„ჩვენ ვიწყებთ რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, ესაა ბათუმში ესტაკადის მშენებლობა, სტადიონის მშენებლობა, სასპორტო სკოლის მშენებლობა, გაზიფიცირების პროექტი, რომელთა ასახვა მოხერხდა ცვლილებების შედეგად“.
ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა.
ბიუჯეტის ცვლილებებით, რესპუბლიკის მთავარი ეკონომიკური დოკუმენტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 28.3 მლნ ლარით გაიზარდა და 253 მლნ ლარი შეადგინა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციითირკვევა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა საშემოსავლო გადასახადებზე მოდის (10 მლნ ლარი). დანარჩენი მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება:
ცხრილი 1: 2017წლის ავტონომიური ბიუჯეტის მაჩვენებლები ცვლილებამდე და ცვლილების შემდეგ (ლარი)
დასახელება | ცვლილებამდე | ფაქტი | ცვლილების შემდეგ |
საშემოსავლო გადასახადები | 200 000 000 | 109 893 300 | 210 000 000 |
სხვა შემოსავლები | 9 620 000 | 12 250 000 | 18 783 000 |
არაფინანსური აქტივების კლება | 15 000 000 | 8 593 900 | 21 055 000 |
ფინანსური აქტივების კლება | 3 105 000 | 3 105 000 | |
შემოსულობები ნაშთის გარეშე | 224 620 000 | 133 842 200 | 252 943 000 |
აღსანიშნავია, რომ სხვა შემოსავლების საპროგნოზო მოცულობა 9.2 მლნ ლარითაა გაზრდილი. ამ პუნქტში ყველაზე დიდი მატება (7 მლნ ლარი) პროცეტებიდან მიღებულ მაჩვენებელზე მოდის.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აჭარის ა/რ 2017 წლის ბიუჯეტში 6 მლნ ლარით გაზრდილი არაფინანსური აქტივების კლებიდან (პრივატიზაცია) 5 000 000 ლარი მიწის გაყიდვით მიღებულ შემოსავალზე მოდის.
რაც შეეხება აჭარის ა/რ ბიუჯეტის გადასახდელებს, სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულიინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პარამეტრები ასე გამოიყურება:
ცხრილი 2: 2017წლის ბიუჯეტის გაზრდილი საპროგნოზო მოცულობიდან გადასახდელების კომპონენტებზე დამატებული თანხის რაოდენობა (ლარი)
დასახელება | დამატებული თანხა | წლიური მოცულობა |
აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო | 70 000 | 4 916 800 |
საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი | 3 125 200 | 49 131 100 |
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო | 7 609 100 | 26 140 400 |
განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო | 1 156 100 | 46 496 200 |
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | 1 251 800 | 15 753 700 |
სარეზერვო ფონდი | 2 367 000 | 4 407 700 |
მინისტრმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ ამცნო, რომ ახალი სტადიონის მრავალჯერ გადადებული მშენებლობის დაწყება მიმდინარე წელს მოხერხდება. ბათუმში ახალი სტადიონის მშენებლობის დაწყებას მოქმედი თუ ყოფილი ხელისუფლება თითქმის ათი წელია გვპირდება. შეუსრულებელ დაპირებაზე გასულ წელს ფაქტ-მეტრიც წერდა. ბოლო მონაცემებით, სტადიონის პროექტი ექსპერტიზას გადის
და ჯერაც უცნობია, როდის დაიწყება მშენებლობა. ბიუჯეტში შპს „სტადიონისთვის“ ამ მიზნით 38 მლნ ლარია განკუთვნილი.
კიდევ ორი პროექტისთვის, რომელთა შესახებაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი საუბრობდა, 2017 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ჯამში 21.3 მლნ ლარი გამოიყო. აქედან 250 000 ლარი ბათუმი-ქედის მონაკვეთის გაზსადენის პროექტის შესყიდვისა და 30 კილომეტრიანი საშუალოწნევიანი მაგისტრალის პროექტირების, ხოლო 21 მილიონი ლარი ბათუმის ესტაკადის მშენებლობისთვის განისაზღვრა. ბიუჯეტის კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ გაზიფიკაციის პროექტისთვის განკუთვნილი თანხა გაიზარდა და 7.15 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო ესტაკადის მშენებლობისთვის განსაზღვრული თანხის მოცულობა შემცირდა და 5.6 მლნ ლარი შეადგინა. ჯამში, ამ ორი ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის 12.7 მლნ ლარია გამოყოფილი.
ზემოაღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის განკუთვნილი თანხების კონკრეტული წლის ბიუჯეტიდან მომდევნო წლის ბიუჯეტში გადატანა გახდა სწორედ ოპოზიციის პროტესტისმიზეზი. როგორც უმაღლესი საბჭოს წევრი („ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“) პეტრე ზამბახიძე აცხადებს, უკვე სამი წელია, რაც გარდამავალი ნაშთი გადაეცემა წლიდან წლამდე და ეს თანხა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად არ იხარჯება. რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ელგუჯა ბაგრატიონს, მან ბიუჯეტის განხილვის პროცესს საერთოდ ფარსი უწოდა, რადგან, მისი თქმით, ხელისუფლებამ ერთ დღეში 1 027 გვერდიანი დოკუმენტი მიიღო და დაამტკიცა.
დასკვნა როგორც კვლევამ აჩვენა, აჭარის ა/რ 2017 წლის ბიუჯეტში შემოსულობები 28.3 მლნ ლარით გაიზარდა და 253 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხა რამდენიმე უწყებისა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის განისაზღვრა. ეს თანხები მართლაც არის ასახული აჭარის ა/რ 2017 წლის ბიუჯეტის კონსოლიდირებულ ვერსიაში. ჩვენ აჭარის ა/რ 2016 წლის ბიუჯეტის შესრულებასა და ოპოზიციის საკითხისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებაზე უკვე ვწერდით.
მაშინ კვლევამ აჩვენა, რომ ხარჯვით ნაწილში არის შეუსრულებელი ვალდებულებები, გარდა ამისა, 2017 წლის ბიუჯეტში ნაშთის სახით გადმოსულია 90 მლნ ლარი, რაც გახდა კიდეც ოპოზიციის პროტესტის მიზეზი, რადგან მიიჩნევენ, რომ ამდენი დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტის ფონზე, ასეთი დიდი რაოდენობის გაუხარჯავი თანხა არ უნდა რჩებოდეს.
მართალია, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი საუბრობდა გაზრდილი შემოსულობებით (ზრდა ნამდვილად დასტურდება) რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებასა და დასრულებაზე, მაგრამ ჯერ უცნობია, მოახერხებს თუ არა აჭარის მთავრობა 2017 წელს დაგეგმილი ვალდებულებების ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე შესრულებას.
ამდენად, რამაზ ბოლქვაძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ და საკითხს წლის ბოლოს დავუბრუნდებით.