საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო შეფასება თავშეკავებულად დადებითი იყო. არც ისე კარგი, თუმცა არც ცუდი. რა თქმა უნდა, დამკვირვებლებზე კარგად არ იმოქმედა დარღვევებისა და ძალადობის დაფიქსირებულმა ფაქტებმა, მაგრამ, ჯამში, დასავლეთმა კრიტიკისგან მაინც თავი შეიკავა. ამის მიზეზი, ალბათ, უფრო იქ უნდა ვეძებოთ, რომ საქართველო რეგიონის კვალობაზე კვლავაც გამორჩეული დემოკრატიაა. იმ პირობებში, როცა დემოკრატია კრიზისშია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და განსაკუთრებით სწორედ საქართველოს მომიჯნავე რეგიონში, არჩევნებზე გადაცდომების გამო საქართველოს ხელისუფლებასთან ბუტიაობა ნამდვილად არ შეიძლებოდა. დასავლეთმა სწორედ იმავე მიზეზით დაუჭირა მხარი „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლასაც. მით უფრო, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისისთვის არავისთვის ცხელოდა. მოკლედ, ქართულმა დემოკრატიამ წინ ნამდვილად ვერ წაიწია, მაგრამ, როცა საერთო ფონზე ასეთი პრობლემებია, ამაზე ხმის ამომღები არავინაა.
საერთო ფონი სტამბულში გამართულმა ენერგეტიკულმა სამიტმაც დიდად არ გამოაკეთა. აქ მეტად გულთბილი შეხვედრა შედგა ერდოღანსა და პუტინს შორის. ორი ლიდერი გვერდიგვერდ იჯდა, მათ გვერდით კი, პუტინისგან მარჯვნივ ალიევმა დაიკავა ადგილი. თუმცა, განსაკუთრებულ ყურადღებას, ცხადია, მაინც პუტინ-ერდოღანის დუეტი იქცევდა, მით უმეტეს, რომ ლიდერებმა, ბოლოს და ბოლოს, თურქული ნაკადის მშენებლობის დაწყების შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ეს პროექტი 2014 წელს შეთანხმდა, ყირიმის ანექსიიდან სულ რამდენიმე თვეში. იქ, სადაც შეთანხმებას ასეთმა მოვლენამ ვერ შეუშალა ხელი, ყველა ელოდა, რომ პროექტის რეალიზაცია სწრაფად დაიწყებოდა, მაგრამ ჯერ იყო და თურქებმა მოლაპარაკებები გააჭიანურეს, შემდეგ კი რუსული გამანადგურებელი ჩამოაგდეს, რამაც მოლაპარაკებებიც შეაჩერა. პროექტი თურქეთში ჩავარდნილი გადატრიალების წყალობით დაიძრა, როცა ერდოღანმა სერიოზული წმენდა განახორციელა და ამის გამო დასავლეთის კრიტიკა დაატყდა თავს. რუსეთს, რომელსაც თავად აკრიტიკებენ არადემოკრატიულობის გამო, თურქეთში განხორციელებულ დევნაზე, ცხადია, ხმა არ ამოუღია და ამგვარად, ერდოღანისთვის პუტინი კვლავ მეტად საჭირო პარტნიორად იქცა.
მიუხედავად ამისა, პროექტის თაობაზე მოლაპარაკებები, ალბათ, არც ისე იოლად წარიმართა, რადგან სულ ორი ტოტის მშენებლობა გადაწყდა. ეს კი რუსეთისთვის მინიმუმია. ერთმა ტოტმა თავად თურქეთი უნდა მოამარაგოს გაზით, მეორე კი ევროპისკენ უნდა წავიდეს. რუსეთისთვის გაცილებით ეფექტიანი სამი ან მეტი ტოტის მშენებლობა იყო, მაგრამ თურქებთან მოლაპარაკება არც ისე იოლი საქმეა.
ენერგეტიკულ სამიტზე თურქები თავს იწონებდნენ იმით, რომ მათ ქვეყანას ეკონომიკური ზრდის ტემპით მსოფლიოში დიდი სახელმწიფოებიდან მხოლოდ ჩინეთი თუ უსწრებს, მაგრამ იქვე აღნიშნავდნენ, რომ მათი ეკონომიკა ძალიან არის დამოკიდებული ენერგოიმპორტზე. ამ მხრივ კი, რუსეთი მათთვის ჯერჯერობით შეუცვლელია.
