„4 წელიწადში და 6 თვეში თქვენმა მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლებზე დახარჯა 619 მლნ, მივლინებებზე - 297 მლნ, ავეჯზე და პირად ჰიგიენაზე - 136 მლნ, ტრანსპორტზე - 530 მლნ. მუდმივად იზრდება პრემიები და დანამატები, მხოლოდ 2016 წელს 319 მლნ იყო პრემიებზე და დანამატებზე“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
შტატგარეშე თანამშრომლებზე, მივლინებებზე, რბილი ინვენტარის, უნიფორმისა და პირად ჰიგიენაზე, ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციაზე გაღებულ ხარჯებს საბიუჯეტო კლასიფიკაციის „საქონელი და მომსახურების“ მუხლი არეგულირებს, ოფისის, წარმომადგენლობით, კვების, სამედიცინო და სამხედრო ტექნიკისა და ტყვია-წამლის შეძენის ხარჯებთან ერთად. სახელმწიფო ბიუჯეტის (არ მოიცავს ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს) შესრულების ანგარიშებში (2013 წლიდან დღემდე) ასახული ინფორმაციის თანახმად, „საქონელი და მომსახურების“ მუხლში გაწერილი საანგარიშო პერიოდში დაზუსტებული გეგმა და მისი საკასო შესრულება ყოველწლიურად იზრდება.
ცხრილი 1:სახელმწიფო ბიუჯეტის „საქონელი და მომსახურების“ მუხლის დაზუსტებული გეგმა და მისი საკასო შესრულება
დაზუსტებული გეგმა | საკასო შესრულება | გეგმის შესრულების მაჩვენებელი | |
2013 | 796 მლნ ლარი | 765.8 მლნ ლარი | 96.2% |
2014 | 881.5 მლნ ლარი | 875.4 მლნ ლარი | 99.3% |
2015 | 917.4 მლნ ლარი | 946.2 მლნ ლარი | 103.1% |
2016 | 1 114 მლნ ლარი | 1 117.97 მლნ ლარი | 100.3% |
2017 (6 თვე) | 615.1 მლნ ლარი | 535.7 მლნ ლარი | 87.1% |
როგორც ცხრილიდან ჩანს, ყოველწლიურად იზრდება „საქონელი და მომსახურების“ მუხლით გაწერილი ხარჯები. რაც შეეხება კონკრეტულად შტატგარეშე თანამშრომლებზე, მივლინებებზე, ავეჯსა და პირად ჰიგიენაზე და ტრანსპორტზე გაწეულ ხარჯებს, მათი მაჩვენებელი მუდმივ ცვლილებას განიცდის (ყოველწლიურად იზრდება შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებაზე გაღებული ხარჯები).
ცხრილი 2:„საქონელი და მომსახურების“ კატეგორიიდან ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით გაწეული ხარჯები
შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება | მივლინება | რბილი ინვენტარის, უნიფორმისა და პირად ჰიგიენასთან დაკავშირებული ხარჯები | ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები | |
2013 | 90.7 მლნ ლარი | 69.1 მლნ ლარი | 38.96 მლნ ლარი | 107.4 მლნ ლარი |
2014 | 127.6 მლნ ლარი | 62.4 მლნ ლარი | 28.4 მლნ ლარი | 124.28 მლნ ლარი |
2015 | 149.8 მლნ ლარი | 63 მლნ ლარი | 29.7 მლნ ლარი | 120.8 მლნ ლარი |
2016 | 170 მლნ ლარი | 68 მლნ ლარი | 26 მლნ ლარი | 118.8 მლნ ლარი |
2017 (6 თვე) | 81 მლნ ლარი | 33.65 მლნ ლარი | 12.65 მლნ ლარი | 58.2 მლნ ლარი |
4
წლისა და 6 თვის მანძილზე შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებაზე დაიხარჯა 619.1 მლნ ლარი, მივლინებებზე - 296.15 მლნ ლარი, რბილი ინვენტარის, უნიფორმისა და პირად ჰიგიენსათან დაკავშირებულ ხარჯებზე - 135.71 მლნ ლარი, ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯებზე - 529.48 მლნ ლარი.
რაც შეეხება პრემიებსა და დანამატებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ მოხსენების თანახმად, პრემიებსა და დანამატებზე ჯამურად გაცემული თანხა ყოველწლიურად იზრდება. 2016 წელს პრემიისა და დანამატის მუხლებით გაცემულმა საბიუჯეტო სახსრების ოდენობამ 321,758 ათასი ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს 6%-ით, ხოლო 2014 წლისას 11.2%-ით აჭარბებს. რაც შეეხება 2013წელს, გაცემული პრემიებისა და დანამატების ჯამური ოდენობა აღნიშნულ პერიოდში 249 210 ათას ლარს შეადგენდა.
გრაფიკი 1:
პრემიებისა და დანამატების ჯამური ოდენობა, 2014-2016 წლები
წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახურიგარდა ზემოთ აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ 2014 წლის მთავრობის მიერ პრემიებთან დაკავშირებით გამოცემულმა დადგენილებამ
საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისათვის პრემიის სახით გაცემული თანხების ოდენობა შეზღუდა. სწორედ ამიტომ, 2014 წლიდან დღემდე იმატა დანამატის სახით გაცემულმა საბიუჯეტო სახსრების მოცულობამ. 2016 წელს პრემიის სახით გაცემული შრომის ანაზღაურება 2015 წელთან შედარებით 5.1%-ით შემცირდა მაშინ, როდესაც დანამატის სახით გაცემული სახსრების მოცულობა 9.5%-ით გაიზარდა.
დასკვნაბოლო 4 წლისა და 6 თვის მანძილზე (2013 წლიდან დღემდე) შტატგარეშე მომუშავეთა ჯამურმა ანაზღაურებამ 619.1 მლნ ლარი, მივლინებებზე დახარჯულმა თანხამ - 296.15 მლნ ლარი, რბილი ინვენტარის, უნიფორმისა და პირად ჰიგიენსათან დაკავშირებულმა ხარჯებმა - 135.71 მლნ ლარი, ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯებმა კი - 529.48 მლნ ლარი შეადგინა. ხოლო 2016 წელს პრემიისა და დანამატის მუხლებით ჯამურად გაცემულმა საბიუჯეტო სახსრების ოდენობამ - 321,758 ათასი ლარი.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ელენე ხოშტარიას განცხადება არის სიმართლე.