27 ივნისს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წვევამდელთა მიღებას აღარ განახორციელებს.

მკითხველის თხოვნით, ფაქტ-მეტრმა ეს საკითხი შეისწავლა.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება ფართო დისკუსიის საგანია. 2016 წელს გაწვევის შეჩერებასთან დაკავშირებით ნათლად გამოიკვეეთა როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა პოზიციები და არგუმენტები.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების მომხრეები მიიჩნევენ, რომ საქართველოსთვის აუცილებელია პროფესიული ჯარის არსებობა. მობილური, მაღალკვალიფიციური ჯარი უკეთ შეასრულებს იმ სამხედრო ამოცანებს, რაც თავდაცვის სამინისტროს მიზნად აქვს დასახული. გარდა ამისა, გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის განცხადებით,

 პროფესიულ არმიასთან ერთად სავალდებულო სამხედრო სამსახური ფინანსურ პრობლემებთან არის დაკავშირებული: "თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ წვევამდელი ჯარისკაცი ისევე უნდა მომზადდეს როგორც პროფესიონალი ჯარისკაცი, ელემენტარულად, ეს დამატებით თანხებს ითხოვს. ამავე დროს ცუდ ჯარისკაცს და კარგ ჯარისკაცს აქვთ ერთნაირი კვება, სჭირდებათ აღჭურვილობა, ტრანსპორტირება. ასევე, წვევამდელს ვერ წაიყვან საერთაშორისო ოპერაციებში". აღნიშნული პოზიციის მომხრეთა აზრით, წვევამდელების შემთხვევაში ქვეყანას აკლდება სამუშაო ძალა, გადასახადის გადამხდელი. ამავე დროს, სახელმწიფომ ხარჯი უნდა გაწიოს წვევამდელთა შენახვაზე, რომლებიც ხშირად არასათანადო პირობებში  მსახურობენ.

თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილების ოპონენტთა აზრით, პროფესიული არმია ხდება "ელიტური" ჯგუფი და მნიშვნელოვნად წყდება საზოგადოებას. სავალდებულო სამხედრო გაწვევის გაუქმების მოწინააღმდეგეთა ნაწილი თვლის, რომ პროფესიულ არმიაზე გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი რეზერვის არსებობის პირობებში. სარეზერვო სისტემის კონცეფცია კი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.

პროფესიული არმიის შენახვა საკმაოდ ძვირია. "თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვაზე 2013-2016 (თსმ 2013-2016)" დაყრდნობით, საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 2016 წელს უნდა ყოფილიყო 880 მილიონი ლარი, თუმცა დღეს ბიუჯეტი 670 მილიონ ლარს შეადგენს, რაც, ბუნებრივია, ვერ იქნება საკმარისი სისტემის სრული რეორგანიზაციისა და დაგეგმილი აქტივობების სრულყოფილად შესრულებისთვის (მათ შორის პროფესიულ არმიაზე გადასვლა და ძლიერი რეზერვის ჩამოყალიბება).

მინისტრის ბრძანებამ საზოგადოებაში გარკვეული დაბნეულობაც შემოიტანა. გაჩნდა აღქმა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმდა. თუმცა, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის მოვალეობაა. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმა განისაზღვრება კანონით. ამდენად, სამხედრო ვალდებულების გაუქმება საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე წარმოუდგენელია.

საქართველოს კანონის "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" თანახმად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, "სამხედრო ძალებში გაწვევის საფუძველია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელსაც შეიმუშავებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო. პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს თავდაცვის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მოთხოვნები". შესაბამისად, გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელს აწერს პრეზიდენტი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებულ პროექტზე დაყრდნობით. თავდაცვის სამინისტრო, მინისტრის გადაწყვეტილებით, აღარ გააკეთბს განაცხადს წვევამდელთა მიღებაზე.

ასევე, გაჩნდა მოსაზრება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი იყო NATO-ს სტანდარტებთან მიახლოებისთვის. თუმცა, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას არ გააჩნია საკუთარი შეიარაღებული ძალები, ის შედგება წევრი სახელმწიფოების არმიებისგან. თითოეული სახელმწიფო თვითონ განსაზღვრავს, როგორი ტიპის შეიარაღებული ძალები ჰქონდეს (აშშ - საკონტრაქტო, ძლიერი რეზერვის სისტემით, პოლონეთი  - საკონტრაქტო სისტემით, თურქეთი - სავალდებულო სამხედრო გაწვევით და ა. შ.). შესაბამისად, ამ მიმართულებით NATO-ს ერთიანი სტანდარტი არ არსებობს.

დასკვნა 27

ივნისიდან თავდაცვის სამინისტრო აღარ ახორციელებს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სავალდებულო გაწვევა მთლიანად უქმდება. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტრომ მიიღო 2007-2009 წლებშიც, როდესაც გაწვევა მხოლოდ ერთხელ განხორციელდა. მოქალაქეებს სავალდებულო სამსახურში კვლავაც გაიწვევს შსს, სასჯელაღსრულების სამინისტრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. თავდაცვის მინისტრს ჰქონდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების უფლება, ისევე როგორც მომავალ მინისტრს და პრემიერ-მინისტრს აქვთ ბრძანების გაუქმების პრეროგატივა.

სინამდვილეს არ შეესაბამება მოსაზრება, რომ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა NATO-ს სტანდარტებთან დაახლოებას, რადგან ასეთი მოთხოვნები და სტანდარტები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ გააჩნია.