"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი დავით ბაქრაძე, საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატ ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს ამომრჩევლებს შეხვდა. შეხვედრაზე სოფელში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ისაუბრეს. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, იორმუღანლოსა და ლამბალოში ბოლო 4 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა. "
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იორმუღანლოსა და ლამბალოში ფაქტობრივად არაფერი გაკეთებულა. არ არის დასრულებული სკოლა, არ არის დასრულებული გზა, ადამიანებს აწუხებთ სიღარიბე, აწუხებთ უმუშევრობა, რაც მთავარია, აწუხებთ ის, რომ არავინ არაა ყურადღების მიმქცევი და საქმის გამკეთებელი", - განაცხადა ბაქრაძემ.
ფაქტ-მეტრი დავით ბაქრაძის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, 2014-2016
წლებში, საგარეჯოს რაიონში, სოფელ იორმუღანლოსა და ლამბალოში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორის: 2014 წელს იორმუღანლოში სასმელი წყლის ჭაბურღილი მოეწყო, ხოლო სოფელ ლამბალოში სარწყავი წყლის სათავე ნაგებობა. იორმუღანლოში შემოიღობა სასაფლაო. ასევე, ლამბალოში სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია, სოფლის ადმინისტრაციული შენობის შემოღობვა და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია ჩატარდა. ამავე წელს, რეგიონული პროგრამით დაფინანსების ფარგლებში, ლამბალო-თულარის ხიდის რეაბილიტაცია განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 136 999 ლარი შეადგინა.
2015
წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფელ იორმუღანლოს სარწყავ არხს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, სამუშაოები 42120 ლარი დაჯდა. ამავე წელს ოთხ სოფელში, მათ შორის იორმუღანლოში და ზემო და ქვემო ლამბალოში გაყვანილი იქნა სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალი, რომლის ღირებულებამ 250931 ლარი შეადგინა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან იორმუღანლოს იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებში 41 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. ამავე პერიოდში მოასფალტდა ორი სოფლის დამაკავშირებელი გზა და მოეწყო სანიაღვრე არხები, რაც 854ათასი ლარი დაჯდა.
2016 წელს აღნიშნულ სოფლებში შიდა სასოფლო გზების და სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა, მოეწყო მოსაცდელები, გაიწმინდა სარწყავი არხები, მოეწყო სასმელი წყლის და სადრენაჟე სისტემა, აშენდა სასაწყობე შენობა და სხვა (აღნიშნული პროექტების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე).
იორმუღანლოს თემში გამგებლის წარმომადგენლის ნათიკ რასულოვის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ სოფლებში (ლამბალო, თულარი, დუზაგრამა, იორმუღანლო, ქეშელო) 20 კილომეტრამდე გზა მოიხრეშა. მისივე თქმით, "ამჟამად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი 854 ათასი ლარით იორმუღანლოს შესასვლელიდან ლამბალოს სკოლამდე მისასვლელი 2 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის მოასფალტება მიმდინარეობს".
სოფელ იორმუღანლოსა და ლამბალოში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ფაქტ-მეტრმა კომენტარი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელს, გიორგი ქურდოვანიძეს სთხოვა. მისი ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - იორმუღანლოსა და ლამბალოში (ზემო და ქვემო), სხვადასხვა პროექტებში 1.7 მლნ ლარზე მეტია დახარჯული. "ცალკე თემაა სოფელ ლამბალოს სკოლა, რომლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო და დიდი სკოლა აღმოსავლეთ საქართველოში და მისი მშენებლობისთვის 4 მილიონ 300 ათასი ლარია ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი", - აღნიშნა ქურდოვანიძემ.
ფაქტ-მეტრმა ასევე დააზუსტა, რომ 2013 წლის 30 აპრილს სახალხო დამცველმა უჩა ნანუშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი მარგველაშვილს რეკომენდაციით
მიმართა, დაუყოვნებლივ მიეღო ზომები, რათა ლამბალოს საჯარო სკოლის ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსწავლეებს ღირსეულ გარემოში განათლების მიღება შეძლებოდათ.
2013 წლის 27 მაისს განათლების და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა და ახლანდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა,
რომ 2013 წლის სექტემბერში ლამბალოში ახალი სკოლა იქნებოდა, თუმცა მშენებლობა გადაიდო.
ლამბალოში საჯარო სკოლის მშენებლობა 2014 წლის 4 თებერვალს დაიწყოდაგეგმის მიხედვით ერთ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, მშენებლობის ვადები დაირღვა და ამჟამად შენობის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ამავე წლის 25 მაისს სკოლის მშენებლობა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა. პრემიერ-მინისტრთან ერთად, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს მაშინდელი განათლების მინისტმა თამარ სანიკიძემ პირობა მისცა, რომ სკოლის მშენებლობა 2015 წლის ივნისში დასრულდებოდა.
როგორც მუნიციპალიტეტში გვითხრეს, მშენებლობა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიზეზით გაჭიანურდა.
სკოლა, სადაც 1 000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, მერვე წელია კერძო პირებისგან ნაქირავებ სათავსოებში ფუნქციონირებს. მოსწავლეებს გაკვეთილები იმ ოთახებში უტარდებათ, სადაც ადრე ბოსელი იყო. ნაქირავები შენობები, სადაც გაკვეთილები ტარდება, ერთმანეთისგან რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული. სასწავლო პროცესი 5 ლოკაციაზე ერთდროულად მიმდინარეობს.
როგორც ფაქტ-მეტრს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნატა ასათიანმა განუცხადა, სკოლაში სარემონტო სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება. რის გამოც, მასივე თქმით, ლამბალოს სკოლაში სასწავლო პროცესი 2 კვირით გვიან, დაახლოებით 1 ოქტომბერს დაიწყება.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სოფელ იორმუღანლოს მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანია "არიკ ჯგუფი" 150 ხუთვარსკვლავიანი ვილის მშენებლობას გეგმავს. კომპანია ტურისტებს მრავალფეროვან სერვისებს შესთავაზებს.სოფელ იორმუღანლოში ირანელმა ბიზნესმენებმა ფსტას ბაღები გააშენეს.ახლო მომავალში კომპანიები TR Georgia Project 2 და Aric Group მეურნეობის ტერიტორიაზე თხილის და ფსტის გადამამუშავებელი ქარხნების აშენებას გეგმავენ. კომპანია Aric Group-ის დირექტორის, აფზალ რავარის ინფორმაციით, წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება და ექსპორტზეც გავა. მისივე განცხადებით, 2020 წლისთვის მიწების კულტივირება სრულად დასრულდება, რის შემდეგაც ტურიზმის განვითარების
მიმართულებით მუშაობა დაიწყება.
ზემოაღნიშნული პროექტების მიუხედავად, ამ სოფლების მოსახლეობას მაინც არაერთი პრობლემა აწუხებს, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური თვალსაზრისით. ძირითად გამოწვევად უმუშევრობა რჩება, რომელიც განსაკუთრებით ახალგაზრდებს აწუხებთ. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის უმრავლესობა თვითდასაქმებულია და ამის გამო თავს უმუშევართა რიცხვს მიაკუთვნებს.
დასკვნა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გავარკვიეთ, რომ 2014-2016 წლებში სოფელ იორმუღანლოსა და ლამბალოში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ამ პროექტებზე 1.7 მლნ ლარზე მეტია დახარჯული. რაც შეეხება ბაქრაძის მიერ ნახსენებ სკოლასა და გზებს, ლამბალოს სკოლის მშენებლობაზე 4 მილიონ 300 ათასი ლარია გამოყოფილი. თუმცა, სკოლის მშენებლობა განსაზღვრულ ვადებში ვერ განხორციელდა და, სავარაუდოდ, სკოლა მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიხსნება. საგზაო სამუშაოების ნაწილი ამჟამად მიმდინარეობს და ჯერჯერობით ასევე არ არის დასრულებული.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, დავით ბაქრაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.