ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, დღევანდელ მსოფლიოში თვითგამოცხადებული და არაღიარებული ქვეყნები ეკონომიკურ პროცესებში აქტიურად არიან ჩართული. ამ სტატიაში ჩვენ ევროპის კონტინენტზე არსებული ისეთი ტერიტორიული ერთეულების ეკონომიკური მდგომარეობა მიმოვიხილეთ, რომელიც მსოფლიო თანამეგობრობის მიერ დამოუკიდებლად და სუვერენულად აღიარებული არ არის.

ნიშანდობლივია ისიც, რომ მსგავსი „ქვეყნები“ ძირითადად პოსტსაბჭოთა სივრცეში ფიქსირდება და მათ როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ სტაბილურობას რუსეთი უზრუნველყოფს. ერთადერთი გამონაკლისი, ამ მხრივ, ჩრდილოეთ კვიპროსია, რომლის არსებობაც პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენს მეზობელ თურქეთზე.

ჩრდილოეთ კვიპროსი

cyprus

ჩრდილოეთ კვიპროსმა დამოუკიდებლობა 1983 წელს გამოაცხადა, თუმცა, მისი სუვერენულობა დღემდე მხოლოდ თურქეთმა აღიარა. პოლიტიკური და სოციალური სტაბილურობის მსგავსად, მისი ეკონომიკური კეთილდღეობაც დიდწილად თურქეთზეა დამოკიდებული.

მეტ-ნაკლებად წარმატებული რეფორმებისა და ეკონომიკის ზრდის მიუხედავად, ჩრდილოეთ კვიპროსისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი თურქეთიდან მიღებული ფინანსური დახმარებებია, რაზეც ციფრებიც მეტყველებს. მხოლოდ 2006-2008 წლის პერიოდში, დე ფაქტო ქვეყანამ თურქეთიდან 1,3 მილიარდი დოლარის ფინანსური სუბსიდია მიიღო. სექტორების მიხედვით, არაღიარებული კვიპროსის სტაბილურობისთვის ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია. 2013 წლის მონაცემებით, ჩრდილოეთ კვიპროსს 1,3 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა, საიდანაც მილიონი თურქი იყო.

ეს რაოდენობა 2006 წლის მაჩვენებელთან (570 ათასი) შედარებით გაორმაგებულია. გაზრდილია, ასევე, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის რაოდენობაც და მან 2013 წელს 620 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც ორჯერ აღემატება 2004 წლის მაჩვენებელს (288 მილიონი).

ჩრდილოეთ კვიპროსის მთავარი პარტნიორი ექსპორტსა და იმპორტში თურქეთია, რაც გასაკვირი არავისთვის არ იქნება. 2014 წლის მონაცემებით, დე-ფაქტო ქვეყნის მოსახლეობა 313 ათასი ადამიანით განისაზღვრა, მთლიანი შიდა პროდუქტი კი 4,040 მილიარდ დოლარს შეადგენდა. მშპ-ს ეს მაჩვენებელი დაახლოებით ოთხჯერ ჩამორჩება მეზობელ და საერთაშორისოდ აღიარებული კვიპროსის ანალოგიურ მონაცემებს.

ამავე წლის მონაცემებით, ჩრდილოეთ კვიპროსის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 15,09 ათას დოლარს შეადგენდა, რაც 11 ათასი დოლარით ჩამორჩება კვიპროსის მსგავს მაჩვენებელს.

უმუშევრობის მაჩვენებელი ჩრდილოეთ კვიპროსში 7,2%-ს შეადგენს და, ამ მხრივ, ის მნიშვნელოვნად ჯობნის მეზობელ კვიპროსს.

საერთაშორისო იზოლაციისა და სხვა თანამდევი გარემოებების მიუხედავად, ეკონომიკური მაჩვენებლებით ჩრ. კვიპროსი მეორე ყველაზე წარმატებული არაღიარებული ქვეყანაა მსოფლიოში, რისი ძირითადი მიზეზიც თურქეთის აქტიური ფინანსური (და არამხოლოდ) დახმარებაა.

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ არაღიარებული ქვეყნების ჩამონათვალში სულ მალე შესაძლებელია ჩრ.კვიპროსი ვეღარ ვიხილოთ. დღეისთვის კონფლიქტის მოგვარება აქტიურ ფაზაშია შესული და ახლო მომავალში შესაძლებელია კვიპროსის გაერთიანება მოხდეს.

