განვითარებას,  მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელებას, ინვესტიციების მოზიდვას და ზოგადად, ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც გუნდთან ერთად მივიღებ, იქნება მუნიციპალიტეტისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი. მე წინა წლებში ვიყავი ჭიათურის ვიცე-მერი და შემდეგ საკრებულოს წევრი. ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობამ მომცა დიდი გამოცდილება, როგორ უნდა ვიმუშაო და ვიზრუნო ქალაქზე, თითოეულ მოქალაქეზე და რა არის საჭირო ამ მუნიციპალიტეტის ხვალინდელი დღისთვის. ის გამოცდილება, რაც მე მივიღე, დამეხმარება უკეთესად ვუხელმძღვანელო ქალაქს, ვიდრე ჩემი კონკურენტები. მე მაქვს ამ მუნიციპალიტეტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება და არ დავკარგავ დროს შესწავლის პროცესზე. ასევე, მთავარი და მნიშვნელოვანი უპირატესობაა ის, რომ მე ვარ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი, გუნდის, რომელმაც ქვეყანაში დაამარცხა უსამართლობა და განუკითხავობა. ეს არის გუნდი, რომელიც 2012 წლის შემდეგ ზრუნავს ხალხის კეთილდღეობაზე, განვითარებასა და თავისუფლებაზე.

როგორ შეაფასებდით მოქმედი მერის (გამგებლის) საქმიანობას? (დაგვიკონკრეტეთ მისი საქმიანობის პოზიტიური და ნეგატიური შედეგები)

თენგიზ სამხარაძე („ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“)

ჩემი საქმე არ არის მოქმედი მერის საქმიანობის შეფასება. მე მიმაჩნია, რომ მერი უნდა იყოს გახსნილი ადამიანებთან ურთიერთობებში, უნდა მუდმივად ჰქონდეს შეხება ხალხთან, მათ შორის, სოფლებში. უნდა ჰქონდეს ზუსტი აღქმა, რა არის პრობლემები და არ უნდა ერიდებოდეს ამ პრობლემებზე ხმამაღლა, მათ შორის, საჯაროდ საუბარს. მერი, რომელიც კაბინეტში ზის და მხოლოდ ვიწრო წრესთან საუბრით შემოიფარგლება, ეფექტური ვერ იქნება. ვერც ისეთი მერი იქნება ეფექტური, რომელიც საკრებულოს წევრებს დაარიგებს, რომ სოფლის პრობლემებზე არ შეაწუხონ და მასთან კაბინეტში არ შევიდნენ. ვერც ის მერი იქნება ეფექტური, რომელიც წელიწადში სამ თვეს მივლინებებში ატარებს და დროის დიდი ნაწილი ჭიათურაში არ არის. ასევე, მერს უნდა შეეძლოს პრიორიტეტების ზუსტად განსაზღვრა და მათზე რეაგირების გზების მოძებნა. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მერმა შეძლოს უცხოელ დონორებთან საერთო ენის გამოძებნა და მათთან ურთიერთობა, რომ ქალაქში ახალი პროექტები ხორციელდებოდეს. მიმაჩნია, რომ მომავალ მერს, დღევანდელისგან განსხვავებით, ეს თვისებები უნდა ჰქონდეს.

პროკოფი ჩიკვილაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

მოქმედი გამგებლის მუშაობას შევაფასებ საშუალოდ. მას არ ჰქონდა მუნიციპალიტეტის მართვის არავითარი გამოცდილება,  ჰყავს სუსტი გუნდი, რაც საკითხების მოგვარების მთავარი შემაფერხებელი იყო. ის თავისი პროფესიით წარმატებული პედაგოგია.

ნიკო ცუცქირიძე („გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო”)

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, არჩევნებიდან არჩევნებამდე, ცრუ დაპირებებითა და ამომრჩევლის მოსყიდვით ახდენს ამომრჩევლის ნების დეფორმირებას, შესაბამისად, მუნიციპალიტეტებში მათი წარმომადგენლები გამგებლებისა და სხვა რეგიონალური ჩინოვნიკების სახით იგივე გზას აგრძელებენ. მათ არ გააჩნიათ კონკრეტული ხედვა და არც პოლიტიკური ნება, რომ რეგიონში რამე არსებითად გააუმჯობესონ და შეცვალონ, ამიტომ გამიჭირდება მათი გაკეთებული საქმეების შესახებ საუბარი.

