აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ, კომპანია „აჭარ ჩაი ინვესტის“ მონახულებისას განაცხადა: "2010 წელს გავხსენით ეს საწარმო. იყო ყველაზე წარმატებული, წელიწადში 65-70 ტონა ჩაის აწარმოებდნენ. მოიკითხეთ დღეს - 2013 წელს გაუუქმეს ხელშეკრულება მიწების და დღეს 3 ათას ტონას [იგულსიხმება 30 ტონა] ძლივს აწარმოებს. ჩვენ გვჭირდება განვითარება და წინსვლა, ჩვენ არ გვინდა დაპაუზება. ეს არის მაგალითი დაპაუზებული აჭარის".
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
კომპანია „აჭარ ჩაი ინვესტი“ მართლაც 2010 წელს გაიხსნა. კომპანიის მეპატრონესთან აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტრომ უზუფრუქტის ხელშეკრულება გააფორმა,რომლის მიხედვითაც, კომპანიას 37 759 ლარის უძრავი ქონების, ანუ 465 678 კვ.მ პლანტაციით სარგებლობისთვის ყოველთვიურად 2 050 ლარი უნდა გადაეხადა. ასევე, 5 წლის ვადაში უნდა აღედგინა ჩაის პლანტაციები, ორი წლის ვადაში ეწარმოებინა ჩაის მძიმე გასხვლა-გაწმენდა და საქართველოს 50 მოქალაქე უნდა დაესაქმებინა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში უნდა აღედგინა ჩაის პლანტაციების სრული მოსავლიანობა, დაესაქმებინა არანაკლებ 100 მოქალაქისა, 5 წლის გასვლის შემდეგ კი, არანაკლებ 200 მოქალაქისა, ასევე, უნდა გადაეხადა მიწის (ქონების) გადასახადი.
2013 და 2015 წლის სექტემბერში უზუფრუქტის ხელშეკრულებაში, „აჭარ ჩაი ინვესტის“ დირექტორის ნადიმ დიდმანიძის განცხადების საფუძველზე, ცვლილება შევიდა,რომლის თანახმადაც მოსარგებლისთვის გადაცემული ნაკვეთის ფართობი შემცირებულია.
2016 წლის თებერვალში ნადიმ დიდმანიძემ სამინისტროს განცხადებით ისევ მიმართა და ამჯერად ხელშეკრულების გაუქმება სთხოვა.განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ პერიოდამდე ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა, თუმცა საწარმოს არარენტაბელურობის გამო, კომპანიას შემდგომში ამ ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა არ გააჩნდა.
ნადიმ დიდმანიძე ფაქტ-მეტრთან საუბრისას ამბობს, რომ ჩაის რეალიზაცია გაუჭირდა, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებულმა თანხამ პროდუქცია გაუძვირა. ამიტომ, მისი თქმით, სამინისტროს ხელშეკრულების გაუქმება სთხოვა და ნედლეულის შესყიდვა კერძო პირებისგან დაიწყო. ნადიმ დიდმანიძე გაუყიდავად დარჩენილი პროდუქციისგან გათავისუფლების შემდეგ პლანტაციებით სარგებლობას არ გამორიცხავს. მისივე ინფორმაციით, თავდაპირველად 46 ჰექტარზე 60-70 ტონას აწარმოებდა, დღეს კი 30 ტონას ამუშავებს. იგი წარმადობის კლებას ადასტურებს, მაგრამ იმედი აქვს, რომ ახალ დისტრიბუტორთან მოლაპარაკება შედეგიანი იქნება და ძველი წარმადობის აღდგენას შეძლებს.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, შესთავაზა თუ არა აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტრომ მეწარმეს სხვა პირობები ვალდებულების შესრულების ხელშეწყობის მიზნით. სამინისტროს პასუხიასეთია: "სამინისტროს მხრიდან არაერთხელ იქნა გათვალისწინებული უზუფრუქტუარის მოთხოვნა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების ცვლილებასთან დაკავშირებით, რაც აჭარის ა/რ თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კიდეც. მათ შორის შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა, რადგან უზუფრუქტუარის განმარტებით, სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე ვერ ხერხდებოდა იმ რაოდენობის მოქალაქეების დასაქმება, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მიუხედავად სამინისტროს არაერთგზის ხელშეწყობისა, მოსარგებლემ 2016 წლის წერილით მოითხოვა ხელშეკრულების გაუქმება ფინანასური რესურსის არარსებობის გამო".
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ავთანდილ მესხიძის განმარტებით, საწარმო არ გაჩერებულა - ის უბრალოდ ნაკლები დატვირთვით მუშაობს. იგი ფიქრობს, რომ მეწარმემ პლანტაციების მოვლას ნედლეულის შესყიდვა ამჯობინა, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ პლანტაციის აღდგენაში ნადიმ დიდმანიძეს დახმარებას პროექტების მართვის სააგენტო გაუწევს.
დასკვნა 2010წელს ჩაის საწარმოსთან გაფორმებული ხელშეკრულება 2016 წელს შეწყდა, რის შედეგადაც მეწარმემ სარგებლობაში გადაცემული პლანტაციები აჭარის მთავრობას უკან დაუბრუნა, თუმცა საწარმოს მუშაობა არ შეუჩერებია. მეპატრონის ინფორმაციით, 60-70 ტონა ჩაის გადამუშავების ნაცვლად დღეს 30 ტონა ჩაის მიღება და გადამუშავება ხდება. ნადიმ დიდმანიძე ასევე აცხადებს, რომ პლანტაციით სარგებლობისთვის გადასახდელი თანხა მას პროდუქციას უძვირებდა, რის გამოც ჩაის შესყიდვა კერძო პირებისგან ამჯობინა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულება არა სამინისტროს მიზეზით, როგორც ამას ლევან ვარშალომიძე აღნიშნავს, არამედ ნადიმ დიდმანიძის თხოვნით გაუქმდა. მანამდე უწყებას სახელშეკრულებო პირობების შეცვლის თხოვნით ნადიმ დიდმანიძემ ორჯერ მიმართა, რაც გათვალისწინებული იქნა.
აქედან გამომდინარე, ლევან ვარშალომიძის განცხადება არის მცდარი.