რომ საქართველოს აქვს ელექტროენერგიის დეფიციტი, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. მინისტრის შეფასებით, დეფიციტის ზრდას ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა იწვევს, რაც თავის მხრივ ეკონომიკის განვითარებითაა გამოწვეული.
ფაქტ-მეტრმა ელექტროენერგიის დეფიციტის ზრდის ტენდენცია და მიზეზები გააანალიზა.
დეფიციტში საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის და მთლიანი შიდა მოხმარების სხვაობა იგულისხმება. საქართველოში ელექტროენერგიის შიდა წარმოების 80% ჰიდროსადგურებზე მოდის. აქედან გამომდინარე, შიდა წარმოება სეზონურობით ხასიათდება. წარმოება ყველაზე მაღალია აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით, როდესაც მდინარეებში წყლის დონე მატულობს. მეტიც, მაისიდან აგვისტოს ჩათვლით თბოსადგურები ფაქტობრივად წყვეტენ ელექტროენერგიის გამომუშავებას და შიდა წარმოება მთლიანად ჰიდროსადგურებზე მოდის. აღნიშნულ პერიოდში საშუალო თვიური შიდა წარმოება 900 მლნ კვტსთ-ია, რაც შიდა მოხმარებას აკმაყოფილებს და შესაბამისად, ელექტროენერგიის იმპორტის საჭიროება არ არის. ამასთან, ზაფხულის თვეებში ელექტროენერგიის მოხმარება მცირდება. საქართველოს იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულება სექტემბრიდან მარტის ჩათვლით იზრდება. იმპორტი განსაკუთრებით მაღალია ნოემბერ-იანვარში. ეს ის პერიოდია, როდესაც შიდა მოხმარება იზრდება, ხოლო მდინარეებში წყლის დონის კლების გამო ჰიდროსადგურების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება მცირდება. 2014 წლის ნოემბერიდან 2015 წლის იანვრის ჩათვლით იმპორტი შიდა მოხმარების 15% შეადგინდა. წლიურ მოხმარებაში კი იმპორტის წილი 6-7%-ია.
ცხრილი 1:
ელექტროენერგიის მიწოდება საქართველოში (მლნ კვტსთ)
2006 | 2007 | 2008 | 2009 | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 (8 თვე) | |
გამომუშავება | 2757 | 8346 | 8451 | 8408 | 10057 | 10105 | 9695 | 10059 | 10370 | 7481 |
თბოსადგურები | 945 | 1515 | 1282 | 991 | 683 | 2212 | 2472 | 1788 | 2036 | 1229 |
წილი მიწოდებაში | 34.4% | 17.6% | 14.4% | 11.6% | 6.7% | 21.3% | 24.5% | 17.3% | 18.5% | 15.6% |
ჰიდროსადგურები | 1813 | 6831 | 7169 | 7417 | 9375 | 7892 | 7223 | 8271 | 8334 | 6252 |
წილი მიწოდებაში | 66.0% | 79.4% | 80.3% | 86.9% | 92.4% | 76.0% | 71.6% | 80.0% | 75.7% | 79% |
იმპორტი | 60 | 433 | 649 | 255 | 222 | 471 | 615 | 484 | 852 | 389 |
წილი მიწოდებაში | 2.2% | 5.0% | 7.3% | 3.0% | 2.2% | 4.5% | 6.1% | 4.7% | 7.7% | 5.0% |
სულ რესურსი | 2817 | 8779 | 9100 | 8663 | 10280 | 10575 | 10309 | 10543 | 11222 | 7870 |
დანაკარგი | 72 | 176 | 169 | 130 | 139 | 192 | 226 | 198 | 216 | 154 |
ქსელში მიწოდება | 2745 | 8603 | 8930 | 8533 | 10141 | 10383 | 10087 | 10345 | 11006 | 7716 |
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი
ტრადიციულად, აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი ხდება. 2015 წლის აპრილ-აგვისტოში საქართველომ 562 მლნ კვტსთ ელექტროენერგიის, ხოლო 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში 498 მლნ კვტსთ-ის ექსპორტი განახორციელა.