პაატა ნადირაძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)

მოგეხსენებათ, რომ ამჟამინდელი გამგებელი ზურაბ კუპატაძე ერთი წელია აღნიშნულ თანამდებობას იკავებს და მან რაც შეძლო ამ პერიოდში, მაქსიმალური გააკეთა, თუმცა ერთი წელი ცოტაა არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. ბატონი ზურაბი გამგებლობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული ყველა პროექტის მიმდინარეობასა და განხორციელებაში. მე მინდა, ვისარგებლო  შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მას  გაწეული საქმიანობისთვის.

ჩამოთვალეთ 3-5 პრობლემა, რომელიც უშუალოდ თქვენი ოლქის ამომრჩევლებს განსაკუთრებით აწუხებთ. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები? 

თენგიზ სამხარაძე („ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“)

ჭიათურის მთავარი პრობლემა დღეს არის ეკოლოგია. ეს საკითხი ყველა ჭიათურელს აწუხებს. აუცილებელია, რომ მერი და ქალაქის ადმინისტრაცია მუდმივად აყენებდეს იმ რეგულაციების აღსრულების საკითხს, რომელიც დღეს არსებობს, მაგრამ არ სრულდება მეწარმეების მიერ. აი, მაგალითად, როდესაც ჭიათურის სოფლებში ღია კარიერული წესით მოიპოვება მანგანუმი, აღარ ხდება იმ მიწის რეკულტივაცია, საიდანაც მადანია ამოღებული. ეს ანადგურებს სოფლებს, აზიანებს გარემოს და უარყოფითი გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია - იმ მეწარმეებმა, რომლებიც მადანს იღებენ, უნდა მოახდინონ დამუშავებული მიწის რეკულტივაცია იმ რეგულაციის მიხედვით, რომელიც არსებობს. სამწუხაროდ, ეს არ კეთდება და ამას ყურადღებას არავინ აქცევს. ამისი უზრუნველყოფა მერიას ნამდვილად შეუძლია. ასევე, მძიმეწონიანი მანქანები, რომლებიც დატვირთულია მადნით უკვე დღისით, მზისით დადიან ქალაქში და აბინძურებენ ქალაქს, რომლის მორწყვაც კი არ ხდება. შესაბამისად, ამ პრობლემების მოგვარება მარტივადაა შესაძლებელი, თუ მერიას ამისი ნება ექნება. რა თქმა უნდა, ქალაქის ხელმძღვანელობას უნდა ჰქონდეს საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგია, თუ როგორ მოაგვარებს ამ პრობლემას. საშუალო ვადაში, სტრატეგია მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ შეიზღუდოს ქალაქში მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების მოძრაობა, აღდგეს მადნის გადატანა რკინიგზის მეშვეობით, გამკაცრდეს კონტროლი ღია წესით მოპოვებაზე და უზრუნველყოფილი იქნას მიწის რეკულტივაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიმე წელიწადში ქალაქსა თუ სოფელში ცხოვრება შეუძლებელი გახდება. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ისაუბრებს მადნის ამოღების შეზღუდვაზე, უბრალოდ, უპასუხისმგებლოა, რადგან ჭიათურის ეკონომიკა მთლიანად მიბმულია მანგანუმის მოპოვებაზე. აქ ნებისმიერი შეფერხება ქალაქს ეკონომიკურად გაანადგურებს. ამიტომ, გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ქალაქის ეკონომიკის დივერსიფიკაცია, რომ მეტი ადამიანი დასაქმდეს სხვა სფეროებში, ვიდრე ეს მანგანუმის მრეწველობაა.

