პირველი, რაც დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის რანგში გააკეთა წყნარი ოკეანის პარტნიორობიდან გასვლა იყო. ამას ყველა ელოდა და ყველა იყო შეგუებული. ეკონომისტებმა მაშინვე ხელახლა გადაითვალეს, რამდენი შეიძლება დაკარგოს ან მოიგოს ამ ნაბიჯით ამერიკამ და საბოლოო ჯამში ვინ შეიძლება დარჩეს მოგებული. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ბევრი არც არაფერი შეიცვლება, ყოველ შემთხვევაში ამერიკისთვის. წყნარი ოკეანის პარტნიორობა ამერიკის მთლიან შიდა პროდუქტს 2030 წლისათვის 0.5%-ით გაზრდიდა, რაც ცხადია ბევრი არაფერია (თუმცა, მთლიანობაში ეს შთამბეჭდავი რიცხვია და მასზე ბევრი პატარა ქვეყანა იოცნებებდა - 132 მილიარდი დოლარი). ასე რომ, ამ პროექტიდან გამოსვლა (რომელიც ამერიკის გარდა აერთიანებდა იაპონიას, ავსტრალიას, ბრუნეის, ვიეტნამს, მალაიზიას, მექსიკას, კანადას, ახალ ზელანდიას, პერუს, სინგაპურს და ჩილეს) არც ტრამპს და არც ამერიკას ბევრი არაფერი დაუჯდება. მით უმეტეს, რომ წყნარი ოკეანის პარტნიორობა აქამდეც მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა და მეტი არაფერი.
პროექტზე ხაზის გადასმა თითქოსდა ყველაზე მეტად ჩინეთს უნდა აწყობდეს, რომელიც მას ეჭვის თვალით უყურებდა - იყო რა თამაშგარე მდგომარეობაში. თუმცა, რეალურად, ეს არც ჩინეთისთვის ცვლის ბევრს არაფერს. როგორც ირკვევა, წყნარი ოკეანის პარტნიორობა 2020 წლისთვის მას მთლიანი შიდა პროდუქტის სულ რაღაც 0.1%-ს დააკარგვინებდა (18 მილიარდი დოლარი). თუმცა, ჩინეთი მაინც შეეცადა ეს ამბავი სიმბოლურ გამარჯვებად გამოეცხადებინა და განაცხადა კიდეც, რომ თუკი ამერიკა გლობალიზაციის ლიდერობას თმობს ჩინეთი მზადაა ეს როლი საკუთარ თავზე აიღოს. რამდენად დასრულდება ეს ამბავი ჩინური წყნარი ოკეანის პარტნიორობის შექმნით, მეტად რთული სათქმელია. წესით, ვერა, რადგანაც წყნარი ოკეანის პარტნიორობაში ყველას (ამერიკის გარდა) ერთი რამე იზიდავდა - ამერიკის ბაზარი. ჩინური ბაზარი მას ვერ ჩაანაცვლებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბაზარიც დიდია, მას ერთი პრობლემა აქვს - თითქმის ყველაფერს ადგილზე აწარმოებს და იმპორტს დიდად არ სწყალობს. წყნარი ოკეანის პარტნიორობის გაუქმებამ თუკი ვინმესთვის რაიმე შეცვალა ეს ვიეტნამია, რომელიც ამ პროექტის წყალობით 2030 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 8.1%-იან (41 მილიარდი დოლარი) ზრდაზე გადიოდა.
