დაიხვეწა და გაცილებით გამჭვირვალე გახდა საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი, ხოლო საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენების მაჩვენებელი შემცირდა. "ბოლო წლებში საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას მკვეთრად დაიკლო სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენებამ ... საპროცესო შეთანხმებების შედეგად 2009 წელს ბიუჯეტში მობილიზებული იყო 60 მილიონი ლარი, 2010 წელს – 96 მილიონი ლარი, 2011 წელს – 100 მილიონი. 2014 წელს იყო 22 მილიონი, ხოლო 2015 წლის ცხრა თვეში არის – 15 მილიონი ლარი".
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ სტატისტიკას, შოთაძის განცხადებაზე დაყრდნობით, პარტია "ქართული ოცნების" წევრებიც ხშირად იყენებდნენ. პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, დეპუტატმა შოთა ხაბარელმა განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში საპროცესო შეთანხმებებიდან ბიუჯეტში შესული თანხები წლიურად 100 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო დღეისთვის კი ეს რიცხვი 15 მილიონ ლარამდე შემცირდა.
2006-2015 წლებში საპროცესო გარიგებებიდან ბიუჯეტში შესული თანხების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, ფაქტ-მეტრმა ფინანსთა სამინისტროს მიმართა. სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით,საპროცესო გარიგებებიდან მიღებული შემოსავლების ცალკე აღრიცხვა არ ხდება და ისინი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სანქციებიდან (საურავები და ჯარიმები) მიღებულ სხვა შემოსავლებთან ერთად აღირიცხება. ასევე, სამინისტროდან მიღებული წერილით გავარკვიეთ, რომ 2006 წელს საპროცესო გარიგებებიდან მიღებული შემოსავლები ცალკე მუხლში არ აღირიცხებოდა, შესაბამისად, 2006 წელს საპროცესო შეთანხმებებიდან მიღებული თანხების შესახებ სამინისტროდან ინფორმაციის მიღება შეუძლებელია.
2007წელს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმებიდან და საურავებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მიღებული შემოსავლები 49.6 მილიონ ლარს შეადგენდა, 2008 წელს 45.6 მილიონ ლარამდე შემცირდა, ხოლო 2009-2011 წლებში მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა.
გრაფიკი 1:
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) ბიუჯეტში მიღებული შემოსავლები
წყარო: ფინანსთა სამინისტრო
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სანქციებიდან მიღებულმა შემოსავლებმა ყველაზე მაღალ რიცხვს 2011 წელს მიაღწია და 82.4 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო 2012 წლიდან ეს მონაცემი ყოველწლიურად მცირდებოდა და გასულ წელს 30.6 მილიონი ლარი შეადგინა.
მოცემული სტატისტიკიდან გამომდინარე შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ საპროცესო გარიგებებიდან მიღებულ შემოსავლებს 2007-2012 წლების განმავლობაში 100 მილიონ ლარამდე არასდროს მიუღწევია. ის ფაქტი, რომ 2012 წლიდან აღნიშნული შემოსავლები მცირდებოდა საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ სხვა საურავებთან ერთად საპროცესო შეთანხმებებიდან მიღებული თანხების მოცულობაც შემცირდა, თუმცა, კონკრეტულად რამდენით, ამ ინფორმაციის მოძიება სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემებიდან შეუძლებელია.
2013 წლის მარტში IDFI-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია (აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებზე დაყრდნობით) 2009-2012 წლებში საპროცესო შეთანხმებების შედეგად ბიუჯეტში გადარიცხული თანხების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ამ წლებში ბიუჯეტში საპროცესო შეთანხმებების შედეგად სულ 140 მლნ ლარი შევიდა. სახელმწიფო ბიუჯეტში საპროცესო შეთანხმებებიდან ყველაზე მაღალი თანხა - 51 მილიონი ლარი 2011 წელს შევიდა. მართალია, 2009 წლიდან საპროცესო შეთანხმებებიდან ბიუჯეტში მიღებული შემოსავლები იზრდებოდა, თუმცა აღნიშნული რიცხვები მნიშვნელოვნად განსხვავდება ირაკლი შოთაძის მიერ მოყვანილი სტატისტიკისგან. 2009-2012 წლებში საპროცესო შეთანხმებებიდან ბიუჯეტში ყოველწლიურად გადარიცხულ თანხას 100 მილიონ ლარამდე არასდროს მიუღწევია.