მეორე დიდი პრობლემა, რომელიც ქალაქს აწუხებს, არის უმუშევრობის მაღალი დონე. აქ მარტივი გამოსავალი არ არსებობს. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკა ეკონომიკური ინიციატივების ის პაკეტი, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა, რაც გულისხმობდა გადასახადების შემცირებას, რაც, ჩვენი გათვლით, გამოიწვევდა ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას. უფრო მეტიც, „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე სახის გადასახადი საერთოდ გაზარდა, მაგალითად - აქციზის გადასახადი. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ უკვე გამოჩნდა, რომ ეს „რეფორმა“ არასწორი იყო. ჯერ ერთი, შედეგად ის მივიღეთ, რომ გაძვირდა ფასები საწვავზე, ინფლაციაში აქციზის გაძვირების წილი ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, პარლამენტში შემოტანილი 2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით, გათვალისწინებულია უფრო ნაკლები შემოსავლის მიღება აქციზის გადასახადისგან, ვიდრე ეს წელს იყო. ანუ, პრაქტიკულად, მთავრობამ აღიარა, რომ ეს იყო არაეფექტური რეფორმა.

უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად ჭიათურამ უნდა შეიძინოს ახალი, დამატებითი ფუნქცია, ვიდრე ეს, უბრალოდ, მადნის გადამუშავებაა. ამისთვის საჭიროა, რომ ქალაქში მოეწყოს ტურისტული ინფრასტრუქტურა, განვითარდეს სერვისები, გაკეთდეს შიდა სასოფლო გზები, მოზიდული იქნას კერძო ინვესტიციები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ისეთ ტრადიციულ სფეროებში, როგორიცაა მეჩაიეობა, ან მსუბუქი მრეწველობა. ამას სჭირდება აქტიური ადმინისტრაცია, რომელიც ორიენტირებული იქნება ინვესტიციების მოზიდვაზე და არა – მხოლოდ საკუთარი პრემიების და ხელფასების გაზრდაზე.

სამწუხაროდ, ჭიათურაში რამდენიმე დიდი პრობლემაა, რაც შეუძლებელს ხდის, გამოყო სამი ყველაზე პრიორიტეტული. მაგალითად, ქალაქს დღემდე წყალი მიეწოდება გრაფიკით. ეს ხდება 21-ე საუკუნეში. ამ დროს, ჭიათურის რაიონი წყლის რესურსებით საკმაოდ მდიდარია. ქალაქში და სოფლებში წყლის მუდმივი მიწოდება იქნება ჩვენი მმართველობის მთავარი პრიორიტეტი. ამ კუთხით შეიძლება რამდენიმე პროექტი არსებობდეს, როგორც არტეზიული ჭების, ისე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყლის რესურსების პოტენციალის გამოყენება. ეს ყველაფერი შესრულებადია სათანადო დაფინანსების და პოლიტიკური ნების პირობებში.

გარდა ამისა, ცალკე გამოსაყოფია სოციალური პრობლემები, რომელთა ნაწილი ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულების შედეგია. მაგალითად, ჭიათურის სოფლებში ბოლო პერიოდში სოციალური დახმარება მოუხსნეს ათასობით ადამიანს, რომელიც ამ დახმარებას აუცილებლად საჭიროებს. ეს ხალხი უკიდურესი სიღატაკის ზღვარს მიღმაა და მათ მიმართ ხელისუფლებამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს. ეს ხდება იმის ფონზე, რომ ჭიათურაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის წილი, რაიონის საერთო მოსახლეობასთან მიმართებაში, თითქმის 30%-ია, რაც კატასტროფული მაჩვენებელია და ერთ-ერთი ყველაზე მაღალია საქართველოში.

პროკოფი ჩიკვილაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
  1. სუფთა სასმელი წყლის მიწოდება 24-საათიანი გრაფიკით.
  2. კატასტროფული ეკოლოგიური მდგომარეობა.
  3. უმუშევრობა.
  4. მიგრაცია.
  5. სოციალური მდგომარეობა.
(

პრობლემების მოგვარების ხედვა იხილეთ ქვემოთ, შემდეგ პასუხებში)

ნიკო ცუცქირიძე („გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო”)

ჭიათურაში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, რომელიც მოქალაქეებს აწუხებთ, არის უმუშევრობა და ეს ჭიათურას განსაკუთრებით დაეტყო. წარსულში მისი ინდუსტრიული ფუნქციიდან გამომდინარე. მე მესმის, უმუშევრობის პრობლემის მოგვარება თვითმმართველობის დონეზე შეუძლებელია, თუმცა თვითმმართველობის არსებული დაფინანსების პირობებში, მუნიციპალიტეტის ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემის და ეკოლოგიასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა ნამდვილად შეიძლება.

