რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „25-ე“ არხზე სიუჟეტი

გავიდა, რომელშიც ბათუმის აკ. შანიძის 1-ლი ჩიხის მოსახლეობა მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე საუბრობს და ხელისუფლებისგან ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შექმნას ითხოვს. მათი თქმით, იქ მცხოვრებთა ნაწილს, რომელსაც საკუთრების მოწმობა არ გააჩნია, უკვე ათი წელია, რაც ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. გზაზე უზარმაზარი ორმოებია და წყლის უზარმაზარი მასითაა დაფარული. წვიმის დროს ბავშვები სკოლაში ვერ დადიან. დასახლებაში არ არის საკანალიზაციო სისტემა, სანიაღვრეები, წყალი და სხვა კომუნალური პირობები.

როგორც ფაქტ-მეტრმა შანიძის 1-ლი ჩიხის მოსახლეობასთან საუბარში გაარკვია, აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომელიც აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება, დასახლება 2008 წლიდან გაჩნდა. ადამიანები, რომლებიც მეწყრულსაშიშ ზონებსა და სხვა არახელსაყრელ საცხოვრებელ პირობებს გაერიდნენ, აქ თვითნებურად დასახლდნენ. მათი თქმით, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მათ საკუთრებაში გადაეცათ ის ქონება, რომელიც საკუთარი ნებით დაიკავეს. რაც შეეხება ჩასახლებულთა იმ ნაწილს, რომელთა საკუთრების საკითხი ჯერაც დაუდგენელია, ირკვევა, რომ მათ არაერთხელ მიმართეს შესაბამის უწყებებს, თუმცა კონკრეტული ნაბიჯი ხელისუფლებას ჯერაც არ გადაუდგამს. მდგომარეობას ის ამწვავებს, რომ საკუთრების დამადასტურებელი საბუთის გარეშე ეს ოჯახები ენერგოკომპანიას აბონენტად არ აჰყავს.

ფაქტ-მეტრმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სთხოვა განემარტა, რა ბედი ელის შანიძის 1-ლ ჩიხში თვითნებურად შესახლებული მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც საკუთრება ჯერაც ვერ დაირეგისტრირა. უწყების პასუხს უცვლელად გთავაზობთ: „აჭარის მთავრობამ აკ. შანიძის 1-ლ ჩიხში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მცხოვრები მოსახლეობის განცხადებები შეისწავლა. შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე, დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობას სიმბოლურ ფასად ქონება საკუთრებაში გადაეცა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო თავის უფლებამოსილებას მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ახორციელებს

“. ვინაიდან აღნიშნული პასუხი ვერ იძლევა იმ ინფორმაციას, რომლის მიღებაც ჩვენ გვსურდა, განმეორებით ვთხოვეთ სამინისტროს, უფრო კონკრეტულად აეხსნა, რა ღონისძიების გატარებას აპირებს იმ მოსახლეობის მიმართ, რომელიც დღემდე ითხოვს საკუთრების აღიარებას. სამწუხაროდ, პასუხი არ მიგვიღია.

საია-ს აჭარის ფილიალის თავმჯდომარე გიორგი ხიმშიაშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ქონებაზე უფლების რეგისტრაციისას სახელმწიფო ძირითადად ხელმძღვანელობს 2016 წლის კანონით „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“. გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო თვითონ იკვლევს, ქონება ვინმეს ხომ არ ეკუთვნის და თუ დაადგენს, რომ ხელისშემშლელი პირობები არ არსებობს და ფიზიკური პირი არის დამკავებელი ამ ნაკვეთის ან მართლზომიერი მფლობელი, გადასცემს მას საკუთრებას. ამიტომ ეს ინდივიდუალური მსჯელობისა და განხილვის საგანია.

„რაც შეეხება "ენერგოპროს", ის ითხოვს საკუთრების მოწმობას, მაგრამ ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა აბონენტად აყვანილია ისეთი ოჯახები, რომლებსაც არ აქვთ ეს დოკუმენტი, რადგან არიან ქონების თვითნებურად დამკავებლები. აქ საკანონმდებლო დონეზე არსებული შავი ხვრელის ამოვსების პრობლემაა, ადამიანებს რომ მიეცეთ მინიმალური საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა. აქ ელექტროსისტემის საკანონმდებლო ბაზაში უფროა პრობლემა. „ოცნების ქალაქის“ მოსახლეობას არ ჰქონია საკუთრების მოწმობა, მაგრამ ეს პრობლემა გადაწყდა. ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს თანასწორობის პრინციპით ყველას მიმართ. ადამიანი თუ ელექტროენერგიას მიიღებს და საფასურს გადაიხდის, ამაში რა არის მიუღებელი. ენერგოკომპანიამ ეს იურიდიულად ისე უნდა გააფორმოს, რომ მომავალში არ შეიქმნას პრობლემები“, - განაცხადა გიორგი ხიმშიაშვილმა ფაქტ-მეტრთან საუბრისას.

