2016 წლის 17 ოქტომბერს ერაყის შეიარაღებული ძალების, ქურთებისა და მოკავშირე ქვეყნების ძალისხმევით დაიწყო თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაცია ქალაქ მოსულის მიმართულებით, რომელიც ისლამური სახალიფოს უკანასკნელი დასაყრდენია ერაყის ტერიტორიაზე.
მოსული ერაყის ჩრდილოეთით მდებარეობს, თურქეთის საზღვართან ახლოს და ბაღდადიდან 400 კილომეტრის დაშორებით. ის ქვეყნისთვის სტრატეგიულ გზაგამტარ პუნქტს წარმოადგენს. ქალაქი ჩრდილოეთ ერაყის ადმინისტრაციული ცენტრია და 2008 წლის მონაცემებით, 2 500 000 მოსახლეს ითვლის.
2014 წლის ივნისში, ქალაქ ფალუჯასა და რამადის შემდეგ, ისლამურმა სახალიფომ მოსული დაიკავა. იმ დროისთვის ქალაქს 30,000-მდე ერაყელი ჯარისკაცი იცავდა, თუმცა მათი მოუმზადებლობისა და გამოუცდელობის შედეგად 6 დღეში ხალიფატის 1,500-მდე წევრმა მოახერხა ქალაქის დაკავება.
მოსულის დაკავებით იწყება ISIS-ის აღზევებისა გაფართოების ეტაპი. გარდა იმისა, რომ ქალაქის დაკავების შედეგად ტერორისტულმა ორგანიზაციამ, ასევე, შეძლო, გაეზარდა საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები ნავთობის საბადოებზე წვდომის მიღებით, მოსახლეობაზე დაკისრებული გადასახადების დაწესებით, გაეჩინა ახალი წყარო საკუთარი რიგების შესავსებად, მოსულმა მათ გზა გაუხსნა ქალაქ ბაიჯიზე, სადაც ერაყის ნავთობის საცავების დიდი ნაწილია განლაგებული.
მოსულს ერაყისა და ისლამურ სახალიფოსთან მებრძოლთათვის განსაკუთრებული სტრატეგიული, ეკონომიკური და სიმბოლური დატვირთვა აქვს, კერძოდ:
- მოსული ერაყის სიდიდით მეორე ქალაქია მოსახლეობის რაოდენობით;
- მოსული ერაყში ისლამური სახალიფოს კონტროლქვეშ მყოფი უკანასკნელი ქალაქია;
- აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ, ისლამური სახალიფოს ლიდერმა, სწორედ მოსულის დაკავების შემდეგ გამოაცხადა ისლამური ხალიფატის ჩამოყალიბების შესახებ. შესაბამისად, ორგანიზაციისთვის მას იდეოლოგიური და სიმბოლური დატვირთვა აქვს - როგორც პირველ წარმატებასა და მნიშვნელოვან გამარჯვებას მოწინააღმდეგეზე;
- ერაყის შეიარაღებული ძალებისთვის მოსულის დაბრუნება ერთგვარი რევანში და 2014 წელს კატასტროფული მარცხის დავიწყების გზაა;
- დღეისთვის ქალაქში 1 მილიონამდე მოსახლე რჩება;
- მოსული ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და კულტურული ცენტრია.
ქალაქის დაბრუნების მიზნით, ერაყის შეიარაღებულ ძალებთან ერთად იბრძვიან ქურთები, რომელთაც საჰაერო მხარდაჭერას ამერიკის შეერთებული შტატები უწევს. ოპერაციაში ერაყის მხრიდან ჩართულ ადამიანთა რაოდენობა კოლოსალურია და 2003 წლის ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური. ჯამში, 100,000-მდე მებრძოლია ჩართული ოპერაციაში (50,000-მდე ერაყის შეიარაღებული ძალების, 40,000-მდე პეშმერგას და 4,000-მდე უცხოელი ჯარისკაცი).
ისლამური სახალიფოს მხრიდან კი მხოლოდ 3,000-4,000 წევრი იცავს ქალაქს. შესაბამისად, ისმის კითხვა - რატომ არ დაეცა მოსული ორკვირიანი ინტენსიური ოპერაციის შედეგად? პასუხი ტერორისტული ორგანიზაციის მიერ კარგად შემუშავებულ თავდაცვის ბარიერებში უნდა ვეძებოთ.
1) ქალაქის ირგვლივ არსებული ნავთობის მილები აფეთქებულია, შედეგად წარმოქმნილი შავი კვამლი ქალაქს გარს ერტყმის და აძნელებს შორი დისტანციიდან სადაზვერვო საქმიანობის წარმოებას. ასევე, ეს ყოველივე ხელს უშლის მოკავშირეთა ვერტმფრენებსა და საავიაციო ძალებს ოპერირებაში;
2) ქალაქის დამცველებს დანაღმული აქვთ თითქმის ყველა ავტომობილი და მიტოვებული სახლი, რაც კი შეიძლება ერაყის არმიისა და ქურთების დანაყოფებს შეხვდეთ;
3) ისლამური სახალიფო გარკვეული პერიოდულობით თვითონ გადადის პრევენციულ შეტევაზე, როდესაც აგზავნის თვითმკვლელ ტერორისტებს (უმეტესობა მათგანი სწრაფი გადაადგილების მიზნით იყენებს მოტოციკლებსა და მსუბუქ ავტომობილებს) ერაყის ჯარის ქვედანაყოფების მიმართულებით;
4) ISIS-ის წევრებმა ადგილობრივი მოსახლეობა როგორც ფარი, ისე გამოიყენეს. შედეგად, სამოქალაქო მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით, ოპერაცია დაგეგმილთან შედარებით უფრო ნელი ტემპით მიმდინარეობს.
მიუხედავად ისლამური სახალიფოს წევრების ორგანიზებული წინააღმდეგობისა, ერაყისა და აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ ქალაქი ერაყის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ ნოემბრის ბოლომდე გადავა.
დასკვნისთვის შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ISIS-თან ეფექტურად ბრძოლისა და მასზე გამარჯვებისთვის მოსულის სწრაფად დაბრუნებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ყოველი დღე ქალაქის დამცველებს, რომლებიც უკვე მესამე კვირაა მათზე 20-ჯერ დიდ, კარგად შეიარაღებულ და კომპლექსურ ძალას უწევენ წინააღმდეგობას, ტერორისტული ორგანიზაციის მიმდევრებისთვის ერთგვარ „წამებულებად“ აქცევს. ამ ყოველივეს ისლამური სახალიფო კარგად გამოიყენებს რეკრუტირებისა და საკუთარი რიგების ახალი მებრძოლებით შევსების მიზნით.