„ის ადამიანები, რომელთაც სესხი არ აქვთ და ჩვეულებრივ იღებენ რაღაც რაოდენობის ხელფასს, ინფლაციის გათვალისწინებით, ნამდვილად ვერ გრძნობენ ლარის გაუფასურებას, რადგან ფასები ლარში იგივეა, რაც იყო“.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება დოლართან მიმართებაში განსაკუთრებით აქტუალური 2014 წლის ნოემბრიდან გახდა, როდესაც ერთთვიან მონაკვეთში 1 დოლარის ღირებულება 1.75 ლარიდან თითქმის 2 ლარამდე გაიზარდა. მიმდინარე წლის დეკემბრის მდგომარეობით, 2014 წლის ნოემბრის დასაწყისთან შედარებით, გაუფასურების მაჩვენებელმა 60%-ს მიაღწია.
ეკონომიკის თავისებურებების გათვალისწინებით, ლარის გაუფასურებამ საქართველოში ეკონომიკურის გარდა სოციალური შინაარსიც შეიძინა. აღნიშნულის მიზეზი საბაზრო ურთიერთობებში დოლარის მონაწილეობის [დოლარიზაციის] მაღალი მაჩვენებელი გახდა. კერძოდ, ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების დიდი ნაწილი დოლარშია დენომინირებული, დებიტორთა უმრავლესობის შემოსავალი კი ლარშია გამოხატული. შედეგად, კურსის ცვლილებამ დოლარში სესხის მქონე მოსახლეობის განკარგვადი შემოსავლის (სესხის მომსახურების შემდეგ დარჩენილი შემოსავალი) შემცირება გამოიწვია.
ამის გარდა, ვალუტის კურსის ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას საერთაშორისო ვაჭრობაზეც ახდენს. კერძოდ, ლარის გაუფასურების შედეგად საექსპორტო პროდუქციის დოლარში გამოხატული ფასი მცირდება, იმპორტირებული საქონლის ლარში გამოხატული ღირებულება კი იზრდება, რაც ქართულ პროდუქციას უცხოურ ბაზრებზე თეორიულად მიმზიდველს ხდის და იმპორტირებულ საქონელს ქართულ ბაზარზე აძვირებს. შედეგად, ექსპორტის ზრდა და იმპორტის მოცულობის შემცირებაა მოსალოდნელი. აღნიშნული ცვლილება საქართველოში, როგორც იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში, ინფლაციის რისკის მატარებელია. თუმცა, ლარის შემთხვევაში გაუფასურება გამოკვეთილი იყო დოლარსა და ევროსთან მიმართებაში, სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში მსგავსი ტენდენცია არ გამოვლენილა. ამ ტენდენციას გრაფიკ 1-ზე წარმოდგენილი ლარის ეფექტური გაცვლითი კურსი[1]ასახავს.
გრაფიკი 1:
ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 2012-2016 წლებში (დეკემბერი 1995 = 100)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
როგორც გრაფიკიდან ჩანს, სავაჭრო პარტნიორების ვალუტების მიმართ ლარი სტაბილურობას ინარჩუნებს. შედეგად, იმპორტირებული საქონლის მნიშვნელოვან გაძვირებას ლარის დოლართან მიმართებაში გაუფასურება არ განაპირობებს, გარდა იმ პროდუქციისა, რომლის შესყიდვა დოლარში დენომინირებული ფასით ხორციელდება (საწვავი და სხვა ნავთობპროდუქტები). უშუალოდ ფასების დონის ცვლილებას რაც შეეხება, 2015 წელს ინფლაციის მაჩვენებელმა 4.9% შეადგინა, 2016 წელს კი წლიური ინფლაციის მიმდინარე მაჩვენებელი 0.2%-ია.
ლარის კურსის ცვლილება დოლართან მიმართებაში არ ასახულა იმპორტის მასობრივ გაძვირებაში, თუმცა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნავთობპროდუქტების ლარში გამოხატულ ღირებულებაზე. კერძოდ, თუ 2014-2016 წლებში მსოფლიო ბაზარზე ნავთობი 50-60%-ით გაიაფდა, საწვავის ფასი საქართველოში საშუალოდ მხოლოდ 30%-ით შემცირდა. ბუნებრივი აირის ლარში გამოხატული ფასის ზრდა თავის მხრივ აისახა ელექტროენერგიის ტარიფის მატებაშიც, კერძოდ, 2015 წლის ივლისში „ენერგო-პრო ჯორჯიას“, ხოლო სექტემბერში „თელასის“ მომხმარებელებისთვის ტარიფი გაიზარდა. ზრდის მიზეზად კურსის ცვლილება დასახელდა. ანალოგიური მიზეზით უკვე გაიზარდა ბუნებრივი აირის ფასი კომერციული მომხმარებლებისთვის.
დასკვნა
ბოლო ორი წლის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსის შემცირებამ აშშ დოლართან მიმართებაში 60%-ს მიაღწია, თუმცა ლარის ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი სტაბილურია, რაც ნიშნავს, რომ სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში მნიშვნელოვან რყევებს ადგილი არ ჰქონია. შედეგად, ლარის კურსის შემცირება ექსპორტის წახალისებაზე დადებითად ვერ იმოქმედებდა, თუმცა იმპორტირებული პროდუქციის ლარში გამოხატულ ფასზეც გავლენა ვერ ექნებოდა, გარდა იმ პროდუქტებისა, რომელთა შესასყიდი ფასი დოლარშია დენომინირებული. მსგავს პროდუქტს წარმოადგენს საწვავი და სხვა ნავთობპროდუქტები, რომელთა ლარში გამოსახული ფასის მატება ერთჯერადად უკვე აისახა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდაში. ასევე, გაიზარდა ბუნებრივი აირის მიწოდების ტარიფი კომერციული მომხმარებლებისთვის. საქართველოში საწვავის ფასი შემცირებულია ნაკლებად, ვიდრე მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი შემცირდა. შედეგად, ნებისმიერ ავტომფლობელს უწევს გადაიხადოს მეტი, ვიდრე ლარის გაუფასურების თავიდან არიდების შემთხვევაში გადაიხდიდა. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია მტკიცება, რომ ლარის კურსის ცვლილება უცხოურ ვალუტაში სესხის არმქონე მოქალაქეებს არ შეხებია.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, სოზარ სუბარის განცხადება არის მეტწილად მცდარი.[1] სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ საშუალო. ინდექსის ზრდა ნიშნავს გაცვლითი კურსის გამყარებას, ინდექსის კლება - გაცვლითი კურსის გაუფასურებას.