• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სადილი 1 ლარად და 20 თეთრად

სადილი 1 ლარად და 20 თეთრად

რუსთავის თვითმმართველობამ 2016 წელს უფასო სასადილოების მუნიციპალური პროგრამის უზრუნველსაყოფად 920 000 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

30/08/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

რუსთავის თვითმმართველობამ 2016 წელს უფასო სასადილოების მუნიციპალური პროგრამის უზრუნველსაყოფად 920 000 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. გამოვლინდა გამარჯვებული – შპს „ათონი“, რომელმაც პროგრამაში ჩართული 1 700 ბენეფიციარის დღეში ერთხელ სადილით უზრუნველყოფის ვალდებულება აიღო.

 

„ათონმა“ ტენდერში გამარჯვება ყველაზე დაბალი ფასის დასახელებით მოახერხა. საბოლოოდ, 28 დეკემბერს მასა და რუსთავის თვითმმართველობას შორის დაიდო ხელშეკრულება 735 000 ლარზე.

 

ეს თანხა საწყის სატენდერო ფასზე 185 000 ლარით ნაკლებია. შესაბამისად, გამოდის, რომ კომპანია ერთ ბენეფიციარზე დღეში, საშუალოდ, 1 ლარსა და 20 თეთრს ხარჯავს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ თანხაში შედის მომსახურე პერსონალის ხელფასი, იჯარისა და კომუნალური გადასახადები, გამოდის, რომ რეალურად ერთი ადამიანისთვის სადილის მოსამზადებლად ამაზე კიდევ უფრო მცირე თანხა იხარჯება.

 

იმჟამად რუსთავის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელი დავით ჩაჩხიანი აცხადებდა, რომ ერთი სადილის კალორაჟი 900-1100 კილოკალორიამდე მერყეობდა. ამბობდა, რომ აღნიშნული საკითხი სფეროში კომპეტენტური ასოციაციის რეკომენდაციით გადაწყდა.

 

„წელს ოთხი კომპანია მონაწილეობდა სატენდერო კონკურსში. მათ შორის იყო კონკურენცია. შესაბამისად, ერთი სადილის ღირებულება, საშუალოდ,  1.20 თეთრი გამოვიდა“, – საუბრობდა ჩაჩხიანი.

 

მისივე თქმით, აღნიშნულ თანხაში შედიოდა კომპანიის მიერ გაწეული იჯარის, მომსახურე პერსონალის ხელფასისა და კომუნალური ხარჯებიც. კითხვაზე, ეს ყველაფერი როგორ ეტეოდა 1.20 ლარში, ჩაჩხიანს ასეთი პასუხი ჰქონდა:

 

„ეს კითხვა, ალბათ, თავად კომპანიას უნდა დაუსვათ. ჩემი აზრით, თანხას არ აქვს იმხელა მნიშვნელობა, რამდენიც კვების კალორაჟს. ჩვენ შემთხვევაში კი ერთი სადილის კალორაჟი 900-დან 1100 კილოკალორიამდე მერყეობს“.

 

8 აგვისტოს დავით ჩაჩხიანმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ქალაქის მერი დავით ჯიქია აცხადებს, რომ მასთან დამშვიდობების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ რუსთავის უფასო სასადილოების თემა იყო.

 

„ჩვენ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან პირველი პრეტენზია თებერვალში გამოვთქვით, რადგან ის საკვები, რაც უნდა შემოეტანათ, სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. ამის შემდეგ ორჯერ მოხდა მათი დაჯარიმება.

 

არ ხდებოდა, აგრეთვე, მათ მიერ საკვებზე შესაბამისი სერტიფიკატების დართვა. ამიტომ ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება და ოთხივე უფასო სასადილოში დავსვით ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც დილიდანვე ამოწმებენ საკვების ხარისხსა და წონას.

 

აგრეთვე, ვგეგმავ, პერიოდულად თავად ვესტუმრო ამ სასადილოებს და ვნახო, რა და როგორ მზადდება“, – აცხადებს დავით ჯიქია და დასძენს, რომ ჰიგიენის კუთხითაც იყო სირთულეები და აღნიშნულზე დასკვნა მათმა მუნიციპალურმა ა(ა)იპ-მაც მოამზადა.

 

კითხვაზე, რატომ გაიმარჯვა ტენდერში კომპანიამ, რომელიც ერთი ადამიანისთვის სადილის მოსამზადებლად მხოლოდ 1.20 ლარის დახარჯვას აპირებდა და თან ამ თანხაში შევიდოდა რაციონით გათვალისწინებული ნახევარი პურიც და ბენეფიციართა პერსონალით მომსახურების ხარჯიც, ჯიქია ამბობს, რომ მათ, არსებული კანონმდებლობით, უფლება არ ჰქონდათ, ტენდერში ნაკლები ფასის დამსახელებელი კომპანიისთვის არ მიენიჭებინათ უპირატესობა.