ცხრილი 1:
საპროცესო შეთანხმებებიდან ბიუჯეტში გადარიცხული თანხები
წელი | საპროცესო შეთანხმებებიდან ბიუჯეტში შესული თანხა (ლარი) |
2009 | 8 040 391.81 |
2010 | 42 361 459.28 |
2011 | 51 009 763.78 |
2012 | 38 627 586.89 |
ფაქტ-მეტრი ასევე დაინტერესდა, თუ როგორ შეიცვალა სურათი 2013-2015 წლებში და საპროცესო შეთანხმებების შესახებ სტატისტიკა პროკურატურიდანაც გამოითხოვა. პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,
ამ უწყებაში საპროცესო შეთანხმებებიდან მიღებული თანხების ცალკე აღრიცხვა არ ხდება. ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 28 იანვარს აღსრულების ეროვნული ბიუროსაც მივმართეთ, თუმცა მოთხოვნილი ინფორმაცია ჯერ კიდევ არ მიგვიღია.
დამატებითი ინფორმაციის სახით აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირად მოქმედი ხელისუფლება მის წინამორბედს ადანაშაულებდა, რომ ის ბიუჯეტს საპროცესო შეთანხმებებიდან მიღებული თანხებით ავსებდა. 2011 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 6.4 მილიარდ ლარს შეადგენდა, ხოლო მთლიანად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სანქციებიდან მიღებული შემოსავლები 82.4 მილიონ ლარს, საბიუჯეტო შემოსავლების მხოლოდ 1.3%-ს შეადგენდა. ასევე, ანალოგიურად, 2012 წელს საპროცესო შეთანხმებებიდან და სხვა ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლების წილი ბიუჯეტის საერთო შემოსავლების 1%-ს შეადგენდა. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ბიუჯეტის შევსების ძირითადი წყარო საპროცესო შეთანხმებები ყოფილიყო.
დასკვნა
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საპროცესო გარიგებებიდან მიღებული შემოსავლების ცალკე აღრიცხვა არ ხდება და ისინი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სანქციებიდან (საურავები და ჯარიმები) მიღებულ სხვა შემოსავლებთან ერთად აღირიცხება. 2007 წელს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმებიდან და საურავებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მიღებული შემოსავლები 49.6 მილიონი ლარი იყო, 2008 წელს 45.6 მილიონი, 2009 წელს - 51.7 მილიონი, 2010 წელს - 72.6 მილიონი, 2011 წელს - 82.4 მილიონი, ხოლო 2012 წლიდან ეს მონაცემი ყოველწლიურად მცირდებოდა და გასულ წელს 30.6 მილიონი ლარი შეადგინა. შესაბამისად, ამ მუხლში შემავალი საპროცესო გარიგებებიდან მიღებული თანხები 100 მლნ ლარი არასდროს ყოფილა. IDFI-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2009-2012 წლებში საპროცესო შეთანხმებებიდან ბიუჯეტში ყველაზე დიდი თანხა, 51 მილიონი ლარი, 2011 წელს შევიდა.
აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლის შემდეგ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სანქციებიდან (რომლებიც საპროცესო შეთანხმებებსაც მოიცავს) შესული თანხები კლების ტენდენციით ხასიათდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბოლო წლებში საპროცესო შეთანხმებებიდან ბიუჯეტში შესული თანხების ოდენობაც შემცირდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი შოთაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.