„სოფელ კურდღელაურში სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია ნაგავსაყრელად არის ქცეული, მოსახლეობის 80%-ს სასმელი წყალი არ მიეწოდება, ამბულატორია და საბავშვო ბაღი ერთ შენობაშია განთავსებული და შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. სოფელ შალაურშიც, საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს ამორტიზებულ კულტურის სახლში”, - ამის შესახებ თელავი-ყვარლის საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის საარჩევნო ბუკლეტში წერია.
ფაქტ-მეტრი ამ ინფორმაციის სიზუსტით დაინტერესდა.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ჩვენ სოფელ კურდღელაურსა და შალაურში ჩავედით და საბავშვო ბაღების შენობები დავათვალიერეთ. შალაურში მდებარე კულტურის სახლის შენობა, სადაც ამჟამად საბავშვო ბაღია განთავსებული, რეაბილიტირებულია, შიგნიდანაც გარემონტებულია (იხ. ფოტოები). გარემონტებულია და შესაბამისი ინვენტარით არის აღჭურვილი სოფელ კურდღელაურის საბავშვო ბაღის შენობის პირველი სართული (იხ. ფოტოები). რაც შეეხება ამბულატორიას, რომელიც გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით, ამავე შენობის მეორე სართულზე იყო განთავსებული, 2016 წლის 11 სექტემბრიდან სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში (სადაც გამგებლის წარმომადგენელი ზის) გადავიდა (იხ. ფოტოები). კურდღელაურის სასაფლაოსკენ მიმავალი გზა მართლაც დანაგვიანებულია. ნაგვის გროვები სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზეც არის. როგორც სოფელში, ე.წ. „ჯართების უბანში“ გვითხრეს, სარწყავი არხის ქვემოთ მცხოვრებ მოსახლეობას სასმელი წყალი 15 წელია არ მიეწოდება (იხ. ფოტოები).არხის ზემოთ მცხოვრები მოსახლეობა კი წყალს გრაფიკით, დღეში 2-3 საათით იღებს.
გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ბაღების პრობლემების მოგვარება და შენობების რეაბილიტაცია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზაფხულში, მისი საარჩევნო პროგრამის გავრცელების შემდეგ დაიწყეს.
ფაქტ-მეტრთან გიორგი ბოტკოველის განცხადება თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, თედო ნათალიშვილმა უარყო. მისი თქმით, შალაურში 2015 წლამდე საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა, რის გამოც, ყოფილი კულტურის სახლის შენობის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 49 558 ლარი გამოიყო. ამავე წელს, ყოფილი კულტურის სახლის შენობის ნაწილობრივი რეკონსტრუქციისთვის 45 731 ლარი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაიხარჯა. ნათალიშვილის ინფორმაციით, 2013 წელს კურდღელაურის საბავშვო ბაღისთვის გამოყოფილი შენობის რეაბილიტაცია დაიწყო, რისთვისაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 45 370 ლარი დაიხარჯა. 2014 წელს, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის დამთავრებისთვის 10 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო 30 ათასი ლარი სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან გამოიყო. საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე 2015 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან 23 557 ლარიდაიხარჯა.
თუმცა, ადგილზე მისულებს ამ მხრივ შეცვლილი არაფერი დაგვხვდა და ვერ გავიგეთ, რაში დაიხარჯა აღნიშნული თანხა. 2016 წელს, აღნიშნული პროგრამიდან საბავშვო ბაღის შენობის მეორე სართულზე ბაგის ჯგუფის ოთახების მოწყობისთვის 17 900 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯ.ს.ბ. საქართველო“ აწარმოებს.
„შენობა, სადაც ამჟამად კურდღელაურის საბავშო ბაღი ფუნქციონირებს, მუნიციპალიტეტის ბალანსზეა, თუმცა წლების განმავლობაში მიტოვებული და ჩამონგრეული იყო. ვერც ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ვერც სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან შენობის რეაბილიტაციისთვის ერთიანი თანხა ვერ გამოიყო, რადგან სოფელში ამის პარალელურად სხვა პროექტებიც განხორციელდა. ამიტომ, ბაღის რეაბილიტაცია ეტაპობრივად მოხდა. გამაგრდა შენობა, მოხდა სახურავის შეკეთება, შეიცვალა კარ-ფანჯარა და კანალიზაცია. ჩატარდა შიდა რემონტი და შეიცვალა ინვენტარი. ასევე მოხდა ტერიტორიის შემოღობვა. აღნიშნული 23 ათასი ლარით მოხდა საბავშვო ბაღისა და ადმინისტრაციული შენობის შემოღობვა და გასუფთავება“, - აღნიშნა თედო ნათალიშვილმა.
დასკვნა
ფაქტ-მეტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია - რემონტი 2013 წელს დაიწყო. ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან აღნიშნული სამუშაოებისთვის ჯამში დღემდე 126 827 ლარი დაიხარჯა. შენობის პირველი სართულის რეაბილიტაცია დასრულებულია და თავის ფუნქციას ასრულებს. 2016 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, შენობის მეორე სართულის რეაბილიტაციისთვის 17 900 ლარი, 38 ათასი ლარი კი ადმინისტრაციულ შენობაში ამბულატორიის ოთახების რემონტისთვის გამოიყო. სოფელ შალაურში საბავშვო ბაღისთვის ყოფილი კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან 2015-2016 წლებში 95 311 ათასი ლარი დაიხარჯა. ამის გარდა, შენობის რემონტისთვის თანხა გამოყო World Vision-მა.
სოფელ კურდღელაურში წყალმომარაგება და სასაფლაოსკენ მიმავალი დანაგვიანებული გზა ნამდვილად პრობლემაა.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი ბოტკოველის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.