წლის ბოლოს ბარაკ ობამა ოფიციალურად გადააბარებს თეთრ სახლს ამერიკის ახალ პრეზიდენტს. რა მემკვიდრეობა დატოვა ამერიკის (ჯერჯერობით) პირველმა შავკანიანმა პრეზიდენტმა, რომელსაც საკმარისად ჰყავს კრიტიკოსები, და, ალბათ, უფრო მეტი, ვიდრე თაყვანისმცემლები? არის ამერიკა დღეს უფრო სუსტი, ვიდრე 8 წლის წინათ იყო, როგორც ამას მისი კრიტიკოსები ამტკიცებენ, თუ ეს ზედაპირული მსჯელობაა? რა გააკეთა კარგად ობამამ, რა შეეძლო, უკეთესად გაეკეთებინა და სად ჩავარდა?
უმცროსი ბუშის მემკვიდრეობა და გადატვირთვა
ობამას კრიტიკოსთა მთავარი არგუმენტი, პირველ რიგში, ამერიკის ძლიერების დაკნინებაა. „ეს აღარაა ის ამერიკა, რომლისაც ყველას ეშინოდა“. ამერიკა დღეს მართლაც აღარაა ისეთი გავლენიანი, როგორიც 90-იან წლებში იყო. იქიდან მოყოლებული, გაძლიერდა ჩინეთი და, ასევე, გაძლიერდა რუსეთი, რაც, ცხადია, ამერიკის გავლენაზე აისახა. ის კვლავაც რჩება წამყვან სახელმწიფოდ, მაგრამ ისეთი გამოკვეთილი ლიდერი ვეღარაა. რამდენად არის ეს ობამას ბრალი?
8 წლის წინათ, როცა ობამამ ამერიკა გადაიბარა, ქვეყანა ორ მძიმე ომს აწარმოებდა. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ავღანეთში წარმატებით დაწყებული ომი ტერორიზმის წინააღმდეგ მალე დაუმთავრებელ და ძვირიან სამშვიდობო ოპერაციად იქცა. გაცილებით ძვირი უჯდებოდა ამერიკას ოპერაცია ერაყში, რომელსაც არაერთი ჯარისკაცის სიცოცხლე და აურაცხელი ფული შეეწირა, რომელმაც სერიოზულად დააზარალა ამერიკის პრესტიჟი და მისი ურთიერთობები გერმანიასა და საფრანგეთთან.
ომებს დაემატა ყველაზე მძიმე ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი, რაც ამერიკას დიდი დეპრესიის შემდეგ ჰქონია. კრიზისი იმითაც იყო მძიმე, რომ ის თითქმის არ შეეხო ჩინეთს და ამ უკანასკნელის წონა მსოფლიო ეკონომიკაში კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, ყველა აქედან გამომდინარე შედეგებით.
ამერიკას გაუმართლა იმაში, რომ უმცროსი ბუშის ადმინისტრაციამ გადაიფიქრა ომის დაწყება ირანთან. ერაყული არმიის სწრაფი განადგურების შემდეგ ადმინისტრაციამ სერიოზულად დაიწყო ფიქრი ახალ ომზე და მიუხედავად იმისა, რომ ერაყში ყოფნა ამერიკას სულ მალე ნამდვილ კოშმარად ექცა, ირანში ინტერვენცია დღის წესრიგში დიდი ხნის განმავლობაში იდგა.
უარი საბოლოოდ მხოლოდ 2008 წელს ითქვა (მეორე ვადის ბოლოს) და მალე ამაზე მსოფლიოსაც ეუწყა, გამოქვეყნდა რა ამერიკულ პრესაში სტატია, რომლის მიხედვითაც ამერიკულმა დაზვერვამ დაასკვნა, რომ ირანს ჯერ კიდევ ბევრი ეკლდა ბირთვული იარაღის შექმნამდე და რომ, შესაბამისად, მასზე სასწრაფო დარტყმის საჭიროება არ არსებობდა. სადაც ერაყის შესუსტებულ რეჟიმთან ომმა ასეთი კატასტროფა მოიტანა, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა მოჰყვებოდა ირანის თეოკრატიულ რეჟიმთან ომს.
მაგრამ მემკვიდრეობა ამ გამართლების მიუხედავადაც ძალიან მძიმე იყო. ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ობამამ, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა დაისახა მიზნად. ეკონომიკის გამოცოცხლება, ერაყიდან და ავღანეთიდან, მთლიანი თუ არა, ნაწილობრივი გამოსვლა, ევროპელ მოკავშირეებთან კვლავინდებური დაახლოება და ძველი ნდობის აღდგენა - ეს იყო ადმინისტრაციის უმთავრესი პრიორიტეტები.
