22 ოქტომბერს ზუგდიდის სამ საარჩევნო უბანზე - განმუხურის 38-ე, ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნებზე განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა, რადგანაც რვა ოქტომბერს აღნიშნული უბნები დარბევისა და დაპირისპირების ფაქტების გამო ჩაიშალა.
დილიდან, სანამ ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნები გაიხსნებოდა, ელექტროენერგია ნახევარი საათით ადრე გაითიშა და საარჩევნო კომისიამ პროცედურული საკითხები, შესაბამისად, სანთლის შუქზე გაიარა.
როგორც 79-ე საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ მირცხულავამ „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში განმარტა, ელექტროენერგიის გათიშვას კომისიის მუშაობისთვის ხელი არ შეუშლია და რამდენიმე წუთში გენერატორის საშუალებით აღნიშნული პრობლემა მოგვარდა.
ინციდენტები და შეფასებები
დილიდანვე ჯიხაშკარის ორივე უბნის პერიმეტრზე პოლიციელთა უპრეცედენტო რაოდენობა იყო მობილიზებული.
დაახლოებით 11 საათზე ჯიხაშკარის საარჩევნო უბანზე მყოფმა პოლიტიკოსებმა ჩვენთან პირველი კომენტარი გააკეთეს.
საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ზვიად ძიძიგურმა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ მსოფლიომ უნდა ნახოს, როგორი გამჭვირვალეა არჩევნები ქვეყანაში და, განსაკუთრებით, სამეგრელოში.
არჩევნების პროცესი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემაც შეაფასა და აღნიშნა, რომ განმეორებითი ხმის მიცემა ჯიხაშკარის უბნებზე გართულებების გარეშე მიმდინარეობდა.
„იმედია, ეს ვითარება დღის ბოლომდე შენარჩუნდება და „ქართული ოცნების“ გახურებულ ტვინებს აზრად არ მოუვათ, რაიმე სახის პროვოკაცია დაგეგმონ ისე, როგორც ეს რვა ოქტომბერს ჯიხაშკარისა და განმუხურის უბნებზე მოხდა“, - განაცხადა ბობოხიძემ.
ჯიხაშკარის 79-ე უბნის გარე პერიმეტრზე დილის საათებში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლებისა და თანასწორობის“ ცენტრის წარმომადგენელმა, დარეჯან ცქვიტარიამ ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ უბნის შესასვლელთან ერთ-ერთი პიროვნება შენიშნა, რომელიც ამომრჩევლებს სთხოვდა ბიულეტენებზე „ქართული ოცნების“ ნომერი 41 შემოეხაზათ. მისი განმარტებით, აღნიშნული ფაქტი არის აგიტაცია, რასაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დღესაც ღიად ეწეოდნენ.
ცქვიტარიას პროტესტს არასამთავრობო ორგანიზაციის „ყველა ერთად“ წარმომადგენელი როლანდ შონია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს შენიშვნა უსაფუძვლოა და უადგილო. მათ შორის არსებული სიტყვიერი დაპირისპირება მხოლოდ პოლიციელების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.
ჯიხაშკარის 79-ე უბანზე უჩვეულო საჩივარი დაიწერა. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯის“ მიერ დაწერილი საჩივრიდან ირკვევა, რომ „სოციალური განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელმა გოჩა რაფავამ კენჭისყრის ოთახში, სადაც ამომრჩეველი თავის არჩევანს აკეთებდა, კაბინაში შეიხედა და იქვე მყოფ ამომრჩეველს თვალით რაღაც ანიშნა - თვალი ჩაუკრა.
როგორც 79-ე უბნის კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ მირცხულავამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, „საუნჯის“ მიერ დაწერილი საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიამ მიიღო და ამის ფონზე გოჩა რაფავას სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა.
თავად გოჩა რაფავა აღნიშნულ ფაქტს უარყოფს და განმარტავს, რომ კაბინაში მყოფ ამომრჩეველს თვალი „სასიყვარულო ფლირტის ფარგლებში“ ჩაუკრა და რომ არანაირ პოლიტიკურ მინიშნებას ადგილი არ ჰქონია.
„უბრალოდ, მოხდა ისე, რომ ამომრჩეველმა ქალმა თვალი ჩამიკრა და მეც ჩავუკარი, მის მიმართ სიმპათია მაქვს. რას იზამთ, ახალგაზრდა კაცი ვარ“, - განაცხადა რაფავამ.
