რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა, 2013 წლის 16 მაისს გამართულ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "საქართველოს კანონი ოკუპირებული ტეროტორიების შესახებ" განხილვისას, მაგალითად მოიტანა არსებული საერთაშორისო პრაქტიკა ოკუპირებული ტერიტორიების გადაკვეთასთან დაკავშირებით. ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა: „ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, მაგალითად მოლდოვასა და აზერბაიჯანს, გააჩნია მსგავსი პრობლემა, მაგრამ ამ ქვეყნებში ასეთი მკაცრი სანქციები არ ხორციელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც შედიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე სხვადასხვა მიმართულებიდან.
მოლდოვაში ეს ექვემდებარება ადმინისტრაციულ სანქციას, აზერბაიჯანში პირი, რომელიც შენასვლელი გახლავთ ყარაბაღში, არ დაიშვება შემდგომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. საერთაშორისო გამოცდილება ასეთი გახლავთ. ჩვენ არ გვაქვს მაგალითი იმის, რომ პირებს, რომლებიც შევიდნენ აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასე მკაცრად ასამართლებდნენ ციხით 2-დან 4 წლამდე“.
ქეთევან ციხელაშვილმა ამ მაგალითის მოხმობით უპასუხა პარლამენტის წევრის, გიგი წერეთლის მიერ 15 მაისს ადმინისტრაციულ კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მომხსენებელს ჰკითხა: „იცით თუ არა რამე საერთაშორისო პრაქტიკა, როგორია ჯარიმების მოცულობა მსგავს სიტუაციებში. იქნებ, ამ მაგალითით გვეხელმძღვანელა და არა ჩვენი გამოთვლებით“.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, შეესაბამება თუ არა ქეთევან ციხელაშვილის მიერ მოყვანილი მაგალითები სიმართლეს.
როგორც გავარკვიეთ, მოლდოვაში არსებული სიტუაცია განსხვავდება საქართველოსგან. კერძოდ, მოლდოვას არ გააჩნია კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ამასთან, მოლდოვას სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის თანახმად, რესპუბლიკის საზღვრების არალეგალური გადმოკვეთა ან სასაზღვრო წესების შეუსრულებლობა ისჯება ფულადი ჯარიმით (400 მოლდოვური ლეი), ან საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობით 150-დან 200 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდევადით. მართალია, ქეთევან ციხელაშვილი საუბრობდა ადმინისტრაციულ სანქციაზე, თუმცა, მსგავსი ტიპის სასჯელი მოლდოვაში 2002 წელს შეიცვალა ზემოთ მითითებული სისხლის სამართლებრივი სანქციით. ამრიგად, მოლდოვაში არ არსებობს განსხვავებული რეჟიმი ოკუპირებული და არაოკუპირებული ტერიტორიების საზღვრების გადმოკვეთასთან დაკავშირებით და ზოგადი რეგულირება მოცემულია მოლდოვის სისხლის სამართლის კოდექსში. სიტუაცია საქართველოსგან განსხვავებულია, რადგან მოლდოვაში ნებისმიერი ტიპის საზღვრის გადაკვეთაზე არსებობს ერთნაირი სანქცია, მაშინ, როდესაც "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით" ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უფრო მსუბუქი სანქციით ისჯება, ვიდრე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, საზღვრების არალეგალურად ან სასაზღვრო წესების დარღვევით გადმოკვეთა ამ ქვეყანაშიც სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. კერძოდ, 318-ე მუხლის თანახმად, დამრღვევს შეიძლება დაეკისროს ფულადი ჯარიმა (200-დან 500 აზერბაიჯანულ მანათამდე) ან თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით. ამასთანავე, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს საიტზე განთავსებულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფრთხილება ოკუპირებული ტერიტორიების ვიზიტთან დაკავშირებით. აზერბაიჯანის თანხმობის გარეშე განხორციელებული ნებისმიერი შესვლა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე არაკანონიერად მიიჩნევა. სამინისტრო უცხოელებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქვეყნის ოკუპირებულ ნაწილში ვიზიტისგან. ამასთანავე, განცხადებაში პირდაპირაა მითითებული, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის ნებართვის გარეშე შესული პირი ქვეყანაში აღარ დაიშვება.შესაბამისად, აზერბაიჯანს აქვს განსხვავებული და მკაცრი რეჟიმი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით.
დასკვნააზერბაიჯანის და მოლდოვის კანონმდებლობის განხილვის შემდეგ ნათელი ხდება, რომ აზერბაიჯანი მის ტერიტორიაზე არ უშვებს მთიან ყარაბაღში მისი ნებართვის გარეშე შესულ პირებს. საზღვრის უკანონო გადაკვეთასთან დაკავშირებით ორივე ქვეყანას აქვს სისხლის სამართლებრივი სანქცია. თუმცა, ეს სანქცია ნაკლებად მკაცრია, ვიდრე საქართველოში. ამასთანავე, ქეთევან ციხელაშვილმა ფაქტობრივი შეცდომა დაუშვა. კერძოდ, მოლდოვაში საზღვრის უკანონო კვეთას არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის კოდექსი არეგულირებს.
შესაბამისად, ქეთევან ციხელაშვილის განცხადება: „ამ ქვეყნებში [მოლდოვა და აზერბაიჯანი] ასეთი მკაცრი სანქციები არ ხორციელდება, იმ პირების მიმართ, რომლებიც შედიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე სხვადასხვა [აკრძალული] მიმართულებიდან“, არის მეტწილად სიმართლე.