ტერმინი გადატვირთვა თითქმის მთელს ყოფილ საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში შიშს იწვევს. რა მოხდება, თუკი ტრამპი, ობამას მსგავსად, რუსეთთან ახლა გადატვირთვას დაიწყებს? - ესაა მთავარი კითხვა, რომელიც ამ რეგიონებში ადარდებთ.

რატომღაც ყველა ივიწყებს, რომ ობამას გადატვირთვას თავისი რაციონალური და პრაგმატული მიზეზები ჰქონდა. ამერიკას მაშინ რუსეთთან კონფრონტაციის თავი არ ჰქონდა: ომები ერაყსა და ავღანეთში, დიდი დეპრესიის შემდეგ არნახული ეკონომიკური კრიზისი -  ყოველივე ეს ზესახელმწიფოსათვისაც მეტად მძიმე აღმოჩნდა. ამერიკას სულის მოთქმა სჭირდებოდა. ამას ემატებოდა ირანის ბირთვული პროგრამა. ბუშის ადმინისტრაცია იმუქრებოდა, რომ ერაყის შემდეგ ირანში ინტერვენციასაც განახორციელებდა. მაგრამ ერაყში გართულებულმა სიტუაციამ ეს ახალი სიგიჟე გამორიცხა და შედეგად, ირანის პრობლემა ობამას ერგო მემკვიდრეობაში. სადაც ირანთან ომი ბუშმა გადაიფიქრა, ცხადია, იგივე გამორიცხული იყო ობამასგან. შესაბამისად, რჩებოდა ირანის პრობლემის მხოლოდ მშვიდობიანი, ეკონომიკური სანქციების გზით მოგვარება. საამისოდ კი საჭირო იყო გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის მხრიდან მხარდაჭერა. მოკლედ, გადატვირთვას თავისი მიზეზები ჰქონდა.

გადატვირთვა ობამას დროს გაცილებით იოლი იყო, ვიდრე ახლა იქნება. მაშინ ამერიკის მხრიდან რუსეთს არანაირი სანქციები არ ედო. საქართველოს წინააღმდეგ აგრესია საბოლოო ჯამში უპასუხოდ დარჩა და გადატვირთვამ მხოლოდ ორმხრივი კონფრონტაცია დააცხრო, ამერიკას არაფრის უკან წაღება არ დასჭირვებია. ახლა ამერიკას სანქციების გაუქმება მოუწევს, რაც ასე იოლი არ იქნება.

გარდა ამისა, ამერიკას გადატვირთვის მიზეზები ახლა ნაკლებად აქვს. მართალია, ტრამპმა ინაუგურაციაზე წარმოთქმულ სიტყვაში ამერიკაში არსებული ვითარება ერთობ მუქ ფერებში დახატა, მაგრამ რეალობა სულ სხვა რამეზე მიუთითებს. ამერიკის ეკონომიკა ახლა კარგ ფორმაშია (ყოველ შემთხვევაში, გაცილებით უკეთესში, ვიდრე რვა წლის წინ), უმუშევრობა 4%-ზე ოდნავ ზემოთაა. ასე რომ ტრამპის სიტყვა ისევ და ისევ მისი საარჩევნო კამპანიის დასრულება უფრო იყო - წინამორბედებმა ქვეყანა დააქციეს და მე ერთობ მძიმე მემკვიდრეობა მერგოვო. ამერიკას აღარ აწუხებს ისეთი პრობლემა, როგორიც რვა წლის წინ ერაყი და ირანი იყო. პრობლემა იყო ისიც, რომ ბუშის პოლიტიკამ ამერიკას ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობები საგრძნობლად გაუფუჭა, მაგრამ ახლა უკვე თავად რუსეთს აქვს გაფუჭებული ურთიერთობები ევროპასთან უკრაინის გამო.