სამიტზე აღსანიშნავი გამოსვლა ჰქონდა ვენესუელის პრეზიდენტ მადუროს, რომელმაც „ნავთობზე სამართლიანი ფასების“ მნიშვნელობაზე ისაუბრა. ეს ის თემა იყო, რომელიც ალიევ-პუტინ-ერდოღანის სამეულში მხოლოდ პირველ ორს აინტერესებდა. თურქეთი ენერგოიმპორტიორი ქვეყანაა და ძვირი ნავთობი არაფერში აწყობს. რუსეთთან მას ეს ნამდვილად არ აახლოებს.
დემოკრატიის ფუფუნება
თურქულ-რუსული დაახლოება, ცხადია, დასავლურ პრესაში განსაკუთრებული განხილვის თემად იქცა. თუმცა, განსაკუთრებული კრიტიკა ერდოღანს ამჯერად არ დაუმსახურებია. ამერიკის მთავრობის დამოკიდებულება მომხდარის მიმართ ყველაზე უკეთ „ვაშინგტონ პოსტმა“ შეაჯამა: ცხადია, თეთრ სახლში ურჩევნიათ, დემოკრატიებთან იმეგობრონ, ცხადია, ნატო დემოკრატიული ქვეყნების კლუბია. მაგრამ, მეორე მხრივ, ამერიკის ადმინისტრაცია ნატოში პორტუგალიას იტანდა, რომელმაც ერთი პერიოდი დემოკრატიის გზას ისე გადაუხვია, რომ ახლანდელ თურქეთთან მისი შედარება უხერხული იქნება. იგივეს თქმა შეიძლებოდა ესპანეთზე რომელიც 1982 წელს მიიღეს ნატოში და რომელიც, ასევე, შორს იდგა მაშინ დემოკრატიისგან (ფრანკოს გარდაცვალებიდან არც ისე დიდი დრო იყო გასული). საერთოდაც, ამერიკისთვის დემოკრატია ლიტონი სიტყვა არ არის, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება და სასწორზე ეროვნული ინტერესები დგას, ვაშინგტონი რაღაცებზე თვალებს ხუჭავს. ის კი არა, ოდესღაც პინოჩეტის ჩილესაც უჭერდა მხარს, რომელიც არადემოკრატიული რეჟიმი იყო, მაგრამ სამაგიეროდ ამ ქვეყანაში კომუნიზმის გავრცელების საფრთხე გაანეიტრალა. სჯობდა კი პინოჩეტის რეჟიმს კომუნიზმი? ამ შეკითხვაზე დადებითად პასუხი, ალბათ, ყველას გაუჭირდება.
როცა კრიზისია, მოკავშირეებს იდეოლოგიების მიხედვით არ ირჩევენ. მეორე მსოფლიო ომში ამერიკა და ბრიტანეთი კომუნისტურ საბჭოთა კავშირთან ერთად ებრძოდნენ გერმანიას. ახლა რთულია ამის დაჯერება, მაგრამ მეორე მსოფლიო ომში დემოკრატიული ქვეყნების რიცხვი პირდაპირი მნიშვნელობით თითზე ჩამოსათვლელი იყო. ის კი არა, უკვე 1930-იან წლებში მათი რიცხვი კატასტროფულად შემცირდა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ აღმოსავლეთ ევროპაში პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუკაზე გაჩნდნენ პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, რომლებიც დემოკრატიის გზას დაადგნენ, უბრალოდ, იმ მიზეზის გამო, რომ ომი დემოკრატიული სახელმწიფოების (ამერიკა, ბრიტანეთი, საფრანგეთი) გამარჯვებით დასრულდა. მაგრამ უკვე 1920-იან წლებში ყველაფერი უკან წავიდა. იტალიაში ფაშისტებმა გაიმარჯვეს, რასაც მოჰყვა ჰიტლერის გამარჯვება გერმანიაში, დემოკრატიების ჩამოშლა პოლონეთსა და ბალტიისპირეთში, ფრანკოს გამარჯვება ესპანეთში... საფრანგეთს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ყველანაირ კონფლიქტზე ფიქრიც აშინებდა (რაშიც ბრიტანეთის პასიური პოლიტიკაც უწყობდა ხელს) და ჰიტლერს ვერ ეწინააღმდეგებოდა. ამერიკა ომის დასრულების შემდეგ ისევ თავის ნახევარსფეროში იყო ჩაკეტილი. მალე გერმანიამ აღმოსავლეთ ევროპაში დარჩენილი ერთადერთი დემოკრატია - ჩეხოსლოვაკია - გააქრო რუკიდან, 1940 წელს კი საფრანგეთი დაამარცხა და მასთან ერთად ბენელუქსის და სკანდინავიის ქვეყნებიც გააქრო (შვედეთი ნეიტრალური იყო, მაგრამ გერმანიას უჭერდა მხარს). ამის შემდეგ ევროპაში ერთადერთი დემოკრატია დარჩა ბრიტანეთის სახით. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ დემოკრატია საერთოდ უნდა გამქრალიყო. საუბარი არაა იმაზე, რომ ძნელად თუ მოსდიოდა თავში ვინმეს აზრი, რომ დემოკრატია მმართველობის საუკეთესო ფორმა იყო, რომლისკენაც კაცობრიობა თავისთავად, ბუნებრივად მიდიოდა. საფრანგეთში ჯერ კიდევ გერმანიასთან დამარცხებამდე გაისმოდა მოწოდებები, რომ დაემხოთ დემოკრატია (რომელსაც აბრალებდნენ ძირითადად პოლიტიკურ კრიზისებსა და არასტაბილურ მთავრობებს) და ფაშისტური მმართველობა შემოეღოთ, რომელიც სტაბილური იტალიისა და გერმანიის შემხედვარე, ერთი შეხედვით, ამართლებდა.
