„მნიშვნელოვანი მიმართულებაა საგადასახადო ადმინისტრირება. ამ მიმართულებით, ბოლო წლებში გამკაცრებული საგადასახადო ადმინისტრირებით, 400%-ით გავზარდეთ შემოსავლები სათამაშო ბიზნესიდან, 100 მილიონ ლარზე მეტს აღწევს სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავლები“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საქართველოში სათამაშო ბიზნესი დაბეგვრის სპეციფიური თავისებურებებით ხასიათდება. საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული გადასახადების გარდა, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულია მოსაკრებლის ზღვრული მოცულობები, რომელთა ფარგლებშიც ადგილობრივი ხელისუფლება დამოუკიდებლად აწესებს მოსაკრებლის კონკრეტულ ოდენობას, რომელიც ადილობრივ ბიუჯეტში გადახდას ექვემდებარება. ბოლო წლების მანძილზე, ტერიტორიულ ერთეულთა საკრებულოები პერიოდულად ზრდიდნენ დასახელებული გადასახდელის მოცულობას, ზღვრული ოდენობის ფარგლებში. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ კანონშიშეტანილი ცვლილებების (2016 წლის 16 დეკემბრის) თანახმად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ზღვრული მაჩვენებლები. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით გადახდილი სახსრების მოცულობას ცხრილი 1 ასახავს.
ცხრილი 1:
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ცვლილების ტენდენცია 2010-2017 წლებში
2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2016 6 თვე | 2017 6 თვე | |
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი (მლნ ლარი) | 52.6 | 53.4 | 53.8 | 55.3 | 64.9 | 69.0 | 73.3 | 35.9 | 63.5 |
პროცენტული ცვლილება | - | 1.6% | 0.7% | 2.9% | 17.3% | 6.2% | 6.3% | - | 76.9% |
როგორც ცხრილიდან ჩანს, მოსაკრებლის სახით მიღებული შემოსავლების მოცულობა გასულ წლებშიც პერმანენტულად იზრდებოდა, თუმცა, გადასახდელის ოდენობის ცვლილების შესახებ კანონის ძალაში შესვლის შემდგომ (2017 წლის 1 იანვარი) ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2017 წლის ორი კვარტლის მდგომარეობით, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 76.9% შეადგინა.
ამავდროულად, სათამაშო ბიზნესისათვის სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად დაწესებულია ერთჯერადი სანებართვო მოსაკრებელი. აღნიშნულ განაკვეთებს ბოლო წლების მანძილზე არსებითი ცვლილება არ შეხებია. ერთჯერადი სანებართვო მოსაკრებლის სახით სათამაშო ბიზნესის მიერ გადახდილი გადასახდელების შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ცხრილი 2 ასახავს.
ცხრილი 2:
ერთჯერადი სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა 2011-2017 წლებში (მლნ ლარი)
2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2016 6 თვე | 2017 6 თვე | |
მოსაკრებელი სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვაზე | 27.2 | 48.3 | 49.7 | 56.4 | 47.0 | 50.3 | 15.1 | 18.9 |
საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადებისაგან სათამაშო ბიზნესის ძირითადი ნაწილი გათავისუფლებულია. თუმცა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობათა გათვალისწინებით, რომელზეც შეღავათები არ ვრცელდება, სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავლების სრულყოფილი ანალიზისათვის, მიზანშეწონილია საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული გადახდილი გადასახადების (ცხრილი 3) მოცულობის ანალიზი.
ცხრილი 3:გადასახადების ჯამური მოცულობის ცვლილება 2011-2017 წლებში
2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2016 6 თვე | 2017 6 თვე | |
გადასახადების ჯამური მოცულობა (მლნ ლარი) | 20.7 | 31.2 | 42.8 | 57.0 | 97.7 | 101.1 | 55.8 | 70.6 |
ამავდროულად, აუცილებელია აღინიშნოს, რომ სათამაშო ბიზნესის მოქმედი ნებართვის მქონე გადამხდელი შესაძლებელია ეწეოდეს რამდენიმე საქმიანობას ერთდროულად (მათ შორის სათამაშო ბიზნესთან კავშირში არმყოფს) და ცხრილში მოყვანილი რიცხვები მოიცავდეს ტრანზაქციებს, რომლებიც არ უკავშირდება სათამაშო ბიზნესს. შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,
გადახდების გამიჯვნა აქტივობის სახეობის მიხედვით შეუძლებელია.
დასკვნა
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობა ბოლო წლების განმავლობაში პერიოდულად იზრდებოდა. 2017 წლის 1-ლი იანვრიდან კი მნიშვნელოვნად გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ზღვრული მაჩვენებლებიც, რაც შესაბამისად აისახა მოცემული სექტორის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახსრების მოცულობაზე. მიმდინარე წლის ორი კვარტლის მონაცემებით, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში ზრდამ 76.9% შეადგინა, რაც აბსოლუტურ მაჩვენებლებში 63.5 მლნ ლარს შეესაბამება და სავარაუდოა, რომ წლიური მაჩვენებელი დასახელებულ 100 მლნ ლარს გადააჭარბებს.
ამავდროულად, აღნიშნული მოსაკრებელი მოცემული სექტორიდან ბიუჯეტში მიმართული სახსრების მხოლოდ ცალკეული სახეა, სათამაშო ბიზნესის მიერ გადახდილი გადასახდელების ჯამურმა მოცულობამ კი 100 მლნ ლარს წლებია გადააჭარბა, შესაბამისად, ფინანსთა მინისტრი სავარაუდოდ სწორედ ცალკე აღებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში მიმართული სახსრების მოცულობას გულისხმობს.
რაც შეეხება შემოსავლების 400%-იან ზრდას, აღნიშნული ტემპით არც ჯამურად გადასახდელები, არც მისი ცალკეული შემადგენელი ბოლო წლების განმავლობაში არ გაზრდილა. დასახელებულ მაჩვენებელთან ახლოსაა მხოლოდ ცალკე აღებული გადასახადების წლიური მოცულობის ცვლილება 2011-დან 2016 წლამდე, თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი, შემოსავლების სამსახურისვე პოზიციით, არ ასახავს მხოლოდ სათამაშო ბიზნესის მიერ გადახდილი გადასახადების მოცულობას.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.