• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სააკაშვილის ეფექტი

სააკაშვილის ეფექტი

არჩევნების შემდეგ სააკაშვილის მოწოდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ შესულიყო და შემდეგ განვითარებული მოვლენები

19/10/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

არჩევნების შემდეგ სააკაშვილის მოწოდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ შესულიყო და შემდეგ განვითარებული მოვლენები, როდესაც პარტია რეალურად ლიდერს დაუპირისპირდა და საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო, აჩვენებს, რომ გარკვეულწილად მთავარი ოპოზიციური პარტიის რეფორმირება მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ადვილად გადასაწყვეტი არ ყოფილა, რადგან სააკაშვილის იდეას მხარდამჭერებიც ჰყავდა, მთავარი, ერთი მხრივ, პარტიის გადაწყვეტილებაა და, მეორე მხრივ, სააკაშვილის ბოლო პერიოდის რიტორიკა, როდესაც „ნაციონალების“ განცხადებებსაც ეწინააღმდეგებოდა და არჩევნების შედეგებზეც იქონია გავლენა და, როგორც ჩანს, არცთუ დადებითი.

წინასაარჩევნო პერიოდში „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა ამომრჩევლამდე მიეტანა ის, რომ ეს პარტია ძველ შეცდომებს აღარ გაიმეორებს და ოპოზიციაში ყოფნით გააანალიზა, რისი გაკეთება შეიძლება. ამის პარალელურად კი სააკაშვილი პერიოდულად ისეთ განცხადებებს აკეთებდა, რაც რეალურად „ნაციონალების“ ნათქვამს ეწინააღმდეგებოდა.

განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლება ცდილობდა, რომ „ნაციონალებისთვის“ ვითარების ესკალაციის სურვილი დაებრალებინა და შემდეგ მათ წინააღმდეგ გამოეყენებინა, სააკაშვილის განცხადებები სწორედ ხელისუფლების წისქვილზე ასხამდა წყალს.

განცხადებები, რომ ზღვითა და გვირაბით შემოვალ, ცალსახად ძაბავდა ვითარებას და ხელისუფლებას არგუმენტს უჩენდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვითარების ესკალაციას ცდილობს. მართალია, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა, ეს განცხადება კანონის ფარგლებში მოექცია და კეთდებოდა განმარტებები, რომ არჩევნების მერე სიტუაცია შეიცვლებოდა და სააკაშვილს კანონიერად ექნებოდა ქვეყანაში შემოსვლის უფლება, მაგრამ, როგორც „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას ანალიტიკოსები ამბობენ, ამ განცხადებების „აღქმა სრულიად საწინააღმდეგო იყო და ცხადია, ხელისუფლებას უჩენდა არგუმენტს, რაც თავისთავად წამგებიანი იყო „ნაციონალებისთვის“.

„რა თქმა უნდა, სააკაშვილის ეს რიტორიკა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ განცხადებებთან წინააღმდეგობაში მოდის იმიტომ, რომ „მე ჩამოვალ“ ნიშნავს „მე გადავაბიჯებ კანონს“ და ამ დროს მთელი საარჩევნო კამპანია იყო იმაზე აგებული, რომ ჩვენ კანონის ისეთი დამცველები ვიქნებით, როგორც არასოდეს ვყოფილვართო. ეს რიტორიკა აშკარად ეწინააღმდეგება იმას, რასაც ისინი იფიცებდნენ“, - ამბობს „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

სააკაშვილის ამ განცხადებებს არჩევნების შედეგებზე რომ ჰქონდა გავლენა, ამას ყველა აღიარებს და ასეთი შეფასებები კეთდება როგორც პოლიტიკოსების, ასევე ანალიტიკოსების მხრიდან.

არჩევნების მეორე დღესვე „რუსთავი 2“-ის ეთერში „რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალებისა“ და „ქართული ოცნების“ გარკვეულწილად მოულოდნელი შედეგები სწორედ ამ განცხადებების გამო დაიდო.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილის სარფში ჩამოსვლის დეკლარირებით, ოდესაში ზღვის ფონზე სააკაშვილის გამოჩენით, ქალბატონი სანდრას დეკლარირებით, რომ ის გვირაბს გათხრის და ოდესიდან სოლოლაკში შემოვა, „ნაციონალური მოძრაობის“ მოიმედე ამომრჩევლების მობილიზება მოახდინა და მან ჯამში, სწორედ სააკაშვილის ასე გამოყენებით, მიიღო 160 ათასზე მეტი ხმა, ვიდრე თვითმმართველობის არჩევნებზე ჰქონდა და მიუახლოვდა ნახევარმილიონიან ნიშნულს.

მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა იმდენი ილაპარაკა იმაზე, რომ სააკაშვილი საფრთხის მატარებელია, რომ ივანიშვილმაც კარგად გამოიყენა სააკაშვილი“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ანალიტიკოსების ნაწილი კი ამბობს, რომ სააკაშვილის განცხადებებს ორი ურთიერთსაპირისპირო ეფექტი ჰქონდა და მათ, საბოლოო ჯამში, ერთმანეთი გააბათილეს.

„ვფიქრობ, გადაჭარბებულია იმაზე ფიქრი, რომ, რადგან სააკაშვილი ხან ზღვის გადმოცურვას აპირებდა და ხან გვირაბში მოძვრებოდა, ამან რაღაც ნეგატიური ან დადებითი შედეგი მოიტანა. მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად სააკაშვილის მოლოდინი და მისი გაცხადებები მისი კონკრეტული ამომრჩევლისთვის, რომელიც ცოტა უცნაურად აზროვნებს, მთავარსარდლის შემოძახილი იყო და გარკვეული მობილიზება და საბრძოლო სულის გაღვიძება გამოიწვია.

რაც შეეხება იმას, რომ ამ განცხადების გამო ვიღაცა დაფრთხა, ალბათ, ეს ასე იყო და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ნაწილს უბიძგა, „ქართული ოცნებისკენ“ გადახრილიყო. ამიტომ მისი ამ ექსცენტრიკული საქციელით პლუსებმა და მინუსებმა ერთმანეთი გააბათილა და შედეგი, საბოლოო ჯამში, ნულოვანი იყო“, - ამბობს „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ანალიტიკოსების უმეტესობა სააკაშვილის ამ განცხადებებს, პირველ რიგში, „ნაციონალების“ დამაზიანებლად მიიჩნევს.

„ვფიქრობ, რომ სააკაშვილის ჩართულობამ საარჩევნო კამპანიაში გარკვეულწილად ხელი შეუწყო „ნაცმოძრაობის“ მომხრეების ერთგვარ მობილიზებას, რადგანაც მათთვის „ნაცმოძრაობა“, ფაქტობრივად, გაიგივებულია სააკაშვილთან. მაგრამ, მეორე მხრივ, სააკაშვილის აქტიურმა ჩართულობამ ხელი შეუწყო „ოცნების“ მომხრეთა მობილიზებასაც და არჩევნებზე „ოცნების“ მხარდასაჭერად მოსალოდნელზე მეტი ამომრჩეველი მივიდა იმის შიშით, რომ „ნაციონალები“ არ დაბრუნებულიყვნენ ხელისუფლებაში.

ამ შიშის განცდის პედალირებას ახდენდა, ერთი მხრივ, თავად სააკაშვილი, მეორე მხრივ, ხელისუფლებაც და ამან შედეგი გამოიღო“, - ამბობს ჩვენთან საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

ამ პოზიციას იზიარებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეც და მიიჩნევს, რომ „შეიძლება, სააკაშვილის ეს განცხადებები გადამწყვეტიც კი აღმოჩნდა „ნაციონალებისთვის“ და დასძენს, რომ „ეს კითხვა საინტერესოა არა კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ, ზოგადად, პიარტექნოლოგიების თვალსაზრისით. უდავოა, რომ სააკაშვილი ცდილობდა, ოპტიმიზმი, გვერდით ყოფნის განცდა ჩაენერგა მის მომხრეებში და ხომ არ მოხდა საწინააღმდეგო. ამ საკითხის კვლევა არათუ შეიძლება, სასურველიც იქნებოდა“.

ამასთანავე, ის იმაზეც აკეთებს აქცენტს, რომ სააკაშვილის ეს რიტორიკა გაგრძელდა არჩევნების შემდეგაც, როდესაც ის პარტიას მოუწოდებდა, რომ პარლამენტში არ შესულიყვნენ და ქუჩაში გადაეტანათ ეს პროცესები.

