საქართველოს პრეზიდენტს ერთ თვეზე ნაკლები დარჩა იმისთვის, რომ კონსტიტუციაში ქორწინების ცნების განსაზღვრასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებაზე გადაწყვეტილება მიიღოს. საინიციატივო ჯგუფმა აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციას ხელმოწერები წარუდგინა. 2016 წლის 3 აგვისტოს ცესკომ ხელმოწერები დაამოწმა და საქართველოს პრეზიდენტს გადასცა. 4 აგვისტოს კი ინტერნეტში საპირისპირო შინაარსის პეტიცია გამოჩნდა – პრეზიდენტმა არ დანიშნოს ქორწინების შესახებ რეფერენდუმი – და მასზე ხელმოწერების რაოდენობა ყოველწუთიერად იზრდება.
კონსტიტუციაში ქორწინების ცნების განსაზღვრაზე საუბარი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ 2014 წლის 28 მარტს დაიწყო, როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მიმართა წინადადებით, რომ განეხილათ მისი ინიციატივა კონსტიტუციაში შემდეგი ჩანაწერის გაკეთების თაობაზე: "ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა". თუმცა, მაშინ ამ საკითხის გადაწყვეტა 2016 წლამდე გადაიდო.
როგორც ჩანს, არჩევნებამდე აღნიშნული თემის წამოწევა მიღებული პრაქტიკაა. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ "ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამაც" მოამზადა საკონსტიტუციო ცვლილებების ანალოგიური პროექტი, რომელიც, ასევე, 36-ე მუხლს ეხებოდა და მის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
სანამ საქმე რეფერენდუმამდე მივიდოდა, 2016 წლის 14 მარტს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა კონსტიტუციური კანონპროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომლის ინიცირება 80-მა დეპუტატმა მოახდინა. მათ უმრავლესობას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები შეადგენდნენ.
პარლამენტმა 27 მაისს პირველი მოსმენით განიხილა საკონსტიტუციო ცვლილების აღნიშნული პროექტი, თუმცა, კვორუმის არარსებობის გამო ის კენჭისყრაზე ვერ დადგა.
სწორედ ამის შემდეგ, საინიციატივო ჯგუფმა ამავე საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით ცესკოს მიმართა. საარჩევნო კომისიამ ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით სარეფერენდუმო საკითხი 12 ივნისს დაარეგისტრირა. იმის მიუხედავად, რომ ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მცდელობა თავდაპირველად კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა, რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფი ხელისუფლებასთან კავშირს უარყოფს.
მნიშვნელოვანია, რომ რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, სანდრო ბრეგაძე, 2014 წლიდან 2016 წლამდე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც სამოქალაქო პლატფორმაში „არა ფობიას!“ შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისადმი ერთიანი მიმართვა შეიმუშავეს და ბრეგაძის მიერ გაჟღერებული ჰომოფობიური განცხადებების გამო მის მიერ პოსტის დატოვება მოითხოვეს, ბრეგაძე თანამდებობიდან გადადგა.
ის ახლა პარტიის "თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის" წევრია და თამაზ მეჭიაურთან ერთად, რომელიც, ასევე, ჰომოფობიური განცხადებებით არის განთქმული, რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.
სანდრო ბრეგაძე პირდაპირ აცხადებს, რომ მისი სურვილია, ეს რეფერენდუმი საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდეს.
არჩევნების წინ ქორწინების დეფინიციის თემის ასეთი გააქტიურება პოლიტიკური გავლენებისადმი მოწყვლად ელექტორატზე ზემოქმედების ეფექტური მცდელობაა. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ ქორწინების საკითხისადმი ქართველი საზოგადოების დიდ უმრავლესობას კონსერვატიული მიდგომა აქვს და წინასაარჩევნოდ ელექტორატზე გავლენის მოხდენა ამ თემაზე სპეკულაციით ადვილად მოხერხდება, ხსნის რეფერენდუმის ჩატარების მსურველთა ასეთ აქტიურობას.
საინიციატივო ჯგუფი უკვე მოექცა მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მათი ცნობადობა გაიზარდა, რაც პირდაპირ კავშირშია არჩევნებთან და მათ რეიტინგთან. რეფერენდუმის საპარლამენტო არჩევნებთან ერთად გამართვა კი, საარჩევნო უბნებზე იმ ადამიანების რიცხვს გაზრდის, ვინც მკვეთრად კოსერვატიული პოზიციებით გამოირჩევა და შესაძლებელია პოლიტიკური არჩევანის გაკეთებისთვის არჩევნებზე არ მივიდეს, მაგრამ აუცილებლად მივა იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებს.
იურისტთა ნაწილი აცხადებს, რომ რეფერენდუმის დანიშვნა იმ საკითხებზე, რამაც შეიძლება ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები შეზღუდოს, საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ისინი აცხადებენ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უფლებების შემზღუდავი ეფექტის გამო არ უნდა დაერეგისტრირებინა სარეფერენდუმო საკითხი. თუმცა, რადგან ასე მოხდა, ახლა მთავარი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.
კონსტიტუციონალისტთა ნაწილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილს შეუძლია, არ დანიშნოს რეფერენდუმი ამ მოთხოვნის კონსტიტუციასთან შეუსაბამობის გამო.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლი ქორწინებას შემდეგნაირად განსაზღვრავს: „ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ“. შესაბამისად, კონსტიტუციის 36-ე მუხლში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრა უკვე არსებული ნორმის გამეორებაა.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტი რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს და შემდეგ, შედეგების საფუძველზე, კონსტიტუციის 36-ე მუხლში ქორწინების დეფინიცია განისაზღვრება, ეს შესაძლოა, ჰომოფობიური განწყობების წახალისების საფუძველი გახდეს. უმცირესობების უფლებები ისედაც იზღუდება, რაზეც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია წლებია მიგვითითებს, 36-ე მუხლის რედაქტირება კი საერთაშორისო საზოგადოების მეტ კრიტიკას გამოიწვევს და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს დააზარალებს. გარდა ამისა, ეს იქნება ადამიანის უფლებების მხრივ უკან გადადგმული ნაბიჯი.
საქართველოს პრეზიდენტს რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს, ერთი მხრივ, პოლიტიკურად მოტივირებულ, პოპულისტურ ნაბიჯსა და, მეორე მხრივ, სამართლებრივად სწორ ქმედებას შორის. მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება პოლიტიკურად წამგებიანი იქნება რადგან ან კოსერვატიულად განწყობილი ამომრჩევლის კრიტიკას დაიმსახურებს, ან ლიბერალურად განწყობილი ადამიანებისა და საერთაშორისო საზოგადოების უარყოფით შეფასებას. თუმცა, კანონის საფუძველზე პრეზიდენტს შეუძლია, გადაწყვიტოს, რომ რეფერენდუმი არ ჩატარდება, ან შეუძლია, რეფერენდუმის ჩატარება არჩევნების თარიღს არ დაამთხვიოს, რაც თემას პოლიტიკურად ნაკლებად მომგებიანს გახდის.