აფხაზეთი

სოხუმი

საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოსგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, აფხაზეთის ეკონომიკა დიდი ხნის განმავლობაში კოლაფსის ქვეშ იყო. სხვადასხვა გარემოებებთან ერთად, კრიზისის გამწვავებაში მნიშვნელოვან როლს კრიმინალისა და კორუფციის ძალიან მაღალი მაჩვენებელი თამაშობდა, რაც დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

აფხაზური ეკონომიკის სტაბილურობაში ფუნდამენტური როლი რუსეთს აკისრია, რომელიც პირდაპირი ფინანსური დახმარების გარდა, აფხაზეთში სხვადასხვა მასიური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით არის დაკავებული.

ფულადი დახმარების თვალსაჩინოებისთვის აფხაზეთის ბიუჯეტი გამოდგება, რომლის ნახევარსაც რუსეთიდან მიღებული ფინანსური დახმარება შეადგენს. აფხაზეთის სტატისტიკის დეპარტამენტის 2014 წლის ინფორმაციით, არაღიარებული ქვეყნის მოსახლეობა 242,7 ათასი ადამიანი იყო.

ამავე უწყებამ 2012 წლის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც დე-ფაქტო ქვეყნის მშპ-ს 25 მილიარდი რუბლი შეადგენდა, რაც დაახლოებით 700 მილიონ აშშ დოლარს უდრის. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, ასევე, ნათქვამია, რომ 2009-2012 წლებში, აფხაზეთის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 14,2% პროცენტი შეადგინა.

მშპ-ს მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 90 ათასი რუბლია, რაც 3,000 აშშ დოლარს უდრის. უკანასკნელ წლებში ტურიზმი აფხაზეთში მზარდი დინამიკით გამოირჩევა, რაც რუსეთის მიერ მისი აღიარებით და უვიზო მიმოსვლით არის გამოწვეული. მაგალითისთვის 2015 წელს, აფხაზეთში 1,2 მილიონი რუსი ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც საერთო ვიზიტორების 85%-ს აღემატება.

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ აფხაზური ეკონომიკა როგორც პირდაპირ, ასევე ირიბად, სრულად არის დამოკიდებული რუსეთზე. ზემოჩამოთვლილი პარამეტრების გარდა, აღნიშნულს სავაჭრო ურთიერთობებიც ადასტურებს. მეორე ადგილზე მყოფ თურქეთს, რუსეთი აფხაზეთთან ვაჭრობაში დაახლოებით 5-ჯერ აღემატება.

გასათვალისწინებელია, ასევე, ისიც, რომ სტატისტიკური მონაცემების უმრავლესობა აფხაზური მხარის მიერ არის გამოქვეყნებული და შესაბამისად, სანდოობის მაღალი ხარისხით არ ხასიათდება. დღევანდელი ეკონომიკური მონაცემების გათვალისწინებით, აფხაზეთი მდიდარი და ღარიბი არაღიარებული ქვეყნების ჩამონათვალის შუაში იმყოფება.

ყარაბახი

კიდევ ერთი არაღიარებული ტერიტორიული ერთეული სამხრეთ კავკასიაში, რომლის ეკონომიკაც უკანასკნელ წლებში ზრდის დინამიკით ხასიათდება, მთიანი ყარაბახია. აზერბაიჯანს, ირანსა და სომხეთს შორის მოთავსებულ სადავო ტერიტორიაზე 140 ათასი ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც 99% ეთნიკურად სომეხია.

ყარაბახის სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2013 წელს მშპ 411 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 2009 წლის ანალოგიურ მონაცემს (260 მლნ) თითქმის ორჯერ აღემატება.

ამავე წლის მონაცემებით, ყარაბახში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2,8 ათას აშშ დოლარით განისაზღვრა. სომხეთში ეს მაჩვენებელი 3,5 ათას აშშ დოლარს შეადგენდა, აზერბაიჯანში კი - 7,9 ათას აშშ დოლარს.

არაღიარებული ქვეყნის ტერიტორიაზე დასაქმებულთა რაოდენობა 2013 წელს 63 ათას ადამიანს შეადგენდა, უმუშევრობა კი 4%-ით იყო განსაზღვრული. მთავრობის მიერ წარმოებული პრივატიზაციისა და ეკონომიკური რეფორმის პოზიტიური შედეგების მიუხედავად, ყარაბახის ეკონომიკის კეთილდღეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სომხეთზე. მხოლოდ 2010 წელს, არაღიარებულმა რესპუბლიკამ სომხეთისგან 30 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ფინანსური დახმარება მიიღო.