სწორედ ამიტომაა, რომ ბოლო დროს, კრემლიდან უფრო გაისმის ტრამპის ხოტბა, ვიდრე თეთრი სახლიდან პუტინის. რუსები ტრამპს აქებენ და ორმხრივი ურთიერთობების გაფუჭებას ობამას აბრალებენ. აშკარაა, რომ გადატვირთვის საჭიროებას მოსკოვში უფრო გრძნობენ, ვიდრე ვაშინგტონში. ცხადია, ამას პირდაპირ არ ამბობენ, მაგრამ სურვილს მაინც ვერ მალავენ. ტრამპის გამარჯვება რუსეთს იმიჯის თვალსაზრისით არც ისე იაფი დაუჯდა - კიბერშეტევებსა და შპიონურ შეთქმულებებში დადანაშაულება, კრემლს ამ ეტაპზე ნამდვილად აღარ აწყობდა, მითუმეტეს თუკი აღმოჩნდება, რომ კიბერშეტევებმა, საბოლოო ჯამში, მიზანს ვერ მიაღწია და ტრამპი რუსეთისათვის არც ისე კარგი პრეზიდენტი იქნება. თუკი ასე აღმოჩნდა, გადასატვირთი იქნება მხოლოდ რუსული პროპაგანდის მანქანა, რომელიც ბოლო ერთი წელი ხმის ჩახლეჩამდე ტრამპს აქებდა.

გაპრეზიდენტების შემდეგ, ერთადერთი კონკრეტული, რაც ტრამპმა რუსეთს შესთავაზა ბირთვული იარაღის შემცირება და ამის ფონზე ურთიერთობათა გაუმჯობესება იყო. ერთი შეხედვით ეს კარგი იდეაა, მაგრამ მოსკოვმა ამას სამარისებური სიჩუმით უპასუხა, რაც თავისთავად იმაზე მეტყველებს, რომ მას ეს იდეა გულზე სულაც არ ეხატება. თავის დროზე, ბირთვული განიარაღება ობამას ხელში გადატვირთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტად იქცა. მხარეებმა 2010 წელს ახალ ხელშეკრულებას, ე.წ. "სტარტ3"-ს მოაწერეს ხელი, რამაც თითქოსდა დაადასტურა, რომ ობამას მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ტყუილად არ მისცეს. "სტარტ3"-ის შემდეგ, თავისი წარმატებით გახარებულმა ობამამ (რომელიც სულაც არაბირთვულ მსოფლიოზე საუბრობდა ხოლმე) რუსებს ბირთვული იარაღის შემდგომი შემცირების თაობაზე ახალი მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა, მაგრამ პასუხად უარი მიიღო. მიზეზი მეტად მარტივია - რუსეთისათვის თავდაცვის უპირველესი საშუალება სწორედ ბირთვული იარაღია. ჩამორჩება რა იმავე ამერიკას ჩვეულებრივ შეიარაღებაში, რუსეთი მას თითქმის ტოლს არ უდებს ბირთვული არსენალის მხრივ. რეალურად რუსები ტრამპს დონბასიდან გასვლაზე უფრო დათანხმდებიან, ვიდრე ბირთვულ განიარაღებაზე.

შესაძლოა, ტრამპს გადატვირთვამაინც სჭირდება, მაგალითად, სირიის გამო. თუმცა, ესეც სადავო საკითხია. სირია ამერიკისთვის პრობლემაა, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა მაინც რუსეთისთვისაა. ობამას სირიაში საქმე მხოლოდ იმით გაირთულა, რომ ასადის წასვლა მოითხოვა, შემდეგ კი ჩარევა გადაიფიქრა. ტრამპს შეუძლია ეს ყველაფერი ობამას გადააბრალოს და ასადს შეეშვას, მისი გადარჩენის საქმე კი რუსეთს გადააბაროს, რომელიც უკვე დიდი ხანია ისედაც იქ ომობს. სირიის საკითხში ყველაზე მნიშვნელოვანი თურქეთთან ურთიერთობებია, რომელიც ამერიკას ბოლო პერიოდში საგრძნობლად დაეძაბა. ტრამპს შეუძლია ესეც ობამას გადააბრალოს - ჩიკაგოელი იურისტი ერთობ დიდ ყურადღებას უთმობდა ადამიანის უფლებებს, მაგრამ ნიუ-იორკელი მილიარდერი, წესით, უფრო პრაგმატული უნდა იყოს. თუკი ობამა ერდოღანს დემოკრატიის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებდა, შესაძლოა, ტრამპმა ამას  ყურადღება საერთოდ არ მიაქციოს, თურქეთთან ყველაფერი ხელახლა დაალაგოს და სირიის გამოისობით შექნილი ერთობ პარადოქსული რუსულ-თურქული პარტნიორობა მალე დაასრულოს.