„გოჩა რაფავამ კაბინაში რამდენჯერმე შეიხედა, იქ მყოფ ქალს თვალი ჩაუკრა და უთხრა, - ის შემოხაზე, ვინც გითხარიო. ეს ხმის მიცემის ფარულობას არღვევს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.
ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ შენიშვნებისა თუ გაფრთხილების მიცემის შემდეგ ამ პიროვნებამ უბანი დატოვა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა ამით აღმოიფხვრა. ხმის მიცემის ფარულობის თუნდაც ერთჯერადად დარღვევა საკმარისია ამ დანაშაულის ჩადენის პასუხისგებაში მისაცემად“, - აღნიშნა „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯის“ ხელმძღვანელმა იაგო ფასანძემ.
ნიკა მელიამ ჯიხაშკარის 108-ე უბანზე ყოფნისას „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში დღის განმავლობაში გამოვლენილ დარღვევებზე შეფასებები გააკეთა.
„რვა ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ სამარცხვინო რამ ჩაიდინა - მაშინ, როდესაც ხმის დათვლის პროცესი სრულდებოდა და ნათელი იყო, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი სანდრა რულოვსი იმარჯვებდა, დანაშაულებრივი 15-კაციანი ჯგუფი უბანზე შევარდა. ჯერ ერთი უბანი დაარბიეს, მეორე უბანში კი საარჩევნო ყუთი გაიტაცეს.
ამის შემდეგ ორი ადამიანი დაიჭირეს. ერთი ამ დრომდე დაკავებულია. იმდენად აქვთ შუბლის ძარღვი გაწყვეტილი, რომ „ქართული ოცნება“ დაკავებული ადამიანითაც კი ვაჭრობს. ჯიხაშკარის მცხოვრებლებს აშინებენ და ეუბნებიან, რომ, თუ დღეს „ქართული ოცნება“ არ გაიმარჯვებს, ეს ადამიანი პატიმრობაში დარჩება.
ძალიან კარგია, რომ ახლა ამდენი სამართალდამცავი იმყოფება უბნებთან. თუმცა, ამათთვის რომ გეკითხათ, რვა ოქტომბერს სად იყვნენ, დღეს ვერც ერთი პასუხს ვერ გაგცემთ. იმედია, ყველაფერი მშვიდად ჩაივლის და იგივე სცენარი არ განმეორდება“, - გვითხრა ნიკა მელიამ.
შედეგები
ზუსტად 20:00 საათზე ზუგდიდის სამივე საარჩევნო უბანი დაიხურა. ხმის დათვლის პროცესს გარე პერიმეტრზე რამდენიმე ათეული ადამიანი ელოდებოდა. როგორც ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რვა ოქტომბერს არჩევნებზე არ მისულა, თუმცა რაც მოხდა, იმის შემდეგ გადაწყვიტა მისვლა, რათა მისი ერთი ხმა არ დაკარგულიყო.
„ოჯახში შვიდი წევრი ვართ, აქედან ხუთს ხმის მიცემა შეგვიძლია. მე რვა ოქტომბერს ძალიან ცუდად ვიყავი და ვიფიქრე, რადგან ჩემები ყველანი არჩევნებზე მიდიოდნენ, ჩემი ერთი ხმა დიდად არ იქნებოდა მნიშვნელოვანი. ისეთი სიტუაცია დატრიალდა, დღეს სახლში რა გამაჩერებდა. ამიტომ დავდგები ჩემს თანასოფლელებთან ბოლომდე და შედეგებსაც აქ დაველოდები. ამათგან კარგს რას უნდა ელოდოს კაცი, ჩვენ თვითონ უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები“, - ამბობს ჯიხაშკარის მკვიდრი ნაირა შელია.
რაც შეეხება ამომრჩევლების აქტიურობას, ჯიხაშკარის 79-ე უბანზე რეგისტრირებული 925 ამომრჩევლიდან ხმა 567-მა ამომრჩეველმა მისცა. 108-ე უბანზე, სადაც 774 ამომრჩეველია რეგისტრირებული - 440-მა ამომრჩეველმა, განმუხურის 38-ე უბანზე კი 1 145 ამომრჩევლიდან არჩევანი 461-მა გააკეთა.
ზუგდიდის სამი საარჩევნო უბნიდან პირველი შედეგები ჯიხაშკარის 79-ე უბნიდან გახდა ცნობილი, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ედიშერ თოლორაიამ 387 ხმა მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა სანდრა რულოვსმა - 165 ხმა.
რაც შეეხება ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატებს, აქაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლაშა გოგია ლიდერობს 378 ხმით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ბესიკ გაბუნიამ კი 165 ხმა მიიღო.
