ზუგდიდში დასუფთავების მოსაკრებელი ყველაზე დაბალია. მისი თქმით, მოსაკრებლის ამოღების კუთხით კარგი მდგომარეობაა და ეს უკავშირდება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და მოსაკრებლის ოდენობას.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტი მას დამოუკიდებლად, საკუთარი სახსრებით ახორციელებს. აღნიშნულ მომსახურებას ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების“ საშუალებით ახორციელებს.
„ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ კანონით დადგენილი ზღვრების ფარგლებში დასუფთავების მოსაკრებელის შემოღებას, განაკვეთის განსაზღვრასა და ადმინისტრირებას მუნიციპალიტეტი ახდენს. მუნიციპალიტეტის საკრებულო დადგენილების სახით ამტკიცებს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობასა და გადახდის წესს, რომელიც თვეში ერთ სულზე არ უნდა აღემატებოდეს 3 ლარს, ხოლო სულადობის ზღვრული ოდენობა ოჯახის 4 წევრს. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოსახლეობისთვის დასუფთავების მოსაკრებლის დაანგარიშება ხდება სულადობის მიხედვით, სადაც ერთ სულზე ყოველთვიურად მოსაკრებელი 50 თეთრს შეადგენს, თუმცა მისი ოდენობა ერთი ოჯახის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 2 ლარს. მაგალითად, თუ ერთი ოჯახის სულადობა 6-ია, ის იხდის არა 3 ლარს, არამედ 2 ლარს. იურიდიული პირის შემთხვევაში განაკვეთის მოცულობადამოკიდებულია ფართისა, საქმინობისა და ნარჩენების შექმნის ნორმაზე. გარდა ამისა, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლებული არიან სოციალურად დაუცველი პირები.
იმის გამო, რომ სათემო მუნიციპალიტეტი მოიცავს სოფლისა და ქალაქის კატეგორიის დასახლებებს და თვითმმართველი ქალაქი მხოლოდ ქალაქის კატეგორიის დასახლებას, ჩვენ შედარებისათვის თვითმმართველ ქალაქებში არსებული დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა შევისწავლეთ.
ცხრილი 1:
თვითმმართველ ქალაქებში ფიზიკურ პირებზე დასუფთავების მოსაკრებელი
მუნიციპალიტეტი | მოსაკრებელი (ლარი) | შენიშვნა |
ქალაქი ზუგდიდი | 0.5 | სოც. დაუცველები გათავისუფლებულია |
ქალაქი ფოთი | 0.5 | |
ქალაქი ოზურგეთი | 0.5 | |
ქალაქი ბათუმი | 1.30/1* | სოც. დაუცველები 1 ლარი* |
ქალაქი გორი | 0.5 | |
ქალაქი ქუთაისი | 0.5 | სოც. დაუცველები გათავისუფლებულია |
ქალაქი მცხეთა | 0.35 | სოც. დაუცველები გათავისუფლებულია |
ქალაქი ამბროლაური | 0.5 | |
ქალაქი თელავი | 0.5 | ოჯახში მასქსიმალური 2.5 ლარი |
ქალაქი რუსთავი | 0.4 | სოც. დაუცველები გათავისუფლებულია |
ქალაქი ახალციხე | 0.5 | სოც. დაუცველები, შშმ პირები გათავისუფლებულია |
ცხრილი 1-დან ჩანს, რომ თვითმმართველი ქალაქების უმრავლესობაში დასუფთავების მოსაკრებელის ოდენობა თანაბარია, თუ არ ჩავთვლით ქალაქ ბათუმისა და ქალაქ მცხეთის
მუნიციპალიტეტებს. მცხეთის მუნიციპალიტეტში მოსაკრებლის ოდენობა 35 თეთრია, ხოლო სოციალურად დაუცველი მოსახლეობა სრულად გათავისუფლებულია მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან.
ირაკლი გოგოხიამ დასუფთავების მოსაკრებლის შესრულებასაც დაუკავშირა მისი ოდენობა. ამიტომ, ჩვენ დასუფთავების მოსაკრებლის 2015-2016 წლების გეგმა (დამტკიცებული ბიუჯეტი, ცვლილების განხორციელებამდე) და ფაქტობრივი შესრულება შევისწავლეთ. აღმოჩნდა, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით არ გამოირჩევა დასუფთავების მოსაკრებლის ფაქტობრივი შესრულებით. ცხრილ 2-ში ჩანს, რომ 2015 წელს დაგეგმილი შემოსავალი 87% -ით შესრულდა, ხოლოდ 2016 წელს კი - 84%-ით. გასული ორი წლის მანძილზე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დასუფთავების დაგეგმილი მოსაკრებლის 100%-იანი შესრულება არ ჰქონია. მოსაკრებლის შესრულებით ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა, რომელსაც 2015 წელს 142%-იანი ფაქტობრივი შესრულება ჰქონდა გეგმასთან მიმართებაში. გარდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტისა, 100%-იან შესრულებას აჭარბებს ფოთის, ქუთაისის და თელავის მუნიციპალიტეტები.
ცხრილი 2:
დასუფთავების მოსაკრებლის შესრულება (გეგმა/ფაქტი)
მუნიციპალიტეტი | 2015 | 2016 | ||||
გეგმა | ფაქტი | % | გეგმა | ფაქტი | % | |
ქალაქი ზუგდიდი | 500 000 | 435 100 | 87 | 450 000 | 377 600 | 84 |
ქალაქი ფოთი | 480 000 | 493 500 | 103 | 500 000 | 503 900 | 101 |
ქალაქი ბათუმი | 2 000 000 | 1 540 000 | 77 | 2 000 000 | 1 709 300 | 85 |
ქალაქი გორი | 220 000 | 312 200 | 142 | 230 000 | 265 100 | 115 |
ქალაქი ქუთაისი | 1 500 000 | 1 671 100 | 111 | 1 600 000 | 1 628 900 | 102 |
ქალაქი თელავი | 100 000 | 102 900 | 103 | 115 000 | 118 000 | 103 |
ქალაქი რუსთავი | 1 032 000 | 965 800 | 94 | 1 400 000 | 863 400 | 62 |
დასკვნა
თვითმმართველ ქალაქებს შორის ყველაზე დაბალი დასუფთავების მოსაკრებელი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტშია - 35 თეთრი, ხოლო სოციალურად დაუცველი მოსახლეობა გადახდისგან გათავისუფლებულია. დასუფთავების ყველაზე მაღალი მოსაკრებელი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტშია - 1.3 ლარი. სხვა მუნიციპალიტეტებში ეს მოსაკრებელი 50 თეთრს შეადგენს, თუმცა ზოგიერთ მუნიციპალიტეტს, ისევე როგორც ზუგდიდს, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის შეღავათები აქვს დაწესებული. ასევე, დასუფთავების მოსაკრებლის შესრულების კუთხით, გასული ორი წლის ბიუჯეტში ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 100%-იანი შესრულება არ ჰქონია.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი გოგოხიას განცხადება არის მცდარი.