სწორედ ამ პრიორიტეტებს ემსახურებოდა რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა. ამერიკას სულის მოთქმა სჭირდებოდა და საამისოდ სურდა რაღაც გარანტია, რომ ცივი ომის შემდგომი სტატუს კვოს უპირველესი მტერი - რუსეთი (2008 წლის ომის შემდეგ რუსეთი საბოლოოდ იქცა ასეთად) პრობლემებს არ შექმნიდა. ჰილარი კლინტონმა ლავროვს გადატვირთვის ღილაკი შესთავაზა - მხარეები ივიწყებდნენ ბოლოდროინდელ წყენებს (მათ შორის, უპირველესად, 2008 წლის ომს) და ახლიდან იწყებდნენ თანამშრომლობას.
დღეს ობამას კრიტიკოსების კიდევ ერთი არგუმენტი გადატვირთვის პოლიტიკის ჩავარდნაა. „რუსეთმა ობამა გადააგდო, ამერიკის კეთილგანწყობა გამოიყენა და შემდეგ ქნა ის, რაც ქნა“.
რაღაც გაგებით ეს მართალია, მაგრამ ამავე დროს, თუკი შევხედავთ, სად არის რუსეთი 2009 წელს (როცა გადატვირთვა გამოცხადდა) და სად არის დღეს, საკითხავია, რა მოიგო რუსეთმა თავისი საქციელით. მართალია, მისი ახლა უფრო ეშინიათ, ვიდრე 2009 წელს, მაგრამ ამავე დროს რუსეთმა მიიღო ომი ეთნიკურად ყველაზე ახლობელ, 45-მილიონიან სახელმწიფოსთან, ამერიკისა და ნატოს სხვა დიდი სახელმწიფოების ჯარები ბალტიისპირეთში, პოლონეთსა და ნორვეგიაში, მიიღო ეკონომიკური სანქციები ამერიკისა და ევროკავშირის მხრიდან (და ამის შედეგად ეკონომიკური კრიზისი თუ არა, ეკონომიკური რეცესია მაინც) და კიდევ ომი სირიაში, რომელიც რას მოუტანს მას, ჯერ კიდევ უცნობია. ამერიკამ კი რუსეთის საქციელის წყალობით საბოლოოდ გადაჭრა ერთ-ერთი პრიორიტეტი - ევროპელ მოკავშირეებთან კვლავინდებური დაახლოება.
ობამამ პრაქტიკულად დაასრულა ოპერაცია ერაყში და, ასევე, შეამცირა ავღანეთში მისიის რაოდენობა. მის ხელში ამერიკის ეკონომიკა კრიზისიდან გამოვიდა, რასაც ხელი შეუწყო ფიქლის ნავთობის წარმოების ბუმმა. ფიქლის ტექნოლოგიის წყალობით ამერიკა ბუნებრივი გაზის მოპოვების დიდ მასშტაბებზე უკვე გადიოდა, რასაც ნავთობის მოპოვებაც დაემატა. ამის წყალობით არა მხოლოდ გაიაფდა საწვავი, რამაც ხელი შეუწყო ეკონომიკის ზრდას, არამედ, ასევე, ამერიკა იქცა ნავთობის ერთ-ერთ დიდ მწარმოებელ ქვეყნად, რამაც შეამცირა რუსეთისა და ოპეკის გავლენა მსოფლიოს ნავთობის ბაზარზე. ბოლო თვეებია, ოპეკი და რუსეთი კოორდინირებული მოქმედებებით ნავთობის გაძვირებას ცდილობენ, მაგრამ არც ისე კარგად გამოსდით, რადგან ნავთობის ფასის გასაღები მხოლოდ მათ ხელში აღარ არის.
თუმცა, კრიზისიდან გამოსვლასთან ერთად, კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ბუშის პრეზიდენტობისას უკვე ისედაც მეტად გაზრდილი სახელმწიფო ვალი, რაც ობამას მემკვიდრეობას მინუსად დარჩება. 2008 წელს ვალი ათ ტრილიონს თუ აჭარბებდა, ახლა ის 18 ტრილიონს აჭარბებს. მართალია, 2008 წლის შემდეგ ამერიკის ეკონომიკა გაიზარდა - 14.750 ტრილიონიდან 18 ტრილიონამდე, მაგრამ ასევე გაიზარდა ვალის თანაფარდობა ეკონომიკის მოცულობასთან.
გლობალური ლიდერობა
ამერიკამ დასავლეთ ევროპასთან ურთიერთობები დაალაგა. გარდა ამისა, საბოლოოდ თუ არა, დიდი ხნით მაინც მოიხსნა დღის წესრიგიდან ომი ირანთან. ამ უკანასკნელთან ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმების მიღწევა მოხერხდა: ირანმა თავისი ბირთვული პროგრამა გაყინა და სანაცვლოდ სანქციების მოხსნაც მიიღო. ამ საკითხში ამერიკას რუსეთთან გადატვირთვა ნამდვილად დაეხმარა - რუსეთმა ირანის წინააღმდეგ სანქციებს დაუჭირა მხარი, რამაც ირანი რთულ დღეში ჩააგდო და კომპრომისისკენ უბიძგა.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ ირანთან გარიგებით ობამამ ძალიან გაანაწყენა რეგიონში ამერიკის უახლოესი მოკავშირე ისრაელი. მაგრამ ისინი რატომღაც არ ამბობენ, რა იყო ირანთან გარიგების ალტერნატივა. თუკი ეს ომი იყო, მაშინ, ალბათ, ისრაელის განაწყენება ღირდა, მით უფრო, რომ ისრაელს ამერიკა ძალიან სჭირდება და ამიტომ წყენის ფუფუნება დიდად არ აქვს.