ის მოლოდინი, რომ ტრამპი ობამასგან განსხვავებით, პარტნიორებს ადამიანის უფლებებზე მორალის კითხვას აღარ დაუწყებს, ბევრს უნდა ახარებდეს, იგივე აღმოსავლეთ ევროპაში. ეს პირველ რიგში, ალბათ, პოლონეთს ეხება. საარჩევნო კამპანიის დროს, ბილ კლინტონმა პოლონელებს უსაყვედურა, ამერიკამ თქვენ დემოკრატია გაჩუქათ, თქვენ კი ახლა დემოკრატიაზე უარს ამბობთო (იგულისხმა ის, რომ პოლონელებმა სამართლისა და სამართლიანობის პარტიას მისცეს ხმა, რომელიც ქვეყანაში ერთობ ანტილიბერალურ პოლიტიკას ატარებს). ტრამპი კი ამ დროს პირიქით მოიქცა, მან არა მხოლოდ პოლონელებს არაფერი უსაყვედურა, არამედ მათ უვიზო რეჟიმს შეჰპირდა, ამერიკაში პოლონური წარმოშობის მოქალაქეები დაიარა და მათი გულები და ხმებიც მოიგო. ძნელად წარმოსადგენია, რომ ახლა მან ანტილიბერალური პოლიტიკის გამო, პოლონეთის მთავრობის კრიტიკა დაიწყოს. უფრი მეტიც, პოლონელებს იმედი აქვთ, რომ მათი გარჯა და თავდაცვის განმტკიცებაზე გაწეული ხარჯები დაუფასდებათ. საარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპი სულ იმას გაიძახოდა, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა საკუთარ თავსაც უნდა მიხედონ და თავდაცვაზე ხარჯები გაზარდონ. პოლონეთს ამ მხრივ სასაყვედურო არაფერი აქვს, ისევე როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებს.

„მორალისტი ობამას“ ტრამპით ჩანაცვლება, წესით, ნამდვილად უნდა ახარებდეს უნგრეთის პრემიერ ორბანსაც, რომელსაც ანტილიბერალური პოლიტიკის გამო კიდევ უფრო მეტი კრიტიკა ხვდება. სხვათა შორის, ორბანმა ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში ტრამპის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. მან ტრამპთან უკვე ისაუბრა ტელეფონზე და ორივემ ერთხმად აღნიშნა, რომ „ლიბერალური პრესა აუტანელი ხდება.“

ცხადია, აქ ისმის ერთი კითხვაც - ნიშნავს თუ არა ეს, რომ ტრამპი კრემლის არადემოკრატიულობაზე თვალს დახუჭავს. ნამდვილად შესაძლებელია, მაგრამ ამავე დროს ამერიკის პოლიტიკურ ისტებლიშმენტსა და პრესაში რუსეთის მიმართ იმდენად უარყოფითი განწყობაა, რომ ეს თვალის დახუჭვა ურთიერთობებს, ალბათ, დიდად ვერ გამოასწორებს.

და ბოლოს, რჩება ერთი საკითხი, რომლის თაობაზეც, შესაძლოა, ერთგვარი გადატვირთვა მოხდეს. ესაა უკრაინა. ისევე როგორც სირია, ესეც რუსეთის პრობლემა უფროა, ვიდრე ამერიკის (და კიდევ უფრო დიდი მასშტაბით), მაგრამ უკრაინა დასავლეთისათვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ეს რუსეთს ვაჭრობის კარგ შანსს აძლევს. რა მოხდება უკრაინის გარშემო, რა მხრივ განვითარდება შესაძლო გადატვირთვა, ეს პირველ რიგში, ალბათ, სწორედ უკრაინაზეა დამოკიდებული. თუკი იგი გაძლიერდა, ფეხზე დადგა და დასავლეთიდან მიღებული დახმარება წყალში აღარ გადაიყრება, მაშინ დასავლეთის პოზიციებიც გაძლიერდება და უკრაინას დაიცავენ. თუკი ეს არ მოხდა და უკრაინა ბალასტად იქცა, მაშინ არაა გამორიცხული შეთანხმდნენ, რომ უკრაინის საკითხი გაიყინოს. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ სანქციები მაშინვე გაუქმდება.