პაატა ნადირაძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქტიურად ვხვდები მოსახლეობას და მათგან ვისმენ პრობლემებს. მათი უმრავლესობა საუბრობს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე, ამორტიზირებულ საბაგირო გზებზე, ეკოლოგიურ საკითხებზე და უმუშევრობაზე. გარდა ამ საკითხებისა, ჩემთვის ყველა საკითხი თუ პრობლემა არის მნიშვნელოვანი, რაც ჩემს მუნიციპალიტეტშია. ჩემი მერად მოსვლის შემთხვევაში, ყველა მოქალაქე და მის მიერ ჩემამდე მოტანილი პრობლემა იქნება პრიორიტეტული. რაც შეეხება ზემოთჩამოთვლილ საკითხებს, მე ზუსტად ვიცი, როგორ მოვაგვარო თითოეული მათგანი. მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ჭიათურისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პროექტი მიმდინარე წელს აუცილებლად დაიწყება და იგი  ითვალისწინებს სათავე ნაგებობის, მაგისტრალური ხაზების, გამანაწილებელი ქსელის და საქლორატოროს მოწყობას, ასევე, სატუმბი სადგურების და რეზერვუარების მშენებლობა-რეაბილიტაციას. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ჭიათურის მოსახლეობა, რომელსაც წყალი დღემდე სხვადასხვა გრაფიკით მიეწოდება, 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტს "აზიის განვითარების ბანკი" (ADB) აფინანსებს და ის 36 მილიონი ლარი ჯდება. 2019 წლის პირველ კვარტალში იგეგმება სამუშაოების  დასრულება და ექსპლუატაციაში შესვლა.

ჭიათურაში საბაგირო ტრანსპორტი  გადაადგილების  ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა, რომელიც 1954 წლიდან ემსახურება ქალაქის მოსახლეობას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო საბჭოთა კავშირში პირველი სამგზავრო საბაგირო გზა. ჯერ კიდევ 90-იან წლებში არსებული ხაზები და გონდოლები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით უკვე დაიწყო ჭიათურაში მასშტაბური პროექტის – საბაგიროების მშენებლობის პროცესი. საქართველოს მთავრობის დავალებით, "რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის" სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა არსებული სამგზავრო საბაგირო გზების სისტემებისა და სადგურების სრული რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო. პროექტი  საქართველოსა  და საფრანგეთის მთავრობების მიერ  ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 40 მლნ. ლარს აღწევს.

პროექტის ფარგლებში რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება უზრუნველყო ფრანგულმა კომპანიამ - „პომაგალსკი“ (Pomagalski). გზის სიგრძე 3 428 მეტრია და ამ ხაზებისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 8 გონდოლა იქნა შეძენილი.

ამ ეტაპზე რეაბილიტაცია უტარდება ერთ ცენტრალურ სადგურს და მისგან გამავალ 3 მიმართულებას: სანატორიუმი  (862 მ), ნაგუთი (1081 მ) და ლეჟუბანი (845 მ). მე-4 საბაგიროზე - მუხაძე (640 მეტრი) ამჟმად, მიმდინარეობს პროექტირების სამუშაოები.

პროექტის დასრულების შემდეგ ეკოლოგიურად სუფთა, ახალი სამგზავრო-საბაგირო ტრანსპორტით, რამდენიმე ათასი ადამიანი, უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდება.

რაც შეეხება სხვა ინფრასტრუქტურულ  პროექტებს, 4 წლის მანძილზე მოსახლეობასთან ერთად დაიგეგმება პრიორიტეტები და ეტაპობრივად მოვაგვარებ ყველა საკითხს. ზემოთაღნიშნული პროექტის მიმდინარეობის პროცესში კი შეიქმნება სამუშაო ადგილები და დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, რაც ხელს შეუწყობს, ნაწილობრივ მოგვარდეს უმუშევრობის საკითხი.

რა არის თქვენი მთავარი წინასაარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის, როგორ (გაგვაცანით კონკრეტული გეგმა) და რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.

