ვერდიქტი: სააგენტო „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ 2017 წლის 3 მაისს გამოქვეყნებული სტატია ამერიკის ეკონომიკის მოსალოდნელი კოლაფსის შესახებ გადაუმოწმებელია და მასში მოცემული მსჯელობა უმეტესწილად მცდარია.
რეზიუმე: გამოქვეყნებულ სტატიაში „საქართველო და მსოფლიო“, არასანდო წყაროზე დაყრდნობით, საუბრობს ამერიკის ეკონომიკის დასუსტების 11 მტკიცებულებაზე, რომელთა უმეტესობა სიმართლეს არ შეესაბამება. მტკიცებულებებიდან გამოტანილი დასკვნა კი, 2017 წელს აშშ-ში 2008 წლის ეკონომიკური რეცესიის განმეორების შესახებ, მიმდინარე მოვლენების გაზვიადებული და არასწორი შეფასებაა.
ანალიზი: 2017 წლის აშშ-ის ეკონომიკური ზრდის პირველი კვარტლის მონაცემი, სტატიის მიხედვით, ნულის ტოლი უნდა ყოფილიყო და 2008 წლის კრიზისის შემდეგ ყველაზე დაბალი იქნებოდა ამერიკისთვის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. 2017 წლის პირველ კვარტალში აშშ-ის მშპ 0.7%-ით გაიზარდა, რაც წინა წლის ანალოგიურ ნიშნულზე 0.1% პუნქტით დაბალი შედეგია. ამასთან, 2008-2009 წლების რეცესიის შემდეგ, ქვეყანამ ორჯერ, 2011 (-1.5%) და 2014 (-1.2%) წლებში, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე ნაკლები მონაცემი აჩვენა. გარდა ამისა, მიმდინარე წლის მშპ-ის ზრდის ჯამური პროგნოზული ნიშნული აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის მატების საშუალო ტენდენციაზე მაღალია, რაც სტაბილური ზრდის მანიშნებელია და არ შეიძლება პანიკის საფუძველი გახდეს.
გრაფიკი 1: აშშ-ის მშპ-ის ზრდის მონაცემები I კვარტლის მიხედვით, 2007-2017 წლები წყარო: მსოფლიო ბანკი
საცალო მოვაჭრეთა გაკოტრებასა და სავაჭრო ფართების დახურვის ბოლოდროინდელი დინამიკა სტატიაში ამერიკის ეკონომიკის დასუსტების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდიკატორადაა მიჩნეული. სინამდვილეში, არსებული მდგომარეობა ობიექტურად უნდა შეფასდეს საბაზრო პროცესად, ბაზარზე მიმდინარე კონკურენციის შედეგად, რაც ეკონომიკის სიჯანსაღის მაჩვენებელი უფროა, ვიდრე მისი დასუსტებისა. ამერიკული გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალი“, რომელსაც „საქართველო და მსოფლიოს“ სტატიის წყარო 23 აპრილს გამოქვეყნებულ ბლოგში ეყრდნობა, სავაჭრო ფართების დახურვის მიზეზად მწარმოებელთა მხრიდან ინტერნეტ-გაყიდვებზე გადასვლის სურვილს ასახელებს. მაღაზიათა მფლობელების განცხადებით, არსებული რესურსების ეფექტიანი გამოყენების მიზნით ონლაინ სისტემების ათვისება უმჯობესია, რადგან მომხმარებელთა მხრიდან ინტერნეტ-მაღაზიებზე მოთხოვნა საგრძნობლად იზრდება, რასაც მიმწოდებლებმა ადეკვატურად უნდა უპასუხონ. „საქართველო და მსოფლიოს“ სტატიის მიხედვით, ამერიკაში წარმოება საგანგაშოდ შემცირებულია, რაც მცდარი შეფასებაა. 2017 წლის აპრილში, 2014 წლის თებერვლის შემდეგ, ამერიკის წარმოების გამოშვება ყველაზე მაღალია, ის ერთი პროცენტული პუნქტით გაიზარდა. სტატიაში აგრეთვე საუბარია აშშ-ში არსებულ უმუშევრობაზე. მსჯელობა ამერიკის ყოველ მეხუთე ოჯახში არსებული არც ერთი დასაქმებულის შესახებ, ამერიკის შრომის სტატისტიკის ბიუროს 20 აპრილის ანგარიშს ეყრდნობა. ანგარიშში 2016 წლის დასაქმების მაჩვენებლებია წარმოდგენილი. მისი მიხედვით, ამერიკული ოჯახების 19%-ში ყველა წევრი უმუშევარია. ანგარიშში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2016 წლის ხსენებული ნიშნული 2015 წლის მონაცემზე ნაკლებია და, ამდენად, არარელევანტურია მასზე დაყრდნობით 2017 წელს ამერიკის ეკონომიკის კოლაფსი ვივარაუდოთ. გარდა ამისა, მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით, უმუშევრობა აშშ-ში ისტორიულ მინიმუმზე დავიდა და 4.4% შეადგინა. „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული სტატიის მიხედვით, 2008 წლის რეცესიის შემდეგ, 2017 წელს აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 2016 წელთან შედარებით ყველაზე მეტად შემცირდება. აღნიშნული მტკიცება, ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის მსგავსად, სიმართლე არ არის. ამერიკის პრეზიდენტის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ბიუროს ბოლოდროინდელი ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა 3 644 მილიარდი დოლარი უნდა შეადგინოს, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 9.2% პუნქტით მეტი იქნება. 2008-2009 წლების რეცესიის შემდეგ, 2017 წლის საპროგნოზო მონაცემზე მეტად აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მხოლოდ ორჯერ, 2013 და 2016 წელს, შესაბამისად, 13.3% და 48.3% პუნქტით გაიზარდა. ყველა სხვა წლის განმავლობაში ნაკლები მოცულობის ზრდა ან კლება დაფიქსირდა. სტატიაში წარმოდგენილი მონაცემები მარტსა და აპრილში აშშ-ში ავტომობილების გაყიდვების შემცირებული ტემპის შესახებ სწორია. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში 5 უმსხვილეს ავტომწარმოებელს აშშ-ში გაყიდული პროდუქციის მოცულობა შეუმცირდა. მიუხედავად ამისა, ავტომობილების წარმოება იმავე დროის მონაკვეთში მნიშვნელოვანი ტემპით გაიზარდა, რაც მოსალოდნელ კრიზისზე არ უნდა მეტყველებდეს. აგრეთვე, როგორც „საქართველო და მსოფლიომ“ აღნიშნა, წინა თვის მონაცემებით შემცირებულია მეორადი ავტომობილების ფასი. ასევე, სიმართლეა ისიც, რომ ამერიკელთა უმრავლესობას არ ჰყოფნის არსებული დანაზოგი 500-დან 1 000 დოლარამდე წარმოქმნილი მოულოდნელი ხარჯების ასანაზღაურებლად. რაც შეეხება მოყვანილ მტკიცებას რესტორნების მხრიდან წარმოების გაფართოვების პრობლემურობაზე, ამ საკითხთან დაკავშირებულ მტკიცებით ან უარმყოფელ ობიექტურ ინფორმაციაზე წვდომა, სამწუხაროდ, ამ დროისთვის შეზღუდულია. „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებულ სტატიაში, გამოქვეყნებული არაზუსტი ინფორმაციის გარდა, ვხვდებით რეალურ მონაცემებსაც, რომლებიც არასწორადაა ინტერპრეტირებული. მოყვანილი მტკიცებებიდან გამომდინარე 2008 წლის კრიზისის განმეორებაზე მსჯელობა საფუძველს მოკლებულია.