ობამას ხელში ამერიკა შეურიგდა კუბას. ეს პატარა კუნძული 60-იანი წლებიდან მოყოლებული ლაქად რჩებოდა ამერიკის რეპუტაციისთვის. ზესახელმწიფო არა მხოლოდ იმით უნდა გამოირჩეოდეს, რომ ომში ყველას დამარცხება შეუძლია, არამედ იმითაც, რომ კონფლიქტების მოგვარება და შერიგება ხელეწიფება, მით უმეტეს პატარა მეზობლებთან.
კუბასთან შერიგება კიდევ ერთი ნაბიჯი იყო ერაყთან ომის შემდეგ შერყეული რეპუტაციის აღდგენისკენ. თუკი ამერიკის ისე „აღარ ეშინიათ“, ეს იმიტომაც, რომ ობამას ასე სურდა. ზესახელმწიფო, შიშის გარდა, პატივისცემასაც უნდა აღძრავდეს. თუმცა, იმავე პერიოდში ამერიკელებმა ბენ ლადენი მოკლეს, რითაც დაამტკიცეს, რომ ცდება ის, ვისაც მათი არ ეშინია.
გვრჩება სირია, რის გამოც ობამას ყველაზე მწვავე კრიტიკა შეხვდა. მსოფლიო ლიდერისგან ყოველთვის ქმედებას მოითხოვენ. თუკი სადმე კონფლიქტი მიდის და მშვიდობიანი მოსახლეობა იხოცება, წესით, ამერიკა უნდა ჩაერიოს. ობამამ კი სირიაში ეს არ გააკეთა. კრიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ კონფლიქტის საწყის ეტაპზე ეს რომ გაკეთებულიყო, სამოქალაქო ომი უკვე დასრულებული იქნებოდა, აღარც ასადის რეჟიმი იარსებებდა და, ალბათ, არც „ისლამური სახელმწიფო“. ამერიკელები მხოლოდ ასადის ოპოზიციას უნდა დახმარებოდნენ და ყველაფერი ამით მორჩებოდა. ობამამ ეს არ გააკეთა და მისი გამტყუნება არც ისე იოლია - ერაყში კატასტროფული გამოცდილების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთხელ ცხვირის შეყოფა არც ისე იოლი იყო. სად იყო გარანტია, რომ ყველაფერი მართლაც სწრაფად დასრულდებოდა, რომ ამერიკა კიდევ ერთ დიდ ჭაობში არ ჩაეფლობოდა და კიდევ ერთხელ არ იქცეოდა მუსლიმთა და დასავლელ ლიბერალთა ლანძღვის მთავარ სამიზნედ?
ობამას მთავარი შეცდომა, ალბათ, ის გახლდათ, რომ მან ასადს წითელი ხაზი დაუწესა - ამერიკა ჩაერეოდა, თუკი სირიის მმართველი ქიმიურ იარაღს გამოიყენებდა. მაგრამ გაფრთხილების მიუხედავად, ასადმა ეს გააკეთა, ობამამ კი ჩარევა მაინც ვერ გადაწყვიტა.
ზესახელმწიფო თავის სიტყვას არ უნდა გადადიოდეს. ამან ნამდვილად დაარტყა ამერიკის პრესტიჟს. ხოლო როცა სირიაში ინიციატივა რუსეთმა იგდო ხელთ, ობამა კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. დასავლეთ ევროპის, ირანისა და კუბის წარმატებების შემდეგ სირია მაინც ჩავარდნად უნდა მივიჩნიოთ, მიუხედავად იმისა, რომ სირიაში არჩარევით ობამამ ამერიკა, ალბათ, კიდევ უფრო დიდ ჩავარდნას გადაარჩინა.
და მაინც, თუკი მინუსებსა და პლუსებს დავითვლით, ობამას პლუსები აშკარად მეტი გამოსდის. 2009 წელს ამერიკა მძიმე მდგომარეობაში იყო, ახლა კი ამერიკაზე ამას ვეღარ ვიტყვით. შესაძლოა, ობამას აკლდა გამბედაობა, მაგრამ მან ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანა. ახლა ამერიკა გაცილებით კარგ მდგომარეობაშია და ახალი პრეზიდენტის მხრიდან მეტი გამბედაობისა და პოლიტიკური ნების შემთხვევაში უპრობლემოდ ითამაშებს იმაზე უფრო აქტიურ როლს, ვიდრე ამას ობამა აკეთებდა.
ობამამ ობიექტურად კარგი მემკვიდრეობა დატოვა, ახლა საჭიროა, ამერიკის ობიექტურ ძლიერებას სუბიექტური ძლიერებაც დაემატოს - ამერიკის ძლიერება ყველამ კარგად დაინახოს და გაითვალისწინოს.