გაზეთ "ქრონიკა +" -ის რედაქტორმა, ელისო კილაძემ, რუსთავი 2-ის ეთერში 2013 წელს განხორციელებულ ამნისტიაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, "25 პირი მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ გელა ხვედელიძემ კატეგორიული მოთხოვნით ამოიღეს პილიტპატიმართა სიიდან... ბატონმა ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სკრილნიკოვის და გევორქიანის შეწყალება იყო მათი პოლიტიკური შეცდომა".
კოალიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის შესახებ სამი კანონი მიიღო. ფაქტ-მეტრი აღნიშნულზე უკვე წერდა (იხ. სტატია). პირველი კანონი ამნისტიის შესახებ საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 12 იანვარს მიიღო. ამნისტია შეეხო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ნაკლებად მძიმე დანაშულებს, გარდა იმავე კოდექსით გათვალისწინებული რიგი დანაშაულებისა. ამნისტიის შედეგად, 13იანვარს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული მსჯავრდებულის სტატუსით საპატიმროები ჯამში 175-მა პატიმარმა დატოვა. პატიმრები შემდეგი დაწესებულებებიდან გათავისუფლდნენ:
- თბილისის #1 დაწესებულება - 9 პატიმარი;
- ბათუმის #3 დაწესებულება - 3 პატიმარი;
- რუსთავის #5 (ქალთა) დაწესებულება - 1 პატიმარი;
- რუსთავის #6 დაწესებულება - 10 პატიმარი;
- თბილისის #8 დაწესებულება - 70 პატიმარი;
- თბილისის #9 დაწესებულება - 41 პატიმარი;
- თბილისის #12 დაწესებულება - 3 პატიმარი;
- გეგუთის #14 დაწესებულება - 1 პატიმარი;
- ქსნის #15 დაწესებულება - 9 პატიმარი;
- რუსთავის #16 დაწესებულება - 11 პატიმარი;
- რუსთავის #17 დაწესებულება - 15 პატიმარი;
- გლდანის #18 დაწესებულება - 1 პატიმარი;
- ქსნის #19 დაწესებულება - 1 პატიმარი.
ელისო კილაძემ გადაცემაში სტუმრობისას აგრეთვე აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს და მის მოადგილეს ბოლო წუთს მიუვიდათ ინფორმაცია, რომ ე.წ. პოლიტპატიმართა სიაში იყვნენ გევორქიანი, სკრილნიკოვი და ა.შ. ეს მოხდა კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე და აღნიშნულზე რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვეღარ მოასწრო. თუმცა, მოგვიანებით, ირაკლი ღარიბაშვილმა საჯაროდ აღიარა, რომ სკრილნიკოვისა და გევორქიანის ამ სიით გათავისუფლება შეცდომა იყო.
2013 წლის 19 ნოემბერს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მართლაც განაცხადა,რომ არმენ გევორქიანისა იური სკრილნიკოვის პოლიტპატიმრების სტატუსით გათავისუფლება შეცდომა იყო: "მე ამასთან დაკავშირებით ადრეც წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ მოხდა ისე, რომ ეს ადამიანებიც შეიყვანეს პოლიტპატიმართა სიაში. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიყვანეს ეს ადამიანები სიაში, სამწუხაროდ, კომისიამ მაშინ ჩათვალა, რომ ეს პირები იყვნენ პოლიტპატიმრები, რაც ჩემი შეფასებით, იყო რეალურად დაშვებული შეცდომა".
აქვე აღსანიშნავია, რომ 2012 წლის დეკემბერში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა (რომელსაც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა) ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს რეკომენდაცია და კონკრეტული გვარები წარუდგინა, რომლებიც ამნისტირებულთა სიიდან უნდა ყოფილიყვნენ ამოღებულები. თუმცა, მისივე განმარტებით, სამწუხაროდ, აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინება ვერ მოხერხდა და პარლამენტმა გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიიღო.
დასკვნა
კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო. ამნისტია სამ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე სასჯელაღსრულების დაწესებულება 175-მა პატიმარმა პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა. მათ შორის იყვნენ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულები - არმენ გევორქიანი და იური სკრილნიკოვი. 2013 წლის ნოემბერში ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მათი პოლიტპატიმრების სტატუსით გათავისუფლება შეცდომა იყო.
ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ელისო კილაძის განცხადება არის სიმართლე.