თენგიზ სამხარაძე („ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“)

პირველ რიგში, ჩვენ მოვახდენთ ბიუჯეტში იმ არააუცილებელი ხარჯების დაზოგვას, რომელიც ხმარდება გაზრდილ ადმინისტრაციულ ხარჯებს, პრემიებს და სხვა არასაჭირო დანახარჯებს. მოგიყვანთ ერთ კონკრეტულ მაგალითს: მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, შრომის ანაზღაურება განუხრელად იზრდება და 2016 წელს თითქმის ორჯერ მეტი იყო 2012-თან შედარებით. ეს არ არის ნორმალური ვითარება. ასევე არ არის ნორმალური ის ვითარება, რომ 2013 წელს ჭიათურის გამგებელმა მივლინებებში თითქმის 3 თვე გატარა, 2015 წელსაც 88 დღე იყო მივლინებებში, ხოლო 2016 წლის 7 თვიდან 2 თვე იმყოფებოდა მივლინებებში. ეს ნიშნავს, რომ ჭიათურის ბიუჯეტი იფლანგება და არ ხმარდება იმ მოთხოვნებს, რაც მოსახლეობას გააჩნია. შესაბამისად, ამ გამოთავისუფლებული თანხების მიმართვა მოხდება საპენსიო დანამატებზე. ჭიათურის ბიუჯეტის მცირე ანალიზი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პენსიონერებს მივცეთ მუნიციპალური დანამატი 20 ლარის ოდენობით.

ცალკე საკითხია ის, თუ რატომ არ იზრდება ჭიათურის ბიუჯეტი, მიუხედავად იმისა, რომ მანგანუმის მრეწველობა ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია. სასაცილოა, რომ ჭიათურას 2016 წელს მხოლოდ 17 მილიონი ლარის ბიუჯეტი გააჩნდა. ეს საკითხი აუცილებლად დასაყენებელია ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ამას გავაკეთებთ ჩვენ მუნიციპალიტეტიდან და ამასვე გააკეთებს ჩვენი საპარლამენტო გუნდი. აქვე, ხაზი უნდა გავუსვა, რომ „ევროპული საქართველოს“ ჭიათურის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ჩაიბარა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ, რაც გვაძლებს იმის საშუალებას,  რომ ჭიათურის პრობლემები მაღალ დონეზე იქნას დაყენებული საკანონმდებლო ორგანოში. გარდა ამისა, ყველა საკითხზე, რომელზეც წინა კითხვაში ვისაუბრეთ (ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება, მიწების რეკულტივაცია, წყლით მომარაგების უზრუნველყოფა, სოციალური დახმარებების აღდგენა) მუშაობა დაიწყება პირველივე დღეს და ჩემი ვადის ამოწურვამდე ყველა ეს პრობლემა იქნება ძირითადად მოგვარებული.

ის პრობლემები, რომლებიც დღეს ჭიათურას და განსაკუთრებით მის სოფლებს აქვს, ხშირად არ არის დაკავშირებული ფინანსურ რესურსებთან. მაგალითად, არის სოფლები, რომლებშიც არ ადის ექიმი, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ექიმები დანიშნულია. ამას არ სჭირდება არც დამატებითი რესურსი და არც დამატებითი თანხები. უბრალოდ, გული და მიდგომა სჭირდება. ქალაქის ხელმძღვანელობამ სწორედ ამ საკითხებზე უნდა იმუშაოს, რომ ასეთი პრობლემები მოგვარდეს უმტკივნეულოდ და დროულად.

პროკოფი ჩიკვილაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ერთხელ და სამუდამოდ ქალაქ ჭიათურაში მოვაგვარებთ ხარისხიანი სასმელი წყლის 24-საათიან მიწოდებას. ვიქნები ყველა სამთოელის კანონიერი ინტერესების და უფლებების დამცველი, რომ მათი შრომა იყოს დაფასებული. ჭიათურის  ყველა სოფელში დავაჩქარებთ  გაზიფიცირებას, საუბნო გზების, წყლის მიწოდების და ტყე-კაფზე პრობლემების მოგვარებას. სასწრაფოდ დავიწყებთ ჭიათურაში არსებული უმძიმესი ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას სპეციალური პროგრამის განხორციელებით, განსაკუთრებით ქალაქსა და იმ სოფლებში, სადაც მანგანუმის წარმოება მიმდინარეობს. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი დაიგეგმება და განხორციელდება ღიად და გამჭვირვალედ მოსახლეობის  ინტერესებიდან გამომდინარე. მოხდება სოციალური შემწეობის და სოციალურ-სამედიცინო დახმარებების  პაკეტების სამართლიანად გადანაწილება.  დაპირებების შესრულებას ვაპირებ თანმიმდევრულად და დაჩქარებული გრაფიკით, საარჩევნო ვადაში.

