ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, პარლამენტის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა. დეპუტატის აზრით, ბოლო პერიოდში დასტაბილურებული ლარის კურსი მიმოქცევაში არსებული ლარის მასის შეკვეცის და იმპორტის შემცირების შედეგია. ლარი [ფულის მასის - M2 მაჩვენებლის მიხედვით] სამასი მლნ-ით ნაკლებია ქვეყანაში, ხოლო იმპორტირებული პროდუქციის მსყიდველუნარიანობა მოსახლეობაში 1 მილიარდი დოლარით შემცირდა.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ლარმა გაუფასურების პიკს (1 აშშ დოლარი - 2.4985 ლარი) 2016 წლის 28 იანვარს მიაღწია, შემდეგ კი გამყარება დაიწყო. თებერვალში ის 2 თეთრით, მარტში 11 თეთრით, ხოლო აპრილში 14 თეთრით გამყარდა.
ლარის კურსს სავალუტო ბაზარზე ლარზე და დოლარზე მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს. თუმცა, სავალუტო ბაზარზე ლარზე და დოლარზე მოთხოვნა-მიწოდება გაცვლითი კურსის ფორმირების პროცესია და არა კურსის გაუფასურება/გამყარების ფაქტორი. კურსზე მოქმედი ფაქტორები ყველა ის ეკონომიკური თუ არაეკონომიკური კატეგორიებია, რაც ვალუტებზე მოთხოვნა-მიწოდების ბალანსს აყალიბებს. კერძოდ, განსაზღვრავს თუ რამდენი ლარი და დოლარი მიეწოდება ბაზარს, რამდენი იქნება მოთხოვნა ლარზე და დოლარზე. ეს ფაქტორებია: უცხოური ვალუტის შემოდინება-გადინება (საგადამხდელო ბალანსი - საგარეო ვაჭრობა, უცხოური ინვესტიციები, ფულადი გზავნილები, ტურიზმი, უცხოური კრედიტები), მონეტარული პოლიტიკა (ლარის მოცულობა), ფისკალური პოლიტიკა (ქვეყნის ბიუჯეტის გავლენა), ინვესტორების და მოსახლეობის განწყობა ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების მიმართ, ნდობა ეროვნული ვალუტის მიმართ და ეკონომიკური ზრდის ტემპი. აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ზუსტად განსაზღვრო, ლარის გამყარებაში/გაუფასურებაში რომელმა ფაქტორმა რა როლი ითამაშა. ზოგადად კი, შეგვიძლია გამოვყოთ ის ფაქტორები, რომლებსაც ბოლო თვეებში აშკარად პოზიტიური წვლილი შეაქვთ ლარის გაცვლითი კურსის გამყარებაში.
ჩვენი ქვეყნიდან ყველაზე დიდი მოცულობით (7.4 მილიარდი დოლარი 2015 წელს) ვალუტის გადინებას იმპორტირებული პროდუქციის მოხმარება განაპირობებს. შედეგად, საგარეო ვაჭრობაში საქართველოს უარყოფითი ბალანსი აქვს და იმპორტი რამდენიმეჯერ აღემატება ექსპორტს. იმისთვის, რომ ქვეყნიდან უფრო მეტი უცხოური ვალუტა არ გავიდეს ვიდრე შემოდის, საჭიროა, რომ უცხოური ვალუტის დანარჩენმა ნაკადებმა (ტურიზმი, ფულადი გზავნილები, ინვესტიციები, სესხები) ვაჭრობის დეფიციტი დააბალანსოს. 2013 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეფიციტი 3.5 მილიარდი დოლარი იყო. 2014 წლის ბოლოს ექსპორტმა შემცირება დაიწყო, იმპორტი კი იზრდებოდა. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი 4.3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. 2015 წელს ექსპორტმა შემცირება განაგრძო, თუმცა შემცირება დაიწყო იმპორტმაც, რამაც დეფიციტი 4.3 მილიარდის დონეზე დატოვა. 2015 წელს ექსპორტი 952 მლნ დოლარით, ხოლო იმპორტი 930 მლნ დოლარით შემცირდა. 2016 წელს ექსპორტმაც და იმპორტმაც შემცირება განაგრძო, იანვარ-მარტში ექსპორტი 60 მლნ დოლარით, ხოლო იმპორტი 300 მლნ დოლარით (ც ჰეპატიტის წამლების ღირებულების გამოკლებით, რომელიც იმპორტში ასახულია, მაგრამ რეალურად ფულს არ ვიხდით) შემცირდა. ჯამში, ბოლო ერთ წელიწადში იმპორტი ერთ მილიარდ დოლარზე მეტად შემცირდა.
გრაფიკი 1:
საგარეო ვაჭრობის სალდო პირველ კვარტალში, მლნ დოლარი
*2016წელი მოცემულია ც ჰეპატიტის წამლების იმპორტის ღირებულების გარეშე
რატომ შემცირდა იმპორტი? მცურავი სავალუტო კურსი (როგორიც აქვს საქართველოს) საგარეო შოკებს ვალუტის კურსში ასახავს. თუ საქართველოში ნაკლები ვალუტა შემოდის, სხვა თანაბარ პირობებში ლარის კურსი უფასურდება. ლარის გაუფასურება საქართველოში იმპორტს აძვირებს. შედეგად, გაუმჯობესებულ სავაჭრო ბალანსს ვიღებთ, რაც ლარის გაცვლით კურსზე ზეწოლას ამცირებს. შესაბამისად, საგარეო ვაჭრობის მხრიდან ლარის კურსზე ნეგატიური ზეწოლა შემცირდა. ასეთ პირობებში, თუ ტურიზმის, უცხოური ინვესტიციების და კრედიტების მხრივ ზრდა გვექნება, საგარეო ფაქტორებს ლარის კურსზე მხოლოდ გამყარების მიმართულებით ექნება გავლენა.
ლარის კურსზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მიმოქცევაში არსებული ლარის მოცულობას და მასზე მოთხოვნას (მის საჭიროებას). თავის მხრივ, მოთხოვნაზე დიდი გავლენა აქვს მოსახლეობის მოლოდინსაც - კერძოდ, ის კურსის გაუფასურებას ელოდება თუ გამყარებას. თუმცა, ნებისმიერი მოლოდინის პირობებში ლარის მოცულობის კლება დადებითად აისახება ლარის კურსზე, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც მოხმარებული პროდუქციის 70%-მდე იმპორტზე მოდის. ლარის მოცულობის შეკვეცა ამცირებს მოსახლეობის მსყიდველობით უნარს და იმპორტი მცირდება.
სწორედ ლარის მოცულობის შემცირების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2015 წლის თებერვლიდან მონეტარული განაკვეთის გაზრდა დაიწყო. ერთ წელიწადში განაკვეთი 4%-დან 8%-მდე გაიზარდა. მონეტარული განაკვეთი კომერციული ბანკებისთვის ლარის სესხების მინიმალურ ფასს წარმოადგენს. თუ კომერციული ბანკები თანდათანობით უფრო ძვირად სესხულობენ ლარს, მომავალში ბანკების მიერ გასაცემ სესხებზე პროცენტი იზრდება, რასაც ლარის მასაზე უარყოფითი გავლენა აქვს. თუ 2015 წელს ლარში გაცემული სესხები ჯერ კიდევ იზრდებოდა, 2016 წლის იანვრიდან ლარში გაცემული სესხების მოცულობამ შემცირება დაიწყო. ეს ასევე განაპირობა სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები საშინაო ვალის აღებამ. იანვარ-აპრილში სახელმწიფო საშინაო ვალი მხოლოდ 28 მლნ ლარით გაიზარდა, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ზრდა 221 მლნ ლარი იყო.
ლარის საბაზისო მოცულობის განმსაზღვრელი მაჩვენებელი ე.წ. სარეზერვო ფულია. სარეზერვო ფული არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემისიაში გაშვებული ნაღდი ფული. ეროვნულ ბანკს პირდაპირი გავლენა სწორედ სარეზერვო ფულის მოცულობაზე აქვს. M2 კი სარეზერვო ფულიდან წარმოებული ფულის მასის აგრეგატია. მისი მოცულობა ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზეა დამოკიდებული. 2015 წლიდან სარეზერვო ფულის და M2-ის მოცულობის ზრდის ტემპი შემცირდა, დეკემბერში კი უკვე ორივე მაჩვენებელი უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ერთი წლის წინ. M2 შემცირებულია მიმდინარე წლის მარტის მონაცემებითაც (4 მლნ ლარით). 2015 წლის დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით M2 დაახლოებით 300 მლნ-ით არის შემცირებული, როგორც პეტრე ცისკარიშვილი აღნიშნავს. თუმცა, გამართლებულია, რომ შედარება მოხდეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან. ამასთან, დეკემბერი ეკონომიკურად ყოველთვის უფრო აქტიური თვეა და მეტი ლარის საჭიროებაა.
გრაფიკი 2:
სარეზერვო ფულის და M2-ის ცვლილება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
იმპორტის შემცირება და ერთი წლის განმავლობაში ლარის მასის ერთ დონეზე შენარჩუნება ("გაყინვა") ლარის კურსის გამყარებაზე მოქმედი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია. თუმცა, ლარის გამყარებაზე ასევე დადებითი გავლენა აქვს ტურიზმის ზრდას. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 15%-ით, ხოლო ტურისტების რაოდენობა 16%-ით გაიზარდა. გასული წლის პირველ კვარტალში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 306 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. თუ დავუშვებთ, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან შემოსავლებიც მინიმუმ 16%-ით გაიზარდა, მაშინ 49 მლნ დოლარით მეტს მივიღებთ. 20%-ით გაიზარდა ტურიზმი აპრილშიც.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტი და ფულადი გზავნილები ისევ ნაკლებია ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში, ბოლო თვეებში აქაც ზრდის ტენდენცია შეინიშნება. იანვარში საქართველოს ექსპორტი 122 მლნ დოლარი იყო, მარტში კი 165 მლნ დოლარი. ფულადი გზავნილები იანვარში 67 მლნ დოლარი იყო, მარტში კი 91 მლნ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მოცულობით კერძო უცხოური ინვესტიცია და კრედიტი შემოვიდა მიმდინარე წელს, თუმცა ცნობილია, რომ იანვარ-აპრილში სახელმწიფო საგარეო ვალი 108 მლნ დოლარით გაიზარდა. უცხოური კრედიტის მოზიდვას ლარის კურსზე დადებითი გავლენა აქვს.
ასევე, ლარის კურსის გამყარების ტენდენციამ ლარის კურსის მიმართ არსებული უარყოფითი მოლოდინი დადებითით შეცვალა, რამაც თავის მხრივ ხელი შეუწყო ლარის სტაბილურობას. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ბანკს ლარის სწრაფი გამყარების შესაჩერებლად ბოლო ორ თვეში სავალუტო ბაზარზე 95 მლნ დოლარი შესყიდვაც მოუწია.
დასკვნა
მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საგარეო ფაქტორებიდან ლარის კურსის გამყარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი იმპორტის შემცირებამ შეიტანა. შიდა ფაქტორებიდან კი, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ იქონია მნიშვნელოვანი გავლენა, რის შედეგადაც ლარის მასა ჯერ მცირდებოდა, ბოლო თვეებში კი წინა წლის დონეზე გაჩერდა.
თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია ტურიზმის, უცხოური კრედიტების ზრდა და ლარის კურსის გამყარების ტრენდის მიერ გაუმჯობესებული მოლოდინები.
ბოლო თვეების სრული სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ფაქტ-მეტრი ლარის გამყარების ფაქტორებს კვლავ დაუბრუნდება. ამ ეტაპზე კი ვასკვნით, პეტრე ცისკარიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.