ზოგადად, პროცესების ქუჩაში გადატანას საფუძველი აქვს და ეს მაშინ არის გამართლებული, როდესაც არჩევნები ტოტალურად ყალბდება და საზოგადოებას სხვა გზა არ რჩება. ასეთ შემთხვევად არის მიჩნეული „ვარდების რევოლუცია“, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებამ მაშინდელი არჩევნები გაყალბებულად და არასამართლიანად შეაფასა და შესაბამისად, მაშინ შედეგიც ჰქონდა.

2008 წელს იგივე სცადა მაშინდელმა ოპოზიციამ, მაგრამ ვერაფერი მოახერხეს სწორედ იმის გამო, რომ არჩევნები ლეგიტიმურად იქნა მიჩნეული.

ამ არჩევნების შემდეგაც ითქვა, რომ არჩევნები ტოტალურად არ გაყალბებულა და, ცხადია, ცალკეული შემთხვევის გამო „ნაციონალების“ პარლამენტში არშესვლა არაფერ შედეგს არ მოიტანდა, გარდა იმისა, რომ ვითარება, შესაძლოა, ცოტა ხნით დაძაბულიყო, მაგრამ საბოლოოდ ეს პარტია შესაძლოა, საერთოდ გამქრალიყო.

ამიტომაც სააკაშვილის ამ მოწოდებაში სწორედ ამ რისკებს ხედავდნენ ანალიტიკოსები და როგორც რამაზ საყვარელიძე ამბობს, „ესეც იმ განცხადებების გაგრძელებაა და რეალურად არამარტო ეწინააღმდეგება „ნაციონალების“ განცხადებებს, არამედ ცალსახად მათ წინააღმდეგ არის მიმართული, მაგრამ არა მგონია, ეს შეგნებულად კეთდებოდეს სააკაშვილის მხრიდან“.

„სააკაშვილი უფრო ხშირად ინტუიციით მოქმედებს და ეს ინტუიცია ყველაფერს ვერ ითვალისწინებს და ვფიქრობ, ასე მოხდა ახლაც, რადგან ვერ გაითვალისწინეს, რა შედეგი ექნებოდა. არ მგონია, რომ შეთანხმებული ყოფილიყო პარტიასთან, რადგან სააკაშვილი ძირითადად არ გამოირჩევა შეთანხმებების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით და მიაჩნია, რომ, რასაც ის აკეთებს, ყოველთვის სწორია.

ეს კი გამოჩნდა ახლა, როდესაც „ნაციონალების“ გუნდი ორად გაიყო. სააკაშვილი მოუწოდებდა - ქუჩებში გადით და პარლამენტში არ შეხვიდეთო და გუნდმა ამ გზაზე უარი თქვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არ იყო საერთო სტრატეგია. ცხადია, ცდილობენ, რომ სინქრონული იყვნენ სააკაშვილთან, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ბოლომდე არ გამოდის“, - ამბობს საყვარელიძე.

გია ხუხაშვილი კი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მარტივად მისაღები არ იყო, რადგან პარლამენტში შესვლის მომხრეები რეალურად სააკაშვილის წინააღმდეგ მიდიოდნენ და გარდა იმისა, რომ ეს რთული იყო პარტიაში მისი პიროვნული ფაქტორის გამო, გაცილებით მნიშვნელოვანი იყო იმის გამო, რომ ამით „ნაციონალური მოძრაობის“ სამომავლო ბედი გადაწყდა.

„ცალსახაა, რომ ამ დაპირისპირებაში გრძელვადიანმა პერსპექტივამ გაიმარჯვა, რასაც გიგა ბოკერია ხელმძღვანელობდა. ეს ისეთი პარტიაა, რომელიც ალგორითმად მიიღებს რაღაც გადაწყვეტილებას და მერე ყველა შეასრულებს. ამან გადაარჩინა ეს პარტია, რომ შიგნით საკმაოდ კარგი დისციპლინა აქვთ“, - ამბობს ხუხაშვილი.

რუსა მაჩაიძე
რუსა მაჩაიძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა