მიმდინარე წლის 28 აპრილს, გადაცემა "არჩევანის" ეთერში, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საგარეო ვაჭრობის გაუარესებულ მაჩვენებლებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ექსპორტის ხუთი ძირითადი კომპონენტი მნიშვნელოვნად შემცირდა.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
2014წლის დასაწყისში ექსპორტი საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდებოდა, თუმცა წლის მეორე ნახევრიდან ზრდის ტემპი დაეცა და გასულ წელს, ჯამში, ექსპორტი 2%-ით შემცირდა. 2015 წლის პირველ კვარტალში, მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 21%-ით გაიზარდა, ის დსთ-ის ქვეყნებში 55%-ით შემცირდა. მთლიანობაში, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ექსპორტი 28%-ით შემცირდა.
ცხრილი 1:
ექსპორტი ქვეყნების ჯგუფების მიხედვით (2014 წელი და 2015 წლის I კვარტალი, მლნ დოლარი)
2014 | 2015 | ცვლილება | |
ევროკავშირის ქვეყნები | 140 | 170 | 21% |
დსთ-ის ქვეყნები | 391 | 175 | -55% |
დანარჩენი ქვეყნები | 164 | 158 | -4% |
სულ | 695 | 503 | -28% |
საქსტატის მონაცემებით, 2014
წლის უმსხვილესი საექსპორტო საქონლის პირველ ხუთეულში მსუბუქი ავტომობილები (18%), ფეროშენადნობები (10%), სპილენძის მადნები (9%), თხილი (6%) და ღვინო (6%) შედიოდა. ხოლო, აზოტოვანი სასუქები (5%) და მინერალური წყლები (5%) უმსხვილესი საექსპორტო პროდუქციის რეიტინგში, შესაბამისად მე-6 და მე-7 პოზიციებს იკავებდნენ.
ცხრილი 2:
უმსხვილესი საექსპორტო პროდუქციის ხუთეული (2013-2014 წლები)
2013 წელი | ღირებულება (მლნ აშშ დოლარი) | წილი მთლიან ექსპორტში | 2014 წელი | ღირებულება (მლნ აშშ დოლარი) | წილი მთლიან ექსპორტში |
მსუბუქი ავტომობილები | 704 | 24% | მსუბუქი ავტომობილები | 518 | 18% |
ფეროშენადნობები | 230 | 8% | ფეროშენადნობები | 286 | 10% |
თხილი და კაკალი | 167 | 6% | სპილენძის მადნები | 248 | 9% |
სპილენძის მადნები | 162 | 6% | თხილი და კაკალი | 183 | 6% |
აზოტოვანი სასუქები | 131 | 4% | ღვინო | 181 | 6% |
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2014 წლის მეორე ნახევრიდან ექსპორტმა კლება დაიწყო და ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება. საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონლის გაყიდვები შემცირდა. ყველაზე მეტად ღვინის (-67%) და სპირტიანი სასმელების (-59%) ექსპორტი შემცირდა, რაც რუსეთის ბაზარზე მიმდინარე უარყოფითი პროცესების შედეგია. რაც შეეხება მსუბუქი ავტომობილების ექსპორტს, რომელიც ბოლო წლებში საქართველოს ძირითად საექსპორტო პროდუქციას წარმოადგენდა, ის 62%-ითაა შემცირებული. ასევე შემცირებულია ფეროშენადნობების (-31%), მინერალური წყლების (-32%) და აზოტოვანი სასუქების (-47%) ექსპორტი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სპილენძის მადნების (19%) და თხილის ექსპორტი (139%) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა.
გრაფიკი 1:
ძირითადი საექსპორტო პროდუქციის დინამიკა (2010-2014 წლები)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური2012
წლის ბოლოს რუსეთის ბაზრის გახსნა საქართველოს ექსპორტზე დადებითად აისახა. როგორც გრაფიკი 2 გვიჩვენებს, 2012-2013 წლებში ღვინის, მინერალური წყლებისა და თხილის ექსპორტი გაორმაგდა, თუმცა 2014 წლის ბოლოს რუსეთში მიმდინარე ეკონომიკურმა პროცესებმა საქართველოს ექსპორტზე დიდი გავლენა მოახდინა.
გრაფიკი 2:
ძირითადი საექსპორტო პროდუქციის დინამიკა (2010-2014 წლები)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდასკვნა 2012-2014
წლებში საქართველოს ძირითად საექსპორტო პროდუქციას მსუბუქი ავტომობილები, ფეროშენადნობები, ღვინო, მინერალური წყლები და თხილი წარმოადგენდა. 2012 წლის ბოლოს რუსეთის ბაზრის გახსნა დადებითად აისახა საქართველოს ექსპორტზე. 2012-2013 წლებში ღვინისა და მინერალური წყლების გაყიდვები თითქმის გაორმაგდა, თუმცა 2014 წლის ბოლოს ექსპორტმა შემცირება დაიწყო.
2015წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 28%-ითაა შემცირებული. 2014 წლის ძირითადი საექსპორტო პროდუქციის ხუთეულს მსუბუქი ავტომობილები, ფეროშენადნობები, სპილენძის მადნები, თხილი და ღვინო შეადგენდა. აქედან, მსუბუქი ავტომობილების (-62%), ფეროშენადნობების (-31%) და ღვინის ექსპორტი (-67%) მნიშვნელოვნადაა შემცირებული. თუმცა, დეპუტატს არ აღუნიშნავს ის ფაქტი, რომ თხილის და კაკლის (139%), ასევე სპილენძის მადნების ექსპორტი (19%) გაზრდილია.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, დავით ბაქრაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.