ორწლიანი სიმშვიდის შემდეგ, ადიგენში, სოფელ მოხეში, სადაც მუსლიმები და ქრისტიანები მეჩეთის შენობაზე დაობენ, შესაძლოა, რელიგიური კონფლიქტი ისევ გაღვივდეს. ამ ეტაპზე სოფელში ყველა დუმს – მუსლიმები, რომლებიც სალოცავს ითხოვენ; მართლმადიდებლები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ მათ სოფელში მეჩეთი არასოდეს ყოფილა და ხელისუფლება, რომელიც ჯიუტად იმეორებს, რომ სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენი კომისიის დასკვნას ელოდება. ერთადერთი, ვინც საკითხზე ღიად საუბრობს, პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე თეოდორეა. იგი მიიჩნევს, რომ მოხეში ვიღაც პროვოკაციის მოწყობას ცდილობს.
მოხეში, სოფლის ცენტრში მდგარ შენობას, რომლისგანაც ბოლო ორი წელია, მხოლოდ კედლებია დარჩენილი, პოლიციის ლენტი აქვს შემოვლებული, მისი შესასვლელი აჭედილია. იქვე პოლიციის რამდენიმე პიკაპი პატრულირებს.
სოფლის ცენტრში ადგილობრივები მხოლოდ დილაობით ჩნდებიან, – 20-მდე მუსლიმი ყვითელლენტიან შენობასთან ლურჯ გადასაფარებელს შლის, ლოცვას აღავლენს და იშლება.
მოხეში სიმშვიდეა, თუმცა, მოჩვენებითი – ეს ყველაზე ცხადად სოფელში მომრავლებული სამართალდამცველებით იგრძნობა.
სადავო შენობა
66-კომლიან სოფელში, სადაც ოცამდე ოჯახი - მართლმადიდებელი, დანარჩენი კი მუსლიმია, სოფლის ცენტრში მდგარი შენობის გამო, პერიოდულად, ვითარება იძაბება. ადგილობრივი მუსლიმები ამბობენ, რომ ეს შენობა მეჩეთია და მის სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემას ითხოვენ; ეს შენობა რომ მეჩეთია, ამას მართლმადიდებლებიც ადასტურებენ, თუმცა, ამბობენ, რომ მუსლიმებმა სალოცავი მართლმადიდებლური ტაძრის ქვებით ააშენეს, მოქმედი არასდროს ყოფილა და ამიტომ ნაგებობის მუსლიმებისთვის გადაცემას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
შენობა, რომელიც დავის საგანი გახდა, სოფლის ცენტრში 1927 წელს ადგილობრივმა მუსლიმებმა ააშენეს. 1944 წელს კი ისინი, როგორც მაჰმადიანი მესხები, სოფლიდან გაასახლეს. კომუნისტების დროს აქ ჯერ სოფლის საბჭო, შემდეგ ბიბლიოთეკა და ბოლოს კულტურის სახლი იყო. ამჟამად შენობა ადიგენის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა.
სოფელი მოხე სრულიად მედიის ყურადღების ცენტრში, პირველად, ზუსტად ორი წლის წინათ, 2014 წლის ოქტომბერში მოექცა. ადიგენის გამგეობამ გადაწყვიტა, სოფლის ცენტრში მდგარ შენობაში კულტურის სახლი და ბიბლიოთეკა მოეწყო და მის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა.
სოფელში ღია დაპირისპირება ტენდერში გამარჯვებული ფირმის წარმომადგენლების გამოჩენისთანავე დაიწყო. მშენებლების მიერ შენობის დემონტაჟის დაწყებას, ადგილობრივი მუსლიმების აქციები მოჰყვა. 2014 წლის 22 ოქტომბერს, მშენებელი კომპანია შენობის დანგრევას პოლიციელების ცოცხალი ჯაჭვის დახმარებით ცდილობდა, მცდელობას ადგილობრივ მუსლიმებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, შედეგად 14 მუსლიმი დააკავეს – 11 ადმინისტრაციული, 3 კი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებით.
სწორედ მაშინ გაჩნდა ადიგენის პატარა სოფლის მეზობლებში პირველი ბზარი – სოფელი ორ ბანაკად გაიყო.
რელიგიური კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, მაშინ მოხეში სახელმწიფო კომისია შეიქმნა, კომისიას შენობის წარმომავლობა უნდა დაედგინა. სოფელი შეთანხმდა, რომ კომისიის დასკვნის გასაჯაროებამდე, პრეტენზიას აღარავინ გამოთქვამდა.
დარღვეული შეთანხმება
ორი წლის წინათ დადებული შეთანხმება მუსლიმებმა არჩევნებიდან მესამე დღეს, მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს დაარღვიეს. ამ დღეს 20-მდე მუსლიმი სადავო შენობაში, ბალახებსა და ეკალ-ბარდებში, ლოცვის აღსავლენად შევიდა. მუსლიმებმა ეს გადაწყვეტილება აშურეს, ანუ იმ დღესასწაულს დაუკავშირეს, რა დღესაც ყველა მუსლიმი ვალდებულია, ლოცვა აღავლინოს.
