ნოემბერს, რუსთავი 2-ის ეთერში, საქართველოს ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2015 წლის რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგიულ დოკუმენტზე ისაუბრა და განაცხადა: "დოკუმენტში, რომლითაც ხელმძღვანელობს რელიგიათა მართვის სააგენტო, წერია, რომ ის საზღვრისპირა რეგიონები და მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ მეზობელ სახელმწიფოსთან რელიგიური და ეთნიკური იდენტობა, ითვლებიან არასანდო მოქალაქეებად და საფრთხეს შეიცავენ".
ფაქტ-მეტრი აღნიშნული საკითხის შესწავლას შეეცადა.
2014 წლის 19 თებერვალს, საქართველოს მთავრობის N177 დადგენილებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შეიქმნა. სააგენტოს ძირითადი მისია, ფუნქციები და უფლებამოსილებებიშემდეგი მიმართულებით ვრცელდება: სააგენტო იკვლევს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოში რელიგიის სფეროში არსებულ მდგომარეობას, ამზადებს რეკომენდაციებს, მათ შორის სამართლებრივი აქტების პროექტების სახით და გასცემს კონსულტაციებს რელიგიური გაერთიანებებისათვის პრობლემატურ საკითხებზე. ასევე, საქართველოს მთავრობის სახელით, სააგენტო უფლებამოსილია შუამავლის ფუნქცია შეასრულოს და მონაწილეობა მიიღოს იმ დავებისა და საკითხების გადაწყვეტაში, რომელიც შეიძლება გაჩნდეს საქართველოში მოქმედ რელიგიურ გაერთიანებებს შორის. ის შეიმუშავებს წინადადებებს და რეკომენდაციებს სამოქალაქო საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობაში ტოლერანტული გარემოსა და შემწყნარებლობის მხარდასაჭერად. სააგენტო ასევე ახორციელებს პრემიერ-მინისტრის დავალებებს რელიგიის სფეროში.
რუსუდან გოცირიძის მიერ მითითებული სტრატეგიული დოკუმენტი საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სახელმძღვანელო დოკუმენტის პროექტს წარმოადგენს, რომელიც საქართველოში არსებული რელიგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, განვითარების მიმართულებებს, შესაბამის სტრატეგიულ ხედვებს, მიზნებსა და პრინციპებს განსაზღვრავს.რუსუდან გოცირიძის განცხადება დოკუმენტის შესავალს, კერძოდ "გ" პუნქტის მესამე ქვეპუნქტს ეხება: "საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში რელიგიური ჯგუფების იმგვარი გეოგრაფიული განლაგება, როცა მათ ანალოგიური ეთნიკური (მაგ. სამცხე-ჯავახეთის სომხურ თემს ესაზღვრება სომხეთი, ქვემო ქართლის აზერბაიჯანულ თემს - აზერბაიჯანი და ა.შ.) ან რელიგიური (აჭარის ქართველ მუსლიმთა თემს ესაზღვრება მუსლიმური თურქეთი და ა.შ.) კუთვნილების მქონე ქვეყნები ესაზღვრებათ, საქართველოს სახელმწიფოს განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ ამოცანებს უყენებს. კერძოდ, თავიდან აირიდოს მეზობელი რეგიონის ქვეყნების მხრიდან საქართველოს მოსახლეობის ეთნიკურ-რელიგიური მრავალფეროვნების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფოს შიდა პოლიტიკაში საკუთარი ინტერესების დაფიქსირების მცდელობა".
ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის აზრით, დოკუმენტის ზემოხსენებული პასაჟი და "აქ გაჟღერებული მიდგომა სრულიად მიუღებელია. ამ მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ ეკუთვნის უმრავლესობის რელიგიურ ან ეთნიკურ ჯგუფს, სახელმწიფოსთვის წარმოადგენს საფრთხეს, როგორც არასანდო ელემენტი, რომელიც იოლად შეიძლება მოხდეს მეზობელი სახელმწიფოს ინტერესების გამტარი. ეს არის დემოკრატიული და სეკულარული სახელმწიფოსათვის სრულიად შეუსაბამო მიდგომა, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს საზოგადოებაში ისედაც არსებული "მტრის ხატების" გაძლიერებასა და შუღლის გაღვივებას".
