მიმდინარე წლის 8 მაისს, პარლამენტში გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: "ბოლო ორი წლის განმავლობაში ტენდენციები მიუთითებს იმაზე, რომ სწორედ ევროკავშირი არის ძირითადი ბაზარი, უნდა გახდეს ჩვენთვის ძირითადი ბაზარი. ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე პირველ წელს 65%-ით გაიზარდა, ზრდა იყო მეორე წელსაც. წელს, პირველ კვარტალში, უკვე 21%-იანი ზრდა გვაქვს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობა ბაზრების დივერსიფიცირებაზე მუშაობს... ასევე, ზრდა გვაქვს ჩინეთში".
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტლში ქვეყნის მთლიანმა ექსპორტმა 502.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2014 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 695.8 მლნ აშშ დოლარი იყო. შესაბამისად, 2015 წლის პირველ კვარტალში ექსპორტმა 28%-ით იკლო.
გრაფიკი 1:
ექსპორტის მოცულობა (მლნ აშშ დოლარი) და პროცენტული ცვლილება 2004-2014 წლებში
წლები | ექსპორტი სულ | დსთ-ის ქვეყნები | ევროკავშირის ქვეყნები | ჩინეთი | ||||
2004 | 646.9 | 40% | 327.6 | 45% | 128.2 | 54% | 3.3 | 182% |
2005 | 865.5 | 34% | 407.2 | 24% | 216.8 | 69% | 5.6 | 69% |
2006 | 936.4 | 8% | 391.1 | -4% | 225.4 | 4% | 10.4 | 84% |
2007 | 1 232.1 | 32% | 461.9 | 18% | 268.5 | 19% | 8.3 | -2% |
2008 | 1 495.3 | 21% | 540.9 | 17% | 335.2 | 25% | 8.9 | 9% |
2009 | 1 133.6 | -24% | 416.2 | -23% | 237.7 | -29% | 6.0 | -34% |
2010 | 1 677.5 | 47% | 676.7 | 62% | 309.6 | 30% | 26.8 | 349% |
2011 | 2 189.1 | 30% | 1 052.7 | 55% | 424.3 | 37% | 28.9 | 8% |
2012 | 2 375.4 | 9% | 1 244.1 | 18% | 353.0 | -16% | 25.6 | -11% |
2013 | 2 908.5 | 25% | 1 620.9 | 30% | 607.9 | 72% | 33.9 | 32% |
2014 | 2 861.2 | -1.6% | 1 465.5 | -9% | 620.8 | 2% | 90.4 | 166% |
როგორც მოცემული ცხრილიდან ჩანს, 2004 წლიდან დღემდე ექსპორტის შემცირება მხოლოდ 2009 და 2014 წლებში დაფიქსირდა.
თუ 2013-2014 წლების ექსპორტის მონაცემებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ საექსპორტო პროდუქციის 21% ევროკავშირის ბაზარზე, 54% დსთ-ის სივრცეზე, ხოლო 2% ჩინეთზე მოდის. 2011-2012 წლების მონაცემებით კი, ევროკაშირის ბაზარზე პროდუქციის 17%, დსთ-ის ბაზარზე 54%, ხოლო ჩინეთში 1.2% გადიოდა. ამ დრომდე, საქართველოსთვის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნები აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა და აშშ არიან.
2013წელს საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე გასული პროდუქცია წინა წლის მონაცემებთან შედარებით 72%-ით გაიზარდა და 607.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2014 წელს ამ მიმართულებით მხოლოდ 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებს, ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21%-ით გაიზარდა (170 მლნ აშშ დოლარი). აქედან, ექსპორტის ყველაზე მაღალი ზრდა შემდეგ ქვეყნებში დაფიქსირდა: გერმანია (59%), გაერთიანებული სამეფო (91%), იტალია (55%), ნიდერლანდები (260%), ბულგარეთი (19%).
საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის ძირითადი ნაწილი კვლავ დსთ-ის ქვეყნებში გადის. 2014 წელს დსთ-ის ბაზარზე საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის 9%-იანი კლება დაფიქსირდა. მიმდინარე წლის სამი თვის (პირველი კვარტალი) მონაცემებით კი, 55%-იანი კლება გვაქვს. ექსპორტი დსთ-ის ქვეყნებში 216.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.
რაც შეეხება ჩინეთის ბაზარს, 2014 წლის პირველ კვარტალში ჩინეთში 10 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა, რის შედეგადაც, ჩინეთში ექსპორტი 166%-ით გაზარდა და 90.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის 145%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ 22 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, 2014 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით, საქართველოს ექსპორტი 26%-ით (243 მლნ აშშ დოლარი) შემცირდა. 2015 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 32%-ით შემცირდა და 36.3 მლნ დოლარი შეადგინა. ოთხი თვის მონაცემებით, ექსპორტის პროცენტულმა ზრდამ ევროკავშირის ქვეყნებში მხოლოდ 6.2% შეადგინა.
44მლნ დოლარით შემცირდა ექსპორტი დსთ-ის ქვეყნებშიც, კერძოდ - აზერბაიჯანში 17 მლნ დოლარით, სომხეთში 17 მლნ დოლარით, რუსეთში 7 მლნ დოლარით, უკრაინაში კი 6 მლნ დოლარით.
დასკვნა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2013 წელს ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი 72%-ით, 2014 წელს კი 2%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ექსპორტის 21%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2015 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 32%-ით შემცირდა.
2013-2014წლებში ექსპორტირებული პროდუქციის 21% ევროკავშირის ბაზარზე მოდიოდა, 2012-2011 წლებში კი ეს რიცხვი დაახლოებით 17% იყო. ამ მონაცემების მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყნიდან ევროკავშირის ბაზარზე გასული პროდუქციის წილი გაიზარდა, თუმცა პროცენტული ზრდის ტემპი შემცირდა. 2014 წელს ექსპორტის ზრდის ტემპი 1.6%-ით შემცირდა, ხოლო მიმდინარე წლის სამი თვის მონაცემებით, 28%-იანი კლება დაფიქსირდა. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ბაზარზე მიმდინარე წელს პირველ კვარტალში ექსპორტის 21%-იანი ზრდა გვაქვს, ექსპორტი დსთ-ის ქვეყნებში 55%-ით შემცირდა.
რაც შეეხება ჩინეთს, 2014 წელს ჩინეთში ექსპორტის ნამდვილად მაღალი, 166%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ჩინეთის ბაზარზე 2010 წელს ექსპორტის 349%-იანი ზრდის შემდეგ, ეს ჯერჯერობით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.