ჯიხაშკარის 108-ე უბანზე თოლორაიამ 309 ხმა მოიპოვა, ხოლო რულოვსმა - 117.
რაც შეეხება აღნიშნულ უბანზე გამგებლობის კანდიდატების მონაცემებს, აქაც ლაშა გოგია ლიდერობს, მან 293 ხმა აიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ბესიკ გაბუნიამ - 115 ხმა.
ყველაზე ბოლოს განმუხურის 38-ე უბნის შედეგები გახდა ცნობილი, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა - 283 ხმა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა 156 ხმა მიიღო. რაც შეეხება გამგებლობის კანდიდატებს, 283 ხმა - „ქართულ ოცნებას“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - 124.
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა კენჭისყრის შედეგები გვიან ღამით შეაჯამა. როგორც მან ჩვენთან საუბარში განმარტა, მეორე ტური როგორც ქალაქის, ასევე თემის მაჟორიტარულ ოლქებში აუცილებლად ჩატარდება.
„ამ სამ უბანზე მაჟორიტარული არჩევნებით სანდრა რულოვსს აქვს 438 ხმა (ოლქის ჯამური მონაცემებით - 44.8%), ედიშერ თოლორაიას კი 981 ხმა (48.63%). სულ 29 ბიულეტენი გაბათილდა“, - ამბობს მირანდა მესხი.
რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის შედეგებს, შემაჯამებელი ოქმების გათვალისწინებით წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს ბესიკ გაბუნიას ხმების 44.82% აქვს, „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატ ლაშა გოგიას კი - 44.17%.
„შეურაცხყოფად ვთვლი მეორე ტურში შემოსვლას...“
სანდრა რულოვსმა არჩევნების მეორე დღეს, ტელე-რადიოკომპანია „ოდიშს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც იგი არჩევნების შეფასებას აკეთებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
„მინდა მადლობაგადავუხადოამომრჩეველს მათი ნდობისთვის და მოპოვებული გამარჯვებისთვის, რომელიც, სამწუხაროდ, მომპარეს არა მარტო 8 ოქტომბერს, არამედ გუშინაც.
ყველამ იცის, რომ მე პირველ ტურში გავედი. ამიტომ შეურაცხყოფად ვთვლი მეორე ტურში შემოსვლას ამ უსამართლო ე. წ. დემოკრატიული არჩევნების ფონზე.
მე ვთვლი,რომ არ უნდა მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში. ჯერ ერთი,მთელ ზუგდიდშიძალიანცუდი - „ქურდული“, კრიმინალური და წნეხისპირობებია შექმნილიდა არ მინდაამ ხალხს კიდევ პრობლემები ჰქონდეს, შეურაცხყოფა მიაყენონ, დასცინონ.
მე ვიცი,რომ გამარჯვებული ვარ და აქედან გამომდინარე,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს პარლამენტიდან ან თუნდაც სხვა ადგილიდან დავუდგები გვერდში - ეს ჩემი ვალდებულებაა.
ეს გაყალბება არა მარტო ზუგდიდში, არამედ მთელ საქართველოში იყო. მე მიკვირს საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება (გამონაკლისის გარდა), რადგან უფრო და უფრო ვრცელდება ვიდეომასალები,სადაც კარგად ჩანს დარღვევებისფაქტები - გამქრალი ბიულეტენები, ერთი და იგივე ხალხი უბანში, ფოტოებისგადაღება და ა.შ.
ეს არის გაყალბება, რომელსაც მასშტაბებს ვერ დაუდებ, ეს იყო ყველგან. ჩემი გამარჯვება პირველ ტურში - ეს იყოპირადი მარცხი ივანიშვილისთვის, არაფორმალური მმართველისთვის, ვინც 8 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე თქვა, რომ „ის ქალბატონიც კი ვერ გაიმარჯვებს ზუგდიდში“ და ეს მიიღეს, როგორც ბრძანება და ეს ბრძანება ყველანაირად უნდა შესრულებულიყო. ეს ყოვლად მიუღებელია ჩემთვის.
მე მემატება ძალა და ბრძოლის უნარი ხალხისგან დავგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ არ უნდა დავრჩე ასე, უნდა გავაგრძელო მუშაობადამოვიქცე, როგორც გამარჯვებული და ასეც იქნება ზუგდიდის რაიონშიც, ზოგადად,პოლიტიკაშიც და ჩემსმომავალქმედებებში“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.