სოციალური დახმარების კუთხით ყარაბახისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა სომხური დიასპორებისგან, პირველ რიგში კი, აშშ-დან მიღებული დახმარებები. მხოლოდ 2008-2010 წლების მონაკვეთში აშშ-დან შემოსულმა თანხამ 20 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

დნესტრისპირეთი (ტრანსნისტრია)

tiraspol

მოლდოვაში არსებულ ამ თვითგამოცხადებულ სეპარატისტულ რეგიონს უკვე დიდი ხანია ცუდი დღეები უდგას. მძაფრი ეკონომიკური კრიზისისა და კორუფციის მაღალი მაჩვენებლის ფონზე, ევროკავშირსა და მოლდოვას შორის დადებული უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება დნესტრისპირელებისთვის დიდი დილემა აღმოჩნდა. არაოფიციალური ინფორმაციით, უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლის შემდეგ, ათობით ათასმა დნესტრისპირელმა გადაწყვიტა მოლდოვის პასპორტის აღება და ევროპული პერსპექტივით სარგებლობა.

ხაზგასასმელია ასევე ისიც, რომ დნესტრისპირეთში მოქმედი კომპანიების დიდი უმრავლესობა მოლდოვაში არის რეგისტრირებული, ხოლო ევროკავშირის ბაზარზე გასული წარმოებული პროდუქციის წილი დინამიკაში ყოველ წელს უფრო მზარდია.

დნესტრისპირეთის ეკონომიკა ძირითადად კონტრაბანდითა და რუსეთზე დამოკიდებულებით სულდგმულობს. 2012 წლის მონაცემებით, არაღიარებული რესპუბლიკის მშპ 950 მილიონი დოლარი იყო, ერთ სულ მოსახლეზე კი ეს მაჩვენებელი, საშუალოდ, 1,500 აშშ დოლარს შეადგენდა.

ტრანსნისტრიის მთავარი სავაჭრო პარტნიორები მოლდოვა, რუსეთი, რუმინეთი, უკრაინა და იტალია არიან. ხაზგასასმელია ისიც, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ვაჭრობა უფრო და უფრო აქტიურდება.

სეპარატისტული ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობაში უმნიშვნელოვანესი როლი დღემდე რუსეთს აქვს, იგი პირდაპირ და არაპირდაპირ ფინანსურ დახმარებას უწევს დნესტრისპირეთს. მაგალითისთვის პენსიების გაცემისთვის და პირველადი მოხმარების საგნების სუბსიდირების მიზნით მოსკოვიდან მიღებული ფინანსური დახმარება გამოგვადგება, რომელიც ყოველწლიურად, საშუალოდ, 27 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

დნესტრისპირეთი, მისი დღევანდელი ეკონომიკური მოდელის გათვალისწინებით, რუსეთის დახმარების გარეშე სრულ კოლაფსს განიცდიდა. საინტერესოა, რამდენად გაუძლებს იგი მომავალში მზარდ პრობლემებს. ფაქტია, რომ იქ ცხოვრება ყოველდღე უფრო რთული და აუტანელი ხდება.

***

P.S. სურვილისა და მცდელობის მიუხედავად, სიაში სამაჩაბლო (სამხრეთ ოსეთი) ვერ მოხვდა, ვინაიდან თითქმის არანაირი ინფორმაცია არ არსებობს ეკონომიკური მდგომარეობისა და პროცესების შესახებ. ამ დრომდე უცნობია ისეთი მარტივი და ფართოდ გავრცელებული ინდიკატორების დადგენა, როგორიც მშპ და მშპ ერთ სულ მოსახლეზეა. დაუდგენელია, ასევე, მცხოვრებთა და დასაქმებულთა ზუსტი რაოდენობაც. ეკონომიკური მაჩვენებლების არარსებობის მიუხედავად, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ის ჩამოთვლილი ტერიტორიული ერთეულებიდან ყველაზე მეტად ღარიბი და არასტაბილური იქნება. მათი ფინანსური სტაბილურობის ერთადერთი გარანტი რუსეთის მიერ სუბსიდიის სახით გადმორიცხული ფული და კონტრაბანდიდან ამოღებული თანხებია.