ქამრან მამედოვმა განაცხადა: „ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მუნიციპალიტეტისთვის ამბულატორიებია, მაგალითად ალგეთში იყო და აღარ არის, გაყიდეს. არ ვამბობ, რომ ეს კორუფციული სქემით მოხდა, სახელმწიფო აუქციონით გაიყიდა, თუმცა, ფაქტია, რომ ახლა მის ადგილზე სახლია აშენებული“.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილაური დაცვის სამინისტროს მიერ ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებული საჯარო ინფორმაციისთანახმად, ალგეთის ამბულატორია 2010 წელს შპს „მარნეულის რაიონის პოლიკნილიკურ-ამბულატორიული გაერთიანების“ შემადგენლობაში შედიოდა (100%-იანი სახელმწიფო წილით). 2011 წლის ბოლოს „მარნეულის რაიონის პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანება“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადავიდა. 2012 წლის დასაწყისში მუნიციპალიტეტმა ალბულატორია (სამი შენობა, 2 600 კვ.მ მიწის ფართობზე) პირდაპირი შესყიდვის გზით საკუთრებაში კერძო პირს გადასცა, რომელმაც ამავე წელს აღნიშნული ამბულატორია სოფელ ალგეთში მცხოვრებ მოქალაქეზე გაყიდა.
ჩვენ ასევე დავინტერესდით, შეუძლიათ თუა არა დღეს ალგეთელებს ამბულატორიული მომსახურებით სარგებლობა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროდან გვაცნობეს, სახელმწიფო პროგრამის - „სოფლის ექიმის“ ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის ტერიტორიული ორგანოს სოფლების (ალგეთი, აზიზკენდი, გაჯისაკენდი, თაზაკენდი, საბირკენდი) მოსახლეობას 5 ექიმი და 5 ექთანი ემსახურება. სოფელ ალგეთის მოსახლეობისთვის, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები (ექიმები და ექთნები) სოფლის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე მდებარე ფართში და არა ამბულატორიის შენობაში არიან განთავსებულნი.
ქამრან მამედოვმა ასევე აღნიშნა, რომ "ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მუნიციპალიტეტისთვის ამბულატორიებია". ჩვენ ამ თემაზე მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელს ვესაუბრეთ. როგორც ეთერ ლაფერაძემ აღნიშნა, მარნეულში ამბულატორიები არ არსებობს, თუმცა ამბულატორიულ მომსახურებას სოფლის ექიმები ახორციელებენ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით კი, 78 სოფელში, სულ 42 სოფლის ექიმი და 43 ექთანია.
დასკვნა
როგორც ფაქტ-მეტრმა გაარკვია, სოფელ ალგეთში ამბულატორია ნამდვილად არსებობდა, თუმცა, შენობა, სადაც ის იყო განთავსებული, 2012 წელს კერძო პირმა შეისყიდა. ამ ეტაპზე სოფელ ალგეთში ამბულატორია არ არსებობს. მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში ამბულატორიების შენობები საერთოდ აღარ ფუნქციონირებს. თუმცა, მარნეულის მუნიციპალიტეტის, მათ შორის სოფელ ალგეთის მოსახლეობა, ამბულატორიულ მომსახურებას „სოფლის ექიმის“ პროგრამის ფარგლებში იღებს.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ქამრან მამედოვის განცხადება არის სიმართლე.