საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის მონაცემებით, საქართველოში 263598 დევნილია, რაც 85000 ოჯახზე მეტია.

დევნილები საქართველოს ყველა კუთხეში ცხოვრობენ, მათი პირობები კი ხშირ შემთხვევაში ცხოვრების მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს.

დევნილების ძირითადი პრობლემა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არარსებობაა. პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნოდ დევნილებს პრობლემების მოგვარებას ჰპირდებიან. „ფაქტ-მეტრმა“ ძირითადი პოლიტიკური პარტიების დევნილებისადმი გაცემული დაპირებები შეისწავლა.

„ქართული ოცნება“

„ქართული ოცნების“ პროგრამაში მათი ხელისუფლების დროს გაწეული სამუშაოებია აღწერილი და აქვე გარკვეული უზუსტობები გვხვდება. მაგალითად, ასეთი: „2012 წლის შემდეგ იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოგვარებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო დაფინანსება გაორმაგდა და 24 მილიონიდან 84,7 მილიონამდე გაიზარდა“.

ამ მონაცემების გადამოწმებისას გაირკვა, რომ 2012 წელს განსახლებისა და დევნილთა სამინისტრომ 37 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

„ქართული ოცნება“ დევნილებს საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის გაგრძელებას ჰპირდება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ზუგდიდში კორპუსების აშენება 2000 ოჯახისთვის, ქუთაისში ბინები - 2200 ოჯახისთვის, გორში 480 ოჯახი მიიღებს ბინას, წყალტუბოში კი - 560. თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში დაგეგმილია 2000-მდე ბინის შესყიდვა მენაშენეებისგან.

სახელმწიფო „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში დევნილებისთვის, სულ მცირე, 3000 ბინას შეიძენს. ასევე, გაგრძელდება კერძო მესაკუთრეებისგან იმ საცხოვრებელი ფართების გამოსყიდვა, რომლებიც დევნილებს აქვთ დაკავებული და ამ პროექტის ფარგლებში „ქართული ოცნება“ 1500 დევნილ ოჯახს ჰპირდება ბინით დაკმაყოფილებას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, საერთაშორისო ასპარეზზე დაიცვას იძულებით გადაადგილებული პირების უფლებები. მათი აზრით, მნიშვნელოვანია, არსებობდეს სრული საერთაშორისო კონსენსუსი დევნილთა დაბრუნების უფლებაზე.

ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირებით, ისინი ბოლომდე მიიყვანენ გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში დაწყებულ საქმეს იმ მიზნით, რომ რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადამიანების გამოდევნაზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისროს.

„ნაციონალური მოძრაობა“ დევნილებს ჰპირდება, რომ საერთაშორისო დონორების დახმარებით, დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში განახორციელებენ პროექტებს, რაც დევნილებს დასაქმებაში დაეხმარებათ, ასევე დევნილებს ჩართავენ პროფესიული გადამზადების პროგრამებში.

რაც შეეხება საცხოვრებლებით დაკმაყოფილებას, მათი აზრით, ეს ამოცანა იმ დათქმით უნდა განხორციელდეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბრუნების შემთხვევაში, დევნილები მაინც შეინარჩუნებენ გადაცემულ ბინებს.

„ენმ“ დევნილებს მრავალფეროვან პროგრამებს ჰპირდება საცხოვრებლით დაკმაყოფილებისთვის, თუმცა, მათ, ამ მხრივ, კონკრეტული გეგმა - რამდენ ოჯახს რა ვადაში გადასცემენ ბინებს - პროგრამაში არ აქვთ ასახული.

„თავისუფალი დემოკრატები“

„თავისუფალ დემოკრატებს“ დევნილებისადმი ამბიციური დაპირება აქვთ. მათი პროგრამის მიხედვით, არც ერთი დევნილი არ უნდა დარჩეს საცხოვრებლის გარეშე. დევნილებს უნდა დაუკანონდეთ ის საცხოვრებელი ფართები, რომლებიც ამჟამად სახელმწიფოს ბალანსზეა და მათ უკავიათ.