ნიკო ცუცქირიძე („გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო”)

ჩვენ, „გიორგი ვაშაძე-ერთობა ახალი საქართველოს“ გუნდი, მკვეთრად ვემიჯნებით იმ პარტიებს, რომლებიც ამომრჩევლების გულის მოგებას სხვადასხვა ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პოპულისტური დაპირებებით ცდილობენ. შესაბამისად, ჩვენ პრობლემის ანალიზისა და მისი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით, შემუშავებული გვაქვს სისტემური ხედვა, სადაც მთავარი პრინციპი არის, რომ შედეგებთან ბრძოლა არაფრის მომცემია, თუ არ მოხდება მისი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა. ჩვენი მიდგომაა, რომ მუნიციპალიტეტს უნდა გააჩნდეს კონკრეტული ფუნქცია, მაგ.: ჭიათურა მანგანუმით ამარაგებდა საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ფოლადის მწარმოებელ ქარხნებს. წლების განმავლობაში, მანგანუმის ინტენსიური მოპოვების მიუხედავად, დღესაც, სხვადასხვა ექსპერტული შეფასებით, ჭიათურაში მანგანუმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარაგია ევროპაში და დაახლოებით 215 მილიონ ტონას შეადგენს. ჭიათურას დიდი პოტენციალი გააჩნია ტურიზმის და სოფლის მეურნეობის ისეთი დარგების განვითარებისთვის, როგორიცაა მეცხოველეობა და მეფრინველეობა.

პაატა ნადირაძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)

მე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქტიურად ვხვდები ამომრჩეველს, მაგრამ არ ვიძლევი დაპირებებს, მე მათ ვთავაზობ რეალურ პროგრამას, რას გავაკეთებ მომდევნო 4 წლის მანძილზე ჩემი მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის. მე ჩემს გამოცდილებასა და ცოდნას მოვახმარ ჭიათურის უკეთეს ხვალინდელ დღეს. სხვადასხვა პროექტების განხორციელების შედეგად მუნიციპალიტეტი აუცილებლად გახდება საინტერესო და მიმზიდველი ქალაქი ადგილობრივებისთვის და ვიზიტორებისთვის. 4 წლის მანძილზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა, მოსახლეობას ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება, მოეწყობა საბაგირო გზები, მოხდება მუნიციპალიტეტის სრული გაზიფიცირება, განხორციელდება სხვადასხვა სოციალური, კულტურულ–საგანმანათლებლო და ახალგაზრდული პროექტები. ასევე, ხელს შევუწყობ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. გარდა ამისა, მუშაობის პერიოდში გამოვლინდება კიდევ სხვა მნიშვნელოვანი საკითხი და არც ერთი მათგანი უყურადღებოდ არ დარჩება.

არჩევის შემთხვევაში, როგორ გეგმავთ მოქალაქეებთან ურთიერთობას, რამდენად გახსნილი და ხელმისაწვდომი იქნებით თქვენი ამომრჩევლებისთვის? (გაგვაცანით კონკრეტული აქტივობები ამ მიმართულებით)

თენგიზ სამხარაძე („ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“)

დღეს მერია დახურული სტრუქტურაა. პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ მოქალაქე მერიაში მივიდეს და თავის პრობლემაზე პასუხი მიიღოს. ეს უნდა შეიცვალოს. მე არ მექნება მიღების საათები, როგორც ეს დღეს არის. მერია ყოველ დღე ღია უნდა იყოს მოქალაქეებისთვის და არა – მხოლოდ კვირაში ერთი ან ორი დღე. იგივე ეხება საკრებულოს წევრებსაც. როდესაც მე ნიგოზეთის გამგებელი ვიყავი, პრაქტიკულად, გაუჩერებლივ ვმუშაობდი. სულ ჩართული ვიყავი სოფლის საქმეებში და იმ პერიოდში სოფ. ნიგოზეთში ძალიან ბევრი რამე გაკეთდა. თუ რამის გაკეთება შეუძლებელი იყო, როგორც მინიმუმ, მოსახლეობას ვუხსნიდი, თუ რა მიზეზებით იყო ესა თუ ის საქმე გაუკეთებელი და შემდეგ ყველაფერს ვცდილობდი, რომ ძალისხმევა მიმემართა ამ პრობლემის მოგვარებისკენ. ზუსტად ასეთი დამოკიდებულება მექნება ახლაც.

