თანახმად, 2014 წლიდან დღემდე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 34 სოფელი გაზიფიცირდა.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის განკარგულებით,საქართველოს სოფლების გაზიფიცირებისთვის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყო. განკარგულების თანახმად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 19 სოფლის (ბალთას, ბებურიანის, მირსკისეულის, ლელიანის, ქალქვა-ნამესრალის, ფოდაანის, ონანაურის, გვიმრიანის, ბაღდადის, ზემო ნაშოვარის, ზემო ბოლქვის, ქვემო ბოლქვის, არეშფარენის, ხოშატიანის, ქევხიანის, ლაფნიანის, ფიჩხისბოგირის, გუჯარეთის და ვერხვისმინდორის) გაზიფიცირება დაიგეგმა.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 აგვისტოს განკარგულების თანახმად,შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის გაზიფიცირება დაევალა. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ პერიოდში გაზსადენი შემდეგ სოფლებში აშენდა: ბაისუბანში, პატარაგორში, გელათში, განათლებაში, ზემო და ქვემო მსხალგორში.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014-2016 წლების ბიუჯეტის ანგარიშის (გვ. 22) თანახმად, 2014 წლისთვის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 67 სოფლიდან, 47 სოფელი გაზის გარეშე იყო. ამავე ანგარიშის მიხედვით, 2014-2016 წლებში 24 სოფლის გაზიფიცირება დასრულდა, 2017 წელს კი 10 სოფლის გაზიფიცირება დაიგეგმა.
ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით,2017 წელს გაზიფიცირება დაიგეგმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ბოლოკიანი, კართუბანი, მშვიდობიანი, ნაწისქვილარი და ნინიგორი. როგორც ფაქტ-მეტრს სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული სოფლები ბუნებრივი აირის ქსელში უკვე ჩაერთო.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს დამტკიცებული გეგმის მიხედვით,მიმდინარე წელს გაზიფიცირების სამუშაოები უკვე დაგეგმილია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში (დავითიანში, შეერთებაში, ქვემო გურგენიანში, ზემო გურგენიანში, ზემო ხიზსა და ხიზაბავრაში).
დასკვნა ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით,2014 წელს კახეთის მასშტაბით გაზიფიცირდა 9 633 ათასი აბონენტი. 2015-2017 წლებში მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულებებით ირკვევა, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სულ 30 სოფლის გაზიფიცირება დაიგეგმა. აქედან, ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 25 სოფელში ბუნებრივი აირის გაზსადენი უკვე გაკეთდა, ხოლო ხუთი სოფლის გაზიფიცირება 2017 წლის ბოლომდე იგეგმება. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ანგარიშის თანახმად კი, 2015-2016 წლებში 24 სოფლის გაზიფიცირება დასრულდა, 2017 წელს კი 10 სოფლის გაზიფიცირება დაიგეგმა.
ზემოთ მოცემულ სტატისტიკაში არსებული მცირე შეუსაბამობების მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება არის სიმართლე.