ვითარება მეორე მსოფლიო ომის შედეგებმა შეცვალა. ისევ გაიმარჯვეს დემოკრატიებმა, ამერიკა კი ამჯერად ევროპიდან აღარ წავიდა. გერმანიასა და იტალიაში დემოკრატია დამყარდა. საფრანგეთი ფეხზე დადგა და მოძლიერდა. მაგრამ აღმოსავლეთ ევროპა საბჭოთა კავშირის მიერ იქნა ოკუპირებული და მთელი ცივი ომის განმავლობაში ბრძოლა ისევ გაგრძელდა. 70-იანი წლების ბოლოსთვის დემოკრატიებმა ისევ უკან დაიხია - საბერძნეთში, პორტუგალიაში, არგენტინაში, ბრაზილიაში... 1980-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დასუსტებასთან ერთად, ვითარება ისევ გამოსწორდა, ხოლო 1990-იან წლებში, კომუნიზმის დამარცხებასთან ერთად, საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ დემოკრატიის საყოველთაო გამარჯვებას ორიოდ ათწლეული აკლდა. მაგრამ ბოლოდროინდელი ტენდენცია მოწმობს, რომ ეს ოპტიმიზმი მეტად გადაჭარბებული იყო. ყოფილი საბჭოთა კავშირიდან დემოკრატიებად მხოლოდ ბალტიისპირეთის სახელმწიფოები თუ ჩაითვლებიან. რუსეთის ავტორიტარიზმამდე დაცემა, ცხადია, მთელ მის სამეზობლოს უკან ექაჩება. თურქეთის დემოკრატიული განვითარება შეჩერებულია. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში დემოკრატიის განვითარებას ნამდვილად არ უწყობს ხელს ჩინეთი. ამ უკანასკნელის გავლენა, ცხადია, უფრო შორსაც მიდის. ასე, მაგალითად, ჩინეთი არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვენესუელის ანტიამერიკული და პოპულისტური რეჟიმი ჯერ კიდევ ფეხზე დგას.
ყოფილ საბჭოთა კავშირში დემოკრატიის განვითარება პირდაპირ კავშირშია დასავლეთთან. ბოლო დროს ევროპა მიგრანტთა კრიზისის გამო ჩვენი რეგიონისთვის ნაკლებად იცლის. ამერიკა რეგიონის მიტოვებას ნამდვილად არ აპირებს, მაგრამ ობამას მმართველობისას ვაშინგტონმა მთავარ პრიორიტეტად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ფეხის მოკიდება დაისახა. ჩინეთი გაცილებით დიდ პრობლემად ჩანდა, ვიდრე რუსეთი. ამ უკანასკნელს 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა (ობამა სწორედ მაშინ მოვიდა ხელისუფლებაში), განსხვავებით ჩინეთისგან, ძალიან მძიმედ დაარტყა. თანაც რუსეთის მოსახლეობა იკლებდა, მისი ეკონომიკა კი მეტისმეტად იყო დამოკიდებული ნავთობზე. რთული სათქმელია, რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება. ფაქტია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში პუტინის რუსეთი გაცილებით დიდი პრობლემა გამოდგა. სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა ეს ყველაზე უკეთ წარმოაჩინა.
მსოფლიო ომამდე ჯერ საქმე არ მისულა, მაგრამ კრიზისი სახეზეა. კრიზისების დროს კი, როგორც უკვე ვთქვით, იდეოლოგიის მიხედვით მეგობრებს არ ირჩევენ. მსგავსი ფუფუნება, ალბათ, კიდევ საკმაოდ დიდხანს არავის ექნება.