2015 წლის 25 მაისს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ, პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ამერიკული გლობალური მენეჯმენტის კვლევის კომპანიის - Gallup-ის მონაცემებით, მეანაბრეთა მხრიდან ქართული საბანკო სისტემის ნდობა ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში და ამ კომპონენტში ქართული საბანკო სისტემა, ნორვეგიის და შვეიცარიის შემდეგ, მესამე ადგილზეა.
ფაქტ-მეტრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და Gallup-ის მონაცემები გაანალიზა.
კომპანია - Gallup 1935 წელს დაფუძნდა და ის სხვადასხვა საზოგადოებრივ საკითხებთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრს იკვლევს.
გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით, მსოფლიოს ქვეყნებში გამოკითხვები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, სატელეფონო ან პირდაპირი გასაუბრების ფორმით კეთდება. კვლევის ფარგლებში დაახლოებით 1 000 ადამიანია გამოკითხული, რომელთა ასაკი 15 წლიდან იწყება. სპეციალურად მომზადებულ კითხვებზე მიღებული პასუხებით კვლევის საბოლოო შედეგი ყალიბდება, რომლის ცდომილების ალბათობა 2-5%-ია.
საბანკო სისტემასთან დაკავშირებული გამოკითხვის ერთ-ერთი მთავარი კითხვა ასე ჟღერს: "ენდობით თუ არა თქვენი ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტებს ან ბანკებს?" გიორგი ქადაგიძე თავის განცხადებაში სწორედ ამ კითხვაზე მიღებული პასუხების შედეგებზე საუბრობდა.
2012 წელს, მსოფლიოს 135 ქვეყანაში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საშუალოდ, ბანკებისადმი ნდობა 37%-ია. ბანკებისადმი ნდობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლები ესპანეთში, ირლანდიასა და საბერძნეთში ფიქსირდება.
Gallup-ის კვლევის 2013 წლის მაჩვენებლების მიხედვით (რომელსაც ვებგვერდი prosperity.com აქვეყნებს (იხ. ბმული, გვ 45), საქართველო ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტებისადმი ნდობის ინდექსით, მართლაც მესამე ადგილზეა ევროპაში. 2013 წელს ბანკებისადმი ნდობის კუთხით, 80%-ით, ნორვეგია ლიდერობს. მეორე ადგილზე კი - მალტაა 78.7%-ით. 2013 წელს საქართველოში ბანკებისადმი ნდობის მაჩვენებელი 76.5%-ს უდრიდა.
ცხრილი 1: ბანკების და საფინანსო ინსტიტუტების ნდობის ინდექსი ევროპის ქვეყნებში (2013 წლის მონაცემები)
ქვეყანა
ნდობის პროცენტული მაჩვენებელი
ნორვეგია
80%
მალტა
78.7%
საქართველო
76.5%
ფინეთი
70.1%
ლუქსემბურგი
69.3%
ალბანეთი
69.2%
მაკედონია
63.5%
ესტონეთი
62.2%
დანია
58.3%
ბელარუსი
57.4%
შვედეთი
56.9%
პოლონეთი
55.8%
ჩეხეთის რესპუბლიკა
54.5%
სლოვაკეთი
53.1%
შვეიცარია
50.4%
ავსტრია
49%
მონტენეგრო
46%
ნიდერლანდები
44.2%
ბოსნია
43.3%
ხორვატია
42.7%
მოლდოვა
42%
ბულგარეთი
40.5%
პორტუგალია
40.3%
კვიპროსი
40.1%
რუსეთი
39.9%
გერმანია
39.3%
სლოვენია
37.1%
ბელგია
37.1%
ლატვია
36%
რუმინეთი
35.1%
საფრანგეთი
33.3%
ლიტვა
31.6%
უკრაინა
31.6%
სერბეთი
31%
უნგრეთი
29%
დიდი ბრიტანეთი
27.7%
იტალია
20.6%
ესპანეთი
18%
ისლანდია
17%
ირლანდია
16.2%
საბერძნეთი
14%
წყარო: Gallup / prosperity.com
დასკვნა
კომპანია Gallup-ის მიერ 2013 წელს ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ევროპის რიგ ქვეყნებში მეანაბრეთა მხრიდან საბანკო სისტემის ნდობა საკმაოდ დაბალია. მაგალითად, საბერძნეთში ის 14%-ს, ირლანდიაში 16.2%-ს, ისლანდიაში 17%-ს, ესპანეთში კი 18%-ს შეადგენს. საქართველოში ბანკების და საფინანსო ინსტიტუტების ნდობის მაჩვენებელი 76.5%-ია. ამ მონაცემით ჩვენი ქვეყანა ნორვეგიისა (80%) და მალტას (78.7%) შემდეგ, მესამე ადგილს იკავებს ევროპაში.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი ქადაგიძის განცხადება: მეანაბრეთა მხრიდან ჩვენი საბანკო სისტემის ნდობა ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში, არის სიმართლე.
რედაქტორის შენიშვნა: ამ სტატიის თავდაპირველი ვარიანტი 10 ივნისს გამოქვეყნდა. თავდაპირველად, ფაქტ-მეტრმა Gallup-ის კვლევების მხოლოდ 2012 წლის მონაცემების მოპოვება შეძლო, რომელთა მიხედვითაც, ბანკებისადმი ნდობის რეიტინგით, საქართველო ევროპაში არა მესამე, არამედ მეექვსე ადგილს იკავებდა. შესაბამისად, ფაქტ-მეტრმა გიორგი ქადაგიძის განცხადება მეტწილად სიმართლედ შეაფასა.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენ ეროვნული ბანკიდან დაგვიკავშირდნენ და მიგვითითეს კონკრეტული წყარო, კერძოდ კი უფრო ახალი, 2013 წლის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც საქართველო მართლაც მესამე ადგილზეა ევროპაში. ჩვენ გავეცანით ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ კვლევას და გავითვალისწინეთ მასში ასახული სტატისტიკა, რის შედეგადაც სტატია დაკორექტირდა, ასევე შესაბამისად შეიცვალა ფაქტ-მეტრის ვერდიქტიც.