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრი ნუგზარ სურმანიძე კი ამბობს: „ის ვინც არის შესული იმ ტერიტორიაზე თვითნებურად, იქ სამთავრობო კომისია მუშაობს. ჩვენ გვაქვს ბიურო, თუ ეს ჩვენი უბანია და მოგვმართავენ, ჩვენ ყველა პრობლემის გადაჭრაში ვერთვებით. ყოველი კვირის განმავლობაში ჩვენ ათეულობით ადამიანი მოგვმართავს, მოქალაქემ თუ არ მოგვმართა, მე ამ პრობლემას ვერ გადავწყვეტ. მოვიდნენ, ჩვენ დავუდგებით გვერდით. ვერ ვპირდები, რომ ყველა პრობლემას გადავუწყვეტ, მაგრამ რაც ჩემს კომპეტენციაშია, ვეცდები“.

მაგული ბერიძის ოჯახი კი უკვე რამდენიმე წელია, უშედეგოდ ითხოვს, რომ ენერგოკომპანიამ დროებით აბონენტად აიყვანოს. ქალბატონი მაგული განცხადებებითა და მიღებული პასუხებით სავსე მუყაოს ყუთს გვიჩვენებს.

წლების განმავლობაში მიწერ-მოწერა სხვადასხვა უწყებასთან გრძელდება, თუმცა ოჯახი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშე განაგრძობს ცხოვრებას.

ერთ-ერთი მცხოვრები იამზე მჟავანაძე ფაქტ-მეტრთან ამბობს, რომ მაგული ბერიძის მსგავს სიტუაციაშია მოსახლეობის ნაწილი, დაახლოებით 43 ოჯახია. მისივე თქმით, 2014 წლის ადგილობრივი და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მათთან ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, მათ შორის, ბათუმის ამჟამინდელი მერი გიორგი ერმაკოვიც. ისინი მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ, მაგრამ არჩევნების შემდეგ მათი პრობლემები აღარავის გახსენებია. მოსახლეობა აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ დასახლებაში არსებული მდგომარეობით ენმ დაინტერესდა. „ნაციონალებს ხმები უნდათ და იმიტომ დაინტერესდნენ, „ქართულ ოცნებას“ ჩვენგან ხმებიც არ სჭირდება, ისე დაიწერს“, - გვითხრა შანიძის 1-ლი ჩიხის ერთ-ერთმა მცხოვრებმა. მათ ჩვენგან შეიტყვეს, რომ ბათუმის საკრებულოში ამ უბნის წარმომადგენელი თეიმურაზ ბასილაძეა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას აღიარა, რომ აღნიშნული პრობლემების შესახებ საკრებულოსთვის ინიციატივით არ მიუმართავს და არც წლევანდელ ბიუჯეტშია თანხა განსაზღვრული.

შანიძის 1-ლ ჩიხში მცხოვრებთა კომუნალურ პრობლემათა შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სასმელი წყლის საკითხის მოგვარება. არტეზიული ჭიდან საქაჩი მოწყობილობით წყალი გროვდება სიმაღლეზე განთავსებულ რკინის ავზში, რომელსაც სახურავიც კი არ აქვს და არ ირეცხება. ავზიდან წყალი მილებით მოსახლეობაში ნაწილდება და როგორც გვითხრეს, თითქმის ყოველთვის მოჰყვება ხავსი, ლიფსიტები, ქაღალდის ნარჩენები და ათასი სიბინძურე, თუმცა მოსახლეობა ამ წყალს სასმელად მაინც იყენებს, რადგან ალტერნატივა არ აქვს. ისინი ამბობენ, რომ ხშირია დაავადების შემთხვევები, თუმცა სასწრაფო დახმარების გამოძახებას აზრი არ აქვს, რადგან მანქანა, გზის არარსებობის გამო, იქამდე მისვლას ვერ ახერხებს.

ფაქტ-მეტრმა 1-ლი ჩიხის პარალელურად, შანიძის სხვა ჩიხებში არსებული სიტუაციაც შეისწავლა. აღმოჩნდა რომ პრობლემები, როგორც ზოგადად ბათუმს შემოერთებული ტერიტორიების ნაწილში, თითქმის იდენტურია.