თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ ე.წ. "კაბელების საქმეზე" პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუშვებლად ცნო სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა. მისი თქმით, სახელმწიფო ბრალდება უსაფუძვლოა და წინასწარ პატიმრობაში ისეთი ადამიანები აღმოჩნდნენ, რომელთაც გამოძიებაზე ზეგავლენის მოხდენა არ შეეძლოთ.
ფაქტ-მეტრი ირაკლი ალასანიას განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
2014წლის 28 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს, რომელთაც 29 ოქტომბერს ბრალი სახელმწიფო ქონების გაფლანგვის საფუძვლით წარედგინათ (სსკ-ის 182-ე მუხლი). ბრალდების მხარის მიერ გამოტანილი დადგენილებით, დაკავებულმა პირებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სს "სილქნეტის" სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარი გაფლანგეს.
დაცვის მხარის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის განცხადებით, თანხის მოცულობა, რომელიც კომპანია "სილქნეტს" გადაერიცხა, მთავრობის სხდომაზე მოიწონეს და პრემიერ-მინისტრის განკარგულებით გამოიყო. ბრალდების მხარის პოზიციასასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც, განხორციელებულ შესყიდვაში თავდაცვის სამინისტრომ 4 102 872 ლარით მეტი გადაიხადა.
ბრალდების მხარე თავის პოზიციაშიდანაშაულის მოტივად იმ გარემოებას ასახელებს, რომ შესყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლებს შესყიდვების ოფიციალურად გამოცხადებამდე სატელეფონო კავშირები ქონდათ "სილქნეტის" წარმომადგენლებთან (გვ. 12-13). ბრალდების მხარის განცხადებით, ეს გარემოება მათ ნაცნობობაზე მიუთითებს და ამ ურთიერთობის შედეგად სახელმწიფო ქონების გაფლანგვის ეჭვს აჩენს. აღნიშნულ პოზიციაში დაუსაბუთებელია თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარების მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ბრალდებულების მოტივთან, გაეფლანგათ სახელმწიფო ქონება.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვაზე "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონიარ ვრცელდება. ამასთან, დღეის მდგომარეობით, კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესი. აღნიშნული წესების შემუშავება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, ხოლო დამტკიცება საქართველოს მთავრობის კომპეტენციაა. შესაბამისად, იმ მოთხოვნებს, რომლებსაც პროკურატურა თავის ბრალდებაში დარღვეულად მიიჩნევს (ბაზრის კვლევა, წინადადებების წარდგენის მოკლე ვადა და სხვა), სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
2014 წლის 30 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ განჩინება მიიღო. პროკურატურის შუამდგომლობა და სასამართლოს გადაწყვეტილება მტკიცებულებებით დასაბუთებული არ იყო, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს და ევროპულ პრაქტიკას (პარ. 79) ეწინააღმდეგება. ევროპულ სასამართლოს არაერთხელ გაუკრიტიკებია საქართველოს შიდა სასამართლოს მიერ შაბლონური ფორმით პირისათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების ფაქტი, რომელიც მოკლებული იყო მტკიცებულებებით დასაბუთებას (იხ. ბმული 1, ბმული 2). ბრალის წარდგენის შემდგომ ბრალდების მხარე უარს ამბობდა დაცვის მხარისთვის მტკიცებულებების ასლის გადაცემაზე, იმ მოტივით, რომ საქმეს საიდუმლო გრიფი ედო. ამასთან, პროკურატურა ადვოკატებს სთავაზობდა უწყების შენობაში გაცნობოდნენ რამდენიმე ტომიან საქმეს. შეუძლებელია, რომ მრავალტომიანი მტკიცებულებების მხოლოდ ზეპირი გაცნობით დაცვის მხარე სასამართლო პროცესისთვის ეფექტურად მოემზადოს. საქმის მასალებს მხოლოდ 2014 წლის 25 ნოემბერს ნაწილობრივ მოეხსნა საიდუმლო გრიფი და დაცვის მხარეს მტკიცებულებების ასლი გადაეცა. პროკურატურის განცხადებით,საქმის მასალების 7% ისევ გასაიდუმლოებულია. სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, დაცვის მხარის მოთხოვნა იმ ინფორმაციის გაცნობის თაობაზე, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს, დაუყონებლივ უნდა დაკმაყოფილდეს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ შესრულებულა.
ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებიდან ხუთი თვის შემდგომ, 2015 წლის 1 აპრილს, წინასასამართლო სხდომა ჩაინიშნა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი წინასასამართლო სხდომის ჩანიშვნის გონივრულ ვადად პირის დაკავებიდან 60 დღეს ითვალისწინებს (სსსკ-ის 208-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ბრალდებულის უფლების დარღვევა დროულ მართლმსაჯულებაზე, რადგან 5 თვით სხდომის გადადება აჭარბებს კანონით გათვალისწინებულ გონივრულ ვადას და ამასთან იგი არ არის საკმარისად დასაბუთებული.
2015წლის 5 ივნისს პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუშვებლად ცნო სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, რადგან იგი კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებად მიიჩნია. ბრალდების მხარის პოზიციისთვის აღნიშნული დასკვნა მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. ასევე, აღნიშნული დასკვნის ექსპერტები მოსამართლის გადაწყვეტილებით ამოღებულ იქნენ დასაკითხ პირთა სიიდან. საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ბრალდების მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ, ირაკლი ალასანიამ გააკეთა განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე მოსამართლეს შეხვდა და მათ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების შეჩერების სანაცვლოდ, "კაბელების საქმეზე" კონკრეტული გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ შეუთანხმდა.
2015 წლის 15 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად ცნობრალდების მხარის ის მტკიცებულებები, რომელიც პირველი ინსტანციის მიერ დაუშვებლად იყო ცნობილი.
8თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდგომ, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდების შესახებ. 2015 წლის 19 ივნისს ბრალდებულები პირადი თავდებობის საფუძველზე გათავისუფლდნენ.
დასკვნა 2014
წლის 29 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროს ყოფილ 5 მაღალჩინოსანს ბრალი სახელმწიფო ქონების გაფლანგვის საფუძვლით წარედგინა.
ბრალდების პოზიციაში დაუსაბუთებელია დანაშაულის მოტივი და იმ მოთხოვნების სამართლებრივი საფუძველი, რომელსაც პროკურატურა ბრალდებაში დარღვეულად მიიჩნევს. საქმეში მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენს ის, რომ დაცვის მხარის მოთხოვნის მიუხედავად, მათ ბრალდების მხარე მტკიცებულებებს არ გადასცემდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუშვებლად ცნო სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, რომელზეც ირაკლი ალასანიამ თავის განცხადებაში ისაუბრა. თუმცა, შემდგომში, აღნიშნული დასკვნა სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად ცნო. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ირაკლი ალასანიას განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილი მოსამართლეების კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების სანაცვლოდ გაურიგდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ალასანიას განცხადება არის სიმართლე.