ტრამპს მაინც ჰყვედრიან, რომ მან წყნარი ოკეანის პარტნიორობის დასამარებით თავის ქვეყანას გარკვეული ზარალი მიაყენა. აქ საუბარი არაა ამერიკისათვის იმ სასაცილო მილიარდებზე. საუბარია იმაზე, რომ პროექტი გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობდა ამერიკის ეკონომიკის ყველაზე მაღალტექნოლოგიური დარგების განვითარებას. მაგრამ, ამავე დროს, ეს მოხდებოდა ისეთ შედარებით დაბალტექნოლოგიურ დარგებში სამუშაო ადგილების დაკარგვის ხარჯზე, როგორიც მანქანათმშენებლობაა. ტრამპის ამომრჩევლების დიდ ნაწილს კი სწორედ ასეთ დარგებში დასაქმებულები წარმოადგენენ. ჯერ კიდევ ფიცი არ ჰქონდა დადებული, რომ ტრამპმა აიძულა "ფორდი" მექსიკაში ქარხნის აშენებაზე უარი ეთქვა და წარმოება ამერიკაში დაეტოვებინა. ეს ამბავი დიდი ზარ-ზეიმით გააშუქა აშშ-ის ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებამ. თუმცა, რეალურად, ამ ნაბიჯის შედეგად ამერიკაში სულ რაღაც 600 სამუშაო ადგილი გადარჩა.
საერთოდაც, ტრამპი იქადნება, რომ საზღვარგარეთ გატანილ წარმოებას მთლიანად ამერიკაში დააბრუნებს, მაგრამ თუკი ამ საკითხს კარგად ჩავუკვირდებით, ეს არც ისე იოლი იქნება. უბრალოდ იმ მიზეზის გამო, რომ ამერიკაში ამდენი მუშა-ხელი ელემენტარულად არ გამოიძებნება. ქვეყანაში უმუშევრობა 5%-ზე დაბალია და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩინეთსა თუ ვიეტნამში გატანილი ქარხნები ამერიკაში დაბრუნდება, მათ ბევრი არავინ მიაწყდება, მით უფრო, რომ ქარხნებში მუშობა არც ისე სახარბიელო ამბავია. ამაზე სიხარულით მხოლოდ ემიგრანტები თუ წავლენ, მაგრამ ტრამპი მათაც ომს უცხადებს.
ყველაზე ნაკლებად სერიოზული დაპირება კი, ისევ მანქანათმშენებლობის მთლიანად ამერიკაში დაბრუნებაა. აშშ-ში გაყიდული მანქანების 90% სწორედ ადგილზეა გამოშვებული. შესაძლოა, ტრამპს სურს მსოფლიო ბაზარი გადაავსოს ამერიკული მანქანებით (აქ იგულისხმება ამერიკაში გამოშვებული და არა აუცილებლად ამერიკული ბრენდის), მაგრამ ეს რთული იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკაში მუშახელი უფრო ძვირია ვიდრე იგივე მექსიკაში. მსგავსი რამ მაშინ მოხდება, თუკი ამერიკა შეძლებს იმას, რაზეც უკვე საკმაოდ დიდი ხანია საუბრობენ - ავტომატიზირებული ქარხნების გაშვება, სადაც ადამიანები თითქმის არ იმუშავებენ.
ასეა თუ ისე, წყნარი ოკეანის პარტნიორობა დასრულდა და ამერიკა აპირებს სავაჭრო ურთიერთობები ყველასთან ორმხრივ ფორმატში აწარმოოს. მექსიკამაც მაშინვე განაცხადა მზადყოფნა მოლაპარაკებების დაწყებაზე და პრეზიდენტმაც სასწრაფოდ დაგეგმა ვიზიტი ვაშინგტონში, მაგრამ ამასობაში ტრამპმა განაცხადა, რომ თუკი მექსიკა საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსებაზე უარს იტყოდა შეხვედრას დიდი აზრი არ ექნებოდა. ვიზიტიც ჩაიშალა.
წყნარი ოკეანის პარტნიორობაზე გაცილებით უფრო საინტერესო იქნება, რას იზამს ტრამპი ჩრდილო ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით. აქ გაცილებით უფრო რთულად იქნება საქმე, რადგან, განსხვავებით წყნარი ოკეანის პარტნიორობისგან, ეს შეთანხმება დიდი ხანია არსებობს და მუშაობს.