ამ საკითხზე მუშაობისას, ჩვენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა მივმართეთ. ორგანიზაცია თვლის, რომ რუსუდან გოცირიძის მოსაზრება სწორია, რადგან სტრატეგიის ამ ჩანაწერიდან ის აზრი იკითხება, რომ საქართველოს სომეხი მოქალაქეების ინტერესები ემთხვევა სომხეთის სახელმწიფოს ინტერესებს, აზერბაიჯანელი მოქალაქეების ინტერესები - აზერბაიჯანის ინტერესებს, ხოლო აჭარაში მცხოვრები მუსლიმი მოქალაქეების ინტერესები კი თურქეთის ინტერესებს. სტრატეგიაში გამოთქმულია შიში, რომ მეზობელი სახელმწიფოები შესაბამისი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლებს საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევისათვის გამოიყენებენ. ამ ჩანაწერით, სახელმწიფო აცხადებს, რომ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობას მიკუთვნებული საქართველოს მოქალაქეები საქართველოზე გავლენის მოსახდენად სხვა ქვეყნის ინსტრუმენტები არიან.
კვლევის ფარგლებში ჩვენ რელიგიის საკითხთა სააგენტოსაც დავუკავშირდით. მათი თქმით, პირველ რიგში, ეს დოკუმენტი პირველადია (draft) და ის როგორც სამოქმედო სტრატეგია, ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის. ასევე, სააგენტო არ იზიარებს რუსუდან გოცირიძის განცხადებაში მოყვანილ შენიშვნებს, თუმცა დისკუსიისთვის მზაობას გამოხატავს. სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, პირველადი დოკუმენტიც კი, ტოლერანტულია და რაიმე სახის დისკრიმინაციულ ელემენტებს არ შეიცავს.
ჩვენ სააგენტოს ისიც ვკითხეთ, ჰქონდათ თუ არა მათ კონსულტაციები სტრატეგიის შემუშავების პროცესში ამ სფეროს ექსპერტებთან, ასევე გაანალიზდა თუ არა საერთაშორისო პრაქტიკა და ა.შ. პასუხად, სააგენტოს წარმომადგენელმა განგვიცხადა, რომ ისინი ყველა დაინტერესებულ უცხოელ პარტნიორთან თანამშრომლობდნენ და მათი რეკომენდაციები და შემოთავაზებები მხედველობაში მიიღეს. თუმცა, ჩვენს თხოვნაზე, დაესახელებინიათ ეს პარტნიორები, კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია და არცერთი კონკრეტული ორგანიზაცია არ დასახელებულა.
დასკვნა 2015
წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ შემუშავებული პირველადი დოკუმენტის (საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგია) შესავლის "გ" პუნქტში ყურადღება გამახვილებულია სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში რელიგიური მოტივებით სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის შესაძლო პრობლემების შექმნაზე. ამ გზით, აღნიშნული დოკუმენტი აკეთებს დაშვებას, რომ საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ემეზობლებიან მათი ანალოგიური ეთნიკური ან რელიგიური (მაგ. სამცხე-ჯავახეთის სომხურ თემს ესაზღვრება სომხეთი, ქვემო ქართლის აზერბაიჯანულ თემს - აზერბაიჯანი და ა.შ.) კუთვნილების მქონე ქვეყნებს, შეიძლება საქართველოს საშინაო პოლიტიკაში, უცხო ქვეყნების ინტერესების გატარების თვალსაზრისით, საფრთხეს წარმოადგენდნენ.
ფაქტ-მეტრის აზრით, რუსუდან გოცირიძის განცხადების კონტექსტი რელევანტურია (ამავე პოზიციაზეა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც), თუმცა, ის გარკვეულწილად გადაჭარბებულია, რასაც თავად რუსუდან გოცირიძეც ადასტურებს (იხ. ვიდეო). იმის გათვალისწინებით, რომ დოკუმენტი სამუშაო ვარიანტს წარმოადგენს, აგრეთვე, ვაცნობიერებთ რა, რომ აღნიშნული დოკუმენტის დისკრიმინაციულობის ხარისხის ერთმნიშვნელოვნად შეფასება ფაქტ-მეტრის კომპეტენციას სცდება, ჩვენ აღნიშნულ განცხადებას უვერდიქტოდ ვტოვებთ.