საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ტურიზმის სფეროზე საუბრისას განაცხადა: "პირველად საქართველოს სამთო კურორტების ისტორიაში, სათხილამურო ტრასების ხელოვნური გათოვლიანება მოხდა, რის შედეგადაც ვიზიტორთა რაოდენობა გუდაურში 40%-ით, დიდველზე კი 20%-ით გაიზარდა".
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში სათხილამურო ტრასების ხელოვნური გათოვლიანება წელს მართლაც პირველად განხორციელდა და 2014-2015 წლების სეზონზე ორი კურორტი - ბაკურიანი და გუდაური მოიცვა. როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, საქართველოში სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი საშუალოდ სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა, ხელოვნური გათოვლიანების შედეგად კი, 2014-2015 წლების სეზონი 5 თვემდე (დეკემბერი-აპრილი) გაიზარდა.
იმის გადასამოწმებლად, თუ რა შედეგი მოიტანა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის დანერგვამ ვიზიტორების ზრდის კუთხით, ჩვენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დავუკავშირდით. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბაკურიანში და დიდველზე ჩასული ვიზიტორების რაოდენობა უცნობია. თუმცა, აღნიშნულ სტატისტიკას (გუდაურსა და დიდველზე) ავსტრიული ელექტრონული ბაზის საშუალებით (SKYDATA), მთის კურორტების განვითარების კომპანია (სახელმწიფოს მიერ დაარსებული შპს) ითვლის. ვიზიტორთა რაოდენობის დათვლა საბაგიროებზე გაყიდული ბილეთების აღრიცხვის მეშვეობით ხორციელდება.
ცხრილი 1:
ვიზიტორთა რაოდენობა გუდაურში (2011-2015 წლები)
რაოდენობა | პროცენტული ცვლილება | |
2011-2012 წლების სეზონი | 61 268 | |
2012-2013 წლების სეზონი | 82 905 | 35% |
2013-2014 წლების სეზონი | 59 770 | -27% |
2014-2015 წლების სეზონი | 116 027 | 94% |
როგორც ცხრილიდან ჩანს, გუდაურში 2014-2015 წლების სეზონზე, ვიზიტორთა რაოდენობის მართლაც საკმაოდ მაღალი ზრდა დაფიქსირდა. 2013 წელთან შედარებით, წლევანდელ სეზონზე გუდაურს 94%-ით მეტი ვიზიტორი ეწვია. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ასეთი მაღალი ზრდა გარკვეულწილად იმითაც არის გამოწვეული, რომ 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით, გუდაურში ვიზიტორთა ნაკადი 27%-ით შემცირდა. თუ 2014-2015 წლების სეზონს 2012-2013 წლების ანალოგიურ მაჩვენებელს შევადარებთ, ვნახავთ, რომ წლევანდელ სეზონზე გუდაურს 40%-ით მეტი ვიზიტორი ეწვია.
რაც შეეხება ბაკურიანს, კერძოდ დიდველს, 2014-2015 წლების სეზონზე ვიზიტორთა რიცხვი 126 370 იყო. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, მათთვის უცნობია ზუსტად რამდენი ვიზიტორი იმყოფებოდა ბაკურიანში (დიდველზე) 2013 -2014 წლების სეზონზე, რადგან დიდველის ტერიტორია აღნიშნულ ორგანიზაციას 2014 წელს გადაეცა. წინა, 2013-2014 წლების სეზონის დაახლოებითი სტატისტიკის ნახვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ გასულ წელს საბაგიროზე გაყიდული ბილეთების საერთო ბრუნვას, 2014-2015 წლების სეზონის მონაცემებს შევადარებთ. ამ ინფორმაციის საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე წელს ვიზიტორთა რაოდენობა საშუალოდ 20%-ით გაიზარდა.
დასკვნა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ინფორმაციით, 2014-2015 წლების სეზონზე საქართველოში ხელოვნური გათოვლიანება პირველად განხორციელდა, რის შედეგადაც, სამთო-სათხილამურო კურორტებზე, კერძოდ დიდველსა და გუდაურში, სეზონი სამიდან ხუთ თვემდე (დეკემბერი-აპრილი) გაიზარდა.
რაც შეეხება ვიზიტორთა ნაკადის ზრდას, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, გუდაურში 2014-2015 წლების სეზონზე, 2013-2014 წლების სეზონთან შედარებით, ვიზიტორთ რაოდენობა 94%-ით, ხოლო 2012-2013 წლების სეზონთან შედარებით 40%-ით გაიზარდა.
მთის კურორტების განვითარების კომპანიას დიდველის (ბაკურიანი) ტერიტორია 2014 წლიდან გადაეცა. შესაბამისად, წინა წლებში გაყიდული ბილეთების ზუსტი რაოდენობა უცნობია. თუმცა, ბილეთების გაყიდვიდან დაფიქსირებული წლიური ბრუნვის საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2014-2015 წლების სეზონზე 2013-2014 წლების სეზონთან შედარებით, დიდველზე ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 20%-ით გაიზარდა.
შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება სამთო-სათხილამურო კურორტებზე ვიზიტორთა ზრდის შესახებ, არის სიმართლე.