„გამოყოფილია გარკვეული თანხა, რომ პირველკურსელები დავაფინანსოთ პირველი სემესტრის შედეგების მიხედვით. ეს პროცესი გრძელდება და ზაფხულში მაღალკურსელების დაფინანსების საკითხიც განიხილება. გაიზარდა დაფინანსების ხვედრითი წილი და [სტუდენტების] კიდევ უფრო დიდი რაოდენობა დაფინანსდება“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
მინისტრის განცხადების შესამოწმებლად ჩვენ აჭარის 2016 და 2017 წლების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხები, კონკრეტულად კი სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამისთვის განსაზღვრული დაფინანსებისა და ამ ქვეპროგრამაში ჩართული სტუდენტების რაოდენობა ერთმანეთს შევადარეთ.
სტუდენტების დახმარების პროგრამა აჭარის განათლების სამინისტრომ 2012 წელს დაიწყო. მაშინ ერთი სტუდენტის დაფინანსების მაქსიმალური თანხა 2 500 ლარით განისაზღვრა, ხოლო მთლიანად პროგრამისთვის 249 100 ლარი გამოიყო.ამის შემდეგ, აღნიშნული ქვეპროგრამის დაფინანსების მზარდი ტენდენცია შეინიშნება.
ცხრილი 1:
სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა
წელი | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 |
დაფინანსება, ლარი | 249 100 | 664 000 | 775 000 | 923 300 | 1 000 000 |
ცხრილის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი - 167%-იანი ზრდა 2013 წელს შეიმჩნევა. რაც შეეხება 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობას, ის 1 000 000 ლარია და წინა წელთან შედარებით უცვლელი დარჩა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ წელს 325 000 ლარით დაფინანსდება სტუდენტთა საზღვარგარეთ სწავლების ქვეპროგრამა, რომლის ფარგლებშიც თითოეული სტუდენტისთვის ერთი სემესტრის დაფინანსება 12 500 ლარს შეადგენს. საზღვარგარეთ სწავლების ქვეპროგრამა წინა წლების ბიუჯეტებში ცალკე გამოყოფილი არ იყო. ის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენდა და მისთვის კონკრეტული თანხა განსაზღვრული არ ყოფილა.
აჭარის განათლების ახალი მინისტრი განცხადებაში ქვეპროგრამაში ჩართული სტუდენტების გაზრდილ რაოდენობაზე საუბრობდა. სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულიანგარიშების მიხედვით, 2014-2015 სასწავლო წლებში ქვეპროგრამაზე 925 000 ლარი გაიხარჯა და 920 სტუდენტი დაფინანსდა, რაც 100%-იან შესრულებას ნიშნავს. 2016 წელს კი, ქვეპროგრამის ფარგლებში, სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 903 სტუდენტი დაფინანსდა. 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, დაგეგმილია 889 ბენეფიციარის დაფინანსება, თუმცა ეს რიცხვი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი სტუდენტი მიიღებს მთლიან ან ნაწილობრივ გრანტს. ერთი სტუდენტის დაფინანსებისთვის გამოყოფილი 1 125 ლარი, შესაძლოა, ბენეფიციარზე მთლიანად არ გაიხარჯოს და ასეთ შემთხვევაში ქვეპროგრამაში მეტი სტუდენტი ჩაერთვება, რაც მოცემულ რიცხვს გაზრდის. საზღვარგარეთ სწავლის ქვეპროგრამით კი წელს 26 სტუდენტის დაფინანსება იგეგმება.
უნდა აღინიშნოს, რომ აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2017წლიდან დაფინანსება გაუგრძელდებათ 2012 წლიდან 2016 წლის ჩათვლით განხორციელებული ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სტუდენტებს, რომლებიც გათვალისწინებულ 71%-იან ბარიერს გადალახავენ. დაფინანსების მოპოვების შანსი ეძლევათ 2016 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო და სამაგისტრო აკრედიტებულ პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებსაც.
სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამაში ჩაერთვებიან:
- სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან: ქედა, შუახევი, ხულო;
- დედით ან მამით ობოლი, ასევე უდედმამო სტუდენტები;
- მრავალშვილიანი ოჯახების წევრი სტუდენტები;
- სოციალურად დაუცველი სტუდენტები, რომელთა ოჯახებსაც მინიჭებული აქვთ 100 000 და ნაკლები ქულა.
დასკვნა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი სტუდენტთა დახმარებისა და საზღვარგარეთ სწავლების ქვეპროგრამებზე საუბრობდა. მისი თქმით, გაიზარდა სტუდენტთა დახმარების დაფინანსება, თუმცა, გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ეს თანხა 2016 წელს 1 მილიონი ლარი იყო და ის წელსაც უცვლელი დარჩა. ამ ქვეპროგრამის ბენეფიციართა რაოდენობაც არ არის გაზრდილი. ინფორმაციის დაზუსტების მიზნით ჩვენ დავუკავშირდით მინისტრს, რომელმაც გვითხრა, რომ აღნიშნულ ქვეპროგრამასთან ერთად, ის გულისხმობდა საზღვარგარეთ სწავლების ქვეპროგრამასაც, რომელიც 2017 წლის ბიუჯეტიდან 325 000 ლარით უნდა დაფინანსდეს. წინა წელთან შედარებით გაზრდილია როგორც ამ ქვეპროგრამის ბენეფიციარების, ისე დაფინანსების რაოდენობა. ჯამში, ორივე ქვეპროგრამაზე, 1 325 000 ლარი უნდა დაიხარჯოს.
ამდენად, ინგა შამილიშვილის განცხადება არის სიმართლე.