ყველაზე უფრო დაძაბული, მსოფლიო ალბათ მაინც ტრამპისა და პუტინის პირველ გასაუბრებას ელოდა. ცხადია, რომ მას არანაირი გარღვევა არ მოჰყვებოდა (და არც სანქციების მოხსნა, რისიც რატომღაც ბევრს ეშინოდა), მით უმეტეს, რომ ეს სატელეფონო საუბარი იყო. განიხილეს სირია და უკრაინა. აპირებს თუ არა რაიმეს შეცვლას ტრამპი სირიასა და უკრაინაში, ეს რთული სათქმელია. გამომდინარე იქიდან, რომ მას გაცილებით უფრო დიდ პრობლემად ისლამური სახელმწიფო მიაჩნია ვიდრე ასადის რეჟიმთან ბრძოლა, წესით კიდევ უფრო ნაკლები ინტერესი უნდა ჰქონდეს ვიდრე ჰქონდა ობამას. ასე რომ, სირიული დომხალი რუსეთს დარჩება და რამდენად იქნება ეს ნადავლი ან ტვირთი, ამას დრო გამოაჩენს. თუმცა, ამავე დროს ტრამპმა თავის გენერალურ შტაბს ისლამური სახელმწიფოს განადგურების გეგმის შემუშავება დაავალა. ეს ერთი შეხედვით იმას ნიშნავს, რომ სირიიდან (და საერთოდ რეგიონიდან) ასე იოლად არ წავა. მაგრამ, საეჭვოა, ამერიკელმა სამხედროებმა ისლამური სახელმწიფოს ისეთი განადგურების გეგმა მოიგონონ, რომელიც ამერიკის შეიარაღებული ძალების აქტიურ ჩართვას (მათ შორის სახმელეთო ოპერაციებში) არ გულისხმობდეს. რამდენად მოეწონება ტრამპს თავისი სამხედრო მოსამსახურეების სირიასა და ერაყში სიკვდილზე გაშვების პერსპექტივა? წესით, არ უნდა მოეწონოს... შესაბამისად, ამერიკელები ალბათ უბრალოდ საჰაერო დაბომბვებს გააგრძელებენ.
საერთოდ, ტრამპს რომ სირიული თავის ტკივილის აცილება უნდა, ახალი ამბავი არ არის. ეს გამოჩნდა წინა კვირასაც, როცა ასტანაში რუსეთისა და თურქეთის ინიციატივით სირიის საკითხზე დიდი შეხვედრა გაიმართა სირიის მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობით. ორგანიზატორებმა ამერიკული მხარეც მიიწვიეს, მაგრამ ამ უკანასკნელმა დიდი დაინტერესება არ გამოთქვა. შეხვედრაც ვერ გამოდგა წარმატებული. რუსებმა სირიელებს ახალი კონსტიტუცია შესთავაზეს, რომელმაც ქვეყანას მშვიდობა უნდა მოუტანოს. კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი ირჩევა შვიდი წლით და მისი ვადაზე ადრე გადაყენება შეუძლებელია, პარლამენტი ორპალატიანია და ქვეყანა უარს ამბობს შარიათზე როგორც კანონმდებლობის ნაწილზე. მოკლედ, ნაკლები რადიკალიზმი და მეტი წარმომადგენლობა... მაგრამ, ოპოზიციამ კონსტიტუციის პროექტი დაიწუნა. „რუსეთი იგივე შეცდომას უშვებს სირიაში, რაც ამერიკამ დაუშვა ერაყში“, - ასეთი იყო ოპოზიციის წარმომადგენლის კომენტარი.
ამერიკამ ერაყში შეცდომები საკმარისზე მეტად დაუშვა და ახლა აშკარაა, რომ ასეთი რამეები აღარ აინტერესებს. საკუთარი თავით არის დაკავებული. თუკი ტრამპი სირიის ამბავში პუტინს დაუთმობს, თავად ამ დათმობაში ალბათ ვერანაირ ტრაგედიას ვერ დაინახავს. სამაგიეროდ, ამ დათმობის სანაცვლოდ, წესით, სხვა რაღაცეები უნდა მოითხოვოს. ტრამპი ხომ გარიგებებითაა ცნობილი.