 

„აქვე გეტყვით, რომ ყველაზე ნაკლები ფასის დასახელების შემდეგ ჩვენ მათ მოვთხოვეთ, წარმოედგინათ ფასწარმოქმნის დოკუმენტი, რაც მათ წარმოადგინეს. შესაბამისად, ჩვენ არ შეგვეძლო, ტენდერში გამარჯვებულად სწორედ შპს „ათონი“ არ დაგვესახელებინა.

 

გეტყვით, რომ მომავალ წელს ამ საკითხზე მიდგომის შეცვლას ვგეგმავთ. ჩვენ თვითონ დავაფუძნებთ მუნიციპალურ ააიპ-ს და ბენეფიციარებს ის გაუწევს მომსახურებას“, – დასძენს რუსთავის მერი.

 

რუსთავის მუნიციპალურ სასადილოებში არსებული ვითარების გასარკვევად „ფაქტ-მეტრი“ ამ სერვისით მოსარგებლე სოციალურად დაუცველ ადამიანებს ესაუბრა.

 

„მთავარი პრობლემა ის არის, რომ საკვები არ მზადდება ხარისხიანად. მაგალითად, შემწვარი თევზი – გახსნი და სიშავე, რაც შიგნეულობას ახლავს, შიგნითაა ჩატოვებული. აგრეთვე, ნახევრად უმია კატლეტი. მოგვაქვს და სახლში ხელახლა ვამზადებთ. რამდენჯერმე კვერცხიც ლაყე იყო. წვნიანი კი უკვე კაი ხანია, არ გაგვისინჯავს, რადგან არაფრის გემო არ აქვს და მხოლოდ იმიტომ მოგვაქვს, რომ გვითხრეს, თუ არ წამოვიღებთ საკვებს, რომელიც გვეკუთვნის, კვების ტალონს ჩამოგვართმევენ. კი ვართ ღარიბები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის სადილი უსუფთაოდ და მოსტუმრებაზე გაკეთდეს“, – საუბრობს ერთ-ერთი ბენეფიციარი.

 

იგი მომსახურე პერსონალის ნაკლებობაზეც მიუთითებს:

 

„რეალურად ეს ადამიანები ვერ ასწრებენ ამდენი ხალხისთვის საჭმლის მომზადებას. ამიტომ ყველაფერი უგემურია. მერე უმრავლესობას მიგვაქვს სახლში და გვიწევს ხელმეორედ დამზადება. ასევე, კერძებს აკლია ინგრედიენტები, რასაც მერე, თუ გვაქვს, ჩვენ ვამატებთ.

 

ტალონი ბავშვებზე მაქვს და გეტყვით, რომ ეს კი არის ერთი სადილი, მაგრამ სასადილოდან მოტანილი ამ სადილით ბავშვებს მთელი დღე ვკვებავ. ვდგავარ და ვატყუებ, – დედა, ჭამეთ, გემრიელია-მეთქი, არადა მე თვითონ ვერ ვჭამ. ხშირად ამის გამო ცარიელ პურზე გადავდივარ. აი, პურზეც გამახსენდა. ერთ ტალონზე ნახევარ პურს გვაძლევენ. ეს, მითხრას ვინმემ, ვინ მოიფიქრა“.

 

თავად შპს „ათონი“, რომლის მიმართაც ახლა, ბენეფიციარების ნაწილთან ერთად, პრეტენზიები რუსთავის მერიასაც აქვს, აცხადებს, რომ კომპანია ტენდერით აღებულ ვალდებულებას პირნათლად ასრულებს. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ისინი არ ენდობიან რუსთავის მუნიციპალიტეტის მირ გაცემულ მათი მუშაობის ამსახველ არც ერთ დასკვნას და ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებას ელიან.

 

რუსთავის უფასო სასადილოების პროგრამაში ჩართვის პირობაა სოციალური დაცვის პროგრამაში ქულების რაოდენობა. კონკრეტულად კი პროგრამაში ჩართვის მსურველს 100 000 ქულაზე ნაკლები უნდა ჰქონდეს. რუსთავის თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ პროგრამაში ჩართული 1 700 ბენეფიციარის გარდა, დღეისთვის მათთან უფასო სადილის მიღების მსურველთა კიდევ ასამდე განცხადებაა შესული.

თეგები:
ბადრი ბასიშვილი
ვარძია
ქუთისის № 47 საარჩევნო ოლქი
სკოლები
ალტ-ინტერვიუ
2021 წლის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნები
თავდაცვის ბიუჯეტი
ლუდი
მედეა აბაშიძე
მერაბ თოფჩიშვილი
მანონ ბოკუჩავა
მანონ ბოკუჩავა

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა