მიმდინარე წლის 10 მაისს, ფაქტ-მეტრს მკითხველმა მოგვმართა და გვთხოვა გადაგვემოწმებინა, იზრდება თუ არა ოპოზიციური პარტიების რეიტინგი. ამ საკითხის გასაანალიზებლად ჩვენ NDI-ის კვლევები გამოვიყენეთ.
NDI-ის საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევის შედეგები მიმდინარე წლის 14 აპრილს გამოქვეყნდა. კვლევის იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს ეხება, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი (მაგ. "პატრიოტთა ალიანსი", "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო") და მმართველი გუნდი ორგანიზაციის კვლევის შედეგებს არ ენდობა. ოპოზიციური პარტიების მეორე ნაწილს ("ნაციონალური მოძრაობა", "თავისუფალი დემოკრატები", "გირჩი" და ა.შ.) კი მიაჩნია, რომ NDI-ის კვლევა რეალობას ასახავს.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის თქმით, "ქართული ოცნების" რეიტინგი კატასტროფულად ეცემა, "ნაციონალური მოძრაობის" მაჩვენებელი კი იზრდება".
"თავისუფალი დემოკრატების" წევრის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით,მისი პარტიის რეიტინგი ნელ-ნელა იმატებს. "ამომრჩევლის იმ ნაწილმა, რომელსაც ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი ვის დაუჭერს მხარს, დიდი შანსია, რომ არჩევანი სწორედ "თავისუფალ დემოკრატებზე" გააკეთოს, ვინაიდან, მეორე არჩევანი საკმაოდ მაღალია ჩვენ შემთხვევაში და ჩვენი რეიტინგი ნელ-ნელა იწევს ზევით" - აღნიშნა აბაშიძემ.
NDI-ის ბოლო კვლევამიმდინარე წლის 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. კვლევის ერთ-ერთ მთავარ შეკითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას/გაერთიანებას მისცემდით ხმას? (ყველა გამოკითხული რესპონდენტი), პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: "კოალიცია ქართული ოცნება" (გამოკითხვა კოალიციის დაშლამდე ჩატარდა) - 15%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 13%, ხოლო "თავისუფალი დემოკრატები" - 6%.
გრაფიკი 1:
პარტიების მხარდაჭერა 2016 წლის გაზაფხულის კვლევის მიხედვით
რაც შეეხება წინა, 2015 წლის ნოემბრის კვლევის
შედეგებს, მაშინ იმავე კითხვაზე შემდეგი შედეგები იყო (იხ. გრაფიკი 2): "ქართული ოცნება" - 16%, "ნაციონალური მოძრაობა" - 10%, "თავისუფალი დემოკრატები" - 7%.
გრაფიკი 2:პარტიების მხარდაჭერა 2015 წლის ნოემბრის კვლევის მიხედვით
როგორც ვხედავთ, წინა გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, მიმდინარე წლის გაზაფხულზე "ქართული ოცნებისა" და "თავისუფალი დემოკრატების" მხარდაჭერა თითქმის არ შეცვლილა, (სხვაობა დაახლოებით 1 პროცენტული პუნქტია) "ნაციონალური მოძრაობის" შემთხვევაში კი, ის 3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
ფაქტ-მეტრი ასევე დაინტერესდა, თუ როგორი იყო საზოგადოების მხარდაჭერა პარტიებისადმი 2012 წლის არჩევნებიდან რამდენიმე თვეში. 2012 წლის ნოემბერში NDI-მა ჩაატარა კვლევა, რომლის ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა პოლიტიკური პარტიების რეიტინგების კონტექსტში შემდეგნაირად ჟღერს: რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? ამ კითხვაზე შემდეგი პასუხები იყო: "ქართული ოცნება" - 63%, "ნაციონალური მოძრაობა" - 10% (იხ. გრაფიკი 3).
გრაფიკი 3: პარტიათა რეიტინგი 2012 წლის ნოემბრის კვლევის
მიხედვით
2015 წლის აპრილის კვლევაში,
კითხვაზე - რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, შემდეგი მაჩვენებლები იყო: "ქართული ოცნება" - 21%, "ნაციონალური მოძრაობა" - 13%, ხოლო "თავისუფალი დემოკრატები" - 5%.
გრაფიკი 4: პარტიათა რეიტინგი 2015 წლის აპრილის კვლევის
მიხედვით
რაც შეეხება ამ დროისთვის ბოლო კვლევას,
პარტიათა რეიტინგის კონტექსტში იმავე კითხვაზე შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: "ქართული ოცნება" - 16%, "ნაციონალური მოძრაობა" - 15%, "თავისუფალი დემოკრატები" - 9%.
გრაფიკი 5:
პარტიათა რეიტინგი 2016 წლის კვლევის მიხედვით
როგორც ვხედავთ, NDI-ის კვლევების მიხედვით, კითხვაზე - რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, "ქართული ოცნების" პოტენციურ მხარდამჭერთა რიცხვი 2012 წლის არჩევნების შემდეგ 47 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" პოტენციურ მხარდამჭერთა რაოდენობა კი 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
რაც შეეხება "თავისუფალ დემოკრატებს", ისინი კოალიცია "ქართულ ოცნებას" 2014 წლის შემოდგომაზე გამოეყვნენ. 2015 წლის აპრილის გამოკითხვაში "თავისუფალი დემოკრატების" რეიტინგი 5% იყო, ერთი წლის შემდეგ კი, მათი პოტენციურ მხარდამჭერთა მაჩვენებელი 9%-მდე გაიზარდა. თუმცა, ამ პარტიას ანალოგიური მაჩვენებელი 2015 წლის ნოემბრის კვლევაშიცჰქონდა და წლევანდელი შედეგების თანახმად ის არ გაზრდილა.
გრაფიკი 6:
პარტიების პოტენციურ მხარდამჭერთა რაოდენობის ცვლილება 2011-2016 წლებში
დასკვნაNDI-ის 2015 წლის ნოემბრისა და 2016 წლის აპრილის კვლევებზე დაყრდნობით, პირველი კითხვის - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს? - მიხედვით, "ქართული ოცნების" პოტენციურ ამომრჩეველთა რაოდენობა 1 პროცენტული პუნქტით შემცირდა (ანალოგიურად შემცირდა "თავისუფალი დემოკრატების" რეიტინგიც), "ნაციონალური მოძრაობისა" კი 3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
ამავდროულად, მეორე მთავარი კითხვის - რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? - მიხედვით, 2012 წლის ნოემბრის კვლევის შემდეგ "ქართული ოცნების" რეიტინგი 2015 წლის აპრილის კვლევით ჯერ 42 პროცენტული პუნქტით შემცირდა, 2016 წლის კვლევა კი აჩვენებს, რომ 2015 წლის ნოემბრიდან უკანასკნელ კვლევამდე კიდევ 5 პროცენტული პუნქტით იკლო (ანუ, 63%-დან 16%-მდე შემცირდა). "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი 2012 წლის კვლევიდან 2015 წლამდე ჯერ 3 პროცენტული პუნქტით, უკანასკნელ კვლევაში კი, კიდევ 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რაც შეეხება "თავისუფალ დემოკრატებს", ამ პარტიის პოტენციურ მხარდამჭერთა რაოდენობა 2015 წლის აპრილის კვლევიდან უკანასკნელ კვლევამდე 4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.