ადამიანებს იცავს ბლოკპოსტები, რომელიც დღეს არის განთავსებული სხვადასხვა ადგილას და ასევე იცავს მობილური პატრული, რომელიც ჩვენ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეულობით პოლიციელი პატრულირებს დე-ფაქტო ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, როგორც აფხაზეთის, ასევე სამაჩაბლოს მიმართულებით. შემიძლია მოგაწოდოთ კონკრეტული მონაცემები, დაფარვა და მათ მიერ შესრულებული სამუშაო, თქვენ თავად დარწმუნდებით, რომ არა ჩვენი დანაყოფების პატრულირება, ამ ხაზებთან შესაძლოა გაცილებით მეტი ინციდენტები მომხდარიყო.“ მისი თქმით, ოთხოზორიას მკვლელობა 2012 წლის შემდეგ, ადმინისტრაციულ საზღვარზე მომხდარი პირველი ასეთი შემთხვევაა, „რომელიც ცალკე არ უნდა განვიხილოთ, ეს არის გაგრძელება იმ შემთხვევათა სერიის, რომელიც ხდებოდა ამ ტერიტორიებზე და რომელზეც, სამწუხაროდ, ადეკვატური პასუხის გაცემა შეუძლებელი აღმოჩნდა".
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
2016წლის 19 მაისს, გიგა ოთხოზორია ე.წ. აფხაზმა მესაზღვრემ რაშიდ კანჯიოღლიმ სოფელ ხურჩაში, აფხაზეთის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, მრავალი მოწმის თვალწინ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მკვლელობა საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. დამნაშავე, ასევე მისი თანმხლები პირები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიმალნენ. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, რაშიდ კანჯიოღლის დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით, სოხუმის დე-ფაქტო სამხედრო პროკურატურამაც დაიწყო და კანჯიოღლისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, თუმცა აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ ეჭვმინანილს აღმკვეთ ღონისძიებად შინაპატიმრობა განუსაზღვრა.
ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა შეემოწმებინა, რა ღონისძიებებს ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინსიტრაციული საზღვრის გასწვრის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, ასევე გამოვითხოვეთ ინფორმაცია ადმინისტრაციულ საზღვრებთან გიგა ოთხოზორიას მკვლელობამდე მომხდარი ინციდენტების შესახებ.
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრების დაცვას 2012 წლამდე და მის შემდეგ, დღემდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ახორციელებს. სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციულ საზღვრებთან განლაგებული ბლოკპოსტებისა და პირადი შემადგენლობის რაოდენობა არ შემცირებულა, ხოლო დამატებითი რიცხობრივი მონაცემები სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება.
გარდა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა, სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემებით, აფხაზეთის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან დამატებით განთავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამი ბლოკპოსტი, რომლებსაც 2012 წლის შემდგომ, სოფელ ხურჩასა და ორსანტიაში პატრულირების მიზნით პოლიციის ორი ეკიპაჟი დაემატა. ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე განთავსებულია შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის 25 ბლოკპოსტი. ყოვედღიურ პატრულირებას კი, პოლიციის 15 ეკიპაჟი ახორციელებს.
შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან, 2012 წლის ჩათვლით, მკვლელობის 6 შემთხვევა, ხოლო 2013 წლიდან დღემდე, მკვლელობის მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული მკვლელობების მსხვერპლთაგან სამი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, ხოლო 4 - სამოქალაქო პირი იყო. რაც შეეხება ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებას, აქ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 2012 წლის ჩათვლით მკვლელობის 8 შემთხვევა დაფიქსირდა. მსხვერპლთა შორის 7 ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი იყო, ხოლო ერთი - სამოქალაქო პირი. 2013 წლიდან დღემდე, ამ ტერიტორიაზე მკვლელობა აღარ მომხდარა.
კითხვის პასუხად, იმყოფებოდნენ თუ არა ოთხოზორიას მკვლელობის მომენტში, შემთხვევის ადგილზე, პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვარს პატრულირებენ, შსს-მ თავის წერილში დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ. უწყებამ უპასუხოდ დატოვა კითხვა მათი არყოფნის მიზეზების, ასევე იმის შესახებ, თუ რატომ ვერ მოხერხდა დამნაშავეთა შემთხვევის ადგილზე დაკავება. ასევე არ მიგვიღია პასუხი, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს ინფორმაცია 2012წლის შემდეგ, შსს-ს გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ საზღვრებთან მდებარე ბლოკ-საგუშაგოების გამყოფი ხაზიდან უკან გადმოწევის თაობაზე.
დასკვნა
არჩილ თალაკვაძის განცხადება იმის თაობაზე, რომ ოთხოზორიას მკვლელობა 2012 წლის შემდეგ მომხდარი პირველი ასეთი შემთხვევაა, სიმართლეა. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, 2008 წლიდან დღემდე, მკვლელობის 7 შემთხვევა, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, 2008 წლიდან დღემდე, მკვლელობის 8 შემთხვევა მოხდა. ამ მკვლელობების მსხვერპლთა უმეტესობა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელია. შსს-ს ცნობით, 2012 წლის შემდგომ, უწყებამ აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე პატრულირება გააძლიერა, რაც სამი ბლოკპოსტისა და ორი საპატრულო ეკიპაჟის დამატებაში გამოიხატა. თუმცა, შსს-გან ვერ მივიღეთ პასუხი, ოთხოზორიას მკვლელობის მომენტში რატომ არ იმყოფებოდნენ ადმინისტრაციულ საზღვარზე პოლიციის თანამშრომლები და დამნაშავეთა შემთხვევის ადგილზე დაკავება რატომ ვერ მოხერხდა. ასევე პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა შსს-ს გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ საზღვრებთან მდებარე ბლოკ-საგუშაგოების გამყოფი ხაზიდან უკან გადმოწევის თაობაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ ინფორმაციის ნაწილი, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციულ საზღვრებთან უსაფრთხოების ზომებს შეეხება, სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება, ხოლო კითხვების ნაწილი შსს-ს მხრიდან პასუხგაუცემელი დარჩა, ფაქტ-მეტრს ვერ გამოაქვს ცალსახა ვერდიქტი იმის თაობაზე, თუ რამდენად ზუსტია შს მინისტრის მოადგილის განცხადება ადმინისტრაციულ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შესახებ.