ახმეტის მუნიციპალიტეტში წყალუზრუნველყოფილი სასაოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 800 ჰექტრიდან 1 200 ჰექტრამდე გაიზარდა.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული საკითხით დაინტერესდა.
კახეთში ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მშენებლობა 1965 წელს დაიწყო.სარწყავი სისტემა სათავეს სოფელ დუისში იღებს. მისი მაგისტრალური არხის სიგრძე 78 კმ-ია. ეს მონაკვეთი ალაზნის ვაკის მარჯვენა მხარეზე რწყავს ახმეტის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების 41.1 ათას ჰექტარ მიწას.
2006 წელს შეიქმნა შპს „სიონი-მ“, „მტკვარი-მ“, „ალაზანი-მ“ და „კოლხეთი-მ“. აქედან, კახეთის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობას შპს „ალაზანი-მ“ ახდენდა. 2012 წელს, სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, შეიქმნაშპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა და „სიონი-მ“-ის, „მტკვარი-მ“-ის, „ალაზანი-მ“-ისა და „კოლხეთი-მ“-ის უფლებამონაცვლე საზოგადოებას წარმოადგენს. 2015 წელს კომპანიას სახელწოდება შეეცვალა და შპს „საქართველოს მელიორაცია“ ეწოდა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების წყალუზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული პროექტების შესახებ შპს „საქართველოს მელიორაციიდან“ შესაბამისი ინფორმაცია გამოვითხოვეთ. მიღებული პასუხის მიხედვით,2012-2017 წლებში ახმეტის მუნციპალიტეტში სულ ოთხი სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. კერძოდ, ამ წლებში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სამი პროექტი და ერთი ობიექტის (ჯოყოლოს არხი) კაპიტალური შეკეთება. შედეგად, წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი გაიზარდა 430 ჰექტარით და 1 230 ჰექტარი შეადგინა.
ცხრილი 1: 2012-2017წლებში ახმეტის რაიონში სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების წყალუზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული პროექტები
წელი | ობიექტის დასახელება | შედეგი |
2012 | ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე-ნაგებობის შეკეთების დასრულება | ახმეტის რაიონში წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი გაიზარდა 200 ჰექტარით |
ზემო ალაზნის მაგისტრალური არხის მონაკვეთების გაწმენდა ახმეტისა და თელავის ტერიტორიაზე | ახმეტის რაიონში წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი გაიზარდა 200 ჰექტარით | |
2013 | სოფელ მატანის N3 გვირაბის სარემონტო სამუშაოების დასრულება | წყლის მიწოდება გაუმჯობესდა თელავის, ახმეტისა და გურჯაანის ტერიტორიაზე |
2016 | ჯოყოლოს არხის კაპიტალური შეკეთება | 30 ჰექტარი მიწის მორწყვის შესაძლებლობა |
შპს „საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, ამჟამად ახმეტის რაიონის სოფელ ოჟიოში N38-ე გამანაწილებლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდგომ, პროექტის მიხედვით, გამანაწილებელი არხის ზონაში მოქცეული 270 ჰექტარი სავარგული გადაყვანილი იქნება რეგულარული სარწყავი მიწების კატეგორიაში და ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალუზრუნველყოფილი მიწის საერთო ფართობი 1 500 ჰექტარს მიაღწევს.
დასკვნა
ფაქტ-მეტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, ახმეტის მუნიციპალიტეტში წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 2012 წელს 400 ჰექტარით, ხოლო 2016 წელს 30 ჰექტარით გაიზარდა და 1 230 ჰექტარი შეადგინა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება არის სიმართლე.