ვაპირებ, რომ ყოველკვირეულად ვიარო სოფლებში და ადგილზე ვნახო ყველა ის პრობლემა, რაც ჭიათურლებს აქვთ. უკვე ორი თვეა, წინასაარჩევნო კამპანიაში ვართ და თვალნათელია ის პრობლემები, რასაც მოსახლეობა აწყდება სოფლებში. ამ პრობლემების მოგვარებას ესაჭიროება მერი, რომელიც არ ითაკილებს სოფელში ჩასვლას, პრობლემის ადგილზე ნახვას და მოგვარებას. გარდა ამისა, ჩვენ გვექნება ძალიან აქტიური მედია-საქმიანობა. მე ვაპირებ, რომ ყველა ინიციატივა განხილული იქნას რაც შეიძლება ფართოდ, მათ შორის, სოფლებში, კრებებზე, ასევე ქალაქში სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებთან. მნიშვნელოვანია სოციალური მედიის გამოყენება იდეების გენერირებისთვის. არსებობს მთელი რიგი მიძინებული სოციალური მედიის ჯგუფები, რომლებშიც ჭიათურლები არიან გაერთიანებულნი, მაგრამ ამ რესურსს არავინ იყენებს. დღეს სოციალური მედია მხოლოდ იმისთვის გამოიყენება, რომ პოსტ ფაქტუმ მოსახლეობას აცნობოს, მერიამ როგორ მოაწყო წნევის მასიური გაზომვა მუნიციპალიტეტის შენობაში და როგორ მოინახულა გამგებელმა გედების ტბა. ეს არასერიოზულია.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად იყოს გამოყენებული ადგილობრივი ტელევიზია - „იმერვიზია“. მოსახლეობას რეგულარულად უნდა ეცნობოდეს დაგეგმილი საქმიანობის შესახებ, ასევე მოსახლეობა უნდა იყოს ჩართული ქალაქთან დაკავშირებული აქტუალური პრობლემების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. რაც მნიშვნელოვანია, მე არ ვაპირებ, რომ გავჩუმდე იმ პრობლემებზე, რომლებიც ქალაქს გააჩნია. ამ თემებზე მე ხმამაღლა ვისაუბრებ, როგორც ჭიათურიდან, ისე მოვთხოვ ჩვენს პოლიტიკურ ძალას - „ევროპულ საქართველოს“, რომ ამ თემებზე ხმამაღლა ისაუბრონ როგორც პარლამენტში, ისე სხვა უწყებებთან.

პროკოფი ჩიკვილაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ვიქნები გახსნილი და მექნება ინტენსიური შეხვედრები ამომრჩეველთან. მათთან ერთად დავგეგმავ და გადავწყვეტ ბევრ მნიშვნელოვან საკითხს, რომლებიც ჩემს საარჩევნო პროგრამაშია.

ნიკო ცუცქირიძე („გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო”)

თვითმმართველობა, თავისი არსიდან გამომდინარე, ნიშნავს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მოქალაქეთა ჩართულობით გადაწყვეტას. შესაბამისად, არჩევის შემთხვევაში, ჩემი, როგორც ჭიათურის მერის უპირველეს მოვალეობად მიმაჩნია, თვითმმართველობის ქარტიით და კანონმდებლობით გათვალისწინებული  გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ისეთი მექანიზმების  ამოქმედება, როგორიცაა დასახლების საერთო კრება, პეტიცია, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა, მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა.

პაატა ნადირაძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, რასაც პირველ რიგში მოქალაქეებთან ურთიერთობის კუთხით გავაკეთებ, არის ის, რომ მოქალაქეებს, გარდა მიღების საათებისა,  საშუალება ექნებათ, ყოველდღე მივიდნენ და შეხვდეს მისი ქალაქის მერს. არ მჭირდება მოქალაქეებთან შესახვედრად მხოლოდ ერთი დღე და საათი. მათ შეეძლებათ საკუთარი პრ