გამოქვეყნდა, რომელშიც ის ბოლო წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს. „მართალი ვიყავი, როცა ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომელიც ხმამაღლა ვაპროტესტებდი რაიონის ძალიან მწირი ბიუჯეტიდან, საერთო ჯამში, თითქმის სამი მილიონი ლარის საფეხბურთო გუნდისთვის გადარიცხვას, მათთვის მხოლოდ ხელფასის სახით ათეულათასობით ლარის დანიშვნას მაშინ, როცა კატასტროფული სიტუაცია გვაქვს კულტურაში, სოციალურ სფეროში, ინფრასტრუქტურაში, განათლებაში, ბაგა-ბაღებში და თითქმის ყველა სხვა დანარჩენ სფეროში“ - აღნიშნა გოგავამ.
სამტრედიის საკრებულოში, „ქართული ოცნება“ 2013 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ აბსოლუტური უმრავლესობით მოვიდა. იმედა გოგავაც თავიდან ამ გუნდის წევრი და საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე იყო. თუმცა, როდესაც საკრებულო საფეხბურთო კლუბისთვის თანხის გაზრდაზე გადაწყვეტილებებს იღებდა, გოგავა ამის წინააღმდეგ გამოდიოდა.ფაქტ-მეტრი იმედა გოგავას განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
„კავშირი საფეხბურთო კლუბი სამტრედია“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგასა და დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში მონაწილეობს. 2014-2015 წლების სეზონის გათამაშებაში ეროვნულ ჩემპიონატში ხუთეულში მოხვდა. დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში ვერცხლის მედალი მოიპოვა, 2015–2016 წლების სეზონის უეფას (UEFA) და ეროვნული ლიცენზია მიიღო. 2014-2015 წლების სეზონზე „კავშირი საფეხბურთო კლუბი სამტრედიის“ ბაზაზე ჩამოყალიბდა სხვადასხვა ასაკობრივი გუნდი, რომლებშიც წვრთნა და შეჯიბრებებში მონაწილეობა ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის უფასოა.
„კავშირი საფეხბურთო კლუბი სამტრედიას" ფეხბურთის განვითარების პროგრამისათვის ბიუჯეტიდან თანხა ყოველ წელს გამოეყოფა, ამ თანხის მოცულობა სხვადასხვა წელს სხვადასხვაა. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში, წლის დასაწყისში გათვალისწინებული ხარჯები სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებებით, რამდენჯერმე შეიცვალა და გაიზარდა.
კერძოდ, კლუბს 2014 წლის ბიუჯეტიდან 323 500 ლარი უნდა მიეღო. შემდეგსამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პროგრამის დაფინანსებაში ცვლილება ოთხჯერ განახორციელა და საბოლოოდ, წლის ბოლოს, საკრებულოს გადაწყვეტილებით, კლუბს ბიუჯეტიდან 783 500 ლარი გამოეყო.
ანალოგიურად განვითარდა სიტუაცია კლუბის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებასთან დაკავშირებით მომდევნო წელსაც. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №270 განკარგულებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კლუბის სუბსიდირება 500 ათასი ლარით დაიგეგმა, თუმცა, წლის ბოლომდე პროგრამაში რამდენიმე ცვლილება შევიდა და დაფინანსება, ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე, 1 მილიონ 325 ათას 500 ლარამდე გაიზარდა. ამ წელსკლუბმა 314 157 ათასი ლარი სფფ-დანაც მიიღო. საერთო ჯამში, კლუბს 2014-2015 წლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარზე მეტი აქვს მიღებული.
საინტერესოა, როგორ ნაწილდება თავად „კავშირი საფეხბურთო კლუბ სამტრედიაში" ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები.
საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან ჩანს, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის დიდ ნაწილს კლუბი ხელფასებისა და პრემიებისთვის იყენებს. როდესაც საკრებულო კლუბის დაფინანსებას ზრდიდა, კლუბის პროგრამის განხორციელების ხარჯთაღრიცხვაში თანხა ძირითადად სახელფასო და საპრემიო ფონდებს ემატებოდა. ასე მაგალითად, 2014 წლის სექტემბერში, კლუბის სუბსიდირებამ 400 ათასი ლარით მოიმატა, აქედან 319 450 ლარით მარტო ხელფასები და საპრემიო ფონდი გაიზარდა და ხელფასებისა და პრემიების ჯამურმა მოცულობამ 603 669 ლარს მიაღწია. შესაბამისად,კლუბის ჯამური დაფინანსების (758 500 ლარი) გათვალისწინებით, ბიუჯეტიდან მიღებული თანხის დაახლოებით 85% ხელფასებისა და პრემიებისთვის იხარჯებოდა.
სამტრედიის ბიუჯეტი 2014 წელს 12 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული. კლუბმა ამ წელს დაახლოებით 783 500 ლარი მიიღო,რაც მთელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაახლოებით 6.5%-ია, ხოლო 2015 წელს სამტრედიის ადგილობრივი ბიუჯეტი 9.5 მილიონ ლარს შეადგენდა, საიდანაც 1 მილიონ 196 ათას 600 ლარი „კავშირი საფეხბურთო კლუბი სამტრედიისთვის“ გამოიყო. ეს მთელი წლის ბიუჯეტის 12.5%-ია. საერთო ჯამში, 2015 წლის ბიუჯეტში სპორტის განვითარების ხელშესწყობისთის 2 მილიონ 97 ათასი ლარი იყო გამოყოფილი და ამ თანხის ნახევარზე მეტი მხოლოდ ერთ კლუბს მოხმარდა.
„კავშირი საფეხბურთო კლუბი სამტრედიის“ 2015 წლის დაფინანსება მუნიციპალტეტის 2015 წლის ბიუჯეტშისხვა სფეროებისთვის, მაგალითად, განათლების, კულტურის, ინფრასტრუქტურის, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის გამოყოფილ თანხებს, ხშირ შემთხვევაში, უტოლდება და ზოგჯერ აჭარბებს კიდეც. მაგალითად, კულტურის განვითარების ხელშეწყობისთვის ბიუჯეტში მხოლოდ 884 ათასი ლარი, ხოლო სოციალური პროგრამებისთვის 630 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. კლუბს გადაერიცხა თითქმის იმდენივე თანხა, რამდენიც სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის იყო 2015 წლის ბიუჯეტში (1 მილიონ 145 ათასი ლარი) გაწერილი. ასევე, 2015 წელს მუნიციპალიტეტში სოციალური პროგრამები 888 ათასი ლარით დაფინანსდა. კლუბის დაფინანსებამ კი ამ წელს 1.19 მილიონი ლარი შეადგინა.
2016წლის ბიუჯეტში "კავშირი საფეხბურთო კლუბი სამტრედიისთვის" ჯერჯერობით 600 ათასი ლარია განსაზღვრული.
დასკვნა „კავშირი საფეხბურთო კლუბი სამტრედიის“ განვითარების პროგრამაშიწერია, რომ კავშირის ქონება იქმნება შემოწირულობებით, გრანტებით, დამხმარე სამეწარმეო საქმიანობით და სხვა საშუალებებით, რაც კანონით არ არის აკრძალული. მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014-2015 წლების განკარგულებებში ასახულ კლუბის ხარჯთაღრიცხვაში რაიმე მნიშვნელოვანი შემოსავალი ან სპონსორის მიერ გაწეული ხარჯი, გარდა ბიუჯეტიდან მიღებული თანხისა, არ იძებნება.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, კლუბს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ორ მილიონ ლარზე მეტი ჩაერიცხა, მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტში ზოგიერთი სფერო (განათლება, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები) უფრო ნაკლები თანხით ფინანსდებოდა, ვიდრე საფეხბურთო კლუბი. ბიუჯეტიდან კლუბისთვის გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი ხელფასებზე და პრემიებზე იხარჯებოდა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმედა გოგავას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.