ცხრილი 2:
ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის მონაცემები (მლნ კვტსთ)
2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 (8 თვე) | |
იმპორტი | -471 | -615 | -484 | -793 | -389.4 |
ექსპორტი | 931 | 528 | 450 | 545 | 590.3 |
ბალანსი | 460 | -86 | -34 | -248 | 201 |
ენერგეტიკის მინისტრი მართალია, როდესაც ის დეფიციტის (რაც გამოიხატება იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობით) ყოველწლიურ ზრდაზე საუბრობს. გრაფიკი 1-დან ჩანს, რომ ბოლო წლებში ელექტროენერგიის დეფიციტს ზრდის ტენდენცია აქვს და განსაკუთრებული ზრდა 2014 წელს იყო.
გრაფიკი 1:
ელექტროენერგიის იმპორტი (დეფიციტი) საქართველოში
საქართველო ელექტროენერგიის იმპორტს ძირითადად რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან ახორციელებს. შესაბამისად, იმპორტზე დამოკიდებულება სწორედ ამ ქვეყნების მიმართ იზრდება. 2014 წელს რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 32%-ით გაიზარდა.
ცხრილი 3:
ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან (მლნ კვტსთ)
2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 (8 თვე) | |
რუსეთი | 448 | 517 | 461 | 607 | 265 |
აზერბაიჯანი | 23 | 98 | 24 | 184 | 102 |
იმპორტის ზრდის მთავარი მიზეზი გაზრდილი ენერგომოხმარებაა. მოხმარების ზრდა უსწრებს შიდა წარმოების ზრდას და დანაკლისი იმპორტით ივსება. 2013-2014 წლებში შიდა მოხმარება 919 მლნ კვტსთ-ით, ხოლო წარმოება 675 მლნ კვტსთ-ით გაიზარდა. მოხმარების ზრდას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილება განსაზღვრავს. 2006 წელს ტარიფის მნიშვნელოვანი მატება მოხდა. ის 10 თეთრიდან საშუალოდ 15 თეთრამდე გაიზარდა. აღნიშნული ცვლილების შედეგად, გაიზარდა ელექტროენერგიის მიწოდება, ხოლო მოსახელეობამ ელექტროენერგიის უფრო ეკონომიურად მოხმარება დაიწყო. შედეგად, საქართველომ 24 საათიან ენერგომომარაგებას მიაღწია. 2007 წელს 2006 წელთან შედარებით საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა 300%-ით, მათ შორის ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული პროდუქცია 377%-ით გაიზარდა.
ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. 2012 წლის ბოლოს სემეკს და ენერგოკომპანიებს ტარიფის შემცირების რესურსის მოძიება "დაევალათ". 2013 წლის პირველი იანვრიდან ტარიფი მართლაც შემცირდა. მოსახლეობისთვის 300 კვტსთ-მდე მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი 3.54 თეთრით, ხოლო 300 კვტსთ-ს ზემოთ დაახლოებით 2.7 თეთრით შემცირდა. იურიდიული პირებისთვის კი ტარიფი უცვლელი დარჩა. ტარიფის შემცირება ძირითადად ენერგოკომპანიების მოგების წილის შემცირების ხარჯზე მოხდა, რის სანაცვლოდაც კომპანიებს საინვესტიციო ვალდებულებები შეუმცირდათ.
2014წელს 2012 წელთან შედარებით ენერგეტიკის დარგში 45%-ით ნაკლები პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. 2015 წლის პირველ ნახევარში ინვესტიციები კიდევ უფრო შემცირდა და სულ 20 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 65%-ით, ხოლო 2012 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელზე 78%-ით ნაკლებია.
გრაფიკი 2:
ენერგეტიკის სექტორში მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მლნ აშშ დოლარი
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
დასკვნა
საქართველოში ელექტროენეგიის წარმოებასა და მოხმარებას შორის არსებული უარყოფითი ბალანსი (დეფიციტი) იზრდება. შედეგად, იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი და რუსულ და აზერბაიჯანულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულება. თუმცა, ჯერჯერობით იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი წლიური მოხმარების 6-7%-ია და ის არ არის "ძალიან დიდი", როგორც ამას მინისტრი აცხადებს. ის მაქსიმუმს - 15%-ს, იანვარში აღწევს. იმპორტის ზრდის პირდაპირი მიზეზი შიდა მოხმარების ზრდაა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ შიდა ბაზრისთვის წარმოების ზრდის უკეთესი ტემპის პირობებში იმპორტზე დამოკიდებულება არ გაიზრდებოდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, კახა კალაძის განცხადება: "ჩვენ გვაქვს ელექტროენერგიის ძალიან დიდი დეფიციტი, რომელიც ყოველწლიურად იზრდება", არის მეტწილად სიმართლე.