საქართველოს მოსახლეობის 58%, ძირითადად თანხების უქონლობის გამო, ცილოვანი, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი საკვების დეფიციტს განიცდის. ამ მხრივ, კიდევ უფრო საგანგაშო მდგომარეობა სოფლად და დაბალშემოსავლიან ოჯახებშია.

მოსახლეობის დაახლოებით 60%-ს საკვებზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემა აქვს და დროდადრო ვალით ყიდულობენ საკვებს. ეს არის საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის“ „საქართველოში კვების ეროვნული კვლევის“ შედეგები. კვლევა 2016 წელს გამოქვეყნდა და ის 2015 წლის მონაცემებს ასახავს.

ამავე კვლევის თანახმად, 10-17 წლის მოზარდთა მნიშვნელოვანი ნაწილი მოკლებულია ვიტამინებითა და ცილებით მდიდარ საჭმელს, რაც აუცილებელია მოზარდის ორგანიზმისთვის.

მარტოხელა პენსიონერების 53% კი, უფულობის გამო, საერთოდ ვერ ახერხებს საკმარისი საკვების შეძენას.

კვების ეროვნული ანგარიშის თანახმად, საშუალოშემოსავლიანი ოჯახები საკვებზე შემოსავლის 50%-ს ხარჯავენ, ხოლო დაბალშემოსავლიანი ოჯახები - შემოსავლის 65%-ს. მაღალშემოსავლიან ოჯახებში კი სურსათზე შემოსავლის 35% მიდის.

კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ყველაზე ხშირად მიირთმევენ კარტოფილს, ლობიოსა და აჯაფსანდალს. ხილი და ხორცი ძირითადად მაღალშემოსავლიანი ოჯახებისთვისაა ხელმისაწვდომი.

კვლევაში, ასევე, ხაზგასმულია, რომ „საქართველოში არაგადამდები ქრონიკული დაავადებების გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არასრულფასოვანი კვებაა“.

ჩვენ დავუკავშირდით „ოქსფამის“ საქართველოს წარმომადგენლობას. სასურსათო უსაფრთხოების პროექტის ოფიცერი ნინო ედილაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მსგავსი მასშტაბური კვლევა აქამდე არ ჩატარებულა და შესაბამისად, შედარების საშუალება არ გვაქვს, რომ ვნახოთ, რა ტენდენციაა, ამ მხრივ, ქვეყანაში. ნინო ედილაშვილი ჩვენთან იმ მიზეზებზე საუბრობს, რაც საკვებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას განაპირობებს.

„საქართველოში მოხმარებული სურსათის უმეტესი ნაწილი იმპორტირებულია. ადგილობრივი წარმოება მცირეა და ის არ არის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, რაც, თავის მხრივ, მაღალ ფასს განაპირობებს. დაბალი შემოსავალი და მაღალი ფასები - ეს ის ძირითადი გარემოებებია, რაც სურსათზე ხელმისაწვდომობის პრობლემას ქმნის.

რაც შეეხება საკვების დეფიციტს, ის ძირითადად მატერიალურ ხელმისაწვდომობას უკავშირდება, თუმცა რიგ შემთხვევებში, ასევე მოსახლეობის დაბალ ინფორმირებულობას ჯანსაღი კვების მნიშვნელობასთან დაკავშირებით“, -განაცხადა სასურსათო უსაფრთხოების პროექტის ოფიცერმა ნინო ედილაშვილმა.

რა თანხა უნდა გვეყოს არსებობისთვის?

„საქსტატის“ ბოლო მონაცემებით, საშუალო მოხმარების საარსებო მინიმუმი 138.2 ლარია, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი - 156 ლარი, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 261.6 ლარი.

„საქსტატი“ საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ითვლის. სასურსათო კალათით განსაზღვრულია სიცოცხლისთვის აუცილებელი საკვებისა და კალორიების რაოდენობა. სასურსათო კალათა 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს და, ჯამში, 2300 კილოკალორიას შეადგენს.

საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სურსათის წილი 70%-ით განისაზღვრება, ხოლო არასასურსათო ხარჯების წილი - 30%-ით. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სასურსათო და არასასურსათო ხარჯების უთანაბრობა ცხოვრების დაბალ დონეზე მიუთითებს.

საკმარისია თუ არა 156 ლარი პირველადი მოთხოვნილებების უზრუნველსაყოფად და რამდენად რეალურია არსებული საარსებო მინიმუმი? - ამ თემაზე ჩვენ ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე გვესაუბრა.

„საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიიდან და დღეს არსებული მონაცემებიდან გამოდის, რომ ადამიანმა სურსათის გარეშე თვეში დაახლოებით 50 ლარი უნდა იკმაროს, რაც არარეალურია, რადგან აქ შედის ტრანსპორტის, ტანსაცმლის, კომუნალური გადასახადების, ჯანდაცვისა და სხვა უამრავი ხარჯი. ეს თანხა დაახლოებით მხოლოდ ტრანსპორტისა და კომუნალური გადასახადების ხარჯებს თუ დაფარავს, ზამთრის თვეებში კომუნალურსაც არ ეყოფა.

აქედან გამომდინარე, არასწორად მიმაჩნია, რომ არასასურსათო ხარჯებზე მხოლოდ 30% იყოს გათვალისწინებული. რეალურად საარსებო მინიმუმის მოცულობა გაცილებით მეტია, ის მინიმუმ 200 ლარი იქნება“, - განაცხადა ბესო ნამჩავაძემ.

„საქსტატი“ საარსებო მინიმუმს ასაკობრივ ჭრილში არ განიხილავს. რეალურად კი პენსიონერებისთვის და ქრონიკულად დაავადებული ადამიანებისთვის, რომელთაც ძირითად შემთხვევაში მუდმივად სჭირდებათ მედიკამენტები, გაცილებით მაღალია საარსებო მინიმუმის ღირებულება.

იმ ფაქტს, რომ საარსებო მინიმუმი გაცილებით მაღალია, ვიდრე ოფიციალურად დადგენილი 156 ლარი, „ოქსფამის“ კვლევაც ადასტურებს. რომლის თანახმადაც, იმ ადამიანებს, ვისაც იმდენი შემოსავალი აქვთ, რამდენიც საარსებო მინიმუმით არის განსაზღვრული, საკვებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა უჩნდებათ.