„თავისუფალი დემოკრატების“ აზრით, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ ვერ ახერხებენ, აირჩიონ და არჩეულნი იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობით სტრუქტურაში. ამიტომ „თავისუფალი დემოკრატები“ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებასა და არჩევნების ჩატარებას აპირებენ.

ირაკლი ალასანიას პარტია გეგმავს, გააგრძელოს საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მშენებლობაზე დევნილებს დაასაქმებს. ასევე, საგადასახადო შეღავათების დაწესებას ჰპირდება ისეთ ბიზნესს, რომელიც ათ ან მეტ დევნილს დაასაქმებს.

„რესპუბლიკური პარტია“

„რესპუბლიკურ პარტიას“ პროგრამაში აღწერილი აქვს, როგორ ხედავენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზებს და მათი აზრით, ამ პრობლემის გადაწყვეტა დევნილებისთვის პრიორიტეტულია.

„რესპუბლიკური პარტიის“ ინიციატივა ითვალისწინებს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, გამოიყენოს ის სარგებელი, რაც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. უმეტესწილად ეს ეხება თავისუფლად გადაადგილებას ევროკავშირის ქვეყნებში, რაც მალე საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებელი იქნება.

რაც შეეხება დევნილთა დაბრუნებას, „რესპუბლიკელები“ მიიჩნევენ, რომ საჭიროა საერთაშორისო მონიტორინგის აღდგენა გალისა და ახალგორის რაიონებში, შემდგომ კი აფხაზურ და ოსურ მხარესთან ორმხრივ ფორმატში დევნილების დაბრუნებისთვის საჭირო დოკუმენტებზე მუშაობის დაწყება.

„ეროვნული ფორუმი“

„ეროვნული ფორუმისთვის“ დევნილთა საცხოვრებელი პრობლემის გადაჭრა პრიორიტეტულია. მათი პროგრამის დიდი ნაწილი სწორედ ამ პრობლემასა და მისი გადაჭრის გზებს უკავშირდება.

90000-მდე დევნილი ოჯახიდან, „ეროვნული ფორუმის“ მონაცემებით, 23 წლის განმავლობაში სახელმწიფომ 30000-მდე ოჯახს გადასცა მუდმივი საცხოვრებელი ფართი, 20000-მდე ოჯახმა კი ეს საკუთარი სახსრებით შეძლო. 40000-მდე ოჯახი დღესაც დროებით საცხოვრებელში ცხოვრობს.

„ფორუმი“ გამარჯვების შემთხვევაში პრობლემის სრულად გადაჭრას 5-6 წელიწადში გეგმავს. პარტიის გათვლებით, ქალაქებში 25000 ოჯახისთვის მრავალსართულიანი კორპუსების ასაშენებლად საჭიროა დაახლოებით 700-750 მილიონი ლარი, ხოლო პროგრამით „სახლი სოფლად“ 15000 ოჯახის დასაკმაყოფილებლად საჭიროა 375-450 მლნ ლარი. ჯამში, პროექტის სრული ღირებულება 1-1.2 მილიარდი ლარის ფარგლებში მერყეობს.

„ფაქტ-მეტრი“ „ეროვნული ფორუმის“ წევრს, დევნილთა და განსახლების ყოფილ მინისტრს დავით დარახველიძეს დაუკავშირდა კითხვით: როგორ აპირებს „ფორუმი“ ამ თანხის მობილიზაციას, როდესაც სამინისტროს ყოველწლიური ბიუჯეტი 85 მილიონი ლარია? დარახველიძის განცხადებით, საჭიროა დევნილთა და განსახლების სამინისტროს ბიუჯეტის გაზრდა 200 მილიონ ლარამდე, რაც პროგრამის დროულად დასრულების გარანტი იქნება.

მისი აზრით, ეკონომიკის ზრდის გათვალისწინებით და სხვადასხვა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით, შესაძლებელია, რომ სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად 200 მილიონ ლარზე ნაკლები არ იყოს.