თუმცა, ეს არ არის ერთადერთი არგუმენტი, რითაც მუსლიმები შეთანხმების დარღვევას ხსნიან. მუსლიმები ამ დრომდე სოფელში, ერთ-ერთ კერძო სახლში ლოცულობდნენ, რადგან სოფელში მოქმედი მეჩეთი არ არის. ახლა ამბობენ, რომ ის შენობა მეპატრონეს დასჭირდა და მათ სალოცავი ადგილი აღარ აქვთ.
კიდევ ერთი ფაქტორი იმ სახელმწიფო კომისიისადმი უნდობლობაა, რომელსაც სადავო შენობის წარმომავლობა უნდა დაედგინა. მუსლიმები ამბობენ, რომ ამ კომისიის დასკვნის ლოდინში დაიღალნენ.
„მუსლიმი მოსახლეობა კომისიას არ ენდობა, რადგან ორი წლის განმავლობაში შედეგი ვერ მიიღო, ამიტომ თვითნებურად დაიწყეს ლოცვა“, – გვეუბნება სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე.
პოლიციის ალყა
მუსლიმების ლოცვა უსახურავო, დანგრეულ, სადავო შენობაში მხოლოდ ოთხ დღეს გაგრძელდა. 14 ოქტომბერს, პარასკევის ლოცვის დასრულების შემდეგ, სოფელ მოხეში სამართალდამცველები გამოჩნდნენ, მათ შენობის შესასვლელები ფიცრებით ჩახერგეს და მთლიან შენობას პოლიციის ამკრძალავი ლენტი შემოავლეს.
მაშინ, როცა მოხეში, სამართალდამცველები სადავო შენობის შესასვლელებს კეტავდნენ, ახალციხეში, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე თეოდორე საგანგებო ბრიფინგს მართავდა.
განსხვავებით ადგილობრივი მუსლიმებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ მოხის საკითხზე შექმნილ სახელმწიფო კომისიას არაფერი გაუკეთებია, მეუფე თეოდორემ განაცხადა, რომ მოხეში აღდგენილი სიმშვიდე და კეთილმეზობლური დამოკიდებულება სწორედ ამ სახელმწიფო კომისიის მუშაობის შედეგია. მეუფემ მუსლიმების სადავო შენობაში ლოცვას პროვოკაცია უწოდა და განაცხადა, რომ მუსლიმების შენობაში თვითნებური შესვლით ადგილობრივი მართლმადიდებლები აღშფოთებული არიან.
მეუფემ სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას მიმართა: „დაიცვან სოფელ მოხესა და მიმდებარე სოფლებში მართლმადიდებელი მოსახლეობის უფლებები, რომლებიც უმცირესობას წარმოადგენენ და გამოიძიონ, ვინ გეგმავს ამ პროვოკაციას და ცდილობს, დაპირისპირება გამოიწვიოს ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის“.
პარალელურად, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, „ამ საარჩევნო პერიოდში ნუ შეეცდებიან, ადამიანთა რელიგიური გრძნობები გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური ინტერესებისთვის“.
რომელ პოლიტიკურ პარტიებს, ან კონკრეტულად რას გულისხმობდა, მეუფეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა, თემა ამ ბრიფინგზე მყოფმა მოხეში მცხოვრებმა მართლმადიდებლებმა განავრცეს.
„მოხეში „ნაციონალები“ შეინიშნებიან“, – განაცხადა მეუფის რეზიდენციაში მყოფმა, სოფელ მოხის მცხოვრებმა ლევან რეხვიაშვილმა.
თუმცა, ამ პროცესებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობა კატეგორიულად უარყო ახალციხე-ადიგენის ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატმა ვაჟა ჩიტაშვილმა (რომელმაც ადიგენის მუსლიმურ უბნებზე მაჟორიტარული არჩევნების პირველი ტური „ქართული ოცნების“ კანდიდატს მოუგო): „რელიგიური თემებით პოლიტიკაში სპეკულირება არ შეიძლება. შექმნილია სპეციალური კომისია და ამ შენობის წარმომავლობას სწავლობს, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს სიტუაციის დაძაბვისგან“.
დუმილი
მეუფის პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ მოხეში მომხდარი მოვლენების გამო, 13 ოქტომბერს, ადიგენის გამგეობაში, სპეციალური შეხვედრა გაიმართა.
ამ შეხვედრას სახელმწიფოს მხრიდან ესწრებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მუსლიმების მხრიდან – საქართველოს მუფტის მოადგილე ადამ შანთაძე, სამუფტო სამმართველოს წარმომადგენლები და სამცხე-ჯავახეთის მუფტი მამუკა ვაშაყმაძე, მართლმადიდებლების მხრიდან კი – ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და ზარზმის მონასტრისა და მოხის სამრევლოს წინამძღვარი არქიმანდრიტი ნიკოლოზი.
რაზე შეთანხმდნენ ამ შეხვედრაზე, რომელსაც მედია არ დასწრებია, უცნობია. ყველა მხარე ამბობს, რომ ძალიან მალე სახელმწიფო კომისიის სხდომა უნდა გაიმართოს და კომენტარს ამის შემდეგ გააკეთებენ.
ამ ეტაპზე დუმილს ამჯობინებენ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც (შეგახსენებთ, შენობა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ პოლიციამ კარი აუჭედა, სწორედ მათ ბალანსზეა).
„კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე.
მოხეში მიმდინარე მოვლენებზე, ან იმაზე, აქამდე რატომ ვერ დაიდო დასკვნა, ჯერ სახელმწიფო კომისიაშიც დუმან.
„ახლა ამაზე ვერაფერს გეტყვით, სხვა დროს გავაკეთებ კომენტარს“, – ამბობს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე.
სრულიად საქართველოს მუფთის მოადგილე ადამ შანთაძე კი აცხადებს, რომ მან ადგილობრივ მუსლიმებს სიმშვიდისკენ მოუწოდა: „დანარჩენს, კომისიაზე რომ შევიკრიბებით, მერე გადავწყვეტთ“.
ერთადერთი, ვინც საუბრობს, სამცხე-ჯავახეთის მუფტი მამუკა ვაშაყმაძეა: „მათ ვუთხრი, რომ იქნებ დროულად გადაწყდეს შენობის ბედი და მოსახლეობამ თავისუფლად შეძლოს ლოცვა-მეთქი. ჩვენ არაფერზე შევთანხმებულვართ, რადგან მოსახლეობა მშვიდობიანად ატარებდა ლოცვებს“.
სოფელი მოლოდინში
სანამ სახელმწიფო კომისია რამეს გადაწყვეტს, მოხეში სამართალდამცველები რჩებიან. ადგილობრივი მართლმადიდებლებიც და მუსლიმებიც ამბობენ, რომ ხელახალი კონფლიქტი და დაძაბულობა არ სურთ.
„მეუფისა და მამა ნიკოლოზის მოწოდებით, პროვოკაციაზე არ წავსულვართ და არც ვაპირებთ“, - ამბობს მოხის მკვიდრი, მართლმადიდებელი ბესიკ ჩაგელიშვილი.
მუსლიმები კი 15 ოქტომბრიდან ლოცვას სადავო შენობის გარეთ აგრძელებენ და ამბობენ, რომ შენობაში შეჭრას არ აპირებენ.
„ყოველდღე ასე იქნება, ასე გავაგრძელებთ ლოცვას. სიმშვიდეს ვინარჩუნებთ, პროვოკაციებს არ ვაპირებთ“, – ამბობს მოხის მეჩეთის წინამძღვარი თენგიზ ბერიძე.
თუმცა, ამ სიმშვიდის მიღმა, ორივე მხარის უცვლელი მოთხოვნა იმალება. მართლმადიდებლები კვლავ იმეორებენ, რომ სადავო შენობა მუსლიმებს არ უნდა გადაეცეთ, მუსლიმები კი ამბობენ, რომ მათ აქვთ სალოცავის უფლება და თუ კომისია ამ შენობას მათ არ მიაკუთვნებთ, მაშინ მთავრობისგან სოფლის ცენტრში ახალი მეჩეთის აშენებას მოითხოვენ.
როდემდე გაგრძელდება სოფელ მოხეს დაძაბული დუმილი, სადავო შენობის წარმომავლობის დასადგენად შექმნილი კომისიის დასკვნაზეა დამოკიდებული. ამ დოკუმენტს ერთნაირად ელიან ადგილობრივი მართლმადიდებლებიც და მუსლიმებიც.
რა ბედი ელის სოფელ მოხეს გაყინულ, რელიგიურ კონფლიქტს, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა, ოჯახურ კონფლიქტებს შეადარა, იმ კომისიის დასკვნაზეა დამოკიდებული, რომელსაც ორი წელია არაფერი გაუკეთებია.
ამ მოვლენების პარალელურად, განცხადებებს ავრცელებს არასამთავრობო სექტორი. სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმაც. უჩა ნანუაშვილმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, სწრაფად გადაწყვიტოს სადავო შენობის კუთვნილების საკითხი და მუსლიმებისთვის მოხეში განსაზღვროს სალოცავი ადგილი, რომელიც მისაღები იქნება მუსლიმი თემისთვის და არ შექმნის რელიგიური ნიშნით დაპირისპირების საფუძველს.